 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 22 ოქტომბერი, 2012 |
(დორიან გრეის პორტრეტი) სიბილ ვეინი „უკვდავად შობილი ნატურას უკანასკნელი როლი“
ჩემო მშვენიერო უფლისწულო, შესაძლოა კადნიერებაზე მეტია ჩემი საქციელი და მაინც ვერაფრით ვდუმდები მას მერე, რაც თავი შევწირე შენდამი გრძნობას. ახლაც თვალწინ მიდგას შენი შეუბრალებელი სიტყვები, მძვინვარებით აღსავსე მზერა და თვალები, ჩემო უფლისწულო, იმდენად ბოროტი თვალები, წამით მეგონა, რომ შეგძლებოდა უთუოდ მომკლავდი. ზიზღნარევი ფრაზების უთავბოლო ქარცეცხლში გამომატარე ასეთი პატარა და ამდენად სუსტი. ჩვილივით გამოკერილი გულში გრძნობა ნაფლეთებად აქციე და კარს იქით გაიყოლე ჩემი ცხოვრების მიზანი. ჩემო მშვენიერო უფლისწულო, ჩემმა სიყვარულმა წამართვა ყველანაირი ნიჭი ხელოვნებისა და ახლა ასეთი უნიჭო და საკუთარსავე გრძნობაში ჩაფერფლილი, იმედის ძაფზე ვკიდივარ.. წამიც და ყოველივეს ბოლო მოეღება. ახლაც თვალწინ მიდგას შენი ოქროსფერი თმის ციალი დარბაზის შუქზე, როცა აღფრთოვანებისგან მქუხარედ უკრავდი ტაშს. შენ ჩემში მხოლოდ საკუთარი თავი გიყვარდა, მშვენიერო უფლისწულო. ჩემი ნიჭიერებისგან გაღმერთებული შენივე თავი და უნიჭოსა და უბიროს სიყვარული არად ჩააგდე. შენ გინდა მიყვარდე, გსურს ჩემი ხილვისას ტკბებოდე საკუთარი თავით, ის კი არ იცი, რომ სიყვარული ეს საკუთარი თავის კარგვაა და არა გაღმერთება. მშვენიერო უფლისწულო, ჩემი სიკვდილის მერეც მოდი თეატრში, იხილე როგორ თამაშობენ მოგონილ სიყვარულს სხვანი და როცა უკანასკნელი პროჟექტორი ჩაქრება და სულ ბოლო ადამიანი გაიხურავს კარს, მე კვლავ გამოვალ სცენაზე, რომეოს ნაცვლად შენს დაცარიელებულ სავარძელს მივუბრუნდები და ჯულიეტას სულისკვეთებით მოვიკლავ თავს..
(ტრიუმფალური თაღი) ჟოან მადუ „ტრივიალური ფინალი მხოლოდ გენიალურ რომანებს აქვთ“
საშინლად გადაღლილსა და ამაოებისგან სასოწარკვეთილს გადამეყარე პარიზის ქუჩებში. ახლაც მახსოვს ჩვენი ერთად შესმული კალვადოსის გემო. რავიკ, თავიდანვე ჩემდაუნებურად შემოგეკედლე, როგორც გადამფრენი ჩიტი შემთხვევით შემორჩენილ გვიანდელ შემოდგომას. და რამდენი რამ განგვასხვავებდა თავიდანვე, ვიცოდი ადვილი არ იქნებოდა ჩვენი თანხვედრა. მარტოობას შეჩვეულ არსებას ძნელია წაჰგლიჯო სევდა, მე კი ჯიუტად გხდიდი ჯავშანს, რომელშიც მთლიანად ჩამალულიყავი. ზედმიწევნით მახსოვს ყველა ვნებით გაჟღენთილი ღამე და გონებაში ტრიალებს ჩვენს მიერ ვერნათქვამი, ვერახდენილი საუბრები. იქნებ რომ დაგვცლოდა, რავიკ, იქნებ.. ალბათ გეღიმება, ფიქრობ, სად შემიძლია ერთგულება, ქალს რომელიც ყველგან საკუთარ თავს გაურბის და მაინც, იმდენად შეხორცებია თავის არსებას, რომ მის კაპრიზებს აჰყოლია უთავბოლოდ. შესაძლოა ასეც არის. დიახ, მე არაერთხელ გავუყავი სარეცელი სხვა მამაკაცებს, თუმცა, რავიკ, როგორ შეგიძლია მისაყვედურო რაიმე, როგორ შეგიძლია უპირობო ბრაზი მომართო ჩემკენ, მე ხომ შენს დავიწყებას ვლამობდი მხოლოდ. ხანდახან იმდენად გიყვარს, რომ სხეულებს იცვლი მიყოლებით, რათა რომელიმეს სუნთან მაინც მიაახლოვო, მიუახლობლო ის სურნელი დღისითა და ღამით რომ არ გასვენებს. ომის დაწყებასაც ვგრძნობდი, წინა დღეები იმდენად ვბორგავდი, რომ ათას სისულელეს ვიგონებდი ოღონდ მენახე. შენ კი კვლავ იმის გამო მიწყრები რომ კალვადოსის გვერდზე იაფფასიანი სასმელები აქვს მამაკაცს, რომელთანაც ვცხოვრობ. (გვერდი-გვერდ წოლა როდი ნიშნავს სიყვარულს, რავიკ. ხანდახან ეს გაქცევაა იმ სიყვარულისგან, რომელსაც ვერაფრით ივიწყებ). სულ მინდოდა მეკითხა, მინდოდა გამეგო.. რომ მოვსწრებოდი ომს, იქნებ ჩაბნელებული პარიზის ქუჩაში, ტრიუმფალურ თაღთან მაინც მეკითხა, - - რავიკ, ოდესმე მარტოობაზე მეტად გდომებივარ? - შენი გაცნობის შემდეგ მასთან შენი შედარების შესაძლებლობა არ მქონია, სამწუხაროდ. - რა სულელი ხარ, რავიკ და როგორ.. როგორ უსინდისოდ მჯერა შენი. - ჟოან, ნამდვილი რწმენა მხოლოდ სულელებს შეუძლიათ. დანარჩენი კი გონების ოხშივარადენილი ნარჩენებია. ... რავიკ, ყველაზე მეტად ტკივილის მეშინია, ხომ იცი და თუ გღალატობ მხოლოდ იმიტომ რომ, შენგან ყველაზე მეტად მეტკინება. ალბათ ეს ის სიკვდილია, რომლითაც მწამხარ..
(ნაზია ღამე) ნიკოლ დაივერი „ღმერთისგან გაქცეულს ყოველთვის მიაქვს უბით სამოთხის ნაგლეჯი“
ეს ის მომენტია, როცა მშვიდად ზიხარ სავარძელში და განვლილ ცხოვრებას აუჩქარებელი მდუმარებით ფურცლავ. თითქოს განგებ ახტები რამდენიმე მათგანს და ცდილობ გაუსწრო მოვლენებს წინ, რათა შენით შეთხზული ფინალი შესთავაზო ბედისწერას. და ამ ფურცლებს შორის, როგორც სანიშნი ისე ჩარჩენილხარ, დროისგან გაუცვეთელი, თუმცა ერთთავად გაყინული ერთ გვერდზე. შენი არსებობა მახსენებს დღეს, როცა შენგან წამოვედი, თუმცა სისულელე იქნება ეწოდოს ამას წამოსვლა, რადგან ღმერთის მხოლოდ მიტოვებაა შესაძლებელი. რწმენასავით გამიხუნდი, იმდენად დაბლა ჩამოხვედი რომ სანთლის ალსაც კი ჩამოუქვეითდი. აღარ ვიცოდი როგორ მეწამე, ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი მხარე - ბნელით იმოსე. დიკ, იმდენად გაადამიანურდი, ვერ გაპატიე. შენ ხომ ღალატის მერეც არ წასულხარ და ყოველ დილას ჩემი განწყობის გაზომვით იყავი დაკავებული. და აღარ მერქვა მე შენი ცოლი, მხოლოდ პაციენტად-ღა მოვიაზრებოდი, ურთიერთობა კი ინერციით მიდიოდა გაურკვეველი მიმართულებით. ჰო, და მე წავედი, დიკ.. არა, უფრო სწორად მიგატოვე, რათა ჩვენი გრძნობა მეხსნა, რათა შენთვის არ მომეცა ნება ასე დაცემულიყავი. (მაშინ უფრო მეტს ვთხოვთ საკუთარ თავს, როცა ვინმეს ღმერთი ვართ, ვიდრე მაშინ როცა მარტოსულები საკუთარ უნიათობას დავატარებთ). დიკ, შესაძლოა ზედმეტად მკაცრი ვარ შეფასებაში და სულაც დღემდე მეტირება, როცა ცხოვრებას ვფურცლავ, მაგრამ სანიშნს მაშინ ეკარგება ფასი, როცა წიგნის კითხვას ასრულებ, მანამდე კი მხოლოდ მისით ახერხებ გვერდიდან გვერდზე გადაადგილებას. და იცი, უბეში სამოთხის ნაგლეჯად მყავხარ წამოყოლილი, რათა ჩემი სიკვდილის შემდეგ ფუნქციადაკარგულს უკვდავება მოგანიჭო.
(ტრამალის მგელი) ჰერმინე „საკუთარ გონებაში გაჩენილი ფანტაზია ხშირად ყველა რეალურ მოვლენას იმონებს“
ჰარი, რა ხანია შენს მოგონებად მიმივიწყე ტვინის რომელიღაც კუნჭულში და მას მერე სხეულიც კი აღარ გამაჩნია. გახსოვს, გთხოვე მომკალი, როცა ეს ყველაფერი მორჩება-თქო, მაგრამ შენ ვერ გამიმეტე საბოლოოდ, როგორც ჩანს. მაინც შემოინახე ჩემზე განცდები და ტვინის შორეულ კუთხეში მიამწყვდიე. მას მერე აქ ვარ და შენს დარდებს ვდარაჯობ. ჰარი, როგორ ვერაფრით გასწავლე სიცოცხლე, ახლაც კი მესმის შენი წყვეტილი სუნთქვა და ვხვდები, როგორ აცარიელებ ბოთლებს სმაში თითქმის ყოველღამე. სიკვდილამდე არცთუ ისე შორი გზაა დარჩენილი და გთხოვ, ნუ მიაცილებინებ თავს ამ ტკივილებს განსასვენებელ ზიარებამდე. არ უხდებათ შენს თვალებს მოლოდინი, ჰარი და თუ გადაწყვიტე კიდევ ერთი დღე დააობო სიცოცხლით, მაშინ ნუღარ უცდი სასწაულს. მე მკვდარი ვარ, შენს მიერ (დავიწყება ხომ სიკვდილზე უარესია, ამიტომაც მხოლოდ სიკვდილს თუ ვუწოდებ შენს საქციელს) და სიბნელეში გამომწყვდეული ახლიდან დაბადებას ველი. იქნებ გაგახსენდეს ჩემი თბილი სუნთქვა და საუბარი მოინდომო ამოსუნთქვებს შორის. „- ჰერმინე, რა იქნება რომ არ მოგკლა ბოლოს? - თავის მოკვლა მოგიწევს, რაც არცერთს გვინდა. დუმილი.. - გამოდის თავს წირავ ჩემთვის? - არავინ არასოდეს შეაკლავს ვინმეს თავს, ჰარი. უბრალოდ ხანდახან ისე გბეზრდება სიცოცხლე რომ მისთვის მიზნის მოგონებაც კი გეზარება.“ ალბათ ეს იქნებოდა ის პასუხი, რაც შენ დაგამშვიდებდა, ერთგვარ ფორიაქს აგარიდებდა, მაგრამ ჰარი, შენ არ შეგიძლია ტკივილის გარეშე ცხოვრება და ამიტომაც გამომიგონე. - ჰერმინე.. - ჰო, ჰარი. - მე უნდა მოგკლა.. - უნდა, ჰარი, უთუოდ.
(უსათაუროდ, ალბათ ბოლომდე) ქეთი „დაბადებასა და სიკვდილს შუა, როცა საკუთარი თავით ხარ ავად“
სიბილი, ჟოანი, ნიკოლი, ჰერმინე.. ცხოვრების ჯაჭვში ამოვარდნილი რგოლები. და როცა მათზე ვფიქრობ, მეჩვენება, რომ მეც რომელიღაც წიგნს დავკარგვივარ, სადღაც პერსონაჟის ნიღაბი მელის.. რა უცნაურია, საკუთარ თავში ჩაიმალო იმდენად, რომ გარშემო სამყაროს ჰეზელის მინის მსგავსად უყურო. სიმართლე გითხრა, არ ვიცი ჩემზე რა გელაპარაკო. მოდი, წარმომიდგინე რომელიმე ძვირფას კაბაში გამოწყობილი, უთუოდ კლასიკური ელფერით, საშინლად დახვეწილი მანერების მქონე და იმდენად თავდაჭერილი, თითქოს ბროლის ქანდაკება ვიყო. ამდენს ხალხს შორის, შუა წვეულებაზე, სადაც მდიდრულად ნაშენი ფანტანები პომპეზურობის ვულგარულ მწერვალებს იპყრობს. და მე, ბოკალით ხელში, მაღალქუსლებზე, თავაწეული, მზერით მთვარისკენ (ალბათ, ზეცისკენ და უსასრულოდ), ფრთხილად ვიღიმი, როცა ცდილობენ დიალოგში შემოსვლას და ტუჩებს ბგერების ნაცვლად მხოლოდ თავაზიანობას ვუტოვებ. და ასე უსაშველოდ ქალური, სადმე კუთხისკენ მიფარებულში გავიხდი ქუსლიან ფეხსაცმელებს, დავიდენ შიშველ ზურგზე ყორნისფერი თმის ტალღებს და ვენებს გადავიჭრი. ჰო, ასეთი ვარ, საშინლად ქალური თვითმკვლელი. როცა ყველაფერი მაქვს, რაც კი შეიძლება ვინმემ ინატროს, როცა სხვათა შურისგან ვიხუთები არსებულ რეალობაში და მაინც წარმატების პირბადე არ მშორდება სახიდან. როცა დაღლილი მივათრევ სხეულს მოფარებულში და ტირილის ნაცვლად უხმოდ ვკვდები.. ყოველღამე, უბრალო მდუმარებით.. ჩემი პატივმოყვარეობა ხომ ერთგვარი თავდაცვაა. და ვმართავ წვეულებებს, მიღებებს, ვიცინი იმდენს, ბოჰემის თავაწყვეტილ რიტმს მივყვები ბოლომდე. ვიმყოფები ზენიტში და შემომხარიან ისე, გულში შურით აღვსილნი, მე კი ამ დროს, სადღაც მოფარებულში მეათასედ ვიკლავ თავს.. არ მინდა გიყვარდე ასეთი, - სახალხო და დიდებული. მსურს ჩემში ის თვითმკვლელი გიყვარდეს, რომელსაც მხოლოდ შენ დაინახავ, რომელიც ყოველჯერზე როცა მფეთქავ ძარღვებთან მიიტანს დანას, მოულოდნელად მოისვრის მას გვერდზე და უხმოდ ატირდება.. რადგან შენ.. რადგან შენ.. არსებობ..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. სიუჟეტი გადატვირთულია, სათქმელი იკარგება . ის ზეამოცანა, რისი გადაწყვეტაც სურს ავტორს , თითქოს ხელოვნურადაა მიბმული, მომენტებში მძლავრობს მონოლოგი...კლასიკოსები კი უბრალოდ გამოკიდებულია ჰაერში. არა, მე არ ვამბობ რომ ცუდია, მე ვამბობ თავისებურია.:) სიუჟეტი გადატვირთულია, სათქმელი იკარგება . ის ზეამოცანა, რისი გადაწყვეტაც სურს ავტორს , თითქოს ხელოვნურადაა მიბმული, მომენტებში მძლავრობს მონოლოგი...კლასიკოსები კი უბრალოდ გამოკიდებულია ჰაერში. არა, მე არ ვამბობ რომ ცუდია, მე ვამბობ თავისებურია.:)
3. რა კარგი რამეები და ვინმეები გამახსენე. რა საშინლად ქალური თვითმკვლელობა იყო:) პ.ს. : კალვადოსი იყიდება ნეტა სადმე,საქართველოში?:) რა კარგი რამეები და ვინმეები გამახსენე. რა საშინლად ქალური თვითმკვლელობა იყო:) პ.ს. : კალვადოსი იყიდება ნეტა სადმე,საქართველოში?:)
2. ფანტაზიას საზღვარი არ აქვსო ამბობენ, თვითეული პერსონაჟის ცხოვრებით გინდა იცხოვრო, და ჩაწვდე იდუმალების იმ სიპტომს, რომელიც ტკივილს სიყვარულით შეგიცვლის, ძნელია.
ადამიანი სულელია თუ ჭკვიანი სულერთია- ვისაც კი სიყვარული შეუძლია , მას რწმენაც შეუძლია!
ფანტაზიას საზღვარი არ აქვსო ამბობენ, თვითეული პერსონაჟის ცხოვრებით გინდა იცხოვრო, და ჩაწვდე იდუმალების იმ სიპტომს, რომელიც ტკივილს სიყვარულით შეგიცვლის, ძნელია.
ადამიანი სულელია თუ ჭკვიანი სულერთია- ვისაც კი სიყვარული შეუძლია , მას რწმენაც შეუძლია!
1. ეს თითქმის იგივეა, ვიჯდე და საკუთარ თავს ველაპარაკო =)
როგორი განსხვავებულები და რაღაცით ერთნი არიან სიბილიც, ჟოანიც და ნიკოლიც. ჰერმინეს კიდევ მოუძებნის კაცი განმასხვავებელს.
რაღაცას ისე ვერ ვამბობ. არადა დიდხანს შეიძლება ლაპარაკი =)
მართალი იყავი, ძალიან საინტერესო (ნაცნობი) ხერხია =)
,,ალბათ ეს ის სიკვდილია, რომლითაც მწამხარ"
მოვალ. რა თქმა უნდა, მოვალ აქ ეს თითქმის იგივეა, ვიჯდე და საკუთარ თავს ველაპარაკო =)
როგორი განსხვავებულები და რაღაცით ერთნი არიან სიბილიც, ჟოანიც და ნიკოლიც. ჰერმინეს კიდევ მოუძებნის კაცი განმასხვავებელს.
რაღაცას ისე ვერ ვამბობ. არადა დიდხანს შეიძლება ლაპარაკი =)
მართალი იყავი, ძალიან საინტერესო (ნაცნობი) ხერხია =)
,,ალბათ ეს ის სიკვდილია, რომლითაც მწამხარ"
მოვალ. რა თქმა უნდა, მოვალ აქ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|