ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პროზა
5 ნოემბერი, 2012


== კიტრა. დუნიაჰ. თავკომბალები (ნაწილი 1) ==

ვაჟიკო სირაბიძე და დუნიაჰ გოზალიშვილი რომ განსაკუთრებული ამხანაგები იქნებოდნენ -ეგ მაშინ გადაწყდა, სოფელმა მათი ორსული დედები ფოსტის სმენაში  რომ დატოვა და ამათაც ერთად რომ გადაწყვიტეს მოვლინებოდნენ ქვეყნიერებას.
    ასე იყო ეს ამბავი.
  მთელი სოფელი, სრული შემადგენლობით კლუბში ყოფილა თავმოყრილი მეტად საპატიო მიზეზის გამო. „კინო“ ჩამოეტანათ ქალაქიდან.
  ჰოდა, ფოსტის შენობის „ყაროულებად“ ვაჟიკოს, მასზედ ფეხმძიმე დედა და კიდევ ერთი ორსული ქალი დაუტოვებიათ. აქაოდა, „მძაფრია სიუჟეტით ეს ინდური ფილმი და თქვენთვის ნერვიულობა არ შეიძლებაო.“– ამაზე კარგ მიზეზს რას ნახავდა სოფელი: ტელეფონსაც ეყოლებოდა ყურის დამგდები და არც ჯერარშობილთა ფაქიზ ნერვიულ სისტემას შეექმნებოდა საფრთხე.
  ტელეფონზე თუ ვიტყვით: რაც მოიტანეს და დადგეს, რაც პირველი ზარი ააწკრიალა და რაც პირველი „ალიოოოო“ გაისმა იმათ სოფელში – კრძალვა და პატივი არ მოჰკლებია მის სახელს, მაგრამ, ხომ იყო–ხოლმე კიდევ მეტად გამორჩეული დრო და ხანი, როცა, მის არსებობას კიდევ მეტად ედებოდა ძვირი და ფასი.
  ასეთი დრო იდგა მათ სოფელში ახლაც.
  ზარს ელოდნენ. ელოდნენ დედაქალაქიდან: ვინმე დიდი კაცი ეპირებოდა თურმე სტუმრობას მათსას.

  პირველად რომ თქვეს ეს ამბავი, ჯერ ჩუმად და მორიდებულად, მერე ხმამაღლად და მოურიდებლად – იმის მერე  კი გავიდა თვეც და მეტიც.
  თვე და მეტი მღელვარებით გაატარა დღეც და ღამეც სოფელმა. ფოსტასთან მიახლოებულები, ლამის ქუდს იხდიდნენ რიდისგან და ფეხაკრებით მიიპარებოდნენ ქუჩის მეორე მხარეს. იშვიათად თუ გამოსძახებდნენ სმენის მორიგეს: – ხომ არაფერია ახალი და ხომ არ დაურეკავთო „იქიდან“?
დიდი როლი შეასრულა ამ მოლოდინმა სოფლის ყოფასა და ცხოვრებაში:
–ე,ბიჭო, სანამ  ჩამოსულა „ი,კაცი“ – მომასწრებინე შეშის დაჩეხვაო.
_ ი,კაცს რომ მოვისტუმრიანებთ –მერე ვიფიქრებ ჩემი გოგოს გამზვითებაზეო.
– შენ არ მოესწრო იმის ჩამოსვლას, შე ლოთო და სალახანავ. შენი გაბიჟვინებული ცხვირის სანახავად კი არ მოდის აქაო! – ილანძღებოდა ქმრის ბახუსმოტრფიალეობით  აღშფოთებული მავანი.

  ზარი კი არ ჩანდა და არ ისმოდა. ზარი იგვიანებდა. ის კიარა, ტელეფონის „მოდარაჯე“ სმენის წევრებს სადილ–ვახშამიც განსაკუთრებული დაუნიშნა სოფლის გამგეობამ  საპასუხისმგებლო მისიის შესრულებისთვის.
  ასე იყო, კი.
მაგრამ... ოხერია ხელოვნება. გავიწყებს ყველაფერს.
  თავს გავიწყებს. სხვას გავიწყებს. მთას გავიწყებს და ბარს.
თქვენ წარმოიდგინეთ, ზარსაც გავიწყებს, თურმე, ადამიანს.
  ჰოდა, დატოვეს ეს ფეხმძიმე ქალები ფოსტაში და კლუბში მიეცნენ „თავდავიწყებას“ იმსოფლელები.
...და მოხდა ის, რისიც გულის სიღრმეში და ხმამაღლად გაუმხელელად ყველას ეშინოდა და ერთხელ მაინც გაჰკენწლა ამაზე ფიქრმა სათითაოდ ყველას. მუცელი აიტკივა ვაჟიკოს დედის „კოლეგამ“.  დროც იყო უკვე და... ამ მეორე ორსულის გამო უფრო ეშინოდათ თანასოფლელებს, რადგან, ვაჟიკო  ჯერ მხოლოდ შვიდი თვის მოკალათებული იყო დედამისის მუცელში.
  ეცა ვაჟიკოს დედა იმ მეორეს. ეხვეწა. ემუდარა: – ჯერ არ გააჩინო,თუ ჩემი სიყვარული გაქვს. არ დამღუპო. არ დაიწყო უჩემოდ მშობიარობა– გავიქცევი და მოვიყვანო ვინმეს.
გამოვარდნილა გარეთ და გაბუნცულებულა გზაზე შეშინებული. დაუსველდა ფეხები.  გუბე–გუბე მირბის და უფიქრია, მოკლეზე ჩავალო  თავდაღმართში კლუბისკენ. კიდევაც ჩაურბენია, სამიოდ ნაბიჯი და მერე  თვითონაც ჩაკეცილა ტკივილისგან კიტრის ბაღჩაში.
„ სადაცაა ბედი შენიო... „ იმიტომ თუ დაეწყო მშობიარობა იმ მეორე ორსულს, მაგიტომ თუ შეშინებია დედამისს და მაგიტომ თუ ჩამოგორებულა ამ ბაღჩაში, რომ მერე მთელი ცხოვრება  „ვაჟიკია კიტრას“ ძახილით – მისი ამქვეყნად მოვლინების ალაგი შეეხსენებინათ  წამდაუწუმ.
ბრაზობდა ხანდახან ვაჟიკო. მასე თუა, ის მეორე – ფოსტაში დაიბადა და იმას რატომ არ ეძახიან –თავტელეგრაფას ან ცხვირყურმილასო. არადა, იმ მეორეს რაღა ზედმეტსახელი უნდოდა? მთვრალმა მამამისმა, ინდური კინოსეანსის დროს ყველაზე ხშირად ყურმოკრული სიტყვა დაიჩემა და... „ჩემს შვილს – „დუნიაჰ“ (თარგმანში: ქვეყანა, ქვეყნიერება) –უნდა ერქვასო. დუნიაზე რომ არ იყოს მისი მომრევი და წამაქცევარი, იმისთანა ვაჟკაცი უნდა მყავდესო...“ –ასე თქვა და ნეტა, ისე უკუღმა და პირიქით აუხდეს ყველა დამაწყევარს თავისი წყევლა, რავარც დუნიაჰის მამას – შვილთან დაკავშირებული გოლიათური გეგმები ჩაუცვივდა წყალში.
იმ ღამით  სოფელს სამი მოლოდინი დაუფასდა:
ვაჟიკიე სირაბიძე, დუნიაჰ გოზალიშვილი და სატელეფონო ზარი .
სამივეს სადღეგრძელო შეისვა მაშინ სოფელში. ორ ახალშობილს კი, ისეთი მომავალი უწინასწარმეტყველეს, ისეთი მომავალი დაუსახეს -რაკი,ასე მოხდა და ნანატრ ცნობასთან ერთად მოვიდნენ, სახელსაც ესენი თუ გაგვითქვამენ და ამათით თუ ავშენდებითო.

ზაფხულის ბოლოს ესტუმრა  „ი,კაცი“ სოფელს. ვაჟიკო და დუნიაჰი სამი თვისანი იყვნენ უკვე.  პირველივე წუთებიდან გაუცრუვდათ იმედი მომლოდინეებს.
კაცი უტყვი იყო.  სახეზე ვერაფერს დაამჩნევდით.  დაჰყვებოდნენ უკან, დასდევდნენ – უხსნიდნენ, ათვალიერებინებდნენ : არც იღიმოდა, არც იცინოდა, არც უკვირდა, არც ამთქნარებდა. მარცხენა წარბი „გადაეგდო“ ნოჭსა და ნაოჭს შუა – შუბლზე და ასე, უხმოდ ხან საით შეაბიჯებდა და შეაჭრიდა უცერემონიოდ და ხან სად ჩამოჯდებოდა მბრძანებლურად. წაუხდათ ხასიათი მასპინძლებს. ვერაფერი მოაწონეს – ვერაფრით ასიამოვნეს. საღამოს, მაგიდას რომ მიუსხდნენ, მაშინ კი  გახსნა ცოტა კრიჭა სტუმარმა და ისიც იმისთვის რომ ცივად მოხარშული დედლის თეთრი ხორცი, ხუთნაირი ფხალი, კიტრი, პომიდორი, ხაჭაპურები, ნაზუქები და კიდევ რამოდენიმე დასახელების შეჭამანდი –მთელ–მთელად და გაუღეჭავად არ გადაეშვა სტომაქში. მიჩერებოდნენ მასპინძლები პირდაპირ სახეში. ერთს თუ გაღეჭავდა სტუმარი, ესენი ყბის ჩქარ–ჩქარი მოქნევით სამ–ოთხჯერ მოუნაცვლებდნენ ლუკმას ადგილს განერწყვილ პირში.  მიაჩერდებოდნენ ისევ სახეში. ისიც ზანტად მოუქნევდა კიდევ ერთხელ და აქეთ ესენი აამუშავებდნენ ყბებს სწრაფ–სწრაფად. სასმელს მიეძალნენ უფრო მეტად – უხერხულობის  დასაფარავად.
  ბოლოს, ღვინომ თავისი ქნა მაინც. ამდენთვიანი დაძაბულობა ერთბაშად მოუხსნა სოფელს. შეთამამდნენ. გადაძახილებით შეეხუმრნენ ერთმანეთს, სუფრის ბოლოსკენ სიმღერაც წამოიწყეს და ზოგიერთი ისე გაკადნიერდა, რომ ცეკვა–თამაშიც კი გაბედა. დაავიწყდათ სტუმარი.
თავის მხრივ სტუმარმაც  ამოისუნთქა. აბა, რა იცოდნენ ამათ, რომ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან – პირველი ალაგი იყო, სადაც ამ რანგში მოუწია ჩამოსვლა. ჰალსტუხი მოუშვა. პერანგის სახელოებიც დაიკაპიწა და მოშორებით ჩადგმულ კუპატის თეფშს გადასწვდა.
ასე იყო თუ ისე, ყველაფერმა მშვიდობით  ჩაიარა. გაისტუმრეს და შემდგომი ორი დღე ირგვლივ ისეთი სიჩუმე იდგა, ქარიშხლის მერე მოვერანებულ ალაგს რომ იცის–ხოლმე გამეფება. დაიცალა სოფელი ემოციისგან, ერთბაშად მოეშვა,მოდუნდა, მოითენთა. მამლებმაც კი შეწყვიტეს ყივილი და ღორებიც კი აღარ იჩიჩქნებოდნენ ტალახში. მთელი ღამის ქეიფ–ღრეობისას, თითქოს, ერთმანეთიც მოიბეზრეს  თანასოფლელებმა და ახლა ისვენებდნენ ერთურთისაგან. სანამ ნელ–ნელა ისევ ჩვეული ცხოვრების რიტმს არ დაუბრუნდა ყოველი.
გადიოდა დრო და ეს ამბავი ბევრად არც არავის აგონდებოდა. არც უყვარდათ გახსენება და ვაჟიკოს და დუნიაჰის დაბადების გადაჭარბებული მნიშვნელობაც ნელ–ნელა მიივიწყა ყველამ.

(გაგრძელება იქნება...)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები