ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პროზა
28 ნოემბერი, 2012


კაცი თავი I

                                                                        თავი  I
          წვიმს. უპატრონო მოხუცებულთა და ინვალიდთა  სახლის მეორე სართულზე შეღებულ სარკმლიდან ოზონით გაჯერებული სურნელი, ქარით მობერილ წვიმის ნამთან ერთად ეფინება ფანჯარასთან ახლოს, ინვალიდის ეტლში მჯდომ შუახნის ავადმყოფი მამაკაცის  სახეს, მაგრამ თუკი გულმოდგინედ დააკვირდებით, გაგიჭირდებათ  დაჯერებით თქვათ, რა უფრო მეტად ასველებს მის ნაადრევად დამჭკნარ სახეს,რომელიც დროდადრო ნერვიულად უთრთის, წვიმის შხეფი თუ დახუჭული თვალებიდან ჩამოდენილი ცრემლის ნიაღვარი? გადაუღებლად წვიმს...წვიმის ხმას კი ადვილად მივყავართ წარსულში.
  ,,გთხოვთ ფეხზე წამოდგეთ სასამართლო მობრძანდება!“ ღრუბლებიდან გასროლილ ელვასა და გრუხუნთან ერთად გაისმა დარბაში სასამართლო მდივნის უსიამოვნო ხმა. ,,გთხოვთ დაბრძანდით!“ -- მიმართა სასამართლომ ხალხს და თვითონ სამთავა გველეშაპივით კაკლის ხისგან გამოთლილ მაღალზურგიან სავარძლებში ჩაესვენა. ,,ერთი მიკეტე ეგ ფანჯარა, თორემ წაგვიღო და ეგ არის“ -- თხოვნით მიმართა  მილიციის მორიგე  ოფიცერს თავმჯდომარემ.                 
  საბჭოური სასამართლო სამი ადამიანისაგან შედგებოდა. ,,აბა დაიწყეთ!“ - ეხლა უკვე პროკურორს მიუბრუნდა. ,,ამხანაგო მოსამართლე, ამხანაგო სახალხო მსაჯულებო,  სასამართლოს წევრებო, დამსწრე საზოგადოებავ, ამხანაგებო. მე  მინდა დაწვრილებით განგიმარტოთ საქმის ვითარება. საქმის ვითარება კი შემდეგშია: აი ეს არასრულწლოვანი ყმაწვილი, რომელიც დღეს საბრალდებო სკამზე ზის, არ დაიჯერებთ და არც ბევრი არც ცოტა, წარმოადგენს  ჩვენი საბჭოური ცხოვრების წესისა და მშობლიური  პარტიის მომავალი იდეების განხორციელების  წინააღმდეგ მომქმედი დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორს. ჯგუფისა, რომელიც მან თავის მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა, მართალია წევრების  რაოდენობა ამ ეტაპზე ზუსტად დადგენილი არ არის, მაგრამ რაც მთავარია, გამოკვლეული და დადგენილია მათი დანაშაულებრივი მოქმედება.“ -  ცოტაოდენი პაუზა აიღო წყლის დასალევად  პროკურორმა. ,,კერძოდ რაში გამოიხატება ეს ორგანიზატორობა, როგორც მე ვხედავ ამ საქმეში სხვა პირები არსად ჩანან?“- სათვალე ასწია და ისე ჩაეკითხა ერთერთი სახალხო მსაჯული,რომელიც ბრალდებულის ოჯახის ახლობელი გახლდათ. ,,სწორედ გასაკვირი აი ეს არის, რომ ვერ შევძელით ამ ყრმაწვილისაგან რაიმე ჩვენების მიღება, რანაირად არ დავამუშ... უკაცრავად გავესაუბრეთ, მაგრამ ნურასუკაცრავად, ერთი სიტყვაც ვერ დავაცდენინეთ“ ,, აბა რას ემყარება ბრალდება?“-- ახლა უფრო მკაცრი ტონით მიმართა იგივე მსაჯულმა. ,,როგორ თუ რას?-- ცოტა იწყინა პროკურორმა. ,, მოწმეების ჩვენებებს. კერძოდ: სკოლის დირექტორის,  მასწავლებლების ჩვენებას,  მისი კარის მეზობლისა და მისი მეგობრის მშობლის ჩვენებას.“-- ოფლი მოიწმინდა პროკურორმა. ,,განაგრძეთ,განაგრძეთ...“-- გაამხნევა პროკურორი თავმჯდომარემ. ,,მოწმეთა ჩვენებიდან იკვეთება შემდეგი დანაშაულებრივი ქმედებები. კერძოდ: ეჭვმიტანილი ხშირად ესწრებოდა ,,მუშტაითის ბაღში“ ვინმე ცხვირმიჭყლეტილი გიასა და ირაკლის ანტისახემწიფოებრივ თემაზე მიმდინარე შეკრებებს, რისთვისაც სისტემატურად აცდენდა სკოლას. აგრეთვე,  მისი სახლიდან,მეზობლების გასაგონადაც კი, ხშირად ისმოდა, მთავრობის გინება და ანეგდოტები პოლიტიკურ თემებზე, თქვენ წარმოიდგინეთ თვით ლეონიდ ილიას ძეზეც. მისი მეგობრის მშობელი ადასტურებს, რომ იგი დასცინოდა მის შვილს და აყენებდა მას შეურაცყოფას, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი შვილი არ თანხმდებოდა ეჭვმიტანილს, მის დანაშაულებრივ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე, რისთვისაც იგი რამოდენიმეჯერ გალახა კიდეც.  მოკლედ,  რომელიერთი ჩამოვთვალო, ასეთი ფაქტები ამ საქმეში ძალიან ბევრია და ბოლოს მთავარი დანაშაულებრივი ქმედება ამხანაგებო! ამ თვის დასაწყისში, ერთ საღამოს მან გადაწყვიტა თავს დასხმოდა მისი სკოლის დირექტორის კაბინეტს და გაენადგურებინა იგი. რაც მან წარმატებით დაგეგმა და შეასრულა კიდეც. ალბათ გაგიკვირდებათ, რატომ აირჩია მან თავდასხმის ობიექტად დირექტორის კაბინეტი არა? ეხლავე მოგახსენებთ. საქმე იმაშია, რომ  ეს კაბინეტი ამავე დროს წარმოადგენს ჩვენი დიდი ბელადის ვლადიმერ ილიას ძე ლენინის ისტორიულ კაბინეტსაც და მოგეხსენებათ ამ ვანდალური თავდასხმის შედეგად განადგურებული იქნა იქ არსებული წმინდა ექსპონანტები, ,,მოჟნო სკაზატ სვეტოე სვიტიხ“ ამხანაგებო! აბა რა გასაკვირია, როცა ეს ვაჟბატონი კომკავშირის წევრიც კი არ არის, არადა წელს სკოლას ამთავრებს. საინტერესოა რაზე ფიქრობენ სკოლაში, შეიძლება ასეთი გულგრილობა გზააცდენილი მეგობრის ცხოვრების მიმართ, ბოლოსდაბოლოს სად არის სკოლის პარტიული და კომკავშირული ორგანიზაციების ხემძღვანელ პირთა პირადი პასუხისმგებლობა. ასეთი რამ საბჭოური სკოლისთვის ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია, ამხანაგებო?! - პროკურორმა მაღალფარდოვან ნოტაზე სცადა დაემთავრებინა თავისი გამოსვლა.
        წვიმის შხეფებმა გამოაფხიზლა ფიქრებში წასული კაცი. ხელით ცხვირსახოცს დაუწყო ძებნა. ცრემლებმა შეაწუხა ძალიან. ვერ მიაგნო და უნებლიედ აქვითინდა...წვიმს. კაცი შეეცადა ვინმესთვის მიეწვდინა ხმა, პირი გააღო, მაგრამ მხოლოდ გაუგებარი ხავილი ამოუშვა პირიდან. უსუსურობისაგან ძალიან გამწარდა, ბავშვობიდან ვერ ეგუებოდა უსუსურობას, ამოიგმინა, მერე ერთი კიდევ გაიბრძოლა სხეულის კლაკნილი მოძრაობით და რომ ვერაფერს გახდა, თავი გვერდზე გადაკიდა და ძალიან ჭუჭყიან იატაკს დაჟინებული ცქერით დააშტერდა...ჭუჭყიანმა იატაკმა  ისევ რაღაც მოგონებისკენ უბიძგა ...
            ,,ასწიეთ თავი ეჭვმიტანილო, არ გესმით, მიპასუხეთ, არ გესმით? რას ჩაჰყურებთ მაგ ბინძურ იატაკს, მიპასუხეთმეთქი  თქვენ მოგმართავთ?!“  -- გაცხარდა მოსამართლე. ,,დიახ ბატონო გისმეთ, რაზე უნდა გიპასუხოთ ბრძანეთ.“ -- თითქმის ჩურჩულით ამოილუღლუღა ყრმაწვილმა კაცმა. ,,სასამართლოს აინტერესებს რა შეგიძლიათ უპასუხოთ ბრალდების მიერ მოყვანილ ფაქტებზე. ადასტურებთ?“ ,,დიახ მე დავლეწე კაბინეტი,მაგრამ ბელადი აქ არაფერ შუაშია.“,,აბა რატომ დალეწეთ ყრმაწვილო, ხომ უნდა იყოს რაიმე მიზეზი?“ ,,ისეთი არაფერი, უბრალოდ ძალიან მიყვარს დედა. მე მეტს ვერაფერს გეტყვით.“ ,,აი ხომ ხედავთ ამხანაგო მოსამართლე! რა უპასუხისმგებლოდ ლაპარაკობს!” -- აენთო პროკურორი. ,,სრულიადაც არა ამხანაგებო!“ -- სიტვაციის განმუხტვას შეეცადა ადვოკატი ქალი, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა მთელ საადვოკატო კოლეგიაში, რომელმაც  ნებით გადაწყვიტა ახალგაზრდის დაცვა. ,,მე მინდა ჩვენების მისაცემად მოვიწვიო ეჭვმიტანილის დედა!“ -- ხმამაღალი ხმით მოუხმო ადვოკატმა დარბაზში მჯდომ ყრმაწვილის დედას. სასამართლო ფორმალობების გავლის შემდეგ ქალბატონი მზად იყო პასუხი გაეცა დასმულ შეკითხვებზე და ამის დასტურად მიმართა ადვოკატს: ,,გისმენთ ქალბატონო!“ ,,ქალბატონო ლალი, მინდა მოახსენოთ სასამართლო კოლეგიას იმ ფაქტების შესახებ, რომელიც წინ უძღვოდა ზემოთ აღნიშნულ კაბინეტის დარბევის ფაქტს?“-- სიტყვა გადასცა ადვოკატმა ყმაწვილის დედას  და მოსასმენად ტანზე ხელებშემოხვეული, მოწმესთან  იქვე ახლოს გაჩერდა. ,,ეს ამბავი მოხდა ამ ფაქტიდან რამოდენიმე თვით ადრე“ -  დინჯად დაიწყო თხრობა ქალბატონმა ლალიმ. ,,ჩემთან ჩუმად, ისე, რომ ჩემს შვილს არ შეემჩნია, მოვიდა ჩვენი მეზობელი გოგონა, ისინი კლასელები არიან და მითხრა: თქვენი შვილის გაკვეთილების გაცდენების გამო დირექტორი    სკოლაში გიბარებთო! მე მეორე დღესვე სამსახურიდან ადრე დავეთხოვე და მივედი. დირექტორის კაბინეტი მერე სართულზეა, მაგრამ ჯერ კანცელარია უნდა გაიაროთ. კანცელარიაში შესვლისთანავე მივმართე მდივანს. ესა და ეს ვარ, ნეტა  დირექტორი თუ მიმიღებსთქო? რაზედაც მდივანმა მიპასუხა,ისე, რომ ბეჭვდა არ შეუჩერებია: ერთის წუთით მოითმინეთ ქალბატონო, შევალ ვნახავ ბატონ ნოდარს თუ სცალია. მალევე საბუთის ბეჭვდა დაამთავრა, წამოდგა, ტანისამოსი გაისწორა,იქვე კარებთან დაკიდებულ სარკეში ჩაიხედა და დირექტორის კაბინეტის კარი შეაღო. მოლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა, სახეზე ღიმილგადაკრული გამოვიდა  და მითხრა: მიბრძანდით, გელოდებათ. კარი შევაღე და შევედი. შეიძლებამეთქი მივმართე ლენინის დიდი სურათის ქვეშ მდგარ სადირექტორო მაგიდასთან მჯდომ ბატონ ნოდარს. მობრძანდით, დაბრძანდით.-- სკამისაკენ მიმიპატიჟა მან. მე ბატონო ნოდარ... ვიცი, ვიცი -- შემაწყვეტინა ჩემი ვინაობის მოყოლა და თვითონ განაგრძო: იცით რატომ დაგიბარეთ?  ,,დაახლოვებით, გადმომცეს.""  ,, დიახ და ეს ყველაფერი როდია ქალბატონო ლალი,რაც შეიძლება თქვენი შვილის ბედზე უარყოფითად აისახოს." -- უსიამოვნო სახის გამომეტყველებით მითხრა დირექტორმა.  ,,სიმართლე გითხრათ კარგად ვერ გაგიგეთ ბატონო." ,, მე მინდა გითხრათ, რომ საქმე ეხება იმას თუ, როგორ დაამთავრებს თქვენი შვილი სკოლას, როგორი ნიშნებით და აქედან გამომდინარე, როგორ აეწყობა მისი მომავალი ცხოვრება, ხომ გესმით?"  ,,დიახ მესმის და სწორედ მაგიტომაც გეახელით დღეს აქ. ხო ვიცი, რათქმაუნდა,  აბა ასეთი ლამაზი ქალბატონი სხვა რისთვის მოხვიდოდით ჩემთან?-- გამომცდელად გამიღიმა. უეცრად ტელეფონმა დარეკა და ბატონმა ნოდარმაც უპასუხა. საუბრიდან ჩანდა, რომ ზემდგომი ორგანოდან აწუხებდნენ და სადღაც სასწრაფოდ იბარებდნენ. დაამთავრა თუ არა ტელეფონით საუბარი, ფეხზე წამოდგა და ამაყი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ. არ ვიცი უნდოდა ხაზი გაესვა იმ ვითარებისთვის,რომ  აქაოდა ნახეთ რა საჭირო და დაფასებული კაცი ვარო. მომიახლოვდა ჩემი ხელი პირთან მიიტანა, ხელზე მაკოცა და  მითხრა: ვწუხვარ უნდა დაგტოვოთ, მინისტრი მიბარებს სასწრაფოდ. არადა რამდენი რამ მინდა, რომ გითხრათ. მოდით იქნებ ხვალ საღამოსკენ გამომიაროთ სამსახურის შემდეგ და დაწყნარებულად ვისაუბროდ ყველაფერზე? მართალი გითხრათ შემოთავაზება ძაან არ მომეწონა, მაგრამ რას ვიზამდი? საქმე ხომ ჩემი შვილის ბედს ეხებოდა და მეც დავთანხმდი. ბოდიშით  ქალბატონო! თუ არ შეწუხდებით წყალი მომიტანეთ გეთაყვა!“-- მიმართა მდივანს და დროებით თხრობა შეწყვიტა. ,,მადლობთ!“ -- ცოტა სული მოითქვა ქალბატონმა ლალიმ. ,,დაწყნარდით და განაგრძეთ, გისმენთ.“ --  შეეშველა მას,მათი ოჯახის ახლობელი სახალხო მსაჯული. ,,მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეორე საღამოს მივედი სკოლაში ასე 19-00 საათი იქნებოდა. ჩემდა გასაკვირად მდივანი ოთახში არ დამხვდა და მე თვითონ შევაღე დირექტორის კაბინეტის კარი. ოთახი ნახევრად ჩაბნელებული იყო. შუა ნაწილში იდგა ჟურნალის მაგიდას რომ ვეძახით, აი ისეთი.  რასაც თვალი მოკარი, მაგიდაზე  შოკოლადის ასორტი და კიდევ რაღაც სასმელი იდგა,  მოკლედ გულმა ცუდი მანიშნა, მაგრამ მერე ვიფიქრე: იქნებ სტუმარი ყავდა ვინმე, რა იცი? ეჭვი კი მაშინ უფრო გამიმყარდა, როცა იმავე მაგიდაზე ყვავილებს მოვკარი თვალი. სწრაფად მოვტრიალდი და გარეთ გასვლა დავაპირე, რომ უცებ მოსასვენებელი პატარა ოთახიდან, რომლის არსებობაც მე არც კი  ვიცოდი, გამოვარდა ბატონი ნოდარი. მე მისალმება ვცადე, ის კი მოულოდნელად ისე მეძგერა... ბოდიშით, მიჭირს დეტალების მოყოლა გასაგები მიზეზების გამო.“-- ეტყობოდა ისევ პირი გაუშრა ქალბატონ ლალის. ,,კარგით ის მაინც გვითხარით, მოხდა რაიმე უმსგავსობა თუ ძალადობა ან როგორ განიმუხტა ეს სიტუაცია?“ --  ეტყობა ფინალმა დააინტერესა სასამართლოს თავმჯდომარე. ,,არა! დიდი ბრძოლისა და ყვირილის შემდეგ ოთახში ფიზკულტურისა და სამოქალაქო თავდაცვის  მასწავლებლები შემოცვივდნენ. მოგვიანებით გავიგე, დირექტორის კაბინეტის გვერდით სამოქალაქო თავდაცვის კაბინეტი ყოფილა, ხოდა ჩემდაბედად აი იქ  სვამდნენ თურმე არაყს და ყვირილი შემოესმათ.“ ,,მერზავეც!“ -- აღშფოთება ვერ დაფარა მეორე სახალხო მსაჯულმა ქალმა და შემდეგ გაკვირვებულმა იკითხა:  ,,საინტერესოა მოწმეებიც გყოლიათ და რატომ არ უჩივლეთ?“ ,,რამოდენიმე მიზეზისა და გარემოების გამო ქალბატონო.“  -- უპასუხა ნელა- ნელა ამოხვნეშებით ლალიმ. ,,ძალიან გთხოვთ ნუ მომაყოლებთ. როცა ეს ამბავი სკოლაში გავრცელდა ჭორის სახით, იმის მერე დაიწყო ჩემი შვილის შევიწროვება და დევნა. ერთ საღამოსაც იგი სახლში არ დაბრუნდა. სად აღარ ვეძებე სავადმყოფოებში, მილიციის განყოფილებებში, მორგშიც კი დავრეკე, მაგრამ უშედეგოდ. მესამე დღეს მოვიდა, ჩამეხვია და მითხრა: მე შენ თავს არავის დავაჩაგრინებო. სად იყავი ამდენ ხანსმეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა: მამას მოუყევი ყველაფერი და იმან მირჩია რაც უნდა გავაკეთოო.“  ,,ესეიგი მამამ ურჩია არა?“-- დაინტერესდა პროკურორი. ,,ხო ბატონო მჯავრმდებელო.“ ,,მერე და სადაა მამისი, რატომ არ ესწრება თავისი რჩევებით დატრიალებულ ამ სასამართლო პროცესს? ,, არ ვიცი ბატონო მე ორი წელია, რაც კუკიას სასაფლაოზე მიწას მივაბარე და თუ გაინტერესებთ, მიბრძანდით და  თქვენ თვითონ კითხეთ, რატომ არ ესწრება პროცესს?!“ --  სასამართლო დარბაზში აქა-იქ  ჩუმი სიცილი გაისმა. ,,მოითმინეთ, ესეიგი რა გამოდის, რომ მთელი ორი დღე და რაც უფრო საკვირველია ღამეც, სასაფლაოზე გაატარა?“-- გაკვირვებით ჩაეძია მოსამართლე. ,,არ ვიცი ამხანაგო მოსამართლე. მე ის გითხარით რაც მიპასუხა. ყველაფერთან ერთად ჩივილიც ამიკრძალა და მამამისის სახელიც დამაფიცა, რომ ამ ამბავს არავის მოუყვებოდი.    აი რატომ არ ვუჩივლე. მერე რაც მოხდა თქვენ თვითონაც კარგად იცით.“ -- დაამთავრა თხრობა ქალბატონმა ლალიმ და დასაჯდომად დარბაზისაკენ გაემართა. უეცრად სავარძელთან არ მისული ჩაიკეცა და გონება დაკარგა. ამის შემხედვარე ყმაწვილი წამოენთო და პროკურორს უყვირა: ,,მე მაგას მაინც მოვკლავ იცოდეთ არ ვაცოცხლებ. მაშინ ტუალეტში ჩაკეტვა მოასწრო და იმიტომ გადამირჩა, სულერთია მაინც გამოუტან განაჩენს. იმიტომ ,რომ ნაძირალაა და მძულს, ეგ კაცი არ არის, არა!.... მოვკლავ...მაინც მოვკლავ...
      ,,ექიმო მიშველეთ კრუნჩხვები დაეწყო და ვერაფრით ვერ ვაჩერებთ! -- შეშინებულმა  მედდამ შესჩივლა მორიგე ექიმს, რომელიც დირექტორის  კაბინეტში ,,მოამბეს”  უყურებდა. ,,რა მოხდა, რა გაყვირებს?" -- გაუწყრა ექმი. ,,შემთხვევით შევიარე 13 ა პალატაში და დავინახე, სავაძლიდან გადმოვარდნილი როგორ ბორგავდა საწყალი პაციენტი. აი სულ ესაა ბატონო.“ ,,კარგი წამოდი, ნუ სტირი არ მოკვდება, ეგ შენი საყვარელი კაცი, მაგი ისეთი ძაღლია, მაგას  არაფერი არ მოუვა, წამოდი მომეხმარე, წამოდი ხო და ნუ სტირიმეთქი, ვერ გაიგე? ყველაფერს ეშველებას, მორჩი ეხლა, მორჩი და რეანიმატოლოგს დაუძახე, შეიძლება დამჭირდეს, წადი სწრაფად, სწრაფად!“ ,,ეხლავე ბატონო!“ -- დატუკსვისაგან  შემცბარმა ექთანმა,  წამიკივლებით უპასუხა  გაღიზიანებულ ექიმს და სასაცილო  სირბილით, ზემოთ რეანიმაციისაკენ გაიქცა.
      წვიმამ გადაიღო. მთვარე დაგვიანებულ პაემანზე მოსული მიჯნურივით ჩაეხუტა დედამიწას და მკრთალი შუქით სველ სამოსზე მოეალერსა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები