| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: დრამატურგია 14 იანვარი, 2013 |
გამოცხადება
რადიოპიესა პერსონაჟები:
აჩი ბესო სალი
მედიტაციური მუსიკა. აჩი: (ღიღინებს) მე შენთვის ეშმაკს მივცემ სულს, ესმერალდა! რაღაც მავიწყდება ღმერთო გამახსენე! აჰა, არის. დასარეკი მაქვს. სად უნდა მქონდეს ეხლა თემურის ტელეფონი? ეშმაკმა იცის, არადა, აუცილებლად დამირეკეო. მოიცა, აქ ხომ არ ჩავიწერდი? აჰა, არის. 66-69-17 (კრეფს) უ, შენი... რა სჭირს, სამ ციფრზე მეტი არ იკრიფება. (თიშავს და ისევ კრეფს) ალო, საიდან არის? იქიდან? ხუმრობთ? კარგია. (თიშავს, ისევ კრეფს). რაა? თქვენი დახმარება ხომ არ მჭირდება? ნუ წუხდებით, მე თვითონ მოუვლი ჩემს პრობლემებს როგორმე. ბატონო? წადი შენი... ვა! რა ეშმაკი შეუჩნდა. ,,ვერ ვასრულებ დანაპირს აღარ მიხსნის დანა პირს.” (ამთქნარებს. ჩუმი ჩახველება) აჩი: (გაოცებული) თქვენ აქ საიდან გაჩნდით? ბესო: იქიდან. აჩი: ხუმრობთ? კარგია! რაღაც ნაცნობი სიტყვებია, ეს თქვენ მიპასუხეთ ახლახან ტელეფონზე? ბესო: დავუშვათ. აჩი: გამაგებინეთ ვინა ხართ და აქ რა გინდათ? ბესო: მე ისა ვარ, ვინც თქვენ გამოიძახეთ. აჩი: სანტექნიკი?... ალბათ, მეუღლემ, არა? ბესო: ჰმ, გეშლებათ! აჩი: მეკაიფები? ეხლავე დაახვიე აქედან! ბესო: მოითმინეთ. მე მგონი არაფერი დამიშავებია. ჩემს გაგდებას ყოველთვის მოასწრებთ. ხომ შეიძლება საინტერესო მოსაუბრე აღმოვჩნდე. იქნებ რა მაქვს თქვენთვის სათქმელი. აჩი: ჯერ ის გამაგებინე, დაკეტილი კარიდან როგორ შემოაღწიეთ? ბესო: ჰმ, კარები ჩვენთვის პრობლემა არ არის. აჩი: ქურდი ხარ? ბესო: ქურდი? ჰი, ჰი, ჰი! დროა გავიცნოთ ერთმანეთი. მე ბესოს მეძახიან. შეგიძლიათ თქვენც ასე დამიძახოთ. აჩი: გამაგებინე, ჩემო ბესო, რისთვის მესტუმრე ამ დილაადრიან? ბესო: სხვათაშორის თქვენ გამომიძახეთ. აჩი: მეე? მგონი რაღაც გეშლებათ. ბესო: ვითომ? გაიხსენეთ ტელეფონის ნომერი. ეს ხომ ჩვენი შიფრია. აჩი: ვინ თქვენი? ბესო: ჩვენი კორპორაციის, თქვენებურად გნებავთ პარტიისა. დიახ, სამი ექვსიანი ჩვენი კრიფტოგრამაა. გარდა მაგისა, ჩვენ ადრეც შევხვედრივართ ერთმანეთს. აჩი: რა სისულელეა. ბესო: მეტსაც გეტყვით, დღე არ გავა, სულ ცოტა სამჯერ მაინც არ მახსენოთ. თუნდაც დღეს. და აი, ბოლოსდაბოლოს გამოგეცხადეთ. აჩი: რისთვის? ბესო: სამსახურად, ნუ ჩქარობთ, ყველაფერს გაიგებთ. ჩვენ ხომ არც ისეთი უცხონი ვართ ერთმანეთისათვის. აქამდეც ვეხმარებოდით ერთმანეთს. აჩი: რა? საინტერესოა! განა უჯობს ბესოს, გამაუმჯობესოს. ბესო: ეს ირონიაა? მოითმინეთ, ნუ ჩქარობთ! ვაღიარებ, ჩვენ ცუდი რეპუტაცია შეგვიქმნეს, მაგრამ არც მასეა საქმე, თუ მომისმენთ დარწმუნდებით ამაში. აჩი: ისე, რაღაც უცნაურად გამოიყურებით ეშმაკის პირობაზე. ჯინსებში, თანაც ბენდენით. სად არის თქვენი ატრიბუტები: რქები, კუდი, რამე... ბესო: მე გთხოვთ უფრო კორექტული ვიყოთ მიმართვებში მერე რომ არ შეგვრცხვეს. მე ბესოს მეძახიან - მეთქი. აჩი: ბოდიში ჩემო ბესო. ბესო: ეს გარეგნული დეტალებია, რაღა დაგიმალოთ და ჩვენ ადამიანებს ვეჩვენებით ისე, როგორც უფრო მისაღები იქნებოდა მათთვის. ველაპარაკებით მათთვის გასაგებ ენაზე. აჩი: აჰა, მე მგონი მივხვდი, ამ ძველი ბიჭის ანტურაჟით იმიტომ გამომეცხადეთ, ჩემი ნდობა რომ დაიმსახუროთ, არა? ბესო: თავი დაანებეთ შუა საუკუნოებრივ სტერეოტიპებს. დრო იცვლება, ვიცვლებით ჩვენც. აჩი: თუ სწორად მიგიხვდით, თქვენ მოხვედით, რომ გადამიბიროთ და ხელშეკრულება გამიფორმოთ. ბესო: ჰმ, რა საჭიროა ეს ფორმალობა. ჩვენ ხომ ცივილიზებულ დროში ვცხოვრობთ. ჯენტლმენური შეთანხმებაც სავსებით საკმარისია. ეგეც არ იყოს, ჩვენთან გაწევრიანება ბევრად გამარტივდა. მაგრამ ამაზე თავის დროზე მოგახსენებთ. თანაც ჩვენ არავის გადაბირებას არ ვცდილობთ, უბრალოდ ადამიანები თავად გვეპატიჟებიან. ჩვენც მუდამ მზადა ვართ უანგარო სამსახურისათვის. მე ვარ ის, ვინც ბოროტს ესწრაფის,კეთილი კი გამოუდის. აჩი:არ გინდათ ეს ბანალური მინიშნებები. ვგავარ ეხლა მე მოხუც ფაუსტს? ბესო: მესმის თქვენ მათ პიარს ხართ აყოლილი. მათ სურთ ჩვენ მეამბოხის იმიჯი შეგვიქმნან. სინამდვილეში, გულახდილად გეტყვით, როგორც შინაურს, რომ ეს ჩვეულებრივი კონკურენციაა. აჩი: ე.ი. შინაურიც გავხდი? ბესო: რაღა დაგიმალოთ და თქვენ სულ ასეთად გთვლიდით. აჩი: მოკლედ მაგრა მუშაობ. ბესო: ჩვენ კონკურენცია გვიწევს არათანაბარ პირობებში. ფაქტიურად, ინფორმაციულ ვაკუუმში. თქვენ თვითონ ხედავთ, მე მინდა აგიხსნათ, არჩევანი თქვენი საქმეა. აჩი: რაღაც ძალზე დემოკრატიულად გამოიყურებით, მინდა გითხრათ. ბესო: უპირველეს ყოვლისა, უნდა მოგახსენოთ, რომ დროის კვალობაზე შეიცვალა ჩვენი მეთოდებიც. ის ვინც ჩვენს სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს არ ფარისევლობს, არასოდეს წარმოადგენს თავს იმაზე უკეთ, ვიდრე არის, უბრალოდ აზრი არ აქვს. ჩვენთან ყველა შიშველია, ნიღბის გარეშე. ჩვენ არ განვიკითხავთ, არ ვასამართლებთ. არ ვუწყობთ გამოცდებს არ ვუგზავნით განსაცდელს. არ ვაიძულებთ, იარონ ეკლესიაში და ასრულონ სულელური რიტუალები. ჩვენ მოვითხოვთ ერთადერთს- განთავისუფლდნენ ისეთი გაურკვეველი და შემბოჭავი განცდისაგან, როგორიცაა სინდისი. ჩვენი ხალხი ყველგანაა: ხელისუფლებაში, პოლიტიკაში, შოუ-ბიზნესში. უნდა გამოგიტყდეთ, სამუშაო რთული გვაქვს. სულ ვუსმენთ, ვუთვალთვალებთ, ყურადღებას არ ვაკლებთ, მაგრამ უმადურია ჩვენი საქმე. არავინ გვიფასებს. აჩი: მერედა, როგორ აუდიხართ ამდენ სამუშაოს, ჩემო ბესო? ბესო: ჩვენი აგენტების წყალობით. ჩვენი იარაღია ტელევიზორი, კინო, ესტრადა. ვინ გვიფასებს მერე. ის კი არა, ისეც მომხდარა, როცა იმისთანა საქმეს მოგვაწერენ, რაც არ ჩაგვიდენია, ჩვენთან კავშირში ამხელენ ხალხს, ეს თავშიც რომ არ მოსვლიათ. ასე გაიმეტეს ჯორდანო ბრუნო, იან ჰუსი. სინამდვილეში, მართალი თუ გინდათ, ჩვენი ხალხი ინკვიზიციის მსახურებში უფრო მეტი იყო, ვიდრე ინკვიზიციის მსხვერპლთა შორის. აჩი: მაშ ეს თქვენი სატანური ოინები იყო? ბესო: ჩვენ ხომ შევთანხმდით კორექტულები ვიყოთ მიმართვებში! ჩვენი ხალხი ისხდნენ პაპის ტახტზე, იმპერატორის მანტიაში, პარტიის ბელადებად, თითქმის ყველა დიქტატორი ჩვენიანი იყო. აჩი: თქვენ ასე ხნიერი ხართ? ბესო: ეჰ, ბატონო არჩილ, რა ცუდად გვიცნობთ, ჩვენ ხომ ასაკი არა გვაქვს, ჩვენი შესაძლებლობანი ამოუწურავია. ის ვინც ჩვენ სამსახურს იტვირთავს, არ ინანებს. ჩვენ გულუხვნი ვართ შინაურებისათვის. გთავაზობ სერვისის სრულ პაკეტს. ყველა თქვენი სურვილის დაკმაყოფილებას, ისეთებისაც კი, რომელთა გამხელაც გიჭირთ. აჩი: ო, ეს უკვე რეკლამაა. ბესო: ბატონო არჩილ, თქვენ ხუმრობთ, ეს კარგია. ესე იგი დაძაბულობა მოიხსნა, დროა საქმეზე გადავიდეთ. აჩი: აქ მოსვლა მაინც რამ გადაგაწყვეტინათ, ვერ ვხვდები, თუ იმ საბედისწერო ჩართვას არ ჩავთვლით. ბესო: ეს ფატალური შემთხვევა არ გახლდათ. ჩვენ ხომ მანამდეც ვთანამშრომლობდით აჩი: მე - თქვენთან? ბესო: დიახ, ნუ გაგიკვირდებათ. თვალი გადაავლეთ თქვენს ცხოვრებას და ამაში ადვილად დარწმუნდებით. აჩი: თქვენთან რაიმე სახის კონტაქტს ნამდვილად ვერ ვიხსენებ. ბესო: თქვენ ჩვენი ყურადღება კარგა ხანია დაიმსახურეთ თქვენი ღირსებებით. არ არსებობს ღირსება (მათებურად ცოდვა) წილი რომ არ გედოთ. აჩი: მე მგონი აჭარბებთ. ბესო: ინებეთ: აღტაცებული ვარ თქვენი ოსტატობით, თუ როგორ მოხერხებულად ასხვაფერებთ სხვის მეტაფორას, აყალბებთ სიუჟეტებს, იპარავთ რითმებს. ამის მიუხედავად, გაქვთ ამბიცია, უფრო მეტიც, ამპარტავნობთ. აჩი: ეს სხვათაშორის ლიტერატურული სესხებაა და არა ქურდობა. რომ იცოდეთ ყველა ასე იქცევა. ბესო: აი ეს მომწონს, მინავლული სინდისის მიჩუმება პრინციპით - ,,მარტო მე ხომ არა ვარ.” აჩი: ესეც რომ იყოს, ეს პლაგიატია და არა ქურდობა. ბესო: კი ბატონო, თქვენ ფიქრობთ, რომ გაზის, დენის მოპარვა ქურდობა არ არის? ამასთან არამარტო ითვისებთ, რაც არ გეკუთვნით, სხვასაც აცდუნებთ და ჩვენ სამსახურში აყენებთ. აჩი: თუ ძმა ხარ რა. არც ეგ ინკასატორები არიან მამა აბრამის ბატკნები. ბესო: აღტაცებული ვარ თქვენი პრინციპით, რაც სხვა, ის მეც. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. რამდენი ხანია, რაც უკანასკნელად ჩაუგდეთ მათხოვარს ხურდა. აჩი: ეგენი მათხოვრები კი არა, აფერისტები არიან. ეს ყველამ იცის. ბესო: ო, მომწონს თქვენი მოტივირებული სისასტიკე. რომ იცოდეთ რა სიხარულით ვუყურებ თქვენს ამრეზილ სახეს, როცა ხეიბრებს ჩაუვლით ხოლმე. ახლა უფრო კონკრეტულად: თქვენ კანონიერ ქორწინებაში მყოფი, ასე ვთქვათ, თუმც ამ კანონიერებას ჩვენ არ ვცნობთ. ამას წინათ ერთ ბანკეტზე ასევე ქორწინებაში მყოფ მანდილოსანთან წარუმატებელი ფლირტი გამართეთ. ცეკვის დროს გავაზე უბწკინეთ და შეხვედრაზეც შეუთანხმდით. აჩი: მაგრამ ეს შეხვედრა ხომ არ შემდგარა... ბესო: მაგას მნიშვნელობა უკვე არა აქვს. რომ იცოდე, როგორ გქომაგობდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა, ქმრის მივლინება ვერ ჩავაწყვე. როგორც ჩანს, კონკურენტები უფრო ეფექტურად მუშაობდნენ. აჩი: რა ვიცოდი, ასეთი მოკავშირე თუ მყავდა. მე კი მეგონა, თქვენ ხელს მიშლიდით. ბესო: ამაშია საქმე, ცუდად გვიცნობთ-მეთქი. აბსოლუტური უინფორმაციულობა. კიდევ გნებავთ? აჩი: მიდი, არ დამზოგო! ბესო: ეჭვიანობდი ცოლზე წარმოუდგენელ სუბიექტთან, მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევაში თავად იყენებდი მას, როგორც სატყუარას. აჩი: ეგ ტყუილია! ბესო: ჯერ სადა ხარ, (ხითხითებს) რამდენი ხანია მშობლებთან არ დაგირეკავთ რაიონში? აჩი: მერედა, მაქვს ამისი დრო? გადარბენაზე ვარ. ბესო: სამაგიეროდ მშვენივრად პოულობ დროს სიღოდისა და მუცელღმერთობისთვის. გაიხსენე კავთისხევი - ღარიანი კრამიტი; მაღაროსკარი - რეკორდი ხინკლების ჭამაში. აჩი: იცი რა? ეს უბრალოდ ქართული ცხოვრების წესია, ხომ არ შემიძლია ტრადიციებს შევებრძოლო. ბესო: უნდა გამოვტყდე მეც ძალიან მომწონს და ხშირადაც ვესწრები, ოღონდ კონსპირაციულად ჩემი სამსახურიდან გამომდინარე. სხვათაშორის, ხშირად შევსწრებივარ რამდენჯერ შეგიქიათ თქვენი შეფი აღმატებული ეპითეტებით, გულში კი გეხარბებათ მისი ბოლო კლასის მერსედესი, გულგრილი არც მისი ფეშენებელური ოფისის მიმართ ხართ. აჩი: იღბლიან ქაჯებს ვერ ვიტან. ყველაფრის პირში მიხლა ბრიყვების საქმეა. ბესო: ვითომ გულგრილი ხართ ფუფუნების მიმართ, სინამდვილეში კი შემთხვევას არ უშვებთ ხელიდან ქონების მოსახვეჭად. მეგობრებში ფულის ხარჯვა გიყვართ, მაგრამ კარგად იმახსოვრებ გაცემულს, უცხოსთან თავაზიანობ, ძმაბიჭებში კი ყიამყრალი ხარ, ბილწსიტყვაობ როგორც ისინი უწოდებენ. როგორ ფიქრობ, განა საკმარისი არ არის ერთი კაცისათვის? უკვე ცამეტს გადააჭარბა. აჩი: ვითომ ამდენია? ბესო: თუ ამას დავუმატებთ სიფიცხეს, ამაოდ მეტყველებას, ჭორიკანობას, უმადურობას, ფულის მოყვარეობას - თქვენ საკმაო დამსახურება დაგიგროვდებათ ჩვენს წინაშე. ასე, რომ სულ ტყუილად თავმდაბლობთ. აჩი: კი, მაგრამ თქვენ ეს საიდან იცით? ბესო: ოო, ჩემო აჩი, შენ დაიბენი, ეტყობა გადაგღალე, სხვანაირად გაუგებარია ასეთი უაზრო შეკითხვა. დამშვიდდი, ჩემი აუდიენცია დასრულდა. და აი, დადგა დროც მთავარი სათქმელისა! ბოლოს, ერთი განცხადება, რისთვისაც შეგაწუხეთ - ყველა ამ დამსახურებებისათვის (და არა მხოლოდ ამისათვის), ჩვენმა უქვენაესმა საბჭომ გადაწყვიტა ჩვენი კორპორაციის ასოცირებულ წევრად აგირჩიოთ. გილოცავთ, გისურვებთ ნდობის გამართლებას. აჩი: (აღშფოთებული) კი, მაგრამ, რა უფლებით? რა უფლებით? სალი: რა დაგემართა აჩ? აჩი: სად არის, წავიდა? სალი: ვინ? აჩი: ის ჯინსებში... ბენდენით... სალი: აქ არავინ არ ყოფილა, რა მოგდის? აჩი: ისე გაიპარა, ვერ შევამჩნიეთ. სალი: რა, ცუდი სიზმარი ხომ არ ნახე? აჩი: არა, ეს სიზმარი არ ყოფილა. არ გეცოდები, დახუნძლული ამდენ ცოდვებით?! სალი: კარგირა, ნუ მაშინებ! აჩი: მითხარი ბაჭი, შენ ხომ გჯერა ჩემი? სალი: რა თქმა უნდა მჯერა. აჩი: ყველაფრის მიუხედავად? სალი: რატომ მეკითხები, აბა ვინ ეშმაკის უნდა მჯეროდეს? აჩი: არასოდეს არ ახსენო მისი სახელი, ძალიან გთხოვ! სალი: ვისი, რატომ, არ მესმის. აჩი: მომეცი პირობა, რომ არასოდეს არ წარმოსთქვამ ამ სიტყვას. ჩვენ ასე ვეღარ ვიცხოვრებთ! პათეტიკური მუსიკა.
\ დასასრული 2006-2009
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ძალიან კარგია. სიამოვნებით წავიკითხე. ძალიან კარგია. სიამოვნებით წავიკითხე.
3. მადლობა ყველას,განსაკუთრებით ჭას _ მწერალ ეშმაკთა სახელით! მადლობა ყველას,განსაკუთრებით ჭას _ მწერალ ეშმაკთა სახელით!
2. არასდროს მიყვარდა პიესების კითხვა, თქვენთან კი სიამოვნებით ვკითხულობ-არც კი იგრძნობა პიესებისთვის დამახასიათებელი მონოტონურობა.
ზომიერი მისტიკა, ირონია, სარკაზმი და..რეალობა.
მართლაც, როგორ გამარტივდა "მათთან გაწევრიანება".
"უქვენაესი საბჭო"-ც რა სხარტი ნათქვამია. არასდროს მიყვარდა პიესების კითხვა, თქვენთან კი სიამოვნებით ვკითხულობ-არც კი იგრძნობა პიესებისთვის დამახასიათებელი მონოტონურობა.
ზომიერი მისტიკა, ირონია, სარკაზმი და..რეალობა.
მართლაც, როგორ გამარტივდა "მათთან გაწევრიანება".
"უქვენაესი საბჭო"-ც რა სხარტი ნათქვამია.
1. მომეწონა?...-რათქმაუნდა...:-* დახვეწილი...დახვეწილი დიალოგები...-ეშმაკის დაწერილი ეგონება კაცს...55555 ასეთ აღფრთოვანებაში ერთ კარგ ავტორს მოვყავდი ... მომეწონა?...-რათქმაუნდა...:-* დახვეწილი...დახვეწილი დიალოგები...-ეშმაკის დაწერილი ეგონება კაცს...55555 ასეთ აღფრთოვანებაში ერთ კარგ ავტორს მოვყავდი ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|