ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თორნიკე ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2013


* * *

* * *


ჩემი ბავშვობის ფოტოაპარატის
ფირებს ვნახულობ, -
ძველ ნეგატივებს.
ყველა მათგანი უცნაურად
სამწუხაროა;
ვიღაც ყოველთვის აკლია კადრებს,
ის, ვინც იღებდა.



* * *

რამდენ ცხოვრებას იფარავენ
ვრცელი მინდვრები...
ვინც სადღაც, მთაში,
მაღალ ბალახს თიბავს,
მან იცის,
რომ შეიძლება გველი ნახოს,
ან მწყერის ბუდე,
ან ტანსაცმელი
მიმოფანტული.
მაშინ მთიბავი დაბრუნდება
სახლისკენ, უკან;
ამ დროს არავინ აღვიძებს ხოლმე
შეყვარებულებს.



* * *


ზოგჯერ ისეთი გრძნობა მიჩნდება,
რომ არსებობდა წინა ცხოვრება,
ხოლო მე მაშინ ადამიანი,
ცხოველი, ან მწერი კი არა,
სისხლი ვიყავი.

იქნებ ვცდები, ან ვაჭარბებ,
მაგრამ,
მაშინ საიდან ვიცნობ
თქვენს გულებს?!.



* * *


თითქოს საკუთარ სიჩუმეში,
მოკვდავთა დარდში,
რაღაც მწარეს ვეღარ გაუძლო
და ტკივილით ამოიძახა.
ჩვენ გვეგონა, რომ
გალობდა ჩიტი.



* * *


საკუთარი სახე რომ ნახო,
სარკის სანაცვლოდ, შენი ბავშვობის
თვალებში უნდა ჩაიხედო
და გაიხსენო;

თუ რას ეცადე
და ვერ შეძელი,
რა მოატყუე,
რა შეუსრულე, -

ყველაფერი ამოთქვა ერთად
და დაელოდო;

როგორც შეძლებს,
დაგეხმარება,
ტყუილს შეგინდობს...

და ბოლოს, ბოლოს
შესრულებულ დანაპირებსაც
რომ გამოუჩენ,
ის გამოგართმევს,
სიტყვის უთქმელად გაგიღიმებს
და სამუდამოდ
აგედევნება.

მეც აწმყოსათვის,
ან მომავლისთვის -
სიბერისთვის
არაფერს ვცდილობ,

ვცხოვრობ უბრალოდ
და მხოლოდ ჩემს
წარსულ ბავშვობას
ვუსრულებ ხოლმე
ძვირფას სურვილებს.

დღესაც წავალ და
ბურთს, ან
ფერად ფანქრებს ვიყიდი.



* * *


სტუდენტობისას,
ერთხელ, პროსპექტზე,
უსინათლო რომ გადამყავდა,
რაღაც აზრებმა შუა გზაზე გამყინეს უცებ;

წარმოვიდგინე,
თუ რა დღეში ჩავარდებოდა,
მე რომ მისთვის ხელი გამეშვა,
გავშვორებოდი...

და ზუსტად ასე მოვიქეცი,
იქ მივატოვე,
გადმოვედი მეორე მხარეს
და დავაკვირდი;

არც რამე უთქვამს, სახის ნაოჭიც
კი არ შეცვლია,
სულ ერთი წამით, შედგა მხოლოდ,
წელში გასწორდა
და გააგრძელა თავისი სვლა ტროტუარისკენ.

რომ გადმოვიდა,
მივედი ისევ და, როგორც უცხომ,
ჩემი თავი ვუგინე დიდხანს.
ერთი აუგიც არ დასცდენია:
- ნახევარ გზაზე მოხმარებაც ხომ საქმეაო, -
თქვა და გამშორდა.

ამის შემდეგ, მეც ჩვევად მექცა,
ვინც ცხოვრებაში ჩამომშორდება,
იმათ რაიმეს კი არ ვუყვირი, -
დასაბრუნებელს, ან გულისსატკენს, -

თითქოს ვიღაცა მეკითხებოდეს,
ვეპასუხები;
მასთან საერთო წარსული ხომ მაინც ძვირფასად
შემომრჩა-მეთქი, -

მუდამ ამ სიტყვებს ვამბობ ხოლმე,
შევდგები მერე,
გავჩერდები,
ზეცას ავხედავ

და მაგონდება;
ისეთებიც ხომ არსებობენ,
მთელ სიცოცხლეში მსუბუქად რომ მიაბიჯებენ,
იფიქრებ, თითქოს ქარს მიჰყვებიან
და უშფოთველად მიაქვთ ცხოვრება.

მაგრამ ქარსაც აქვს დრო, ადგილი,
ბოლო წერტილი,
სადაც ჩადგება და მუხლს მოიყრის.



* * *


დღეს მაწანწალა ძაღლი ვნახე
და უცებ მივხვდი,
რომ მისი - ძაღლის
ზრახვა და გული
უფრო სუფთა და წმინდა იყო,
რადგან აზრადაც
არ მოსვლია, რაც მე ვიფიქრე
და უსაფუძვლოდ დავაბრალე წარმოსახვაში;
ის სრულიადაც არ აპირებდა ვინმეზე კბენას.



* * *


საოცარია,
ზოგჯერ ისე გკითხავენ ხოლმე, -
რას აპირებო, -
თითქოს საკუთარ მომავალში იყო, ცხოვრობდე
და, სულ უბრალოდ,
აწმყოს - წარსულს აწესრიგებდე.

ის მიყვარს მხოლოდ,
რეალურად დამდგარ მომენტში,
უკვე გასული რომ მედარდება;

თითქოს, გადაყრილ, დამჭკნარ ყვავილებს
ვაგროვებ, ვბღუჯავ
და არაფერი მაინტერესებს
ჯერ არმოსული გაზაფხულების.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს