ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამელი
ჟანრი: პროზა
14 მაისი, 2013


მატლი

პ.ს. ამას ბოლოში აწერენ ხოლმე, მე თავში ვწერ... ვნანობ.

მატლები შემოეჩვივნენ ჩემს სახლს. თეთრი, წვრილი მატლები, დაღოღავენ ყველგან - კედლებზე, ჭერზე, იატაკზე, კარადებზე... გადავყარე ყვითელი ვაშლები, შემპალი კარტოფილები, ობშეპარული ფორთოხლები, მატლებს კი ვერაფერი მოვუხერხე.
დავძარი სახლი და გადავდგი, გამხდარ ბეჭებზე მოვიკიდე ჩემი დამატლული სახლი და ორი-სამი სანტიმეტრით შევუცვალე ადგილი. მაინც არ გამომედევნენ ეს მატლიშვილები?..
უნდა გეომოთ! თავი დაიცავით, გაიქეცით, ვისაც სად შეგიძლიათ, თავს უშველეთ, უნდა დაგხოცოთ...
რაღაც სითხე გამოვართვი ჩემს საეჭვო წარმომავლობის, ორიენტაციისა და რეპუტაციის დამპალ მეზობელს, გაბადრულმა გამომიტანა პატარა ბოთლში ჩასხმული რაღაც სითხე, რომელსაც ზედ ეწერა: “მოარიდეთ მატლებსა და ბავშვებს”, და თან დასძინა, მე ამითი დავხოცე... მერე გაიღრიჭა და ვითომ შეშფოთებული სახით, შავი სწორი თმიდან დაკლაკნილი მატლი ჩამომაცალა და იქვე ჭუჭყიან სადარბაზოს კედელს ცერა თითით მიაჭყლიტა...
სახლის კუთხეებში მოვასხი სითხე და... ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, მიღოღავდნენ და მოღოღავდნენ მატლები, მოათრევდნენ დაბუჟებულ სხეულებს. დახოცილ მატლებს ჯერ კიდევ ცოცხალი მატლები ზურგზე იკიდებდნენ, მერე ისინიც ეცემოდნენ და კვდებოდნენ. ფეხებზე გავიხადე მამაჩემის ნაჩუქარი ოქროსფერი ქოშები, გავიძრე დედაჩემის შეკერილი აბრეშუმის ცისფერი ხალათი და იმ ადგილას დავდექი შიშველი ფეხებით, სადაც ყველაზე მეტ მატლს მოეყარა თავი... ბრრრრ... რა საშინლად ცივები არიან, გაყინულები, იმიტომ კი არა, რომ მკვდრები არიან, იმიტომ, რომ მატლები არიან...
მიყურებს თვალებში ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი და მუცელგაბერილი მატლი, მიყურებს და მეუბნება:
- ორსულად ვარ...
...ორსული მატლი ვამშობიარე. რთული მშობიარობა ჰქონდა. ოფლი მდიოდა საფეთქლებზე, გულზე მეწვეთებოდა და გამაყრუებლად ეცემოდა იატაკს. ბავშვი კი გადავარჩინე, მაგრამ დედას ვერ ვუშველე...სიკვდილის წინ პირობა მივეცი მე გაგიზრდი-მეთქი...
მეორე დილით იმ ნაბოზვარ მეზობელს მივუკაკუნე კარზე. კარი გამიღო, დამპლებული სუნი შემომაფრქვია სახეში. ახლაღა მივხვდი, თურმე კაცი ყოფილა. რა გინდაო, უკმაყოფილოდ მკითხა, მგონი, ლოგინიდან წამოვაგდე და თან ყველაზე საინტერესო დროს:
- არაფერი, შე დამპალო... მატლი მყავს სახლში, წითელლოყებიან ვაშლში ცხოვრობს, დედას მეძახის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები