ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
7 ოქტომბერი, 2012


3 II-ის რჩეული

3 II-ის რჩეული


  ჭაღარა, ყავარჯნიანმა მამაკაცმა ძლივს გააღო ვაგონის კუპის კარი. ძველებური ყაიდის ჩემოდანი ძირს დადგა და შვებით ამოისუნთქა. მას არ უყვარდა ხანგრძლივი მგზავრობები და წინასწარ უწუხდა გული იმის გაფიქრებაზე, რომ ვიღაცასთან ერთად მოუწევდა რამდენიმე საათის გატარება. ყავარჯენი ფრთხილად მიაყუდა მაგიდასა და საწოლს შორის, უხერხულად ჩამოსწია ფანჯარა და უსიამო მოლოდინში საწოლზე ჩამოჯდა. არ იცოდა, რითი იქცევდნენ თავს ასეთ დროს. კედელს მიეყრდნო და თვლემაში ჩაძირვა სცადა.
  კარის ფრთხილი გასრიალების ხმამ გამოარკვია. ორნი იყვნენ- შუახნის ზომიერად ჩასუქებული მანდილოსანი და ყმაწვილი. კაცმა  მაშინვე ივარაუდა, რომ ყმაწვილი  ქალის გამცილებელი უნდა ყოფილიყო.ქალმა დამხდურს თავი დაუქნია და გაუღიმა. კაცს გუნება ცოტა გამოუკეთდა- ერთი შეხედვით, ენაგალესილს არ ჰგავდა. ყმაწვილმა ქალი, რომელსაც „მამიდას” ეძახდა, გადაკოცნა და ჩავიდა.
  -ხომ არ შეგაწუხებთ, ჩემი ბარგი აქ რომ დავაბინავო!- უფრო ურთიერთობის დასაწყებად იკითხა ქალმა.
  -რას ბრძანებთ, მოგეხმარებით!
  -არ არის საჭირო, მძიმე არ გახლავთ!- კაცს მოეჩვენა, რომ ქალს ყავარჯნისაკენ გაექცა თვალი.
  -რაინდული მოვალეობანი ამგვარი წვრილმანებით არ  ინტერესდება.- კაცი შეეცადა, მის ხმას მხნეობა არ დაკლებოდა.
  -ო, გასაგებია. დიდად გმადლობთ!- ისევ გაუღიმა. ლაპარაკობდა მშვიდად, დაგემოვნებით, თითქოს სიტყვებს გემოს უსინჯავსო.
  კაცმა საწოლის სახურავი ასწია, ბარგის ჩალაგებაში მიეხმარა და მის წინ ჩამოჯდა. ქალმა ზემო საწოლზე შემოდებულ თეთრეულის პაკეტს ახედა. „ალბათ, თეთრეულის გაშლას შემომთავაზებს”- გაიფიქრა კაცმა. ხმამაღლა კი თქვა:
  -წესით ორ წუთში უნდა გავიდეთ, დაველოდოთ ზარის დარეკვას.
  -განა ზარს რეკენ, მართალი გითხრათ, ბოლო წლებში არც მისარგებლია მატარებლით.
  -არა, უბრალოდ ვიხუმრე, თქვენ ხომ ზარით იწყებთ, როგორც პედაგოგი.
  -ოჰო, საიდან მიხვდით, რომ პედაგოგი ვარ, ნუთუ ასე დავიშტამპე?- გაეღიმა ქალს.ღიმილის დროს თვალის ქვეშ უპეები უნაოჭდებოდა და ცუდად შენიღბული ასაკი ეტყობოდა, მაგრამ დიდრონი, ლურჯი, შაბიამნისფერი თვალები ახალგაზრდულად უელავდა.
  -ასე ხაზგასმული დახვეწილი მეტყველება, მკვეთრი არტიკულაცია მხოლოდ პედაგოგებს აქვთ, ისიც ოთხმოციანი წლებისას.- ღიმილი დაუბრუნა კაცმა.
  -საინტერესოა!- გააგრძელა ქალმა ზუსტად ისე, როგორც გაკვეთილზე სჩვეოდა.
გაკვეთილების შემდეგ, ქუჩაში გამოსული, უჩუმრად აპარებდა თვალს ირგვლივ, ეშინოდა ვინმე ნაცნობს არ შეემჩნია, როგორ მიათრევდა  გოგოს ჩანთას. გოგო ხტუნვა-ხტუნვით მიუყვებოდა ტროტუარს და არაფერს იმჩნევდა. როგორც კი სკოლის შენობა  თვალს მიეფარა, ჩვეულებისამებრ  შედგა და ბიჭს მიუშვირა გრძელი ნაწნავი. ბიჭმა ფრთხილად გაუხსნა ბაფთა და შეთქმულის სახით გაუწოდა. გოგო უცბად შემობრუნდა და ლურჯი მზერა შეაფრქვია. ბიჭს რაღაცნაირად აბნევდა ეს უცნაური, დიდრონი და შაბიამნისფერი თვალები. გოგომ მაშინვე ჩამოართვა საძულველი ატრიბუტი და ჩანთაში გადამალა. ეს მათი საიდუმლო რიტუალი იყო. მერე გურგენას მაღაზიაში შეივლიდნენ. დაბალი, სქელულვაშიანი გურგენა ძია აუცილებლად ხელისაწევით მიესალმებოდა ბავშვებს და მრავალმნიშვნელოვნად ჩაუკრავდა თვალს. ათ კაპიკად ოთხ „ფისოფისოს” იყიდდნენ და შუაზე იყოფდნენ. მოედანთან მათი გზები იყრებოდა. ბიჭი უხმოდ გაუწოდებდა ჩანთას და გამოუმშვიდობებლად დასცილდებოდნენ ერთმანეთს.
-შორს არის შენი სახლი?- დაინტერესდა ერთხელ ბიჭი.
  -ჩვენ მალე ახალი სახლი გვექნება.- თქვა გოგომ.
  -ეხლა ძველი გაქვთ?
  -ძველი არ არის, მაგრამ სხვისია.
  -როგორ თუ,სხვისი?
  -მდგმურად ვართ.
  ბიჭმამ არ იცოდა, რა იყო „მდგმური”. ეს სიტყვა რაღაც დამამცირებლისა და დანაშაულებრივის აზრს შეიცავდა მისთვის.
ღამეული პეიზაჟები ნელ-ნელა ენაცვლებოდნენ ერთმანეთს მატარებლის ფანჯარაში. უხერხული პაუზა ჩამოდგა.
  -ნება მომეცით, მეც გკითხოთ, თქვენი პროფესია ძალიან შორსაა მასწავლებლობისგან?
  -გასაგებია, გადაწყვიტეთ მგზავრობის პრიორიტეტით ისარგებლოთ.  მატარებლით მგზავრობისას ხომ ადამიანს განსაკუთრებით უძლიერდება კომუნიკაციის წყურვილი.
  -ძალიან კარგი, ქალებს ისედაც გვწამებენ ბევრი საუბრისკენ მიდრეკილებას.
  -თქვენ ბედნიერი გამონაკლისი ბრძანდებით.
  -ნუთუ? მაინცდამაინც ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას.
  -მოკლედ, თქვენს წინაშეა ყოფილი ჰიდროინჟინერი. ამჟამად უსარგებლო პენსიონერი. ვმუშაობდი არცთუ ურიგო თანამდებობაზე, მაგრამ ვიღაც-ვიღაცეებმა გადაწყვიტეს, რომ საჭირო აღარ ვარ.
  -ახლა გამოცდილებას ფასი აღარა აქვს.
  -მე მგონი, არ ღირს ამაზე.
  -მაპატიეთ , თუ ზედმეტი ცნობისმოყვარეობა გამოვიჩინე.
  -არაფერია ,მივეჩვიე.ნუ ინერვიულებთ.
  -სამსახური ჩვენი თაობის ხალხისათვის მტკივნეული თემაა, რას იზამთ, დრომ მოიტანა.- კაცს სხვა დროს ასეთი ბანალური დამშვიდება გააღიზიანებდა, მაგრამ ამ ქალის საუბარში რაღაც შინაურული თუ ნაცნობი ინტონაცია ამშვიდებდა. -მაგრამ, მადლობა ღმერთს, ამით არ მთავრდება ყველაფერი. ხომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამეც.
  -რას გულისხმობთ?
  -თუნდაც ოჯახს.
  -ხოო!- გააგრძელა კაცმა, -ოჯახი საიმედო თავშესაფარია, ოღონდ ერთი პირობით- უნდა გაგიმართლოს.
  ქალი დადუმდა, მიხვდა, გაგრძელება არ ღირდა. კაცი შორეულ, ბლანტ მოგონებებში ჩაეშვა.
  პირველ მერხზე მხოლოდ გამორჩეულ მოწაფეებს სვამდნენ.გოგო სწორედ ასეთი იყო. ბიჭი მართალია, არც ისე ბეჯითის რეპუტაციით სარგებლობდა, მაგრამ რატომღაც დამრიგებელმა მის გვერდით მიუჩინა ადგილი, რითაც III II კლასის ბიჭების შურის ობიექტი იყო მუდამ.
როცა დიდ შესვენებაზე სკოლის უკან ფეხბურთის თამაშს მართავდნენ, გოგონა აუცილებლად ესწრებოდადა ჩანთებით მოწყობილ იმპროვიზებულ კარში მდგარ ბიჭს შეძახილებით ამხნევებდა.მერე გაოფლილსა და გამტვერილს ოდესღაც თეთრ პერანგს უბერტყავდა. ის ამას რაღაცნაირი დიდური სერიოზულობით აკეთებდა, ბიჭი კი მორჩილად, დამყოლი და ამაყი იყო.
„უკვე გარდასული ცხოვრება სიამაყისთვის ადგილს არ გვიტოვებს.”  ფიქრობდა კაცი.
  -ჩვენი გამართლება ჩვენი შვილებია.- გამოარკვია უცებ თანამგზავრის ხმამ.
  -სამწუხაროდ, შვილებს მხოლოდ მანამდე ვჭირდებით, სანამ პატარები არიან.
  -რატომ, რატომ.
  -თქვენ გყავთ შვილები?- გაღიზიანდა კაცი.
  -ძალიან ბევრი.- უხერხულად გაიცინა ქალმა.
  -მაგაზე არ გეკითხებით.
  -გასაგებია. თავის დროზე ოჯახის შექმნა არ მიჩქარია.
  -ეს მასწავლებელი ქალების სენია.
  -სამწუხაროდ!...- ამ ერთ სიტყვას იმდენი ნაღველი ამოაყოლა, რომ კაცმა ინანა, ამ თემაზე რომ ჩამოაგდო სიტყვა. სიჩუმე ჩამოვარდა. მესამე კლასის ვაგონი ზლაზვნით მიიწევდა.
  მეოთხე კლასის პირველ დღეს ბიჭმა თავის ჩვეულ მერხს მიაშურა. იქ უკვე იჯდა ვიღაც უცნობი გოგონა, რომელმაც დაბნეულად გაუღიმა. ასე მხოლოდ ახალგადმოსულები იღიმებიან ხოლმე. მისი თანამერხელი არსად ჩანდა. ბიჭმა არ იცოდა, ვისთვის ეკითხა, რომც სცოდნოდა, მაინც ვერ იკითხავდა, სცხვენოდა. დამრიგებელმა კლასს ახალი მოსწავლე წარუდგინა და სხვათა შორის ისიც დასძინა, რომ მათი ყოფილი თანაკლასელი სხვა სკოლაში გადასულიყო. ბიჭმა მუცლის  სიღრმეში ტკივილი იგრძნო.
  -თქვენი შეგრძნებები ზედმეტად კონსერვატული ხომ არ არის?
  -შესაძლოა. ამგვარი შეხედულებანი , ალბათ, ჩემი ავლაბრული აკადემიის შედეგია.
  -სხვათა შორის, მე რვა წელი ავლაბარში ვცხოვრობდი.
  -არ გეტყობათ
  -ო, მე მგონი, მამშვიდებთ.
  -არა მგონია, დასამშვიდებელი იყოს ამაში რამე. მაინც რა ადგილას?
  -მეტროსთან, ნაქირავებში ვცხოვრობდით, ვიდრე დიღომში მივიღებდით ბინას.
  -ცნობილ 87-ე სკოლაში ხომ არ გივლიათ?- კაცი პასუხის მოლოდინში დაიძაბა.
  -დიახ, არ მითხრათ ახლა, პრონონსით მივხვდიო. თქვენც იქ ხომ არა?
  -არა, მე... მე რაიონში ვსწავლობდი.- იცრუა კაცმა.

          2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს