ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: sinner once sinner twice...
ჟანრი: პროზა
14 ნოემბერი, 2012


მივდიოდით ორნი





ჩვენ მივდიოდით ბნელ ქუჩებში, ჩრდილები ლაპარაკობდნენ და სულისშემხუთავად კვეთდნენ ერთმანეთს, გული გისკდებოდა ყველა, თუნდაც პატარა, მაგრამ სიტუაციიდან აშკრად ამოვარდნილ ხმაურზე, მეხუტებოდი, როგორც მაშინ, აბეზარი ბოშები რომ გვეხვივნენ გარს და არარსებულ ხურდა ფულს გვთხოვდნენ. 

მივდიოდით, ქუჩები ნაწვიმარ სოფელს ჰგავდა, თუმცა დედაქალაქი ყველაზე დიდი იყო მთელს ქვეყანაში, მაინც იგრძნობოდა პროვინციალიზმის სუნი თითოეული ნაგვის ურნის ჩავლისას, ასფალტზე დაყრილი ბანანის ქერქები, თავადაც საბრალონი იყვნენ, არაფერს ვამბობ გამვლელზე, რომელიც ხშირად უნებურად გაკრავდა ფეხს და იქვე, გაკრეჭილ გაზონზე მიაგდებდა, უკვე დამპალ ნარჩენებს.

მივდიოდით, მთვარე ბუნებრივად ანათებდა გზას, თუმცა ბოლო წლებია ხელოვნური განათება, ასე თუ ისე, წარმატებით შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, თუ ადრე სახლშიც გვიკვირდა ნათურა, დღეს ქუჩებიც შთანთქავენ მითიური მეცხრე ბლოკის ენერგიას, არადა, გახსოვს? როგორ გავდიოდი ყოველ საღამოს აივანზე, დიზელის ბოთლით ხელში, ის გენერატორი დღესაც გვაქვს დაბლა, გარაჟში.

მივდიოდით ერთად, მე მიყვარდა შენთან ყოფნა, მაშინაც კი, როცა ბევრს საოცრად აბეზრებდი თავს, მე ხომ ვიცოდი, ახლაც ვიცი, არაფერია შენი ბრალი, არ დამავიწყდება როგორ აკვირდებოდი, როცა ხალხი ერთმანეთს ხოცავდა , ამ კედლებზე, დღეს რომ ცისფრად შეუღებიათ სისხლის ჩამორეცხვას რამდენიმე წელი დასჭირდა, მაგრამ ვეჭვობ, ცოტა კიდევ დარჩა, საღებავის სქელი ფენის მიღმა.

მივდიოდით, ერთად, არასდროს იფერფლება წარსული მტკვრის კიდეებთან, უბრალოდ, მიდის და მიაქვს, ვინ იცის რამდენის ისტორია ჩაიტანა ბოლომდე, როცა ვუყურებ ტაძრებს, მაკვირვებს როგორ შევძელით ამ ყველაფრის აშენება, ჩვენ ხომ მუდმივად, შესაძლოა უნებურადაც, მაგრამ მაინც ვგმობთ ღმერთს, მრცხვენია როცა წყალში საკუთარ ანარეკლს ვხედავ, აქ ხომ მანამდე, საუკუნეების წინ სხვებმაც ჩაიხედეს, რამდენად მჯობდნენ ისინი...

მივდიოდით ერთად, ვკითხულობდით ლექსებს და ვსაუბრობდით ლიტერატურაზე, ჩვენგან მოშორებით, რამდენიმე მეტრში,  არ ეძინა "ვიღაცას", შესაძლოა ხვალ საერთოდაც გააქროს ეს ხიდი, რომელზეც უნდა გადავდეთ, ან რაღაც ისეთი მოიფიქროს, რასაც მხოლოდ მაშინ დავინახავთ, როცა ურემი გადაბრუნდება.. ჩვენ მხოლოდ ვსაუბრობდით ლიტერატურაზე, რატომ? განა გვქონდა ამის დრო?  გვქონდა, გვქონდა, უბრალოდ ღამე იყო...

მივდიოდით ერთად, გვესმოდა მუსიკის ხმა ზოგგან, ზოგი კი კართან აყუდებული ელოდებოდა როდის გამოიჩენდა მოწყალებას გამომთვრალი ღიპიანი კაცი.  სომხური, რუსული, ინგლისური,  ჰანგები უკვე მშობლიურია ჩვენთვის და არავის უჩნდება პროტესტის გრძნობა, როცა დაბომბილ ქალაქში, ტაგანკური მელოდიები აცეკვებს გასაცოდავებულ ხალხს.


ახლაც ღამეა, ისევ მივდივართ, ასე უმისამართოდ, მხოლოდ ჩვენ ორნი, მე და შენ, ჩემო საქართველო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები