| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 22 იანვარი, 2013 |
ძალაუფლების მიმზიდველობის კანონი
აქა ამბავი ბედოვლეთის ქვეყნისა ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით, (თუმცა თავს ვერ დავდებ, რომ ამ შემთხვევაში 9 მაინცდამაინც ზუსტი ციფრია), იყო ერთი პატარა ქალაქ-სახელმწიფო სახე ლად ბედოვლეთი. იმდენად პატარა, რომ მარჯვე ცხენოსანი ერთ დღეში შემოირბენდა შეუსვენებლად. ეს ჯუჯა სახელმწიფო ასეთივე პატარა კუმძულზე იყო გაშენებული. ამ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ამბისათვის, კუნძული ხომ წყლით გარშემორტყმული მიწაა და ამის გამო მასზე დაფუძვნებულ ქვეყანას მეზობელი სახელმწიფოებიც არ გააჩნია. რადგან კუნძულის მახლობლად გემები არ მოძრაობდნენ, მოსახლეობას თითქმის არავითარი წარმოდგენა გარე სამყაროზე არ გააჩნდა. უბრალოდ სმენოდათ, რომ სადღაც არსებობდა სხვა ქვეყნებიც, სადაც უსამართლობა, სიღატაკე და გარყვნილება იყო დაბუდებული. იმაზე, რომ ხალხს ასე ეფიქრა, კუნძულის ხელმწიფე- მისი უდიდებულესობა ღვთით გაბრძნობილი ფინეს XV, ქორბუდიანთა დინასტიიდან ზრუნავდა. Dდიახ, ბედოვლეთის ქვეყანას მეფეც ჰყავდა, ქურუმიც, მემატიანეც და კარის პოეტიც. ასე გასინჯეთ, ოპოზიცია, მეძავი, გიჟიცა და მათხოვარიც, როგორც ყველა თავმოყვარე სახელმწიფოს ეკადრება და ეკუთვნის. ის, რაც ამ ქვეყანას არ გააჩნდა, საელჩოები და მებაჟეები იყო. თუმცა არამგონია, ამის ნაკლებობას ძალიან განიცდიდნენ. ცხოვრობდა ქვეყანა ბედოვლეთი თავისი თვითკმაყოფილი ცხოვრებით და ფიქრადაც არ მოსდიოდა, რომ სხვანაირი ცხოვრებაც არსებობდა სადმე, ვიდრე ის საბედისწერო დღე არ დადგა. თუმცა ამაზე ქვემოთ. კვირაში ერთხელ ქეშიკები სასახლის მოედანზე უხმობდნენ ხალხს მეფის მორიგი ბრძანების გასაცნობად. ბარემ აქვე ვიტყვით, რომ ბედოვლელებს იმფორმაციის მიღების ორი წყარო ჰქონდათ: სასახლის მოედანი, სადაც ოფიციალურ ინფორმაციას იღებდნენ და ბაზრის მოედანი, სადაც ჭორებსა და რეალურ ამბებს იგებდნენ. კვირაობით ბაზრის მოედანზე მამლების შერკინებაც ეწყობოდა. სასახლის მოედანზე წაკითხული ბრძანებები უმთავრესად მეფე ფინეზის მორიგ გამარჯვებებსა თუ წყალობას ეძღვნებოდა. მაგალითად თუ როგორ გადაწყვიტა ხალხზე ზრუნვით შეწუხებულმა მისმა უმაღლესობამ გაეზარდა გადასახადები , სამაგიეროდ ქვრივ-ობლები თავისუფლდებოდნენ ჰაერზე გადასახადებისაგან. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მოჰყვებოდა კარის პოეტ ოქროპირის ექსპრომტად (საეჭვოა) თქმული ლექსი, მაგალითად ასეთი : მას, ვისაც ზრუნვა ჩვენზე არ წყინდება, მარადი დიდება ! ამას მოსდევდა მემატიანე მელენტის ჩანაწერი მატიანეში, რომელსაც იგი ჩვეულებრივ ხმამაღლა კითხულობდა. მაგალითად ამგვარი: „ჟამსა ამას და ამასა დიდისა ხელმწიფისა, ღვთით კურთხეულისა ფინეზ XV-ისა ბრძანებითა მიღებულ იქნა კანონი, რომელსა მას ერი იგი დიდითა სიხარულითა მიემთხვა.” მოედანს გარსშემორტყმული სარანგები თვალს ადევნებდნენ ხალხის სახეებს, უკმაყოფილება ხომ არ ემჩნეოდა ვინმეს. ეს ყოველი შემთხვევისათვის, თორემ დიდი ხანია ბედოვლელებს აღარ ახსოვდათ რა იყო უკმაყოფილება.ყოველი კუნძულელი ვალდებული იყო მომღიმარი სახე ჰქონოდა, რადგან უმადურება მძიმე დანაშაულად ითვლებოდა. ისეც ხდებოდა, რომ ზოგჯერ ხალხს ქურუმ ბალთაზარის ქადაგების მოსასმენად იწვევდნენ. ბალთაზარი როგორც ყველა ქურუმი ქვეყნად თეთრწვერა, შთაგონებული სახის მოხუცი იყო. ის დინჯად აცნობებდა მსმენელებს, რომ ესა და ეს თანავარსკვლავედი ამა და ამ ნისლოვანებაში შევიდა,რაც იმას მოასწავებს, რომ ჩვენი მონარქი დაცულია მისი მფარველი ვარსკვლავის მიერ, როგორც მთვარის შვილი. კითხვებს არავინ სვამდა რადგან ბედოვლეთში მიღებული არ იყო კითხვების დასმა. ქურუმი პარალელურად მოსამართლის მოვალეობასაც ასრულებდა, (ალბათ ხვდებით, კადრების დეფიციტის გამო), ხელისუფლებას ხომ არ უყვარს ახალი სახეები. თანაც მოსამართლეს საქმე არაფერი ჰქონდა- ამ ქვეყანაში ხომ კრიმინალები არ არსებობდნენ. ერთადერთი ვინც საზოგადოებრივ ზნეობას საფრთხეს უქმნიდა, ქალაქის კახპა კეკელა იყო. ის ხანდახან გამოჩნდებოდა ქალაქის მოედანზე ერთი ადგილის გამომწვევი მიმორხევითა და სავსე მკერდის თახთახით, რასაც მამაკაცების ღრმა ამოოხვრა და ქალების ქოქოლა მოჰყვებოდა ხოლმე.ეტყობა, ისიც საჭირო იყო ბედოვლეთის მკვიდრთათვის, რათა დედებს შვილებისათვის უარყოფითი მაგალითი ეჩვენებინათ.იმასაც ამბობდნენ (რა თქმა უნდა ჩუმად) , ხელისუფლებასაც სჭირდება რაღაც-რაღაცეებისათვისო. თვეში ერთხელ, ბოლო შაბათს მეფე საჯაროდ თავისი სარანგების ამალით მიეშურებოდა ქვეყნის ერთადერთი მათხოვრის გლახოს მოსაკითხად. ამ სანახაობის სახილველად ხალხი თავისით გამოდიოდა. ორი ზორბა მუტრუკის ტახტრევანზე ამაყად მჯდომი (კუნძულზე სხვა ტრანსპორტის საჭიროება უბრალოდ არ არსებობდა), მეფის დომდლო სხეულისათვის თვალის შევლება ყოველი ბედოვლელისათვის მოქალაქეობრივ მოვალეობად ითვლებოდა. სარანგები წინასწარ გაკეთებული დერეფნით იცავდნენ მონარქის ძვირფას სიცოცხლეს. მეფე თავად გამოკითხავდა გლახოს ჯანმრთელობის მდგომარეობას. უზომოდ ბედნიერი ერთადერთი მათხოვარი დაბნეული ერთდაიგივე პასუხს ლუღლუღებდა: „მადლობთ მეფეო, თქვენი წყალობით.” სამეფო კარს დარბაისელთა საბჭო აგვირგვინებდა, რომელიც , რა თქმა უნდა, მეფის ნათესაობისაგან შედგებოდა. Dდარბაისლებს მთქნარებაში ამოსდიოდათ სული, რადგან ისინი მხოლოდ ცერემონიებზე თუ ახსენდებოდათ ფონის შესაქმნელად. სამაგიეროდ სიკვდილამდე მაღალი პენსიით იყვნენ უზრუნველყოფილი. ბედოვლეთში ოპოზიციაც იყო, უფრო სწორად შარახვეტია აკია, რომელსაც, როგორც ამბობდნენ, წარსულში ქუჩისბიჭის კარიერაში ხელი მოსცარვოდა. იგი დროდადრო სახლების სახურავებიდან ყვიროდა ხმაჩახლეჩილი: - თვალს გვიბამენ ხალხო, თითქოს ყველაფერი კარგად იყოს. მაშ ეს ამდენი სეტყვა რა არის? ზღვის თევზს გემო დაუკარგეს. მოხუცები მოულოდნელად კვდებიან, ამდენმა შეღავათებმა გააზარმაცა ხალხი. საინტერესო ის იყო, რომ ამ იმპროვიზებული გამოსვლის დროს ორი სარანგი ტრიბუნის (ანუ ჩვეულებრივი სახლის სახურავის) სიახლოვეს ფარულად მორიგეობდა. ასე ცხოვრობდა ხალხი წვრილმან საზრუნავსა და თვითკმაყოფილებაში ჩაძირული ქორბუდიანთა დინასტიის პირობებში. აქა ამბავი ქორბუდიანთა დინასტიისა
როგორც მელენტი მემატიანის ფოლიანტი ირწმუნებოდა, პირველი ქორბუდიანი ამ კუნძულზე უხსოვარ დროში მოხვედრილიყო. ის სრულიად ყრმა (მისი მშობლების შესახებ ლეგენდა რატომღაც დუმს), ტყეში მიგდებული უპოვნია ფურ ირემს და თავისი რძით გამოუკვებავს... მიუხედავად იმისა, რომ მეორე წყაროს მიხედვით ჩვილი ირემს კი არა კენტავრს გამოეზარდა,სწავლულნი მაინც ირმის ვერსიას აძლევდნენ უპირატესობას, რადგან კუნძულზე კენტავრები არავის ენახა. ამიტომ იყო ქორბუდა ირემი რქებში ჩაწნული მზით ქორბუდიანთა გერბზე გამოხატული. სხვა რომ თვეობით იზრდებოდა, ყმაწვილი დღეობით. ერთხელ , ნადირობისას ჭაბუკი ფინეზი დაჭრილი შვლის დევნისას შემთხვევით კუნძულზე გაბატონებულ ბოროტ დევთა უხუცესს- გრძნეულ ბაღათერს გადაჰყრია. ზემოხსენებული მეორე წყაროს მიხედვით, ყმაწვილი ფინეზი თამაშის დროს დედაბრისაგან , რომელსაც კოკა გაუტეხა, იგებდა მტანჯველი დევების შესახებ. მაგრამ ამ ვერსიას სწავლულები გვიანდელ ჩანართად მიიჩნევდნენ. მათი სერიოზული არგუმენტი ის იყო, რომ ისეთ თავდადებულ მოღვაწეს, როგორიც ფინეზი იყო, არ შეიძლებოდა კოჭების თამაშით შეექცია თავი. ასეა, თუ ისე, ორივე წყარო თანხმდებოდა იმაში, რომ ბაღათერის კაცები ხალხს ავიწროებდნენ და მუდმივ ტანჯვაში ჰყავდათ. დევს ახოვანი ჭაბუკისათვის უთქვამს, დავეჭიდოთ და ვინც გაიმარჯვოს, აქაურობაც იმას დარჩესო. დაჭიდებულან. რა თქმა უნდა ფინეზს გაუმარჯვია,მერე კუნძული ბოროტ დევთაგან გაუთავისუფლებია და ახალი ქალაქ-სახელმწიფო დაუარსებია. ბედოვლეთში აკრძალული იყო ირემზე ნადირობა, რადგან ის წმინდა ცხოველად ითვლებოდა. თუმცა კენტავრის მომხრეები ამას არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ, არც აპროტესტებდნენ. ხელმწიფეები, რომელთაც ტრადიციულად დინასტიური სახელი- ფინეზი ერქვათ, სათუთად ინახავდნენ რჯულის წიგნს, რომელიც გადმოცემით დიდ ქურუმთქურუმს ეკუთვნოდა და პირველი მეფის კარზე იყო შედგენილი. სწორედ ამ ქურუმთქურუმს უკურთხებია ქორბუდიანები კუნძულის პატრონებად. აი, ამ წიგნის ზოგი ამონარიდი. თავი I Mმუხლი 1 Pპუნქტი ა. ბედოვლეთის სამეფოს განაგებს ქორბუდიანთა დინასტია, რომელიც არის მისი უკვდავების გარანტი. Mმუხლი1, პუნქტი ბ. ქორბუდიანთა ძალაუფლება განუსაზღვრელია. Dა ა.შ. წიგნს დართული ჰქონდა საიდუმლო რჩევები ხელისუფალთათვის. მაგალითად: მორჩილებაში იყოლიე ხალხი, თავნებობა ზიანისმომტანია. სახელმწიფოსათვის ორი რამაა საშიში- მოაზროვნე კაცი და მძარცველი. პირველი დაასაჩუქრე, მეორე დასაჯე. ერიდე სხვათა მაგალითს, რადგან იგი გადამდებია. უმეცრება სიმშვიდის საფუძველია. ყოველ ბედოვლელს სჯეროდა, რომ მათი ქვეყანა ყველაზე სამართლიანი და მდიდარი ქვეყანა იყო, ხოლო თვითონ- ყველაზე ბედნიერი და უზრუნველი ხალხი. აკი მათ დროშაზე წითელი ასოებით ეწერა: “,მორჩილება, კეთილდღეობა, ზნეობა ”! წელიწადში ერთხელ, ხსოვნის დღეს მოსახლეობა ვალდებული იყო თავი მოეყარა დიდების ველზე, რაღაც გაურკვეველ ნაგებობასთან, რომელსაც აკლდამას ეძახდნენ და სადაც გადმოცემით ქურუმთქურუმის წმინდა ნეშთი იყო დაფლული. Pპოეტი ოქროპირი საგანგებოდ შეთხზულ ლექსს წარმოთქვამდა: დაფნის გვირგვინით ვამკობთ აკლდამას, თუმცა დიდება როდი აკლდა მას. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მეფის ყოვლადმჭვრეტ თვალს და ძალას არ სცნობდა , გიჟი დოღრიალა იყო, მაგრამ მას, რა თქმა უნდა, სერიოზულად არავინ უყურებდა. Gამოტანტალდებოდა ფეხშიშველა დოღრიალა ბაზარში, შედგებოდა მიტოვებულ ძველ კასრზე და გაჰყვიროდა: - რამ დაგაჩლუნგათ, ხალხო! როდემდე უნდა იყოთ ასე თევზებივით?ვერ ხვდებით როგორ გასულელებენ? შემოეხვეოდნენ გარშემო ლაზღანდარა ბიჭები,კითხვებს სეტყვასავით აყრიდნენ: - დოღრიალა, ცოლი არ მოგყავს? - ცოლი რად მინდა, თმას თვითონაც კარგად ვიპუტავ. - ჭკუა გირჩევნია თუ ფული? - ჭკუა რა საჭიროა, გინახავთ ვინმე, უჭკუობას რომ ჩიოდეს? ასე გადიოდა დრო ბედოვლეთის ქვეყანაში,ყველაზე ბედნიერ სახელნწიფოში დედამიწაზე, ვიდრე ის იდუმალებით მოსილი მორი არ გამორიყა ზღვამ.
აქა ამბავი გამორიყული მორისა
როგორც უკვე გითხარით, ბედოვლეთი კუნძული იყო, ანუ წყლით გარსშემორტყმული მიწა. Aამიტომაც ბედოვლელთა ნახევარი მეთევზეობით ირჩენდა თავს, ხოლო მეორე ნახევარი- მათი მყიდველი იყო. ზღვა იყო მათი მარჩენალიცა და საზრუნავიც. გარიჟრაჟზე, მას შემდეგ, რაც ქურუმთქურუმის სულს შესთხოვდნენ იღბლიან დღეს, Gგავიდოდნენ მეთევზეები თავიანთი პატარა აფრიანი ნავებით ზღვაში და ბრუნდებოდნენ საღამოთი თევზით დატვირთულნი. სხვადასხვანაირად შეკმაზული თევზი იყო მათი საკვები. (აქაური დიასახლისები თევზის ასამდე კერძს ამზადებდნენ.) თევზი, ბადე და ზღვა ფიგურირებდა ძირითადად მათ მეტყველებაშიც. ასე მაგალითად: "უფხო თევზი კარგია, კაცი- უარგისიო, შენსკენ წამოსულ ტალღას მოერიდე, უკან დახეულს- აედევნეო, თუ ბადის მოქნევა მარჯვედ იცი, ბედსაც მოიხელთებო, თევზის ფხა სუსტია, მაგრამ კაცის დახრჩობა შეუძლიაო და ასე შემდეგ. იმ დღესაც ჩვეულებრივად გათენდა. თუმცა , როგორც მოგვიანებით იხსენებდნენ ზოგიერთები, ცაზე რაღაც უცნაური ნიშანი შეამჩნიეს. ზოგი ამბობდა კუდიანი ვარსკვლავი იყოო, ზოგმაც რა ვარსკვლავი, ცაზე მეორე მზე ჩანდა ანარეკლივითო. ყოველივე ეს მოგვიანებით იქცა კამათის საგნად, იმ ამბების შემდეგ.მაგრამ მოდი მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. ასე იყო, თუ ისე, მებადურებმა ჩვეულებრივად გაშალეს ბადეები და საქმეს შეუდგნენ. მაგრამ ჩვეულებრივად დაწყებული საქმე უჩვეულოდ გაგრძელდა. ანაზდად, მოწინავე ნავის კიჩოზე მდგარმა წინამძღოლმა ბოცომ ზღვაში რაღაც მოტივტივე საგანი შეამჩნია. უფრო ზუსტად, ხის მორი უცნაური წანაზარდით. ახლოს რომ მიცურდნენ, მიხვდნენ, რომ ეს იყო ანძის ნატეხი, ორი ხელით გარსშემოჭდობილი. რადგან ხელები ვერაფრით მოაშორეს, ანძასთან ერთად ამოათრიეს ნავზე. ეს იყო ხეს განწირულად ჩაჭიდებული ადამიანი. ნავის ფსკერზე დაასვენეს მისი მოსვირინგებული ზორბა სხეული ზოლიანი მაისურის ნაგლეჯებით. შემდეგში იქ მყოფნი იხსენებდნენ, რაღაც უცნაური, მუშკის სუნი დადგაო. მალე მთელმა ქალაქმა შეიტყო ეს ახალი ამბავი. ქალაქი, სადაც ახალი რამ იშვიათად ხდებოდა ინტერესით შეხვდა ამას. ერთადერთმა ქურუმმა ბალთაზარმა ამ “ზღვის ნობათში” რაღაც ავისმომასწავებელი ნიშანი დაინახა. Mმეფის კარზე შეშფოთდნენ, რადგან არ უყვარდათ უცხოელები და შიშით ელოდნენ მისი გამოჯანმრთელების ამბავს. თუმცა ამ შიშის გამო ან მის დასაფარათ, წარამარა კითხულობდნენ ხომ გადარჩაო. Gგამორიყულმა მალე მოიხედა. მაშინვე სარანგთა უხუცესმა პირქუშმა პირადად დაკითხა. ჩაძირული გემიდან სასწაულად გადარჩენილი მეზღვაური აღმოჩნდა. მებადურ ბოცოს ოჯახში მიუჩინეს ბინა, თან განსაკუთრებული თვალთვალი დაუწესეს. Gგავიდა დრო. მეზღვაური კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. ის კი იყო, უცნაურ და დაუჯერებელ ამბებს ჰყვებოდა. Mმებადურის ქოხში მოსული ქალაქელები ყურადღებით უსმენდნენ მის ტყუილ-მართალს. - ჩემს სამშობლოს ზღვა დასავლეთის მხრიდან ეკვრის. -ე გ როგორ,ხმელეთი სამ მხარეს არ მთავრდებაა?- ეკითხებოდნენ მსმენელები. -ი ქ მთავრდება, სადაც მეზობელი ქვეყნების საზღვარი იწყება. - საზღვარი რაღაა? - საზღვარი სხვა ქვეყნების დასაწყისია და შენის დასასრული. მას ჯარი იცავს. - როგორ, განა ამდენი ქვეყანა არსებობს?- უკვირდათ კაცებს. - დედამიწაზე იმდენი სახელმწიფოა,რამდენი ლიფსიტაც მორევში. ყველა ხალხს თავისი წესები აქვს. - მერე და ვინ უწესებს ამწესს, მეფე ხომ ერთია დედამიწის ზურგზე?? - თვითონ, ვინ უნდა დაუწესოს? - როგორ, პატრონი არა ჰყავთ? - რად უნდათ პატრონი, ისინი თავისუფალი ადამიანები არიან. - თავისუფლება რაღაა? - როცა იმას აკეთებ, რაც შემ გინდა. - მერედა განა ჩვენ იმას არ ვაკეთებთ, რაც გვინდა? - თქვენ მხოლოდ იმას აკეთებთ, რასაც სხვები გიბრძანებენდა ნებადართულია. - თავისუფლება ნებადაურთველის კეთებაა, ეს ხომ კანონის დარღვევაა? - კანონი ბორკილია, რომელსაც ხელისუფლები სჭედავენ სხვათათვის, რათა მორჩილებაში იყოლიონ ისინი. მონობა სამარცხვინოა. - მონობა რაღაა? - როცა ვინმე გაჩმორებს და თავისუფლებას გართმევს. - ვის რაში სჭირდება სხვისი თავისუფლება, განა თავისი არ ჰყოფნით? - თავისუფლებას ადამიანს იმიტომ ართმევენ, რომ თავის ნებაზე ათამაშონ ანკესზე გამობმული თევზივით. ამგვარ საუბრებში გადიოდა დრო. Mმეფის კარზე სიმშვიდე დაკარგეს. ყველა რაღაცის მოლოდინით ცხოვრობდა. ერთ მშვენიერ დღეს სარანგთა უხუცესის სადგომიდან გამოსული კახპა კეკელა შეამჩნიეს. ამ ამბავმა ბევრი გააოცა. ჩვეულებრივ კეკელა საშიშ დამნაშავედ არ ითვლებოდა. « იმ » საქმეზე კი მას სისასტიკით ცნობილი პირქუში არ დაუძახებდა. Mმეორე დღეს სანაპიროზე მოსეირნე “უცხოს”- ასე შეარქვეს მეზღვაურს, რაც მის განსაკუთრებულობას უსვამდა ხაზს, მკერდ მოთახთახე კეკელა ვითომდა შემთხვევით გადაეყარა. მეზღვაურმა, რომელიც ქალებში გაუთვითცნობიერებელ კაცს სულაც არ ჰგავდა, მის გამომწვევ მზერას საპასუხო მზერა შეაგება. - ჰეი, შენ ის მეზღვაური არა ხარ, ზღვამ რომ გამორიყა? - ზღვა არ მაშინებს, მაგრამ ვნებათა მორევში ჩაძირვა უფრო მეხერხება. - ჩემს გრძნობათა მორევში ბევრი დამხრჩვალა. - თუ დახრჩობა მიწერია, ისევ მანდ დავიხრჩო, ჯობია. - დაე, შენი ხომალდის სიმყარე მორევმა გამოსცადოს. ! სულ მალე შორიდან მოთვალთვალე ქალაქელებს სანაპიროს ქვიშაზე მორთხმული წყვილის მხიარული ხორხოცი შემოესმათ. რაც ამ პიკანტური ოპერაციის შედეგად საიდუმლო სამსახურმა შეიტყო, ის იყო, რომ უცხო დიდი გემის ჩამოვლას ელოდა შინ დასაბრუნებლად, აგდებულად იხსენიებდა აქაურ ხელისუფლებას და მაგარი მამაკაცი იყო, (ეს ისე, ს ხვათაშორის.) ოპოზიციონერი აკია სახლის სახურავიდან გაჰკიოდა: - ეს რას ჰგავს, ხალხო! ქვეყანა უცხოელებმა წალეკეს. ვინ დაიცავს ჩვენს წესჩვეულებებს, ჩვენი ქალების პატიოსნებას? Mმოგზავნილებმა უნდა გადაგვთელონ ვინ არის პატრონი.?ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, როგორც აქაურები ყვებოდნენ, (რა თქმა უნდა, ჩურჩულით) აკიას ერთმა სარანგმა დაბეჭდილი კონვერტი გადასცა დიდების ველზე, აკლდამის მახლობლად. კასრზე შემხტარი დოღრიალა კი ბაზარს გაჰყვიროდა: - - გათავდა მაგათი საქმე, მალე ნახავთ აქედან გაბუნძულებულებს! - ამბობენ, მეფედ შენ უნდა დაგსვანო, მართალია? - ჩემი თავის მეფე მეთვითონ ვარ.- პასუხობდა გიჟი. ამგვარ ხუმრობაზე ადრე არავის ეცინებოდა, უფრო მეტიც, კუშტად იკრავდნენ შუბლს.ახლა კი განზრახ ხმამაღლა იცინოდნენ. ასე, რომ, უცხოს გამოჩენამ ბევრი თავსატეხი გააჩინა. მოქალაქეები უფრო ლაღები გახდნენ, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, სარანგების დანახვაზე აღარ კრთებოდნენ, ქალები დაუფარავად კეკლუცობდნენ, ბავშვები სავალდებულო ყოველდღიურ ჰიმნს- “მეფეო, საქმენი შენნი” წინანდებურად ხალისით აღარ მღეროდნენ. ისმოდა სიტყვები: „თავისუფლება, ხალხის აზრი, დესპოტი” და სხვა. პირქუში ნანობდა, თავის დროზე რომ არ დააპატიმრა ეს ლაქლაქა.ახლა უკვე გვიან იყო. დაჭერა ხალხში ავტორიტეტს აუწევდა და ვინ იცის, ამას რა მოჰყვებოდა. რამე სხვა იყო მოსაფიქრებელი. რაღაც დალპა ბედოვლეთის სახელმწიფოში. ყველაზე ბედნიერ სახელმწიფოში ამ ქვეყნად. ჰაერში ამბოხის სუნი ტრიალებდა.
აქა ამბავი ამბოხებისა
ერთ მშვენიერ დღეს, (თუმცა “მშვენიერს” მხოლოდ სიტყვის მასალად თუ ვუწოდებთ), სასახლის მოედანზე თავმოყრილ ხალხს მეფის ახალი ბრძანება წაუკითხეს. ამიერიდან მოქალაქეებს ეკრძალებოდათ ქუჩაში ჯგუფჯგუფად დგომა და საუბარი, რადგან ეს უსაქმურობას უწყობდა ხელს. სამაგიეროდ ბაზრის მოედანზე მამლების შერკინება ახლა კვირაში ორჯერ ეწყობოდა, მაგრამ ქალაქელები წინანდელი ხალისით აღარ ეკიდებოდნენ. უცხოს მასპინძელი მებადური ბოცო კი გააფრთხილეს, შენს ბინაზე უსაქმურ სტუმართა თავმოყრას თავი ანებეო. გაივლის ცოტა დრო და ახლა ბოცოს მოუწევს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა ეს ჯერ არც თვითონ იცის და , რა თქმა უნდა, არც “იმან”. მანამდე კი Mმეორე დღეს ბაზრის მოედანზე ორ საეჭვო მყიდველს შორის ასეთი საუბარი გაიმართა: - გაიგე ეს მეზღვაური თავის ქვეყანაში, სადაც გარყვნილება არის დაბუდებული, ქალზე ძალადობისათვის დაუჭერიათ. დაპატიმრებული ეტაპის დროს გემიდან გადმომხტარა. - არა გცოდნია,კი არ გადმომხტარა, თავისიანებს გადმოუგდიათ ქურდების წესის დარღვევისთვის. იქ მყოფებმა, რომლებიც ასეთ ამბებს ჩვეულებრივ ყურდაცქვეტილები უსმენდნენ ხოლმე, უსიტყვოდ დატოვეს იქაურობა. გამოფხიზლებულ ხალხში უკმაყოფილება თანდათან იზრდებოდა. მოთმინების ფიალაში უკანასკნელი წვეთი მეფის მორიგი ბრძანება აღმოჩნდა. Aამ ბრძანებით ბავშვები ვალდებული იყვნენ ყველაფერი ეამბნათ თავიანთი მშობლების საუბრის შესახებ. ამ საქმეში განსაკუთრებით ბეჯით ბავშვებს მეფის სიგელს ჰპირდებოდნენ. ამ ამბიდამ ორი დღის შემდეგ ხალხი ბაზრის მოედანზე შეიკრიბა. - ხალხო,- მიმართა მათ უცხომ, - როდემდე უნდა იცხოვროთ ასე თევზებივით პირში წყალჩაგუბებულებმა? თქვენ გასულელებენ, გაშინებენ, ტყუილებით გკვებავენ. თქვენ რა, მართლა გჯერათ, რომ ყველაზე ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრობთ? თქვენ ხომ წარმოდგენაც არა გაქვთ ნამდვილ ბედნიერებაზე. არაფერი იცით, რა ხდება სხვაგან. როდემდე უნდა ითმინოთ? Aჭიჭყინებიც კი ახერხებენ ბადის გარღვევას, როცა ერთ მხარეს მიაწყდებიან. გამომყევით მე და გიჩვენებთ როგორ იქცევიან ნაღდი კაცები. ვინც ღლავის გემოს გასინჯავს, ის ღორჯოზე აღარ მოცდება! ხალხი მეფის სასახლისაკენ დაიძრა. სარანგები დაფრთხენ. Dდარბაისელნი ვერგაერკვნენ , რა ხდებოდა. გაოგნებული ფინეზი მცველებმა ძლივს ჩატენეს გორგოლაჭებიან სავარძელში და სადღაც გააგორეს. ამბობენ უცხომ მეფის მოოქროვილი ჭიქიდან სამეფო უძრახი წყალი შესვაო. მან ხალხს მიმართა: - ხალხო, გემის ვირთხებმა ტრიუმი დატოვეს. თქვენ ახალი ქვეყანა უნდა შექმნათ. თავისუფალი! უცხო დარბაზის დატოვებას აპირებდა. მაგრამ ხალხმა ხელში აიტაცა მხსნელი. - ჩვენ მხოლოდ შენი წინამძღოლობით გვსურს ცხოვრება!- ღრიალებდნენ ისინი. - ეს შეუძლებელია, ძმებო, მე თავისუფალ მეზღვაურად ვარ დაბადებული. ეგენი კი მონები არიან, ოღონდ ძალაუფლებისა. მე არაფერში მჭირდება მაგათი გაპრიალებული სასახლე და ტახტრევანი, მცველები და მლიქვნელები. მაგრამ ხალხს არაფრის გაგონება არ სურდა. - ძირს მეფე, გაუმარჯოს უცხოს, დიდება ჩვენს მხსნელს!- გაჰყვიროდა ბრბო. მონარქია ბედოვლეთში დაემხო. ხალხი ახალ ქვეყანას აშენებდა.
აქა ამბავი ახალი ქვეყნისა
Mმეორე დღეს მეზღვაური სხვა მებადურებთან ერთად სათევზაოდ გაემართა. იმ დღიდან მათი ქოხის მსგავს ქოხში ცხოვრობდა. მათთან ერთად მიირთმევდა თევზის სუპს, სეირნობდა სანაპიროზე. Gგამარჯვებული ხალხი ზეიმობდა. საქციელწამხდარი პოეტი ოქროპირი ირწმუნებოდა, ამ სულელური ჰიმნების ჯღაბნას სატრფიალო ლექსების წერა მერჩივნა, მე ხომ სულით ლირიკოსი ვარ, მაგრამ ვინ გაცალაო. მემატიანე მელენტი იფიცებოდა, ყველა ეს ლეგენდა ძველი წიგნებიდან გადმოვწერე, ჩემი შეთხზული არ გეგონოთო., რა მექნა, ცოლ-შვილი ხომ უნდა მერჩინაო. ხოლო ქურუმი ბალთაზარი საკურთხეველში ჩაიკეტა ხანგრძლივი მარხვისათვის. სარანგების მეთაური- მრისხანე პირქუში უკვალოდ გაქრა სადღაც. როცა საზეიმო ფორიაქის შემდეგ ხალხმა მოიკითხა, ყველამ ერთად აღმოაჩინა, რომ მისი სახე არავის ახსოვდა. Bბოლოსდაბოლოს შეთანხმდნენ, რომ ამ კაცს სახე არ გააჩნდა ამიტომ ადვილი შესაძლებელი იყო, სულაც მათ გვერდით ყოფილიყო მათდა შეუმჩნევლად. თვით მეფე, მისი უდიდებულესობა, რომელსაც ახლა სქელუა ფინოს ეძახდნენ თევზის ვაჭარს დაუდგა დახლიდარად და ძალიანაც კმაყოფილი იყო ამით. რაც უნდა იყოს, საჩივრების მოსმენას არავინ თხოვდა, არც სარანგთა უხუცესი ს მოსაწყენი მოხსენებების მოსმენა უწევდა მორიგი შეთქმულების გახსნის შესახებ. სხვა რომ არაფერი, როგორია ყოველ ცისმარე ერთიდაიგივე ადგილას ჯდომა სერიოზული გამომეტყველებით. Mმხოლოდ ეს იყო, განაზებული ფეხის გულები ვერ შეაჩვია ქვიშაზე სიარულს.
ოპოზიციონერი აკია ძუძუს გოჭივით გატრუნული ადევნებდა თვალს ყოველივეს და თავის დროს ელოდა. ალბათ, აქ უნდა დაგვესვა წერტილი ჩვენი ამბისათვის, ამას მოითხოვს ზღაპრის კანონი და ასე აჯობებდა ჩვენი გმირებისთვისაც, მაგრამ სამწუხაროდ მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდა. Yყველაფერი იმით დაიწყო, რომ ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფმა, რომელნიც თავიანთ თავს უცნაურ სახელწოდება “გვეყოს” უწოდებდა, სასახლის ფასადზე გამოხატული ქორბუდა ირემი რქებში ჩაწნული მზით ჩამოხსნა და რატომღაც ვეებერთელა ღუზა მიახატა სირინოზებით გარსშემორტყმული. მაშინ, რათქმაუნდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ გაივლიდა დრო და ეს უწყინარი პანო ახალი ლეგენდის უნებლიე წყარო გახდებოდა.. მალე იგივე ჯგუფმა ქვეყნის გმირის სასახლეში გადაყვანა მოითხოვა- უხერხულია თავმოყვარე სახელმწიფოსათვის მხსნელი ქოხში აცხოვროსო. უცხოს ჯერ სიცილად არ ეყო ეს წინადადება, მაგრამ რომ არ გაუვიდა, რა ექნა, დათანხმდა. თავდაპირველად პირდაპირ იატაკზე ეძინა, იატაკს თავად ხეხავდა გემბანივით და ტრაპეზსაც ფეხზე მიირთმევდა, მაგრამ ერთხელ დაქანცულს მეფის საძინებელში ჩაეძინა და გამოღვიძებულს ძალიანაც მოეწონა, შეაკეთებინა და იქ გადაბარგდა. ძნელად, მაგრამ ბოლოს მაინც შეელია თავის დაძენძილ მეზღვაურის მაისურს და სამეფო პორფირით შეიმოსა, რაც კარგახანს სულს უხუთავდა. ახლა იგი ნაღვლიანად აღარ გაჰყურებდა ნაპირს დიდი გემის მოლოდინში გამოხედვაც უფრო თავდაჯერებული და გამომცდელი გაუხდა. მალე მიხვდა, ამდენ უაზრო ქაღალდს თავს ვერ გაართმევდა და კანცელარიის უფროსად კეკლუცი კეკელა მიიწვია. არ ვიცი, რამდენად შეუმსუბუქდა ტვირთი, ის კია ამის შემდეგ უფრო ხალისით ასრულებდა თავის მძიმე და შეუფერებელ საქმეს.. Mმალე დაარწმუნეს, რომ ქვეყანა მრჩეველთა საბჭოს გარეშე ვერ იარსებებდა (უხერხული იყო) და მანაც ეს საქმეც იოლად მოაგვარა- თავისი ყოფილი თანამეინახეები შეყარა საბჭოში, რომელსაც ახლა უცნაურ სიტყვას "პარტიას" უწოდებდნენ. მათხოვარ გლახოსათვის ახლა დღეში ერთხელ სადილი მზადდებოდა სახელმწიფოს ხარჯზე. ისიც კმაყოფილი იყო, თუმცა ხანდახან თვის ბოლო შაბათის ნოსტალგიას განიცდიდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო იშვიათად ხედავდნენ მოქალაქეები კუნძულის მეთაურს. ერთნი ამბობდნენ, საკუთარი გარემოცვის მძევალია, მათთან ერთად ღრეობს მთელი დღეო, Mმეორენი იძახდნენ, ჩვენი მეზღვაური დედით ზღვის მეფის შთამომავალი ყოფილა, სწორედ მისი ბრძანებით გამოუყვანიათ სირინოზებს ჩაძირული გემის ტრიუმიდან და ჩვენს კუნძულზე გამოურიყავთო. მეთევზეთა წინამძღოლი ბოცო ამაზე მრავალმნიშვნელოვნად ჩაფიქრდებოდა, ჩიბუხს გატენიდა და ღრმა ნაფაზის შემდეგ იტყოდა: სირინოზები არ დამინახავს, მაგრამ რაღაც დამატყვევებელი ხმა კი ჩამესმა ვიდრე მორს დავინახავდიო. დანარჩენი მეთევზეებიც კვერს უკრავდნენ, ზოგნი- თევზების კუდებს მოვკარი თვალიო, ზოგმაც ტალღებში შევამჩნიე, როგორ მოაცილებდა ჩვენს ნავს რაღაც გუნდიო. სარანგები, რომელთაც ახლა ბოცო მეთაურობდა, ისევ გამოჩნდნენ ქუჩებში, ოღონდ ახალი ფორმით და ახალი სახელწოდებით- მანდატურები. ისინი კუნძულის მეთაურის უსაფრთხოებას იცავდნენ, რომელსაც ბოლო დროს უცნაური შიში დასჩემდა და მარტო დარჩენას ჭირივით გაურბოდა. ქეშიკები კი, რომელთაც ახლა “მაცნე იმფორმატორებს” უწოდებდნენ,, რუპორებით დარბოდნენ ქუჩებში განცხადებებითა და ინფორმაციებით კუნძულის მეთაურის დიდებულ საქმეთა შესახებ. ბავშვებს ახალი, ბედოვლეთის დემოკრატიული სახელმწიფოს ჰიმნს: ”სირინოზების ნობათი დიდი”ასწავლიდნენ. ბაზრის მოედანზე მამლების შერკინება ძაღლების ორთაბრძოლამ შეცვალა, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოჰყავდათ. კასრზე შემხტარი დოღრიალა კი გაჰკიოდა: - მოგვატყუეს ხალხო, ნუთუ ვერ ხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა.Mმეფეები იცვლებიან ხალხი კი ისევე რჩება!- მაგრამ მის სიტყვებს, როგორც ყოველთვის, აინუნშიც არავინ აგდებდა იმ უწყინარი თავდაცვის ინსტიქტის გამო, რასაც ადამიანები თავისმოტყუებას ეძახიან. ბედოვლეთის ქვეყანაში ახალი- სირინოზიანთა დინასტია იწყებდა ზეობას.
2010 ა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. საინტერესო იქნებოდა გაგრძელება, მაგრამ ვფიქრობ ახალი უცხოც კაი ბედოვლათი იქნებოდა :) საინტერესო იქნებოდა გაგრძელება, მაგრამ ვფიქრობ ახალი უცხოც კაი ბედოვლათი იქნებოდა :)
7. ორუელის სტილი მეც მენიშნა, მაგრამ მთლიანობაში უფრო ვონეგუტის "კატის აკვანს" მივამსგავსებდა. საერთოდ კი, ძალიან კარგია. ცოტა კორექტურული შეცდომებია და ეს არ მომწონს. შეეცადეთ, შეასწოროთ.
ორუელის სტილი მეც მენიშნა, მაგრამ მთლიანობაში უფრო ვონეგუტის "კატის აკვანს" მივამსგავსებდა. საერთოდ კი, ძალიან კარგია. ცოტა კორექტურული შეცდომებია და ეს არ მომწონს. შეეცადეთ, შეასწოროთ.
6. ავტორს 2010 წელს რომ სცოდნოდა, რომ უცხოსაც დაუთვლიდნენ დღეებს, ალბათ სხვანაირად დაამთავრებდა მოთხრობას, კიდევ ერთი, ოქროს მოსასხამში გამოწყობილი კაცი გამოირიყებოდა ბედოვლეთის სანაპიროზე :) თუმცა, ვინ იცის, იქნებ გაგრძელებაც დაგვიწეროს :)
სახელებთან ერთად ანდაზები მომეწონა ძალიან: ,,"უფხო თევზი კარგია, კაცი- უარგისიო, შენსკენ წამოსულ ტალღას მოერიდე, უკან დახეულს- აედევნეო, თუ ბადის მოქნევა მარჯვედ იცი, ბედსაც მოიხელთებო, თევზის ფხა სუსტია, მაგრამ კაცის დახრჩობა შეუძლიაო."
ასევე ძალიან ენამოსწრებული იყო დიალოგი: - ჰეი, შენ ის მეზღვაური არა ხარ, ზღვამ რომ გამორიყა? - ზღვა არ მაშინებს, მაგრამ ვნებათა მორევში ჩაძირვა უფრო მეხერხება. - ჩემს გრძნობათა მორევში ბევრი დამხრჩვალა. - თუ დახრჩობა მიწერია, ისევ მანდ დავიხრჩო, ჯობია. - დაე, შენი ხომალდის სიმყარე მორევმა გამოსცადოს. ! :) :)
რაც შეეხება მოთხრობას, ცოტა ორუელსაც ურევია ხელი ბედოვლეთის აშენებაში, მაგრამ ეს ადვილად ,,საპატიებელია", რადგან პირადად მე დიდი ხალისითა და სიამოვნებით ჩავიკითხე ეს პატარა მოთხრობა.
ჰო, რას დავამატებდი კიდევ,-შემოდით და წაიკითხეთ, სირცხვილია, რომ მოცულობის გამო ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგი მოთხრობები გვეჩაგრება.
5+ ავტორს 2010 წელს რომ სცოდნოდა, რომ უცხოსაც დაუთვლიდნენ დღეებს, ალბათ სხვანაირად დაამთავრებდა მოთხრობას, კიდევ ერთი, ოქროს მოსასხამში გამოწყობილი კაცი გამოირიყებოდა ბედოვლეთის სანაპიროზე :) თუმცა, ვინ იცის, იქნებ გაგრძელებაც დაგვიწეროს :)
სახელებთან ერთად ანდაზები მომეწონა ძალიან: ,,"უფხო თევზი კარგია, კაცი- უარგისიო, შენსკენ წამოსულ ტალღას მოერიდე, უკან დახეულს- აედევნეო, თუ ბადის მოქნევა მარჯვედ იცი, ბედსაც მოიხელთებო, თევზის ფხა სუსტია, მაგრამ კაცის დახრჩობა შეუძლიაო."
ასევე ძალიან ენამოსწრებული იყო დიალოგი: - ჰეი, შენ ის მეზღვაური არა ხარ, ზღვამ რომ გამორიყა? - ზღვა არ მაშინებს, მაგრამ ვნებათა მორევში ჩაძირვა უფრო მეხერხება. - ჩემს გრძნობათა მორევში ბევრი დამხრჩვალა. - თუ დახრჩობა მიწერია, ისევ მანდ დავიხრჩო, ჯობია. - დაე, შენი ხომალდის სიმყარე მორევმა გამოსცადოს. ! :) :)
რაც შეეხება მოთხრობას, ცოტა ორუელსაც ურევია ხელი ბედოვლეთის აშენებაში, მაგრამ ეს ადვილად ,,საპატიებელია", რადგან პირადად მე დიდი ხალისითა და სიამოვნებით ჩავიკითხე ეს პატარა მოთხრობა.
ჰო, რას დავამატებდი კიდევ,-შემოდით და წაიკითხეთ, სირცხვილია, რომ მოცულობის გამო ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგი მოთხრობები გვეჩაგრება.
5+
5. ეს იგავიც ჩვეული ოსტატობით შეგიქმნიათ. ცოტათი მოსაწყენი მართლაცაა ისე:) ეს იგავიც ჩვეული ოსტატობით შეგიქმნიათ. ცოტათი მოსაწყენი მართლაცაა ისე:)
4. გამიძნელდა წაკითხვა, არ ვარ ალბად კანონის მოყვარული! სიბრძნე და ავტორის საინტერესო ხედვა კარგად ჩანს. გამიძნელდა წაკითხვა, არ ვარ ალბად კანონის მოყვარული! სიბრძნე და ავტორის საინტერესო ხედვა კარგად ჩანს.
3. კარგად არის დაწერილი... თიტქმის უნაკლოდ...ჩანს რომ ავტორს უშრომია...5 მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, მე ცოტათი მოწყინდა კითხვისას...:) ყველაზე მეტად სახელები მომეწონა...უბადლოდაა შერჩეული...:-* ბალთაზარზე კი რატომღაც ცაგარელი გამახსენდა...:)) ნეტავ გაგრძელებას თუ აპირებს ავტორი...ლად ბედოვლეთელების მეოცნებე ბუნებაზე?...:)
კარგად არის დაწერილი... თიტქმის უნაკლოდ...ჩანს რომ ავტორს უშრომია...5 მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, მე ცოტათი მოწყინდა კითხვისას...:) ყველაზე მეტად სახელები მომეწონა...უბადლოდაა შერჩეული...:-* ბალთაზარზე კი რატომღაც ცაგარელი გამახსენდა...:)) ნეტავ გაგრძელებას თუ აპირებს ავტორი...ლად ბედოვლეთელების მეოცნებე ბუნებაზე?...:)
2. ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
ძალიან მაგარია! საინტერესოდ დაწერილი.. ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
ძალიან მაგარია! საინტერესოდ დაწერილი..
1. ძალიან კარგია, ძალიან ლაღად იკითხება და ძალიან ზუსტი ალეგორიებია. წაიკითხეთ, ხალხო! ძალიან კარგია, ძალიან ლაღად იკითხება და ძალიან ზუსტი ალეგორიებია. წაიკითხეთ, ხალხო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|