 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 26 აპრილი, 2013 |
დიდმა გრძნობებმა მომიტევონ პატარა კაცს... გრძნობა არეულს გარჩევა მიჭირს მისწრაფებების... ჭიდაობაში ფანდის ოსტატი დამეკარგა, მარცხი ვისწავლე, დაცლილ სხეულს უმწეობა აეკიდა, როგორც კატა თაგვს... გარბის... და წლების მერე გრძნობებით დაცლილს შემრჩა სამარე, ცხოვრება მძიმედ ვათრიე... პატარა კაცი, ერში, როგორც დაკარგული ნემსი შემოვრჩი მიწას, აქლემზე იჯდა მპოვნელი ჩემი, ბარაბა ერქვა... შავი ყორანი... ნესტიან კედლებს აეწება წარსულის გვემა... ჩამოშლილ ბათქაშს შეპარვია კვალი ბინადრის. ამაყად უმზერს სახლი წარსულის, მომავლის ქუჩას! ფერფლისფერ სახურავს მწვანე ხავერდის ქუდი ხურავს, ყურებზე გვირილები ჩამოუწყია, გვერდებს სუროს ფოთლებით ითბობს და ელოდება მომავლის ქუჩით მისგან გასულ ერთადერთ პატრონს. ჭადრებში გაჭრილ ქუჩას აუყვებოდა-ხოლმე ბებერი პატარა კაცი. მოკლე ნაბიჯებით გამოირჩეოდა ის სხვებისგან, დაბერილ თვალებს დროდადრო იფშვნეტდა და გაციებულ შუბლზე მარჯვენა ხელისგულს აიფარებდა-ხოლმე თაკარა მზის მოსაგერიებლად. მზის გამჭოლი სხივები ვერ აღწევდნენ მის ძვლებამდე და სულ შეციებულს ყოველთვის თბილად ეცვა. გამვლელ-გამომვლელი თვალს აყოლებდა მას და პატარა ჩია კაცს უცხონი სახის მანჭვით ეგებებოდნენ. დარდისგან გამოცლილს არაფერი ანაღვლებდა. სხვათა გრიმასი მისი თვალისთვის წინა დღის გამეორება იყო. ასე ხდებოდა ყოველდღე. ფეხით უყვარდა სიარული, ქალაქიც პატარა იყო და ის ახარებდა, რომ ყველა მისი ნაცნობი მას კოლორიტად თვლიდა. თითზე ჩამოსათვლელად შემორჩა წარსულის მეგობრები, სიბერის წლებში არავინ ახალი მას არ შეუძენია, თავად ხალხმა შეიყვარა ის და შემდეგ მან ისინი. ამობურცულ მხრებზე შემოდებულ ქურთუკს შეისწორებდა-ხოლმე, ჩამოფხატულ ქუდში ჩაფენილ თეთრ თმებს გვერდებიდან თითებით შეისწორებდა და სევდანარევი ღიმილით გახედავდა ჩამვლელ ადამიანს, შემდეგ თვალებით ეტყოდა „შე მასხარაო“, ამვლელს „შე ნიღბიანოო“. პასუხს არავინ სცემდა. ისინიც უღიმოდნენ. ბაგეებს მიღმა სათქმელი ბლომად დაუგროვდა მაგრამ აბა როგორ ეთქვა მუნჯს?! ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში ცარცი ედო ყოველი შემთხვევისთვის და დაფა კი გულზე ეკიდა. ზედ წარწერა იყო: „შემინდეთ!“ დაფაზე ყოველდღე ახალი წარწერა იყო... *** წარწერა დაფაზე: „დიდმა გრძნობებმა მომიტევონ პატარა ჩია კაცს...“ სიზმარი ვნახე... ოჯახი მესიზმრა... მეუღლე ჩემ ოდაში, ბუხრის კუთხეში მდგარ სამფეხზე თვლემდა. შემეშინდა... გავიფიქრე „არ ჩამოვარდეს“, მაგრამ გვიანი იყო. იქვე საწოლზე მძინარე შვილი ზე წამოხტა და მიეშველა დედას. წამოაყენა. დედის სიჯიუტემ სძლია ბავშვის სურვილს, ისევ სამფეხზე დასვა. კედელს მიეყრდნო დაღლილი დიასახლისი, ბუხარში დანთებულ ცეცხლს ეფიცხებოდა. ცეცხლი არ ქრებოდა. მარად იწვოდა შეშა. გარეთ თოვა დაიწყო. ლამფის შუქზე გაყვითლებულ ფიფქებს ოდნავ შეღებულ სარკმლიდან თითებით დავუწყე ფერება. ხელებზე ალი მადნებოდა... შვილს ვუთხარი: „თოვს-მეთქი“... წამსვე წამოხტა და ლამის გადამიარა ისე გახეთქა კარები... გახარებულს გავყევი უკან. თამაში დავიწყეთ. ცოლმა კარები მოგვიხურა და ერთი კარგა მოგვაძახა: „გიჟებოოო“. არაფერი გვესმოდა. თამაშისას შემთხვევით შვილმა იდაყვი ჩამარტყა კბილებში და სისხლი წამსკდა. წინა კბილი დავკარგე. გამომეღვიძა... ცივ ოფლში ვცურავდი, მე, ჩია კაცი. არადა ჯერ კიდევ ახალგაზრდას ჯანი საკმაოდ გამაჩნდა. მეუღლეს გადავხედე. სძინავს ჩემ ანგელოზს... ყური დავადე მის მკერდს, გულისცემა ყურში ფირალად ჩამრჩა... ვერ დავისვენე ის ღამე... სოფლელი კაცი დილის რიჟრაჟის სურნელმა და ფათერაკებით სავსე ღამემ მიმაძინა. დედის ხმა ჩამესმა: „ვაი შვილო... ვაი შვილოო“ მერე არაფერი მახსოვს. შუადღე მილეულიყო როცა სახლში შემოვასვენეთ ჩემი ფრთოსანი, უღლის გამყოფი. ფრთოსანს ვეძახდი... დამრჩა ექვსი წლის მარიამი და ოთხი წლის მოსე დედით ობოლი და დედა. დედა რომელიც დასტიროდა რძალს და წყევლიდა ხეს. ხე არ მოვჭერი. მას ყოველდღე ცულს ვუქნევდი, დღეში ერთხელ. ოცდახუთი წლისა იყო ჩემი იმედი როცა ბედის უკუღმართობამ თუ ჩემმა სიზარმაცემ დამაკარგვინა. მეუღლის გარდაცვალებიდან ოცდამეხუთე წელს ხე წაიქცა. მარტომ ვზიდე აღმართზე მტირალი ხე. ვტიროდი მეც... თვალი გავაყოლე მთიდან გადაგდებულ მწუხარებას. ჩია კაცს, დღეს, ის ხე მეცოდება! - ეს რა დაგიწერია დაფაზე ჩაივ? აბა გვითხარი! - რას ეტყოდა ჩია? ის ხომ მუნჯია! - გრძნობებს შეუწუხებია ჩია! - თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა მის ირგვლივ შემოკრებილ ბაზრის ვაჭრებს. - შენ, გრძნობა გაქვს ჩია? - გადაიხარხარეს ირგვლივ მყოფებმა. გაბრაზდა ჩია და ხელკეტი, რომელსაც თან დაატარებდა მოუქნია უწვერ-ულვაშო, ახალ წამოზრდილ ვაჭრის შვილს. - ა, ა, აააა... ჩიავ! რამ გაგამწარა კაცო? ვიხუმრეთ, არ გესმის? - განა ხუმრობა არ ესმოდა ჩიას, ის მუნჯი იყო და არა ყრუ. თავის კატუნითა და ცალ ხელში კეტ-მოღერებული ცდილობდა ბეჩავი პროტესტის გამოხატვას, მაგრამ ვერაფერს გახდა. ერთი მიხვდა - მიეცით მას კალამი და ფურცელი, იქნებ დაწეროს რის თქმა უნდაო! - ბიჭო, ბერდია იქნებ ნახო შენთან კალამი და ფურცელი, გუშინ არ ვითამაშეთ შენსას ჯოკერი? - ჰო, დამაცადე ვნახო! მოიძებნა კალამი და ფურცელი. გაუწოდეს ჩიას! ერთი ანაზდად დახედა ჩიამ ფურცელს, კეტი ხელიდან გააგდო და კალამი გამოართვა ბოსტნეულის გამყიდველს. წერა დაიწყო: „ნახე რა კოხტად წერს ბიჭო?! ჩია კი არა, კაცი შენ ყოფილხარ! ეს რა ჩამოთლილად წერ და რა ლამაზად გასკვენი ასოები ოხერო?“ - თავ-აუწევლად უსმენდა ჩია შეფასებებს. ისმენდა და ტუჩის კუთხეში ღიმილს აპარებდა ამაყად... წერა დაასრულა. აბა ვნახო რა დაწერე ჩია კაცო! გაუწოდა ჩიამ ფურცელი, კალამი კი ჯიბისკენ წაიღო. შეამჩნია პატრონმა და უთხრა: „ჩია, კალამი დამიბრუნე!“ მან თავი ჯერ მარცხენა მხარეს, შემდეგ კი მარჯვენა მხარეს აბრუნა ნიშნად უარყოფისა. აღარ გაუმეორა გამყიდველმა. მიხვდა აზრი არ ჰქონდა, მაინც არ დაუბრუნებდა. ასე აგროვებდა კალმებს ჩია, რადგან ბეჩავს წერა განეგრძო სახლში მისვლისას. დიახ, ის წერდა! წერდა ყველაფერს ყველაფერზე რადგან არაფერს ამბობდა ყველაფერზე. ფურცელზე ეწერა: მე ვგრძნობ იმას რასაც თქვენ ვერ ხედავთ - ეს ცოდვებია! „სულ ეს არის ჩია კაცო?“ - თავი დახარა ჩიამ, „კიო!“ ეს დღეც ჩამოწვა, როგორც ზვავი მწვერვალიდან... ჭიშკარი ღია დახვდა ჩიას. მეზობელმა უთხრა: „არავინ ყოფილა ჩია, წასვლისას დაგრჩა კარი ღიაო“. ეზოში შევიდა. სახლის კარს წლებია არ კეტავს, რადგან წლების წინ გასაღები დაკარგა. ეზოს ჭიშკარს კი ყოველთვის ღიად ტოვებდა. ფიქრობდა, რომ მას სახლის სხვა წევრები დაკეტავდნენ. დაფაზე დაწერა: „სამსახურიდან არ მოსულა?“ „არა, ჩია არ მოსულა“. „ეეჰ საწყალი...“ - გაიფიქრა მეზობელმა და ფანჯარა დახურა. სახლში შევიდა. კედლებზე მისი უმცროსი შვილის, მოსეს ნახატები და უფროსი შვილის მარიამის მიერ ნაქსოვი გობელენები ყვებოდნენ პატარა ისტორიებს. მეუღლის დიდი სურათი ეკიდა მათ შორის. იქვე, ჩრჩილის მიერ დახრულ მაგიდაზე ძველი ხელნაკეთი ნარდი იდო, რომელიც მამისგან ერგო. მამას კი ნარდი მისმა ძმამ აჩუქა. დურგალი იყო და ეხერხებოდა ხისგან სხვადასხვა გასართობი თუ საყოფაცხოვრებო ნივთების კეთება. საძინებელში ერთი საწოლი და ერთი სკამი იდგა. კედელზე ირმის რქა ეკიდა. სკამზე სასანთლე და ბიბლია იდო. ასანთს გაკრა და სანთელი აანთო. დაწვა. ბიბლია ხელში აიღო და კითხვა განაგრძო. ეს ღამეც მიილია. სანთელი ჩააქრო ჩიამ და დილის რიჟრაჟის მოახლოებას არ დაელოდა. დრო-ხანი გაცვდა მას შემდეგ რაც ჩია რიჟრაჟს არ ეგებება. ეშინია მისი. შუადღე მილეულიყო როცა ჩია იგივე სამოსით შეიმოსა, გარეთ გამოვიდა და ჭიშკარი კვლავ ღია დატოვა. *** წარწერა დაფაზე: „გრძნობა არეულს გარჩევა მიჭირს მისწრაფებების...“ ჩვენი ჩია კოლორიტად დამკვიდრდა ქალაქში. ყველა ქალაქს ჰყავს მისი კოლორიტი. არც ჩვენი იყო გამონაკლისი. ისევ ბაზარს მიაშურა ჩიამ, როგორც ყველა მყიდველი თუ გამყიდველი. თავის ნაცნობებთან გაჩერდა. სკამი შესთავაზეს. ჩამოჯდა. მუხლებზე დაიხედა. შარვალი გაცვეთოდა. თითით აჩვენა ვაჭარს და ანიშნა ახალი მინდაო. „ჩია, აბა საიდან მე შარვალი? რო მაცვია ეგეც ჩემმა ცოლმა მიყიდა, თავისთვის არაფერს ვიმეტებო. ესეც რომ არა, მე ბოსტნეულს ვყიდი და არა ტანსაცმელსო.“ - გასცა პასუხი ჩიას გამყიდველმა. სახე მოექუფრა ჩაის და უკმაყოფილების ნიშნად სკამიდან წამოდგა, შემდეგ კი სკამს ხელი ჰკრა და წააქცია. „შენი არაფერი მინდა რაო.“ „ მოიცა ჩია კაცო, სად მიდიხარ, აბა ეგ რა საწყენია ადამიანო?! მოდი აქ, მოდი! რამეს ვნახავ. ვეტყვი ცოლს, იქნებ ჩემი ძველი შარვალი ნახოს და ხვალ მოგიტან.“ მობრუნდა ჩია და კვლავ დაჯდა სკამზე, რომელიც მან წამოაყენა. „ბიჭებო ჩია გვეახლა ახალი წარწერით, მოდით აქ და დავეკითხოთ, აბა რას ნიშნავს ეს წარწერა. ბერდია, ფურცელი არ დაგავიწყდეს!“ „მომაქვს! კალამი?“ კალამი გულის ჯიბიდან ამოიღო ჩია კაცმა და ბერდიას დაანახა. იცნო ბერდიამ მისი კალამი. ჩიამ ტუჩები აამოძრავა და რაღაც გაურკვევლად წარმოთქვა. ვერაფერი გაიგეს ირგვლივ მყოფებმა. კვლავ სცადა ჩიამ, მაგრამ ამაოდ. „აბა, ჩია, მიდი გვითხარი ამჯერად რა შინაარსისაა შენი წინადადება. ვერ გავიგეთ რა წერია დაფაზე?!“ განმარტებამდე, წარსულიდან ერთ-ერთი დღე გაიხსენა. სურეალისტური თვითმყოფადობით გათელილ გონებას ერთის სწამდა მხოლოდ - უფლის არსებობისა. პატარა სამლოცველო კუთხე ჰქონდა სახლის აღმოსავლეთ კედელზე. თავისუფალ დროს არასოდეს ჰკარგავდა. ბიბლია ყოველთვის საწოლთან სკამზე, ლოცვანი კი ხატებთან დახლზე. სამუშაო დღის შემდეგ განტვირთვისა და სულის განწმენდის ნიშნად საათობით ატარებდა დროს კუთხესთან. დროის გარკვეულ ნაწილს ფიქრებს უთმობდა და შემდეგ ანალიზს აკეთებდა. ფიქრობდა, ბევრს ფიქრობდა... ამინდის შესაფერისად: თოვდა - ციოდა სულში... წვიმდა - სველდებოდა სული სხეულით... მზე იყო - თბებოდა სხეული სულით... ქარი იყო - უყვიროდა სხეული სულს... დღისით - ხორციელობდა საღამოს - გლოვა ჰქონდა... ასეთი იყო ჩვენი მოხუცი, ამოუცნობი ახალგაზრდული სურვილებით. ოცდაცხრა წლის შემდეგ... ჩემი ბიჭი დაქორწინდა. არც რძალი მენახა არც შვილიშვილი. ჩემგან მოშორებით მოხდა ყველაფერი. მეუღლის გარდაცვალებიდან ოცდამერვე წელს გოგო გავიცანი შვილის ტოლა იქნებოდა, ცოტა უფროსი. ზღვისპირს ვსტუმრობდი შვილებთან ერთად. სტუმრად იყვნენ ჩემთან ბავშვები. მთელი სტუდენტობის პერიოდი და კიდევ რამდენიმე წელი არ მენახა. აბა, განა იქნებოდა ისე, რომ ზღვაზე არ წამეყვანა?! ჰოდა წავედით... მე არ ვბანაობდი. მაგრამ ბანაობდა ის... უფლისგან ხელთუქმნელი მიწიერ ქალისგან შობილი! თოვლივით თეთრი, ჭრილი თვალისა - ნუშისებრი; გემო მისი მზერისა - ალით შეზავებული; მკერდი - შავი ზღვის წვეთებით დასარკული; წელს ქვემოთ ეკვროდა ჭრელი დიდი მანდილი; ბაგენი მისი ნაწერი მოცარტის მიერ; თმები მისი მაგონებდა დაჭიმულ სიმებს, რომლებიც ვიოლინოს ტანზე დაეფინა ოსტატს; ზღვის ზედაპირზე მზე ჩამოდნა... დაისმა შემოსა! სულში ჩამივარდა! ბავშვებს ვერაფერი ვუთხარი, არადა აშკარად შეატყეს ჩემი მზერა. დასვენების დღეები იწურებოდა, ხოლო მე გრძნობებისგან დაწურულს ემოცია აღარ შემრჩენოდა. სრულად დაცლილს წასვლა არ მსურდა... სასტუმროს ნომერში ვუთხარი ბავშვებს. თქვენ წადით მე უნდა დავრჩე-თქო. არაფერი უთქვამთ. გაბრაზდნენ! მას შემდეგ ისინი აღარ მინახავს. გოგოს დღესაც ვხვდები. ჩემი ქალაქელი ყოფილა. ოდეს ახლა იყო, ბაზარში ვნახე, მარწყვი იყიდა. როგორ გახედეს ბიჭებმა, ლამის შეჭამეს თვალებით. მე კი ერთი სული მქონდა მათთვის თავ-პირი დამემტვრია. ზოგმა რა თქვა ზოგმა რა... ერთნი აქებდნენ და დედას ლოცავდნენ, ზოგიც დედასთან ერთად მასაც ჟინის დასაკმაყოფილებლად იხსენიებდნენ... სწორედ აქ დავრჩი მარტო! მე ხომ მოხუცი ვარ თან მუნჯი. წერა დაიწყო ჩიამ: გრძნობა არეულს გარჩევა მიჭირს მისწრაფებების... ჭიდაობაში ფანდის ოსტატი დამეკარგა, მარცხი ვისწავლე, „ეს რა არის ჩია? ერთიღა გვიჭირდა, შენ კიდევ მთელი ლექსი დაგვიწერე.“ „ეგრე არ გამოვა“ - თქვა ბერდიამ „მართალია ბერდია!“ - დაეთანხმა დალაქი, რომელიც ყველაფერ ამას თავისი სალონის ღია კარებიდან ისმენდა, თან კლიენტს თმებს ჭრიდა. „აბა ვინ გაიგონა ჩვენისთანა გაუნათლებლებისთვის ეგეთი რამეების წერა?! სერიალებსა ძლივსა ვიგებთ... ღმერთისა არ გწამს? გვითხარი ჩვენი ენით რა!...“ მოისმინა ყველას სურვილი პატარა ჩია კაცმა და გადაწყვიტა ქვეშ მინაწერი გაეკეთებინა. ქვეშ მიაწერა: მიყვარდა.... დავმარცხდი... გავექეცი... ცხოვრება... სიცარიელე დავრჩი! დაასრულა წერა თუ არა, ბიჭებს თავი დაუკრა, ბოსტნეულის გამყიდველს ხელით შარვალზე ანიშნა - შეახსენა, ზურგი აქცია და სახლისკენ წავიდა. *** წარწერა დაფაზე: „შემინდეთ!“ ფიქრისთვის დრო მჭირდებაო უთხრა ღამეს და დღე მოითხოვა. ყველაფერი პირიქით იმოსებოდა: სამოსი სხეულს ირგებდა, პატარა შეექნა. შემკვეთი დამკვეთს ეჩხუბებოდა „რით ვერ გაარჩიე მთვარე მზისგან და რად მომყიდე ვაშლ-ატამაო, მე მხოლოდ ერთი გითხარიო. ან მზე ან მთვარეო.“ მწყერი უეცრად ხეზე შემოჯდა და გაკვირვებისგან ადამიანს გონი დაუკარგავს. ასეა, ყველაფერი გაოცებს რასაც არ ელოდები და ელოდები ყველაფერს რაც ადრე თავს ან სხვას გადახდენია, ეს კანონზომიერებაა, თვალი ხედავს და განაგებს. ერთგვარი გზატკეცილია გონებამდე მისასვლელი. ყველა წამით იკეტება... და შემდეგ იკვეთება... ბოლოს შედეგი დგება. გემბანზე ჩამომჯდარი ოცნება დაცქერის ლურჯ ადამიანს. პატარა ნავს ებღაუჭება და ცდილობს მასზე აცოცდეს. მან შეამჩნია ის... მას ვერ წარმოედგინა... ოცნება მასზე მაღლა იდგა! ის ქვეშ... წამები დღეს! წუთები ხვალ... საათები ზეგ... მაგრამ კვლავ ერთი წამი დარჩა. დარჩა თავისი ხმით, რომელიც ერთწერტილხმიანია. ის გზა გონებამდე - ჭიშკრიდან - გზაზე. ისევ ჭიშკრამდე. ის მთა - გულიდან - სულამდე სულიდან - ამოსუნთქვამდე... ის ჭა - წყლიდან - უწყლობამდე გვალვა საცერი - თავსახური წვიმამდე... წვიმიდან - მრგვალ თარიღამდე! ის კარი - ჩაკეტილი ჩემიდან მხოლოდ ჩემით იღება! და გაიარა მან გზა... გამოჩნდა ბოსტნეულის გამყიდველი. თავი დაუკრა ჩიამ. „დღეს ადრე მოხვედი ჩია. კარი დაგრჩა წუხელ ღია?“ - გაეცინა ჩიას. მისი სიცილი მომაკვდავის ხროტინს ჰგავდა. „კარგი ჰო, შეწყვიტე, შევწუხდით! შარვალი მოგიტანე.“ - იქვე დახლქვეშ ხელი შეყო და ჯინსის შარვალი გამოიტანა. „აბა მოირგე. ვნახოთ იქნებ პატარა იყოსო?!“ - კვლავ შეეპასუხა ღრიალით და ანიშნა არაო. მურში ამოსვრილი თითი სახლის მიმართულებით გაიშვირა. სახეც ყოველთვის მურიანი ჰქონდა წვეროსან პატარა კაცს. „ვინ გინდა რომ შეგინდოს, ჩია?“ უთხრა ტაქსის მძღოლმა. „იმან, ვინც პირველს გაუწოდა ხელი“ - დაუკმაყოფილა მგზავრმა ტაქსისტს კითხვა პასუხით, რომელიც ჩაუჯდა და სთხოვა მომსახურება. „იქნებ, დაძრათ მალე მანქანა? არაფერში გარგებს მისი ყურება ძამია!“ „მე შენი ძამია არ ვარ, შვილო! და იქნებ მითხრა მისამართი. უძრაობით ძრავის მუშაობა იწვევს საწვავის გახარჯვას, ასე, რომ არ მიღირს დავქოქო მანქანა სანამ არ მეტყვი დანიშნულების ადგილს და გაქვს თუ არა ფული?“ „ფული მაქვს და მისამართსაც სიამოვნებით გეტყვით.“ კარიც მიიხურა. „ბერდია, იცი ვინ იყო?“ „აბა, მე საიდან?! შენა გავიწყდება, რომ აქაური არ ვარ და არცა გადამყიდველი. აი ჩიას დაეკითხე. იქნებ იცნობდეს.“ „ჩია იცნობ იმ ყმაწვილს?“ ჩიამ აქნია თავი ცასა და მიწას შორის. - ნიშნად თანხმობისა! „აბა დაგვიწერე და შენდობას მერე ჩვენ ვაჩვენებთ მაგასო“ - უთხრეს მეგობრებმა ჩიას და ამით თითქოს დაცვა სცადეს მისი. თუმცა საჩუქრის მომტანი, მართლაც რომ ნაღვლობდა მასზე. არადა ბიჭს არაფერი უთქვამს ცუდი... მან დაწერა: „ბიჭს არაფერი უთქვამს ცუდი... ის მართალი იყო!“ „ნეტა რატომო?“ ვერაფერი გაიგეს ჩიას ნაწერისა მეგობრებმა. ერთმანეთს გადახედეს და სიცილი აუტყდათ. ბერდიამ თქვა: „აბა, ჩია პაპავ შენა ხარ რააა... კაცი რო გაგლანძღავს მასზე „არაფერი უთქვიაო უნდა დაგვიწერო? ჩვენ კიდევ ვიმტვრევთ გონებას, იქნება ვინ დაგვიწეროს, ან მისი ნათესავი არ აღმოჩნდესო და რო დაგვირჩეს ნათესავი ნაგინებიო....“ - იცინოდა კარტოფილის გამყიდველი, ყასაბი, ყველის ვაჭარიც... ნელი მოძრაობით დაწერა ასოები დაფაზე ჩიამ და გაუწოდა ბერდიას. დალაქი კვლავ იცქირებოდა თავისი სალონიდან. ისევ კლიენტს ემსახურებოდა. „იტყვი რა დაწერა? ჩამადნა ხელში გონება ფიქრისგან...“ „დამაცადე, ჯერ მე წავიკითხო“ საოცარი მხოლოდ ის იყო, რომ პატარა კაცმა ყველაფერი სამ სიტყვაში თქვა. მან დაფაზე დაწერა: მე ძლიერ ცოდვილს! ადამიანმა ყველაფერი შეიძლება აღიარო, მაგრამ უარყო ის რაც ოდესმე ჩაგიდენია აღიარებაზე მეტად ადვილი, რადგან სივრცე ჩადენილი დანაშაულისა გაცილებით ფართოა და ასევე იმდენად ბარაქიანი სხვათა თვალში, რომ გიჭირს მისი გათქმა და აღიარება. გისმენს ირგვლივ ყველა ვისაც კი შენი აღიარებითი ჩვენება აინტერესებს, რადგან იმდენად პოპულარული ხარ რამდენადაც ჩაგრული ისევ იმ ცნობისმოყვარე ადამიანებისგან! ცნობისმოყვარე და მსურველი სხვათა ისტორიების თხრობისა იმ ჟამად როცა თვითკრიტიკა მოძალებულ არს თვითგანადგურებისთვის ან პირიქით პატივმოყვარეობა გაცილებით მეტ საფეხურს აივლის ვიდრე შეურაცჰყოფა ჩაივლის! ეს დღეც გაჩონდა. ღამე შემოაწვა გზად მოსიარულეს. ჭადრებში გაფანტულ ფიქრებს მხოლოდ ჭადრები ისმენდნენ. აქა-იქ ჩამვლელ მანქანებს უდარდელ პილიგრიმად ეჩვენებოდათ ჩია კაცი, რომელიც არ ითხოვდა თანამგზავრობას. ღამესთან შეუღლებულს დატვირთული ურემი გზად დაემტვრა, ოცნებები დაეფანტა, მას მიჰყვა წუხილი, რომელიც მეტი იყო. ავკრეფო იფიქრა... მხოლოდ წუხილები ჩაატია გულის ჯიბეში. ოცნებები მეტი მძიმე შეიქნა და დატოვა გზაზე მიმოფანტული. კეთილ საქმეს ვიზამ, „გამვლელმა იტვირთოსო.“ - და წუხილებით განაგრძო გზა შინისაკენ. ნესტიან კედლებს აეწება წარსულის გვემა... ჩამოშლილ ბათქაშს შეპარვია კვალი ბინადრის. ამაყად უმზერს სახლი წარსულის, მომავლის ქუჩას! ფერფლისფერ სახურავს მწვანე ხავერდის ქუდი ხურავს, ყურებზე გვირილები ჩამოუწყია, გვერდებს სუროს ფოთლებით ითბობს და ელოდება მომავლის ქუჩით მისგან გასულ ერთადერთ პატრონს. სიხარულით შეეგება პატრონს. ასანთი დაფხრეწილი ქურთუკის ჯიბეში ჩაედო. მოიძია და მიაგნო. ასანთის ღერი გაჰკრა კოლოფს. სახლის კარებთან თაროზე პაპის დროინდელი ლამფა იდგა. ფითილს მოუკიდა და შუშა წამოაგო. ოთახი გაყვითლდა, სარკე გამოჩნდა კაცის წინ. გამურულ სახეს დააცქერდა, სახე შეიშმუშნა და ლამფით ხელში ჩაკეტილი ოთახისკენ წავიდა. *** ღერღეტებმა1 ჩაირბინეს ჩიას ჭიშკართან, მათ უკან ბავშვები მისდევდნენ. ერთობოდნენ უკვე თორმეტი და ცამეტი წლის ბიჭები. ზამთრის არდადეგებს მოესწრო მათთვის და სწავლით დაღლილებს მეტი გასართობი ვერა მოეძებნათ რა... პატრონმა შენიშნა მათი თავაშვებულობა და გლისპობას2 ვერ მალავდა. მშობლებს კარგ წყევლა-კრულვას უგზავნიდა ბავშვების უსაქციელობის გამო, არადა ისინი ხომ მხოლოდ ერთობოდნენ. ბავშვებმა ღია ჭიშკარი შენიშნეს. ერთმანეთს გადახედეს და დევნას შეეშვნენ. - ბიჭო, მოდი შევიდეთ? - დღეა, დაგვინახავენ, თან იქნებ სახლშია? - ჩია გვიან მოდის, თან მალე იძინებს. - აბა რა იცოდნენ პატარებმა ჩიას სახლში გადაადგილების ტრაექტორიები: როდის იძინებდა, როდის იღვიძებდა ან როდის ჭამდა... - არა, მეშინია! რომ მოვიდეს?! - კარგი რაა... მოვიდეს მერე, რა უნდა გვითხრას? დავხვდებით სახლში. გაუხარდება ან ეწყინება ან... - ან რა? - არ ვიცი... ამბობენ ჯადოქარიაო და სახლში ბევრი უცნაური ნივთები აქვსო. ბევრიც გაუყიდია თურმე. - შენ რა იცი? - ჰკითხა მეოთხემ. - ვნახე, როგორ გამოჰქონდა სახიდან ძველი საკერავი მანქანა. კიდევ სახატავი დაფა და ბევრი რამე. - მე მაინტერესებს. ერთხელ ვიყავი. - მართლა? გვატყუებ! - არა, დედას გეფიცები ვიყავი! - ატრაკებ შე ჩემა... - ეეეე... ვიყავი-თქო გეუბნები! არ გჯერა? ოთახში დიდი სურათი ჰკიდია. ნაცნობი ვინმეა. არ გეტყვით თუ ვინ არის. მას ყველა ვიცნობთ. - მაშინ ცოტა მოვიცადოთ და კარგად რომ შეღამდება, შევიდეთ. - კარგი. - მე, სახლში წავალ. არ მინდა! - მშიშარა ხარ! - ვიყო მერე... კარგად ბიჭებო! სამნი დარჩნენ. დაღამდა. პატარა ჩია კაცი არსად ჩანდა. ბავშვებმაც გადაწყვიტეს სახლში შესვლა და „ჯადოქრის“ ნავსაყუდელის დათვალიერება. კარი აჭრიალდა. - ჩუმად, ფეხი ფრთხილად დადგი! ოთახებში შაშპრისა3 და ლერწმის სუნი იდგა. ბავშვებმა იგრძნეს, მაგრამ ვერ მიხვდნენ თუ რისი სურნელი ტრიალებდა ოთახებში. - რა კარგი სუნია? - აღნიშნა ერთერთმა. - აი, სურათიც. ხომ გეუბნებოდი? - ეეე, ეს ხომ... - რას გეუბნებოდი. ყველა იცნობთ-მეთქი. აჰა, ხომ დაიჯერე? - კი, მაგრამ აქ საიდან ან რისთვის? - ხომ ამბობენ ჯადოქარიაო, ჰოდა ალბათ რაღაცისთვის უნდა. - არ მჯერა, ჯადოქარი არა გაგორებული გოგრააა... ერთი მოგცლია შენ რა... უყვარს ალბათ?! - როგორ თუ უყვარს? ის ხომ მოხუცია? - მერე რა, მოხუცებს არ უყვართ? სიყვარული ყველას შეუძლია. შენც ხომ გიყვარს ჩვენი კლასელი? - გაეცინა ცამეტი წლის ბიჭუნას. - სად მე და სად ეს ბაბუ? - ნახე რა მაგარი ნარდია? - აუუ, მართლა, ჩემი... - მოდი წავიღოთ? - რაა? - წავიღოთ! - არა. არ შეიძლება. ეს ხომ ქურდობაა? - მოიცა რაა. რა ქურდობა. ამასაც წაიღებს და გაყიდის. ჩვენ კიდევ დაგვრჩება. გადავარჩენთ რა... - მე თანახმა არ ვარ! - ჩუმად! ფეხის ხმა ისმის, მგონი მოვიდა. - მართალი ხარ. რა ვქნათ? - დავიმალოთ. - სად? - წამოდით აქეთ. - ბავშვები საძინებელ ოთახში შეცვივდნენ. იქ სადაც ჩია იძინებდა. - საწოლის ქვეშ! - არ დავეტევით. - შენ, კარს უკან დადექი. აი, ეს დაიჭირე! - ბარი გაუწოდა ერთმა მეორეს. - თუ შეგვამჩნია პირდაპირ თავში. - რომ მოკვდეს? - არ მოკვდება, გაითიშება და ჩვენც გავიქცევით. დროზე, ჩქარა! - ჰო... კარგი, კარგი! - დანარჩენები საწოლამდე გლინვით4 მივიდნენ. ერთი პატარა ისტორია ღამით ხმაური შემოესმა. ქუჩაში გავიდა მეზობელი, ვერაფერი შენიშნა და ისევ შინ დაბრუნდა. დედ-მამა სოფელში ცხოვრობდნენ. შვილი სასწავლებლად ქალაქში წამოვიდა მშობლების ნებართვის შემდეგ და წლების წინ მშობლების შრომით შეძენილ სახლში დაეყუდა. არაერთხელ გამოდიოდა სახლიდან მეგობრებთან ერთად ქართული სუფრით გამოწვეული ხმაური. წუხდებოდნენ მეზობლები, მაგრამ არაფერს ამბობდნენ რადგან მამას, ჩამოსვლისას შესჩივლებდნენ-ხოლმე დაგროვილ წუხილს. სწავლა-განათლების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, მშობლები საზღვრებს გარეთ გაემგზავრენ... შვილს უთხრეს: „ცხოვრება გაჭირდა სოფელშიო და არსად თქვა რომ ჩვენ ქვეყანა დავტოვეთო. იქიდან დაგეხმარებითო, მერე შენც ჩამოხვალ ჩვენთანო“. - დათანხმდა ბიჭი. იმ წელს დედ-მამასთან ერთად ქვეყნიდან მიგრირებულთა რიცხვმა ათი ათას გადააჭარბა. სოფლის გასაღები შვილს დაუტოვეს. მხოლოდ ორი ათას რვა წლის აგვისტოს თვეში ჩავიდა სოფელში. საომარი მოქმედებები ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ცეკვა-თამაშისა და დიდი ცოცხალი ჯაჭვის თანხლებით. ბიჭმა მიიღო მონაწილეობა ცოცხალ ჯაჭვში. სამშობლოს ყველა მკვიდრი გულით თანაუგრძნობდა მეომარ ბიჭებს და საკუთარ ძმებს, რომლებიც ხუთმა დღემ იძულებით გადაადგილებულ პირებად აქცია. ხუთი დღის შემდეგ ჩავიდა სოფელში და სახლი გადამწვარი დახვდა. ჭიშკარი აღარ იყო. ჩამსხვრეული მინები ხრაშუნობდნენ მის ფეხქვეშ. ბიბინა ბალახს ჭურვისგან ნაცეცხლურს ბოლი ჯერ კიდევ ასდიოდა... ნაბიჯი იძულებით გადადგა. სურდა მთლიანად დაეთვალიერებინა საკუთრება. ასეც მოიქცა! სახლის უკან გავიდა, საშინელი სუნი ტრიალებდა ეზოში. მარჯვენა გვერდით ღობესთან რაღაცას ფეხი წამოსდო და წაბარბაცდა. „ალბათ ხის ფესვს წამოვკარი ფეხიო...“. - დახედა. თვალებს არ უჯერებდა მან მხოლოდ ჭაობისფერი მაისური შენიშნა. მიწაზე იჯდა ბიჭი, დაბნეულობისგან ვერ მიმხვდარიყო თუ რა უნდა ექნა. ბოლოს გადაწყვიტა ვაშლის, ბალისა და ატმის ფოთლები მიმოეფანტა და ენახა თუ ვინ იწვა. უცნობი ჯარისკაცი უკვე გახრწნილიყო. მისი ამოცნობა ფიზიკურად შეუძლებელი იყო. მისგან მხოლოდ ერთადერთი რამ იყო დარჩენილი - მკლავი. მან ჯარისკაცი დამწვარი იპოვა. დაღამებას დაელოდა ბიჭი. იქვე ცალკე მდგარ საკუჭნაოში ბარი იპოვა და მიწის თხრა დაიწყო. მიაბარა მიწას უცნობი ჯარისკაცი. შავფერაკრული ცრემლ მდინარი ვაზისგან ჯვარი გააკეთა და ადგილი მონიშნა ნიშნად პატივისა და მიგნებისა! ბარს კი წააწერა „უცნობი ჯარისკაცი - 15.08.2008 წ.“ „ნეტა ვინ იყო?! ქართველი თუ ოსი?! იქნებ რუსი?! ამას მნიშვნელობა აღარ აქვს“. - გაიფიქრა და ქალაქში არჩია დაბრუნება. ქალაქში ჩამოსული, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ვერ მიხვდა თუ რა შეიძლება მომხდარიყო და რისთვის იბარებდნენ. მას საგარეო უწყების წერილი გადასცეს, სადაც ეწერა, რომ მისი მშობლები ავია კატასტროფაში დაიღუპნენ, რომ მათი ცხედრების ამოცნობა შეუძლებელია და მხოლოდ რეისის მგზავრების ნუსხაში შეტანილი მონაცემებით გაარკვიეს დაღუპულთა ვინაობები. მას პირადად მინისტრმა მიუსამძიმრა თავის კაბინეტში. დახმარება აღუთქვა, რაც გულისხმობდა ერთჯერად მატერიალურ უზრუნველყოფას. მან დახმარებაზე უარი უთხრა. - პრეზიდენტს სურს თქვენთან შეხვედრა. - მე, არა! სწრაფად დატოვა კაბინეტი და შენობაც. ისევ სოფელში დაბრუნდა. უცნობ ჯარისკაცზე დღემდე მისთვის უცნობი მშობლები ზრუნავდნენ. დღეს ორი ათას ცამეტი წელია. კიდევ ერთი თეთრ ნაბდიანი დღე, არაფრით გამორჩეული წინა წლის იგივე რიცხვისგან. ჩაკეტილი ოთახი ოთხი კედელი სარკმლის გარეშე. ერთი ნათურა ჭერზე. სარკე მარჯვენა კედელზე. სარკის წინ კარადა ორი კარით, რომელიც ბიძის ხელნაკეთი გახლდათ. ანტიკვარი, მხოლოდ ერთი ცალი. კარადის ზედა ნაწილი მოვარაყებული იყო სპილენძისა და ვერცხლის ფირფიტებით, რაც თვალს სჭრიდა მნახველს. სამ ნაწილად დაყოფილ კარადაში ბევრი რამ ჩაეწყო პატარა კაცს. აქ ყველაფერი ერთად იყო მოთავსებული. ჰიგიენური საშუალებების კოლოფები, რომლებიც ცარიელი გახლდათ, ასევე ადამიანის თავის ბუტაფორია, ქვედა თაროზე ტანსაცმელები, ზედა ბოლო თაროზე ცარიელი ბოთლები, რაშიც სხვადასხვა ფერის ჩაის ნაყენი ესხა, რადგან ბოთლებში ერთდროს ნამყოფი სპირტიანი სასმელები დროთა განმავლობაში დაეცალა. კარადის თავზე ათას ცხრაას ორმოცი წლით დათარიღებული გლობუსი იდო, კიდევ ჭოგრიტი, რომელიც ბაბუას, მეორე მსოფლიო ომის დროს ათას ცხრაას ორმოცდასამში გერმანელი ჯარისკაცისთვის წაურთმევია. მას შემდეგ დროდადრო ჩვრით წმენდდა-ხოლმე ორივე საგანს. იქვე სარკის ქვეშ ონკანი თავისი ბიბილო ქუდით თავს იწონებდა ჯერ კიდევ ერთადერთ თეძოზე შერჩენილი ვერცხლისფერობით. ონკანიდან წამოსულ ქლორიან წყალს ხელისგულებამობრუნებული ნიჟარა ხვდება. ნიჟარა რომელიც სწორედ, რომ ზღვიდან ახალ მოპოვებულ ლოკოკინის სახლს მოგაგონებდათ. ნიჟარის გვერდით ცალფეხა მაგიდას შენიშნავდით, რომელიც მოვარაყებულ და ჩუქურთმიან ცალ ფეხს ამაყად აშიშვლებდა. მასზე შემოდებულ შანდალს, შანდალზე კი ვენერას ფიგურის სანთელს თვალს აუცილებლად შეავლებდით. ვენერას თავი ნახევრად ალს შთაუნთქამს. მის გვერდით ლამბაქი იდგა და მასზე ნაცარი ეყარა დამწვარ ასანთის ღერებთან ერთად. სარკის გვერდით, კედელზე, ღვთისმშობლის ხატი უცქერდა სარკის წინ მოთამაშე კაცს. ერთადერთი ოთახი სადაც ის თავს თითქოს მშვიდად გრძნობდა თავს და ამავდროულად ფორიაქში ამყოფებდა იყო ჩაკეტილი ოთახი, მესაიდუმლე და ჭორიკანაც. ლომის ცხვირზე პეპლის დასვენებას ჰგავდა მისი განვლილი ცხოვრების ეპიზოდები და აწმყოც. მომავალს არ იცნობდა. არც გზაზე ხვდებოდა სადმე, არადა ხეტიალი უყვარდა. მხოლოდ ფიქრებით დაუმეგობრდა ის მომავალს და ზოგჯერ თავს გაახსენებდა გამოუსადეგარი უღლებით. ყელზე მოსისინე მახრჩობელასავით შემოხვევია უმადურება და ყველასა და ყველაფერს კრულვას აფეთებდა მოურიდებლად. გულახდილია, მაგრამ მხოლოდ ერთთან. ის ერთი - სურათია. სურათი რომელიც დიდია და კედელზე სხვა ოთახში ეკიდა. ამ ჩაკეტილ ოთახში მისთვის ყველაზე დამღლელ საქმიანობას იწეოდა. ეს დამღლელი ყოველდღიური საქმიანობა დღისით შემოსვით იწყებოდა, ღამით კი განიმოსებოდა. შემოსილ მოხუცს ცრემლებად დაცლილი თვალები მაინც ვარდობისთვის მეტყველებით უკიაფებდა. დღის ბოლოს განმოსილ ახალგაზრდას ცრემლებით სავსე თვალები კი სევდაიარათვის მეტყველებით უმძიმდებოდა. Atrópa belladonna - (მშვენიერი სიკვდილი) ოთახიდან წელში გამართული გამოვიდა. ჩაკეტა. გასაღები სმოკინგის გულის ჯიბეში ჩაიდო. მისაღები ოთახისკენ მღვრიე თვალებით და ფეხ-არევით წალასლასდა. დიდ სურათთან გაჩერდა. ერთის ყურება უკლავდა და აფორიაქებდა მის გულს, ახლა კი მას სამს ხედავდა. პირი გაუშრა, სხეულმა გახურება დაიწყო, ღაწვებზე ჩამოკიდებულ შეციებულ, გუგაოდან5 გამოგდებულ ცრემლებს გულისკენ მიმავალ გზაზე ლოცვით აცილებდა. მის ზურგს უკან ბარით ხელში პატარა უცნობი ბიჭუნა ატუზულა. ბარი მოსაქნევად მზად ჰქონდა ბიჭს, მაგრამ გამბედაობა, შიში და თავად „პატარა კაცის“ ვედრება-ლოცვა უშლიდა ხელს შეესრულებინა მეგობრის ბრძანება და არა თხოვნა. საწოლ ქვეშ მდუმარებით დაღლილები, გარინდულები და თვალებდაჭყეტილები განაგრძობდნენ დიდის, პატარას და მზეთუნახავის ისტორიის როგორც სმენას ისე ცქერას. წამით ყველაფერი გაიყინა. სველი ხმა შეწყდა. იდაყვში მოხრილი მკლავები სულმა ჩამოფერთხა... მარცხენა ხელის კუნთების ატროფია. ქილა იატაკზე დავარდა. ქილაში ჩარჩენილი სითხე მის ფეხებთან დაიღვარა. შეშინდა ზურგს უკან მდგომი ბიჭი და ორი ნაბიჯით უკან დაიხია. ის შემობრუნდა და პირისპირ აღმოჩნდა უცნობ პატარა ბიჭთან. შიშისგან ბიჭს გაეპარა, ბარს ხელი გაუშვა და დაბნეული სირბილით საძინებელი ოთახისკენ გაიქცევა სადაც მეგობრები ეგულებოდა. ორიენტაცია დაკარგული „პატარა ჩია კაცი“ მოწყვეტით დაენარცხა იატაკს. შუბლი ბარს დაარტყა და გონება დაკარგა. ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ: მამაკაცი დაახლოებით ოცდაცამეტი - ოცდათხუთმეტი წლის. სიკვდილის პერიოდი დადგა ბლაგვი საგნის მოხვედრის შემდეგ 23 წუთში. ბლაგვი საგნის დარტყმის სიძლიერე - მსუბუქი, შესაძლებელია ითქვას მჩატე, რაც ვერ გახდებოდა სიკვდილის მიზეზი. გარდაცვალების მიზეზი: საწამლავი - Atrópa belladonna. განვითარდა სასუნთქი ცენტრის პარალიჩი და სასუნთქი გზების უკმარისობა, რაც ერთადერთი გამომწვევი მიზეზია სიკვდილისა. სხეულზე სხვა დაზიანებები არ აღენიშნება. ვასკვნი რომ, მან საწამლავი მიიღო, რის შემდეგ მოხდა გონების დაბინდვა და აღრევა, შემდეგ კი გონის დაკარგვა. გონის დაკარგვიდან ოცდასამ წუთში ის გარდაიცვალა. ოცდასამი წუთი როგორ მიყვარს დედის გობელენები და მამის ნახატები. მათი ცქერა მამშვიდებდა ყოველთვის. ნარდის თამაშიც, მამამ მასწავლა. რა ცოტა დამრჩა... რაზე ვიფიქრო? ვიწვი, მცხელააა... დედა შენ აქ ხარ?! მამა, შენც?!... გელოდით. თქვენ არ დაღუპულხართ?! აბა მე რატომ ვიფიქრე... მას შემდეგ სიტყვა არ მითქვამს. აბა რა უნდა მეთქვა ან ვისთვის? ვერ შევძელი. მე დავბერდი! ვინ ვარ მე? პატარა კაცი რომელსაც ვერავინ ამჩნევს თუ დიდი პიროვნება რომელსაც პატარა კაცს ეძახიან? ილუზიური სამყარო მოვიწყე. როლი მოვირგე. წამი თამადობდა ჩემ გონებაში. ჩემი პედანტურობით ცნობილი გავხდი... ყოველივე სიამოვნებას მგვრიდა. ადამიანები მოვატყუე და ამით შური ვიძიე! უარი მითხრეს განვითარებაზე. არავის ვჭირდებოდი. ტელეფონი გადავაგდე, ნერვებს მიშლიდა. მაინც არ ვპასუხობდი. აბა, რისთვის მჭირდებოდა? იცით, დედამიწას დავუმეგობრდი. ჩემ მესაიდუმლედ გავიხადე. მისი ყველაფერი მესმოდა. მას ჩემი. ჩემი გულის ცემა ყურებში მესმოდა. მის გულის ცემას კი ვხედავდი. ყველაფერი მარტივადაა - ფონეიდოსკოპი. დიახ! ფონეიდოსკოპი დედამიწისა ხეა. დედამიწის გულის აჩქარებას და გაბრაზებას მათი საშუალებით ვიგებდი. ქარი მათ არწევდა, ხმაურობდა არე-მარე... აი, არტერიული წნევაც თუ მაღალი ჰქონდა ჭექა-ქუხილი იცოდა მაშინ გარემომ. ჩემი წუხილისა და გმინვისა მხოლოდ მას ესმოდა. მიყვარდა, არა როგორც ღმერთის პეიზაჟი, არამედ როგორც მთმენი! მისი დიდსულოვნება მაცვიფრებდა და ვცდილობდი მსგავსება მეპოვა მასთან. სუსტი აღმოვჩნდი. ეს პატარები საიდან აღმოჩნდნენ ჩემთან? ჩემი ბრალია. კარს ღიას ვტოვებდი. უნდა ჩამეკეტა. რა ელით მათ? - ბიჭებო, ჩქარა გავიქცეთ! - მე არ მომიკლავს, მე არ მომიკლავს! - ვიცით, ვნახეთ! - შეხედეთ ის „პატარა კაცი“ არ არის! ის, ის... - ღმერთოო?! მართალი ხარ! ჩქარა, ჩქარა, გავიქცეთ! ვეცადე, გავსულიყავი. ბეჩავ, ჩია კაცად მეგრძნო თავი. ალბათ შევძელი. მსიამოვნებდა? რა თქმა უნდა ყურადღება მსიამოვნებდა. ყველას ვეცოდებოდი, ვუყვარდი. ჩემი პატარა ნაწილი შევქმენი. ქალაქში ცნობადი გავხდი. ზოგს ვძულდი, ბევრს ვუყვარდი და ყველა მიცნობდა. მაშინ რატომ ჩავიდინე? ზედმეტი გავხდი! ერთ მგზავრს შევატყე. ჩემი მეგობრის ტაქსით იმგზავრა... ბევრჯერ ერთი სრული მთელია და მასში მილიონობით ბაცილა, ვირუსი, ნაწილაკი სახლობს. ღმერთი სად არის? რატომ არ ჩანს? დავაშავე! ახია ჩემზე! შენ აქ საიდან ბოშა? იცეკვე, იცეკვე! რა მშვენიერი ყოფილა სიკვდილი... ჩემი ფრთოსანი! გახსოვს ასე გეძახდი. შენ საიდან გაიგე, ვინ გითხრა ჩემი ამბავი? ეს რა მასკარადია? თუმცა საინტერესო. ქალბატონო ხომ არ გვეცეკვა ვენური ვალსი? სიამოვნებით, შვილო! დედააა... *** დაფაზე ეწერა: „ჩამდეთ აღდაჭში“6 *** იმ ღამეს დელგმა7 დაიწყო. ------------------------------------------------ 1 - ღერღეტი - ბატი 2 - გლისპი - გულისწყრომა, ანჩხლი 3 - შაშპრა (ქართულად) - რეჰანი (სხვათა ენა) 4 - გლინვა - გველივით გაცორვება. 5 - გუგაოდან - ცრემლის სახლი (ავტ) 6 - აღდაჭი - მიწა სადაც სიმლაშით ნაყოფი არ მოდის. 7 - დელგმა - დიდი წვიმა და გვიან მომდარებელი. Atrópa belladonna - 1. ამ მცენარის სახელწოდება თავისთავად წარმოადგენს უცნაურ ნარევს - ‘სიკვდილი“ და „მშვენიერი“. საწამლავია. 2. Atrópa - შმაგა (ქართ. მცენარეა) გიგო რიონელი 10 იანვარი 2013 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დრამა, შთამბეჭდავია.
არის ბუნდოვანი, გაურკევევლი მომენტები (ჩემთვის), თუმცა, მთლიანობაში, საკმაოდ კარგი ნაწერია.
ის პოეტური პროზის ჩანართები ამსუბუქებს და ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს მოთხრობასაც და მკითხველსაც. ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დრამა, შთამბეჭდავია.
არის ბუნდოვანი, გაურკევევლი მომენტები (ჩემთვის), თუმცა, მთლიანობაში, საკმაოდ კარგი ნაწერია.
ის პოეტური პროზის ჩანართები ამსუბუქებს და ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს მოთხრობასაც და მკითხველსაც.
1. დღეს დავიწყე კითხვა , ნაწარმოები ღრმა ემოციებს მოიცავს, მოგვიანებით დავასრულებ წაკითხვას და შემდეგ მოგახსენებ ჩემს სუბიექტურ აზრს. დღეს დავიწყე კითხვა , ნაწარმოები ღრმა ემოციებს მოიცავს, მოგვიანებით დავასრულებ წაკითხვას და შემდეგ მოგახსენებ ჩემს სუბიექტურ აზრს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|