შუაღამისას, როდესაც ქანდაკებები ცოცხლდებიან და ჯვარცმული ქრისტე გადმოდის "ჯვარცმის" სცენიდან, იღვიძებენ ასურელი მამებიც. ლექსებად მოქარგული მატიანე საქართველოსი ცაზე ვარსკვლავებად ენთება და რიჟრაჟამდე ციმციმებენ. ქარისაგან შემცივნებული ლეგა ღრუბლების ჯარი იცავს წმინდა ნინოს ჯვარს. სიცივე რა მოსატანია, როცა ამ სიდიადეს და სიდიდეს უყურებ! აქ, გაცილებით პატარა და ამავე დროს უზარმაზარი ვარ! პატარა-ქანდაკებათა შორის და უზარმაზარი-პატარა საქართველოში! მიხარია და მეამაყება ჩემი ქართველობა. არა იმიტომ, რომ: ძეგლია... ქარია... მთვარეა... ძეგვია... ნორიო... ზვარეთი... ოთხნი ვართ, ბითლზებივით, მაგრამ დაშლას არ ვაპირებთ 1-2 საათი მინიმუმ... ცას მომწყდარი ვარსკვლავი მხოლოდ მე შევნიშნე. ასეთია მეოცნებეთა ხვედრი. ერთის ჩაფიქრებაც კი ვერ მოვასწარი: ის მაინც იყოს... ჩაქრა... და გამახსენდა: "შანდალში ჩადნა ბოლო სანთელი"... გადაშუაღამდა... (ამას ვიღაცას ვპარავ) წამოვედით. დავრჩით ერთ მანეთისა და 80 კაპიკის ამარა. დავიშალენით, არა იმიტომ რომ: დავიღალენით... დავიცალენით... დავიმალენით... დავიძალენით... არამედ: დაგვათენდა... "დაგვა" ათენიდან წამოსული სიტყვაა და ბერძნულად საქართველოდან წასვლას ნიშნავს... ... და სანამ დავიგავ(არაკ)ენით: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". მიხარია და მეამაყება ჩემი ქართველობა!