ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატუშა
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2012


გადაბირება (ნაწილი I)

 
                 
“ დევიდ, მეგობარო, როგორც მითხრეს, განათლებული ახალგაზრდისთვის ერთობ უცნაური და შეუფერებელი ჩვევები გაქვს. ზედმეტად ხმაურობ, კედლებს მუშტებს უბრაგუნებ  ყვირილით და ყირაზე გადადიხარ. სუნ იუის ოთახში საკმაოდ მოზრდილი სარკე ჩამოვარდა და გატყდა. ბათქაშიც ჩამოცვივდა გარკვეულ მონაკვეთზე. მეგობარ გოგონას ღია კარში კოცნი, წელსზემოთ შიშველს გამოგაქვს ნაგავი და ბანჯგვლიანი მკერდის დემონსტრირებას ახდენ. უარესი-სიგარეტის ნამწვებს სხვის კუთვნილ გაზონზე ისვრი და შენიშვნებზე ქართულად იგინები. მართალია, ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ არის კრიმინალი, მაგრამ მეზობლებს აწუხებ. რატომ გავიწყდება, პირველ სართულზე რომ ცხოვრობ? ათასი თვალი გიყურებს და გითვალთვალებს, ფარდა მაინც ჩამოაფარე! “

უბერავს ლენდლორდი.
ვინ უნდა უთვალთვალებდეს და რატომ?

სარკმელში გაყო თავი. ბალახის საკრეჭის ხმა ისმოდა შორიდან. რომელიღაც მცენარის თეთრი ღინღლები დაფარფატებდნენ ჰაერში. უამრავი დაცემინების შემდეგ სული მოითქვა და ყურადღებით მოათვალიერა ეზო.

შეილა იჯდა კიბის ბოლო საფეხურზე. ნიკაპი ღაბაბზე ედო, ნესვებივით გრძელი ძუძუები-მუხლებზე,  გადაჯვარედინებული ხელები- მუცელზე  და თვლემდა. ეჰ, შეილა, შეილა! მარტო ცხოვრობს უზარმაზარ სახლში. ეხვეწება იშვილოს, გაგონება არ უნდა. შემოხედავს ცხოვრებაგამოვლილი, გახუნებული  თვალებით და ხელს აუქნევს. არ უნდა ამის დედა იყოს, ნუ უნდა! დაე, მარტოობაში ამოხდეს სული! ოცდახუთი წელი ერთ სერიალს უყურებს პოპკორნის კნაწუნით. “ისტენდერებში” მსახიობები დაბერდნენ, ზოგი გარდაიცვალა, პატარები დაიზარდნენ და დიდებს თამაშობენ. ეს ძველებური გატაცებით შესცქერის ეკრანს.

ის კაცი, მერხზე ჯდომით უკანალი რომ გაუბრტყელდა? კილტი, წარწერებიანი, დასრესილი  მაისური და ზომაზე დიდი ბოტასები აცვია. პირში გამუდმებით ჩიბუხი აქვს გაჩრილი. ხანდახან წაიკუზება, ყვავილებს მიწას მოუფხვიერებს ხველებით და ეს არის სულ. მელოტი თავი და “ლენონები” ერთნაირად უპრიალებს. თუთუნის კვამლში გახვეული საით იყურება, მხოლოდ ღმერთმა იცის.

ტესკოს პარკებით დატვირთულმა პოლონელმა ძმებმა ჩაიარეს დაღლილი და უბედური სახეებით. ესენი ხომ საერთოდ! იმათ უცნობი, ქერათმიანი ზანგები მიყვნენ. მერე ბაიკერებმა ჩაიქროლეს გაურკვეველი შეძახილებით. ქუჩა ინდური სანელებლების, ბრინჯის და შემწვარი ხორცის სუნით გაჯერდა. ეჟვანშებმული კატა კნავილით ჩამოცოცდა მაგნოლიიდან. დიდებული კატაა მწვანეთვალება, ჭრელბეწვიანი ჰენრი. ჰენრის კოწახურის ბუჩქებიდან გამოვარდნილი, სტაფილოსფერი მეგობრები შეუერთდნენ. იყო ერთი კნავილი, ჩხავილი. შეილას გაწლიკული, ჟილეტიანი ძაღლიც გადაირია. წკავწკავით დარბოდა წინ და უკან.
                                                                   
ფარდა ჩამოაფარა,  ლუდის ქილა გახსნა და წერილს მიუბრუნდა.
“სამი თვის ქირა გადასახდელი გაქვს. ვერ მოვახერხე შენი ნახვა. გამუდმებით სადღაც ხარ გასული, ტელეფონს არ პასუხობ. მიკვირს, რატომ არ გიშვებ სახლიდან?”

ახლი მესიჯი შეამოწმა.- “წერილის გადაგდება არ გაბედო!”მართლა აპირებდა ნაგვის პარკში ჩაეგდო წერილი. შეიგინა და უკან დადო მაგიდაზე. ფრჩხილები მონდომებით ჩაიკვნიტა. ფარული კამერა ხომ არ დაუყენა ბებერმა? მარტო ამის წარმოდგენამ გააგიჟა. თავდაყირა დააყენა ოთახი. დაქროდა კუთხიდან კუთხეში. ყველაფერი შეამოწმა, რის შემოწმებაც შეიძლებოდა. რვეულები, წიგნები და ფურცლები შხუილით და ფრიალ-ფრიალით ცვიოდა იატაკზე. გაუქმებული ბუხრის თავზე ჩამწკრივებულ თაბაშირის გედებს  თვალები დასთხარა, ბრები დახსნა, საზიზღარი, ხელოვნური ყვავილები დაპუტა, მტვრიან კარნიზებზეც მოაფათურა ხელი და ბოლოს, კედლის სარკეში დაბნეულ, თმააბურძგნულ და გაოფლილ ორეულს მოჰკრა თვალი. უკან დაიხია რამდენიმე ნაბიჯით.

შეფიქრიანდი ბიჭო?

“ვიცი, დროებით უმუშევარი ხარ და მიპატიებია ეს ქირა. ქალაქიდან გაურკვეველი დროით გავდივარ. ორი თხოვნა შემისრულე:  ბირმინგემის მოხუცებულთა პანსიონში ლერა ვოლასტონი მოინახულე. ჩემი სახელით შოკოლადის ტორტი  მიართვი. მაშინვე არ გამოიქცე. ჩამოუჯექი, დაელაპარაკე. მეორე  - ჩემს სახლში “კოლეჯ ლეინზე” ყვავილებს მიხედე.
შორია, მაგრამ, შენისთანა ყოჩაღი ახალგაზრდასთვის ოთხი საათის გზა ადვილი დასაძლევია. ეს ასი ფუნტი გზის ფულად და ტკბილეულზე გეყოფა. ოვალურ ოთახში კი საკმაოდ სოლიდური თანხა დაგიტოვე სხვადასხვა მოსალოდნელი ხარჯებისთვის. როგორც კი შეაღებ კარს, სიგნალიზაცია ჩაირთვება. არ დაიბნე! მარცხნივ, აპარატზე შენი დაბადების წელი აკრიფე და გაითიშება. ჩართვაც იგივეა. სახლის გასაღები ჩემს მეგობარ როი სტიორტს მივაბარე კაფე “კოსტაში”. ადვილად მოძებნი, საქართველოს საელჩოდან ოცდაათ მეტრშია.
რატომ შენ და არა ჩანდრა ან სუნ იუი? არ მინდა ჩემი სახლი არალეგარი ჩინელების და ინდუსების დროებითი  თავშესაფარი გახდეს. იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რომ შეიძლება ერთ დღეს საკუთარ სახლში ჭილობებზე მიყრილი მხვრინავი, უცნობი ადამიანები აღმოვაჩინო. შენ გაქვს ის, რაც ჩემში ნდობას იწვევს. სახელდობრ რა, ვერ აგიხსნი. არც არის საჭირო. უბრალოდ, გენდობი და მორჩა. გაინტერესებს საიდან ვიცი და რატომ გამოვიყენე შენი დაბადების წელი? სააგენტოში მითხრეს. ბინის დამქირავებელი ხომ შენ ხარ? მიზეზიც მარტივია - არ დაგავიწდება.
იმ ფეხებდაგრეხილ გოგოს, მანუნის ჩამოსცილდი. უტიფარი, თავხედი არსებაა. შენი ამხანაგი საბა, შენგან განსხვავებით, ქირას ყოველთვის იხდის, მაგრამ, მაინც არ მომწონს. უსინდისო კაცის მზერა აქვს. მაგათი ფეხი არ ვნახო “კოლეჯ ლეინზე.”

მანუნი! გული აუფართხალდა. ცოტა თამამი და თავისებური კი არის მანანა, მაგრამ დაგრეხილი ფეხები სულაც არა აქვს. რა ესმის ბებერს სილამაზის! საბა და უსინდოსო მზერა? საბა კარგი ადამიანია. ერთი უბედურება სჭირს-გაიხდის ბოტასებს და ჩათვალე რომ რადიაციულ ზონაში ხარ. რა მოხდა მერე? მარჯვენა ფეხზე დიდი კოჟოჟი აქვს და ფეხსაცმელს ვერ ხმარობს.

ნდობით აღჭურვილი პირი ქანცგაწყვეტილი ცხენივით დაეცა ტანსაცმლის გროვაზე. ფარდის კუთხე გადაწია. ბინდი ეპარებოდა ეზოს. თავი რაფაზე ჩამოდო და ამოიოხრა. გამოუცნობი სევდა შემოაწვა გულზე. ნაბიჭვარი ლენდლორდი!  გამხმარი თევზი! რა იცის ქართულად იგინებოდა თუ კეჩუას ენაზე? მუმია!
 
ბრჭყვიალა, ფერად სარებში და თეთრ პერანგებში გამოწყობილი  თმააქოჩრილი ინდუსები ქოშების წკაპუნით და ხმამაღალი ლაპარაკით უჩინარდებოდნენ ჩანდრას სახლში. თავჩაღუნულმა კატებმა ლანდებივით, უხმოდ გადაიარეს ეზო. თითი მიაკაკუნა მინაზე.

ჰენრი! ჰენრი!
მიაუუ!

                  გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები