 | ავტორი: ამელი ჟანრი: პროზა 10 აპრილი, 2013 |
- DR.მორგ-ანა, ჟურნალისტია, ალბათ თქვენ მიხედავთ, არა? - ჟურნალისტი? ჩემს მეტი აღარავინ არის? დღეს დავიღალე, მძიმე დღე მქონდა, სახლში ვაპირებდი წასვლას, სწორედ ახლა დავიბანე ხელები, - გახამებულ პირსახოცზე შეიმშრალა პირი DR. მორგ-ანამ, ცალი თვალით სარკეში ჩაიხედა, წარბებზე ცერა თითი გადაისვა და ხალათი შემოიცვა, რომელიც სამუშაო დღის ბოლოსაც კი შესაშური სითეთრით გამოირჩეოდა. დაღლილობისა ბევრი არც არაფერი ეტყობოდა, დაძაბული დღის ერთადერთ ნაკვალევს, საფეთქელთან ამობურცული, დაკლაკნილი მოცისფრო ძარღვი წარმოადგენდა. ორ წუთში სამუშაო ფორმის უკანასკნელი შტრიხი - სტერილური ხელთათმანები მოირგო, სათვალე შეისწორა და ჟურნალისტ Corpse-ს გაუღიმა. ჟურნალისტს მისი ღიმილი, რა თქმა უნდა, არ დაუნახავს, რადგან DR. მორგ-ანას სახეზე პირბადეც მოერგო.
საერთოდ, DR. მორგ-ანა ყოველთვის ზედმეტი პედანტურობით გამოირჩეოდა. კბილების ხეხვასაც კი რატომღაც ყოველთვის ზედა მარცხენა ყბის მერვე კბილიდან იწყებდა და ქვედა მარჯვენა ყბის პირველი კბილით ასრულებდა. რა უნდა მომხდარიყო, რომ ეს რიტუალი დაერღვია. და მითუმეტეს ახლა, როდესაც ჟურნალისტს ხვდებოდა, არანაირი უფლება არ ჰქონდა, რომ საკუთარი პროფესიის ერთგულება ვიზუალური ეფექტითაც არ დაემტკიცებინა. - დიდხანს ხომ არ გალოდინეთ? არადა, დღეს უკვე აღარავის ველოდი. სახლში წასვლას და გზად აზალიების ყიდვას ვაპირებდი. გინახავთ აზალიები? იცით, ულამაზესი ყვავილია, ჯუჯა ხეს ჰგავს და სიფრიფანა ვარდისფერი ყვავილებით ყვავის. ჯანდაბა, ყოველ გაზაფხულზე ვყიდულობ, მაგრამ, რატომღაც ვერც ერთხელ ვერ გავახარე, ხან ორპირში მომიხვდა და ყვავილები დასცვივდა, ხან მზეზე გადამეხრუკა, ხან ზედმეტმა წყალმა დამილპო, მოკლედ, ვერაფრით გავახარე, - ერთი ამოსუნთქვით უამბო DR.მორგ-ანამ ჟურნალისტს აზალიების ამბავი და თან მოუბოდიშა, მაპატიეთ, რაში გაინტერესებთ ჩემი მკვდარი აზალიებიო. - არა, როგორ გეკადრებათ, რაკი თქვენთან მოვხვდი, თქვენს შესახებ ზუსტადაც რომ ყველაფერი მაინტერესებს. არადა, რა საინტერესოა, უნივერსიტეტში სულ მასწავლიდნენ, იმისათვის, რომ რესპონდენტი მაქსიმალურად გაიხსნას, პირდაპირ საქმიან კითხვებს ნუ დაუსვამ, შემოვლით დაიწყე, თუნდაც ამინდზე ესაუბრეო, თქვენთან კი ყველაფრი პირიქით მოხდა - თქვენ აქეთ მოახერხეთ ჩემთვის სტრესის მოხსნა, რაც არ უნდა იყოს, პირველად ვწერ ინტერვიუს ადამიანთან, რომელიც ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს მიცვალებულებთან ატარებს. - ჰო, ვიღაცისათვის, ეს ალბათ არც ისე მარტივია, მაგრამ მე მიცვალებულების შიგნეულობაში ხელების ფათურს ისე მივეჩვიე, როგორც შენ, საკუთარი კომპიუტერის კლავიატურაზე თითების კაკუნს, - ისევ გაიცინა DR.მორგ-ანამ და მისი სიცილი ისევ არ დაუნახავს ჟურნალისტ Corpse - ს. - ძალიან კარგი, მაშინ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, - თითებგალურჯებულმა Corpse-მა დიქტოფონი ჩართო და ყოველი შემთხვევისათვის კალამიც მოიმარჯვა.
- ჰო, ასე აჯობებს, მითუმეტეს, რომ მგონი უკვე შეგცივდათ კიდეც. აქ, საკმაოდ გრილა, +2 +4 გრადუსი, აი ამ ოთახის მაქსიმალური ტემპერატურა, თქვენს სტატიას აქაური სიტუაციის ზედმიწევნით აღწერა, ალბათ მეტ ინტერესს შესძენს და რედაქტორიც კმაყოფილი დარჩება.
- მართალი ბრძანდებით, - თითებზე არანაკლებ გალურჯებული ცხვირი მოიწმინდა ჟურნალისტმა და ბლოკნოტში წინასწარ ჩამოწერილ კითხვებს ჩახედა. - რატომ აირჩიეთ ეს პროფესია, როგორ ფიქრობთ, ნუთუ არსებობს ამაზე სევდიანი პროფესია ჩვენს პლანეტაზე? - ოჰ, ღმერთო ჩემო, რა პათეტიკაა, რა მითხარით? რომელი უნივერსიტეტი დავამთავრეო? - ახლა კი მართლა გულიანად გადაიხარხარა DR.მორგ-ანამ, მართალია ჟურნალიტს კვლავაც არ დაუნახავს მისი სიცილი, სამაგიეროდ, ძალიან კარგად გაიგონა, - მაგრამ ეგ არაფერი, ჯერ ახალგაზრდა ბრძანდებით და ეს პათეტიკაც ასაკთან ერთად გაგივლით. კარგით, გეტყვით, ოღონდ მეორე კითხვიდან დავიწყებ: კი, არსებობს ამაზე სევდიანი პროფესია - და წარმოიდგინეთ, ამ პროფესიის წარმომადგენელი აი აქ, ჩემს ცხვირ წინ ზის. ანუ თქვენ, ჟურნალისტი... მაპატიეთ, სახელი არ ვიცი თქვენი, ბატონო... - Corpse, DR.მორგ-ანა, ჩემი სახელია Corpse. - ჰო, ბატონო Corpse, რაოდენ ძნელი დასაჯერებელიც არ უნდა იყოს, თქვენი სიტყვები რომ გავიმეორო, ყველაზე სევდიანი პროფესია ჩვენს პლანეტაზე ჟურნალისტიკა გახლავთ. აბა წარმოიდგინეთ, გაკაპასებული რედაქტორი ვიღაც ბობოლას ოფიციალურ კომენტარს გთხოვთ, თქვენ დიდი შრომის შედეგად, უკავშირდებით ამ ბობოლას, მისი პირადი მდივანი არაფრისმთქმელი ხმით გპასუხობთ ტელეფონზე და თავის ბობოლასთან ინტერვიუს გითანხმებთ. მიდიხართ ბობოლასთან და ღმერთმა იცის გზად რა სიძნელეებს არ აწყდებით: მაგალითად ავტობუსი გაგასწრებთ და უკანასკნელი ფულის გადახდა მოგიწევთ ტაქსის მძღოლისათვის, რადგან დაგვიანება არ შეიძლება, ან იმ ბობოლასთან მისულს, გრძელ რიგში მოგიწევთ ლოდინი, არადა, წარმოიდგინეთ, სტატიის დაწერა საღამოს ექვს საათამდე უნდა მოასწროთ, მერე, როგორც იქნება თქვენი რიგიც მოვა, ნანატრ ინტერვიუს ჩაწერთ და რედაქციაში მისული აღმოაჩენთ, რომ თურმე, დიქტოფონი PAUSE რეჟიმზე ყოფილა ჩართული და ვერაფერიც ვერ ჩაიწერეთ; ანდა გზად რედაქციისკენ, ავტობუსში მოყოლილ საშინელ ჭყლეტვაში, თქვენს დიქტოფონზე ღილაკი ERASE ამოქმედდა და ინტერვიუ წაიშალა. აბა წარმოიდგინეთ, ასეთ მომენტში, ჩვენს პლანეტაზე, კიდევ სად მოძებნით ბედკრული ჟურნალისტის თვალებზე სევდიან სანახაობას? დამერწმუნეთ, ვერც ვერსად, ნაძალადევად მოიღუშა DR.მორგ-ანა და სტერილურხელთათმანიანი ხელი ჟურნალისტს მხარზე დაადო, ანუ გამხნევდიო. არადა, ამ დროს ისეთი ირონიული ტონი ჰქონდა DR.მორგ-ანას, ჟურნალისტს სულ ცოტა ტვინი მაინც რომ ჰქონოდა, აუცილებლად ადგებოდა და წავიდოდა.
ხოლო, რაც შეეხება თქვენს პირველ კითხვას, - გააგრძელა DR.მორგ-ანამ, - თუ როგორ აღმოვჩნდი აქ, მოგახსენებთ, რომ ორი წლის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში, ანუ ზუსტად სამი სართულის ზემოთ ვმუშაობდი. მთელ საავადმყოფოში ერთ-ერთ უძლიერეს მეან-გინეკოლოგად ვითვლებოდი და დღეში მინიმუმ ოთხ-ხუთ ქალს ვამშობიარებდი. თუმცა, ზუსტად 731 დღის წინ, ჩემს სამშობიარო მაგიდაზე ერთმა მსახიობმა ისე უეცრად დალია სული, რომ თავიდან ვიფიქრე, მიცვალებულის როლში შეიჭრა მეთქი და ტაშიც კი შემოვკარი ოვაციების გამოსახატავად, თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ, მისმა მიცვალებულის როლის უნაკლო შესრულებამ ცოტა არ იყოს შემაფიქრიანა და საოპერაციოს კარებთან ატუზულ მის მეუღლეს, - რეჟისორს დავუძახე, იქნებ როლიდან გამოსვლაში დაეხმაროთ-მეთქი. მელოტ რეჟისორს საოპერაციოში შევუძეხი, როგორც კი შეხედა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, შუბლი მოიწმინდა, უმწეოდ გადმომხედა და პირში მომახალა, - DR.მორგ-ანა, ის არც ისეთი ნიჭიერია, რომ მიცვალებულის როლი ასე დამაჯერებლად შეასრულოსო. მოკლედ, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ჩემმა უკანასკნელმა ცოცხალმა პაციენტმა სიცოცხლე სიკვდილით დაასრულა და სამი სართულით ქვევით, ანუ აქ ჩამოინაცვლა. ის დაახლოებით ისევე უაზროდ დაიღუპა, როგორც ჩემი საწყალი აზალიები, - თქვა DR.მორგ-ანამ და სათვალე შეისწორა, - მეც ჩამოვყევი. იცი, მიცვალებულებთან ურთიერთობა გაცილებით მარტივია, დარწმუნებული ხარ, რომ ისინი გაურკვეველი მიზეზის გამო აღარ მოკვდებიან. უნაკლოდ ასრულებ საქმეს და აღარც არავის უმტკიცებ საკუთარ უდანაშაულობას და რაც მთავარია, კლიენტი ყოველთვის კმაყოფილია, ამაზე მათი მშვიდი გამომეტყველებაც მეტყველებს... რა კარგად გამომივიდა არა ამ ორი სიტყვით თამაში, - ”გამომეტყველება მეტყველებს”, - მგონი არაჩვეულებრივია, რას იტყვით? - დიახ, მართლაც, რომ ენამახვილი ადამიანი ბრძანდებით, DR.მორგ-ანა, - ნაძალადევი ღიმილით უპასუხა ჟურნალისტმა და გაყინული თითებით ბლოკნოტში რაღაც ჩაინიშნა. - DR.მორგ-ანა, როგორ შეეგუეთ აქ მუშაობას? არ გაგიჭირდათ? - ბატონო Corpse, გეტყობათ ახალბედა ჟურნალისტი ბრძანდებით. ზედმეტად ტრაფარეტულ კითხვებს სვამთ. მაგრამ არაუშავს, ნელ-ნელა დაიხვეწებით, კითხვის დასმის ხელოვნებას დაეუფლებით და შესაბამისად, გაცილებით საინტერესო ინტერვიუებსაც ჩაწერთ. გამიჭირდა? სიჩუმესთან შეგუება გამიჭირდა. ჩემი პაციენტები ყოველთვის ხმაურობდნენ, ათას კითხვას სვამდნენ, ტიროდნენ, იცინოდნენ, ჩემი ახალი პაციენტები კი, უფრო სწორად, კლიენტები, ხმას არასდროს იღებენ, ათასში ერთხელ თუ გამიმართლებს და მიცვალებულის ფილტვებში ჩაგროვილ ჰაერს ამოყოლილი ყრუ ხმა დაარღვევს სიჩუმეს. სულ ეს არის და ეს. აქაურ სიჩუმეს ჩემი მდუმარე კლიენტები, სიმშვიდის გენიალური გენერლები იცავენ, რა მაგრად გამომივიდა? – ”გენიალური გენერლები”, - DR.მორგ-ანა თვითირონიის არაჩვეულებრივი გამოვლინება იყო. - რა გრძნობა გეუფლებათ, როდესაც ახალი კლიენტი მოჰყავთ? - კარგით რა ბატონო Corpse, ნუთუ მიცვალებულების მეტი არაფერი გაინტერესებთ? იქნებ შემეკითხოთ რომელი კერძი მიყვარს, რომელი სეზონი, რა მუსიკას ვუსმენ... კარგით, კარგით, ვხუმრობ. ჯერ ერთი, ჩემი კლიენტები მხოლოდ და მხოლოდ ოცი წლიდან ორმოცდაათ წლამდე მერყეობენ - არანაირი ბავშვები და არანაირი მოხუცები. ეს ჩემი დაუწერელი კანონია და ამ კანონს აქაური მედპერსონალი უსიტყვოდ ემორჩილება. და მეორეც, თითოეული ახალი კლიენტი ახალი გამოცანაა, რომლის გამოცნობაც საშინელ სიამოვნებას მანიჭებს. აი მაგალითად: გინახავს შენ შეყვარებული მიცვალებულის გული? შეყვარებული მიცვალებულის გული ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე უსიყვარულოდ მკვდარი ადამიანის გული; გინახავს სევდიანი მიცვალებულის ნაღვლის ბუშტი? - ის გაცილებით უფრო ნაღვლიანია ვიდრე უდარდელი მიცვალებულის ნაღვლის ბუშტი; გინახავს შეშლილი მიცვალებულის ფილტვები? - მათ ფილტვები ფაქტიურად არ აქვთ. და იცით რატომ? იმ სამყაროში, სადაც შეშლილები ცხოვრობენ ფილტვები საერთოდ არ სჭირდებათ, მათ არ სჭირდებათ ჟანგბადი, მათ საკუთარი სასუნთქი გზები აქვთ, მათი ბილიკები ჩვენსას არასდროს გადაჰკვეთს… აჰ, და თქვენ გაინტერესებდათ რა გრძნობა მეუფლება ახალი კლიენტის ხილვისას, - უბრალოდ წარმოვიდგენ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი კლიენტი რამდენიმე საათის წინ, მაშინ, როცა აზრზეც არ იყო, რომ რამდენიმე საათში DR.მორგ-ანას ხელში აღმოჩნდებოდა. - თქვენი საყვარელი კლიენტი? - აი ახლა კი მართლა გამაცინეთ ჟურნალისტო Corpse. რომელ საყვარელ კლიენტზე მესაუბრებით? მაოცებთ პირდაპირ, რაო რა მითხარით რომელ გაზეთში ვმუშაობო? თუ არა, ეგ არ გითქვამთ, პრინციპში, არც მაინტერესებს. მოიცადე გავიხსენო, აა, ჰო: უკვე ბინდდებოდა ის რომ ჩამოიყვანეს (თუ ჩამოიტანეს). პირდაღებული ექთნები რიგრიგობით შემოდიოდნენ მის სანახავად, ხელს ჰკიდებდნენ, მკერდზე სკალპელს უკაკუნებდნენ, აბრეშუმის თმაზე ეხებოდნენ და მერე უსიტყვოდ ტოვებდნენ აქაურობას. როგორც გაირკვა, ის ”ჩემი საყვარელი კლიენტი” არც არასდროს ყოფილა ცოცხალი, ანუ თოჯინა იყო, მანეკენი - ენი, აი დაახლოებით ისეთი, ფეშენებელური მაღაზიების ვიტრინებში რომ დგანან ხოლმე. აქ ქმარმა მოიყვანა, რომელმაც დაასკვნა, რომ მანეკენი-ენი მშობიარობას გადაჰყვა. მანეკენი-ენის ქმარი, სასწრაფოდ რამდენიმე კვარტლის იქით მდებარე ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. მანეკენი - ენი ყოველი შემთხვევისათვის გავკვეთე. უმაღლესი ხარისხის თაბაშირით გამოძერწილ ულამაზეს ენის საშვილოსნოში თიხის კაცუნა ეჯდა, რომელსაც ერთი ნეკნი აკლდა. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, არავისთვის გამიმხელია, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ნამდვილად არ მინდოდა, რამდენიმე კვარტლის იქით მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მწოლიარე ენის მეუღლისათვის დამემშვენებინა გვერდი. ჰო, ამას შენც OFF THE RECORD გეუბნები. იცით ეს რას ნიშნავს ჟურნალისტო Corpse? - დიახ, ანუ ინტერვიუში არ ჩავწერო ხომ? - ყოჩაღ, მიმიხვდით სათქმელს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, რამდენიმე თვეში მანეკენი-ენის ქმარი მოიყვანეს ფსიქიატრიულიდან. ამბობდნენ თავი მოიკლაო. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს ერთდროულად შეყვარებული და შეშლილი მიცვალებული - ორჯერ დიდი გული და გამქრალი ფილტვები. - სევდიანი ისტორიაა, - გალურჯებულ ხელებში უაზროდ შეათამაშა Corpse-მა დიქტოფონი და იხტიბარი არ გაიტეხა - აქვე შეგეკითხებით, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? - ოოო, მეტად საჭირბოროტო კითხვაა, - გადაიხარხარა DR.მორგ-ანამ. დავდივარ ქუჩაში და ყველა გამვლელ-გამომვლელს, რომელიც ოციდან ორმოცდაათ წლამდე მერყეობს, როგორც მომავალ კლიენტს ისე ვუყურებ. - და იმაზე არასდროს გიფიქრიათ, რომ სრულიად შესაძლებელია თქვენ მათზე ადრე გარდაიცვალოთ? - ოჰო, ეს უკვე კონტრშეკითხვაა, თქვენ აღარ ხუმრობთ ჟურნალისტო Corpse, მგონი ამ მცირე ხანში გამოცდილებაც კი შეიძინეთ. არა ჩემო კარგო, მე ჯერ აზალიების ბაღი მაქვს გასაშენებელი. - და ბოლოს, გაიხსენეთ კურიოზი თქვენი სამუშაო გამოცდილებიდან. - არა, რა, სულ ტყუილად ჩამესახა იმის იმედი, რომ ამ მცირე ხანში თქვენ ნამდვილი ჟურნალისტიკის გზას დაადექით... მაინც სად პოულობთ მსგავს ბანალურ შეკითხვებს ეს ჟურნალისტები? მაგრამ რაკიღა ბოლო შეკითხვაა არ გაწყენინებთ და გიპასუხებთ: ამაზე დიდი კურიოზი რაღა გინდა? წევხარ მაგიდაზე, ტვინგასხმული, ყელიდან ჭიპამდე გაფატრული და მე შენს შიგნეულობაში ისე ვიქექები, როგორც შენ რამდემინე საათის წინ შენს სამგზავრო ჩანთაში იქექებოდი და აზრზეც არ იყავი, რომ კონფლიქტის ზონამდე ვერც კი მიაღწევდი, იმიტომ რომ სნაიპერის ტყვია შუა გზაში გაგიხვრეტდა შუბლს... არა, მაინც რაზე ფიქრობენ ეს რედაქტორები?.. - მართლაც რომ მშვენიერი კურიოზია, ვერაფერს იტყვით, - პათეტიკურ ტონს არ უღალატა მიცვალებულმა Corpse-მა. *** DR.მორგ-ანამ უნაკლოდ შეასრულა საკუთარი საქმე. ჟურნალისტ Corpse-ს ზეწარი გადააფარა, საგულდაგულოდ დაიბანა ხელები, სარკეში კიდევ ერთხელ ჩაიხედა და აზალიების საყიდლად იმ იმედით გაეშურა, რომ ამჯერად მაინც გაუმართლებდა და მათ უმიზეზო სიკვდილს აღარ იდარდებდა. *** ამ გაზაფხულზე მორგ-ანას (DR.-ის გარეშე) აზალიები აუცილებლად გაიხარებენ. მის სახლში თიხის კაცუნა ცხოვრობს, რომელსაც ერთი ნეკნი აკლია…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. კარგია. პუნქტუაციას გადახედე აქა-იქ. კარგია. პუნქტუაციას გადახედე აქა-იქ.
13. ამელი!
შოკოლადი "ამელია" მოგართვი "სამეზობლოში" ამელი!
შოკოლადი "ამელია" მოგართვი "სამეზობლოში"
12. ლამაზია აზალიები, მაგრამ ზედმეტად ნაზი ყვავილები აქვთ. ლამაზია აზალიები, მაგრამ ზედმეტად ნაზი ყვავილები აქვთ.
11. ეს მწერლის ნაწერია.
აზალიებს მჟავე ნიადაგი უყვართ, სხვაგვარად არც გაიხარებენ. :)
მშვენიერი იქნებოდა მანეკენის და თიხის კაცუნას გარეშე. ამიტომ მეც მათ გარეშე ვწერ 5 ქულას.
ეს მწერლის ნაწერია.
აზალიებს მჟავე ნიადაგი უყვართ, სხვაგვარად არც გაიხარებენ. :)
მშვენიერი იქნებოდა მანეკენის და თიხის კაცუნას გარეშე. ამიტომ მეც მათ გარეშე ვწერ 5 ქულას.
10. ალბათ სახელით გაგონებთ ნოტომს :)) ალბათ სახელით გაგონებთ ნოტომს :))
9. მორგ-ანას კი არადა ამელის +5 :) მორგ-ანას კი არადა ამელის +5 :)
8. ეს მახსოვს. მორგ - ანა:) მარტო სახელი რად ღირს:) 5 ეს მახსოვს. მორგ - ანა:) მარტო სახელი რად ღირს:) 5
7. არც თუ ურიგო თხრობა, ისტორიაც საინტერესო იყო და ბოლოს ცოტაოდენი მისტიკაც მოუხდა =)
ჟანრი გასწორებულია, გრამატიკული შეცდომები გასასწორებელი =)
უკვე გითხარით, ნოტომს რომ მაგონებთ რაღაცით, ხომ? =) არც თუ ურიგო თხრობა, ისტორიაც საინტერესო იყო და ბოლოს ცოტაოდენი მისტიკაც მოუხდა =)
ჟანრი გასწორებულია, გრამატიკული შეცდომები გასასწორებელი =)
უკვე გითხარით, ნოტომს რომ მაგონებთ რაღაცით, ხომ? =)
6. უი, ჟანრის მონიშვნა გამომრჩა და პოეზიაა მითითებული. ჩემი უყურადღებობის ბრალია. უი, ჟანრის მონიშვნა გამომრჩა და პოეზიაა მითითებული. ჩემი უყურადღებობის ბრალია.
4. ამ ნაწარმობის სათაურად დავწერდი "ჟურნალისტის სინდრომი" მე მომეწონა! ამ ნაწარმობის სათაურად დავწერდი "ჟურნალისტის სინდრომი" მე მომეწონა!
3. კარგია.+++++ გინახავს შენ შეყვარებული მიცვალებულის გული? შეყვარებული მიცვალებულის გული ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე უსიყვარულოდ მკვდარი ადამიანის გული; გინახავს სევდიანი მიცვალებულის ნაღვლის ბუშტი? - ის გაცილებით უფრო ნაღვლიანია ვიდრე უდარდელი მიცვალებულის ნაღვლის ბუშტი; გინახავს შეშლილი მიცვალებულის ფილტვები? - მათ ფილტვები ფაქტიურად არ აქვთ. და იცით რატომ? იმ სამყაროში, სადაც შეშლილები ცხოვრობენ ფილტვები საერთოდ არ სჭირდებათ, მათ არ სჭირდებათ ჟანგბადი, მათ საკუთარი სასუნთქი გზები აქვთ, მათი ბილიკები ჩვენსას არასდროს გადაჰკვეთს… ნეტავ მართლა?:) კარგია.+++++ გინახავს შენ შეყვარებული მიცვალებულის გული? შეყვარებული მიცვალებულის გული ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე უსიყვარულოდ მკვდარი ადამიანის გული; გინახავს სევდიანი მიცვალებულის ნაღვლის ბუშტი? - ის გაცილებით უფრო ნაღვლიანია ვიდრე უდარდელი მიცვალებულის ნაღვლის ბუშტი; გინახავს შეშლილი მიცვალებულის ფილტვები? - მათ ფილტვები ფაქტიურად არ აქვთ. და იცით რატომ? იმ სამყაროში, სადაც შეშლილები ცხოვრობენ ფილტვები საერთოდ არ სჭირდებათ, მათ არ სჭირდებათ ჟანგბადი, მათ საკუთარი სასუნთქი გზები აქვთ, მათი ბილიკები ჩვენსას არასდროს გადაჰკვეთს… ნეტავ მართლა?:)
2. დასაწყისიდანვე ზუსტად ვიცოდი, რომ ჟურნალისტი გვამი იყო, მაგრამ მე რომ მიხვედრილი ვარ, იმიტომ კი არა, ამელი წერს ასე- სიმბოლოებით, ქვეტექსტებით, მინიშნებებით...
და რა ნაცნობი სიტუაციები იყო- ვერაფრით გახარებული აზალიები (ვერც ვარდისფერები და ვერც თეთრები,), დიქტოფონი პაუზის რეჟიმით, თხოვნები OFF THE RECORD -ით...
არა, მაინც რაზე ფიქრობენ ეს რედაქტორები? :) დასაწყისიდანვე ზუსტად ვიცოდი, რომ ჟურნალისტი გვამი იყო, მაგრამ მე რომ მიხვედრილი ვარ, იმიტომ კი არა, ამელი წერს ასე- სიმბოლოებით, ქვეტექსტებით, მინიშნებებით...
და რა ნაცნობი სიტუაციები იყო- ვერაფრით გახარებული აზალიები (ვერც ვარდისფერები და ვერც თეთრები,), დიქტოფონი პაუზის რეჟიმით, თხოვნები OFF THE RECORD -ით...
არა, მაინც რაზე ფიქრობენ ეს რედაქტორები? :)
1. ეძღვნებათ ჟურნალისტებს და იმ ადამიანებს, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ჟურნალსტებთან :) ეძღვნებათ ჟურნალისტებს და იმ ადამიანებს, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ჟურნალსტებთან :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|