ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეტიჩარა
ჟანრი: პროზა
8 ოქტომბერი, 2012


ნაამა და წითელი პუანტები

ყველაფერი სულელურად აეწყო. ვერც ის კეტები ვიყიდე და ჩანთაც მეტროში დამრჩა. სახლთან კიბეებზე ნაამას სძინავს, მუხლები სისხლიანი აქვს, ეტყობა ისევ სცემა ქმარმა. აბაზანაში შემყავს, თბილ წყალს ვუშვებ და მარტო ვტოვებ. ოთხშაბათია. ოთხშაბათი მწვანე დღეა ჩემთვის. დღეს მხოლოდ სალათებს ვჭამ, მაცვია ჩემი საყვარელი მწვანე სპორტული მოსაცმელი და ჯინსის მოკლე შორტი. სამზარეულოში იატაკამდე ვუშვებ მწვანე ფარდებს, საღამოობით კი ეზოს უკანა მხარეს გავდივარ და ბალახებში ჩაფლული ვტკბები მთელი ამ სიმშვიდით.
ნაამა აბაზანიდან გამოდის და მადლიერი თვალებით მიყურებს. ხო ვამბობ ყველაფერი სულელურად აეწყო. ახლა კიარა თავიდანვე. ნაამა საუდის არაბეთიდანაა, ამბობს რო მის ქალაქს ჯიდა ქვია და ყველაზე ლამაზი ქალაქია. ნაამას ქმარი პოლონელი ნაბიჭვარი ემიგრანტია და კვირაში ორჯერ მაინც სცემს ცოლს. ნაამა ერთგული ძაღლივითაა და სანამ მე სამსახურში საქმეებით ვარ დატვირთული, ჩემს სახლში შედის გულდასმით ალაგებს ყველა ოთახს და მერე გარეთ კიბეებზე მელოდება. ამისთვის არაფერს ითხოვს. ნაამას მე მეგობრად მივაჩნივარ ამ უცხო და ხმაურიან ქვეყანაში და ჩემი მხრივ მხოლოდ მას აქვს უფლება ჩემს პირად ნივთებს შეეხოს, მოისინჯოს ჩემი ტანსაცმელები, აიღოს რაც უნდა. თუმცა არასდროს არაფერი მიაქვს. ნაამას მუდამ მძიმე უხეში ქსოვილისგან შეკერილი კოჭებამდე კაბა აცვია და ქუჩაში გასული სახესაც იფარავს. არადა ლამაზია ნაამა.
ბავშვობიდან მინდოდა მასსავით ახლო აღმოსავლეთელი ხუჭუჭთმიანი, შავტუხა გოგო ვყოფილიყავი, წითელი ტუჩებითა და ოდნავ ჩახლეჩილი ხმით. რო გინდა ეს ალბათ ბევრს არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ როგორც ნაამა ამბობს, მე ჩემი თეთრი კანითა და ქერა თმებით მზეებს დავატარებ.
- ნაამა რატომ არ შორდები ქმარს? -  ვეკითხები და ვიცი ახლა ისე გაიღიმებს ტირილი მომინდება.
ეცოდება. სასაცილო არაა? ეცოდება კაცი, რომლესაც შეუძლია ერთი ბოთლი ვისკის გამო სიკვდილამდე მიიყვანოს ცემით. დარჩი ჩემთან, ვთხოვე რამდენჯერმე და მაინც მიდის. ხომ ვამბობ ერთგული ძაღლივითაა.

მარტო ვრჩები და საქართველოში ვრეკავ. ჯერ სახლში, მერე მეგობრებთან, ბოლოს ზურასთან.  სახლში და მეგობრებთან საუბარი ისევ ისეთია გულისგამაწვრილებლად ბანალური და ერთფეროვანი. ზურასთან სულ სხვანაირადაა. ჩვენ შეგვიძლია ორი საათი ჩუმად ვიყოთ და მაინც ძალიან ბევრი რამე ვუთხრათ ერთმანეთს. მე დღეს ნააამზე ვუყვები. ზურამ იცის როგორია ნაამა. ნაამამ უფრო იცის როგორია ზურა. ყველაფერს ხო ალაგებს ნაამა და ზურას სურათს არასოდეს არ წმენდს მტვრისგან, იცის ის რაც ჩემი გასაკეთებელია მე უნდა გავაკეთო, იცის რა მეძვირფასება და რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ზურა ყურმილსა და ათასობით კილომეტრს იქიდან მისმენს და ხატავს. მე თვალებდახუჭული ვლაპარაკობ და წარმოვიდგენ რას ხატავს ზურა. მერე უცებ თვალებს ვახელ და ყველაზე მაგარ სიტყვებს სამჯერ ვამეორებინებ. ჰაერს დიდ-დიდი ყლუპებით ვისუნთქავ და დაძინებამდე შუბლთან მიფეთქავს "მე შენთან ჩამოვდივარ.."

ჩვენ გზისპირა კაფეში ვსხედვართ. ისე მშვიდად შევხვდით ერთმანეთს, ეს არავითარი შეხტომები და კისერზე ჩამოკიდებები არ ყოფილა. უბრალოდ მოვიდა ზურა მომესალმა და ჩამეხუტა. ახლა ვსხედვართ კაფეში და ველოდებით ყავას რომელიც ნახევარი საათის წინ შევუკვეთეთ. ბოლოს და ბოლოს მოაქვთ. ზურა სვამს. მეც ვსვამ ჯერ ჩემი ფინჯნიდან და მერე ზურას ყავას ვუსინჯავ გემოს. მის ყავას მარილიანი ზღვის გემო აქ და ვხვდები რო ზურა გემით ჩამოვიდა. მერე ხსნის ჩანთას და მანახებს პატარ-პატარა ჩანახატებს. ყველა ნახატზე მე ვარ და უმეტესად წითელი პუანტები მაცვია, წითელი ბანტიანი პუანტები. ზურას უნდა რო რამე ალკოჰოლური დავლიოთ, ძალიან დავთვრეთ, მაგიდაზე დაგვეძინოს და მერე მიმტანმა გაგვაღვიძოს მხარზე ფრთხილი შეხებით - უკაცრავად ვიხურებით.. მე სიცილით ვკვდები ზურა მაგრად და დიდხანს მკოცნის ტუჩებში. ბედნიერი ვარ.

ნაამა მორცხვად უყურებს ზურას. ვთხოვ რო ჩადრი მოიხსნას. დიდი ხვეწნის მერე იხსნის. თეძოებამდე შავი მსხვილი ხუჭუჭი თმები აქვს. დიდი, წითელი ტუჩები, აი ისეთი, პომადის წასმა რო არასდროს, არასდროს არ დასჭირდება. ნაიარვები აქვს ნაამას, არ აუშნოებს, უხდება კიდეც, მაგრამ ზურა მაინც ქართულად აგინებს მის ქმარს და აივანზე გასასვლელ კარს აღებს, რო უფრო მეტი შუქი შემოვიდეს ოთახში. ზურამ ნაამა უნდა დახატოს. რცხვენია ნაამას, ერთ ადგილას ვერ ჩერდება, მუქ თვალებს დაბლა ხრის, არ შეუძლია უსაქმოდ ყოფნა, უნდა რო რაღაც გააკეთოს, რაღაც მიალაგოს, საჭმლის გაკეთებაში მომეხმაროს. ვრთავ მუსიკას და თვალებს ვხუჭავ.

ნაამა ჩვენთან აღარ მოდის. ვეძებ ყველგან სადაც შეიძლება მისი ნახვა და ვერ ვპოულობ. ვნერვიულობ. ზურა მამშვიდებს, მეუბნება რო ახლა ნერვიულობა ჩემთვის საშიშია და მაღაზიებში მივყავარ. ვყიდულობ უამრავ ტანსაცმელს. საბავშვო მაღაზიის ვიტრინაში მანეკენს პატარა, თეთრი, გამჭვირვალე ფუშფუშა კაბა აცვია. ორი წუთის მერე ეს კაბა გულში მაქვს ჩაკრული და ცალი ხელით მუცელი მიჭირავს, სხვანაირად უკვე მიჭირს სიარული. მე ვამბობ რო ჩემი გოგო ბალერინა გამოვა, ზურა იცინის და მახსენებს რო როცა ბაღში დავდიოდით მეც ხშირად ვიძახდი როგორ მინდოდა "ბარელინობა". ვერც "ბარელინა" გამოვედი და ვერც ისეთი ცხოვრებით ვიცხოვრე როგორსაც ვგეგმავდი, თუმცა სულაც არ ვარ ამის გამო უკმაყოფილო. პირიქით, ახლა ზუსტად ისე ვარ როგორადაც ყოფნას ალბათ ყოველთვის ვინატრებდი. კარგად ვგრძნობ თავს, ოღონდ ვხვდები რაღაც ძალიან მაწუხებს.

თბილისში ვართ. ზურა გამოფენას აწყობს. ყველაზე დიდ შეფასებას სწორედ ის ნახატი იღებს. ზურა ბედნიერია, მე უფრო. ნახევრი საათით გავდივარ, ჩემი შვილი ბაღიდან უნდა გამოვიყვანო. გამოფენაზე ვბრუნდები, ყველა ეფერება ბავშვს:
- რა ლამაზია, რა საყვარელია, რა ქვია?
- ნაამა..
- ნაამა? - უხერხული ღიმილი ეფინებთ სახეზე. მაინც არ იმჩნევენ.
"რა ლამაზია, რა საყვარელია.." - ისმის ყველა კუთხიდან.

ზურა შვიდი წლის შემდეგ მომიყვება, როგორ იპოვა ჩემი სახლის კიბეებზე ნაცემი, გასისხლიანებული და მკვდარი ნაამა და როგორ დარეკა პოლიციაში, სანამ მე საოპერაციოში ჩემს საკუთარ ნაამას ვაჩენდი. ზურა იმასაც მომიყვება, თუ რა ძალით ქონდა ნაამას გულში ჩაკრული ჩემი შვილისთვის ნაყიდი, ერთი ციცქნა წითელი პუანტები. მე ვიტირებ.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები