ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯონ გრაჰამი
ჟანრი: პროზა
30 მაისი, 2013


ნუციკო

იმ დღეს პირველად აიჩემა ნუციკომ სათევზაოდ წამიყვანეო. ვცდილობ არ ვაწყენინო. უცნაური ბავშვია. დედა რომ გარდაიცვალა ოთხი წლის იყო, ორი დღე მეზობელთან ეძინა, მერე სახლში მოვიყვანე, სანამ მე ვეტყოდი რამეს თვითონ მკითხა, დედა რატომ არ იღვიძებსო, ვუთხარი დედა სამოგზაუროდ მიდის სამოთხეში და ხუთი დღე უნდა ეძინოს, რომ დაბრუნდება ბევრ კალიოკის ჩის(ასე ეძახის კარალიოკის ჩირს) და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ჩამოგიტანსთქო. თითქოს დაიჯერა, ვცდილობდი ჩემი ცრემლი არ დამენახებინა, ჭირისუფალი არც ჰყავდა დედას, მამა თავს არ იწუხებდა ტირილით, პანაშვიდებზე მეზობელთან იყო, ასე რომ ადვილად დავაჯერე დედას ძილი. თუმცა დაკძალვის მეორე დღეს ეჭვით მკითხა, დედა სადმე რომ მიდიოდა მემშვიდობებოდა, მგონი რაღაცას მატყუებო. ავუხსენი,  დედამ წასვლა რომ გადაწყვიტა ბაღში იყავი და რომ მოხვედი, ხომ ნახე, უკვე ეძინათქო.
მას შემდეგ ჩემთან სძინავს, დაძინების წინ მეუბნება, დედა დილით თუ ადრე მოვიდა გამაღვიძე, არ შეგეცოდოო, მეც ვპირდები, რომ აუცილებლად გავაღვიძებ.
ბაღიდან რომ მოვიყვან მაშინვე კარადასთან მირბის , დარწმუნებულია, რომ თუ იქ დედას ჩექმები დახვდება ესე იგი დედა დაბრუნდა.
მამა რომ ნასვამი მოდის საათობით ჩუმად ზის და ტელევიზორს უყურებს, მეც სიჩუმისკენ მომიწოდებს, მეუბნება: ხომ გახსოვს მამა რომ ღვინოს ლევდა, დედა ჩუმად იყოო.
ჭკვიანი გოგოა, ბაღში ძალიან უყვართ აღმზრდელებს, მეუბნებიან მინისტრი გახდება ეს გოგოო. წერა კითხვა ჯერ არ იცის, თუმცა ას ორმოცდაჩვიდმეტ ერთნაირ კარადას შორის მაინც პოულობს თავისას და მეუბნება, აი ნახე, აქ წერია ნუციკო ხომერიკიო,მერე ღილაკს აწვება და გაღებას ელოდება. ჩემი წამოსვლისას ყოველთვის მახსენებს, რომ არ დამაგვიანდეს, თან დედას სიტყვებს იშველიებს - თევზის დაჭერამ შეტყუება იცის და არ შეყვეო.
რამოდენიმე დღის წინ რაღაცას ხატავდა, რომ ვკითხე რას ხატავთქო, უცბად შემომხედა და რვეული დახურა, ნახატის გარჩევა ადვილი არ იყო, მაგრამ წითელი ლარნაკი ვიცანი, რომელიც თავთან ედგა  დედას რომ გარდაიცვალა და მივხვდი დედას ხატავდა.
ერთხელ მკითხა, დედა რომ მეუბნებოდა ძილის დროს პირში თითს ნუ იდებო და მე მაინც რომ ვიდებდი, მაგის გამო ხაორ იგვიანებს დედაო, ვერ მოვიფიქრე რა მეპასუხა და არვიცი-მეთქი ვუთხარი. იმის შემდეგ გადაეჩვია, ყოველ ღამე ვაკვირდები და ასე აღარ იძინებს...
შუადღეა. თბილად ვაცმევ და სათევზაოდ წასასვლელად ვამზადებ. რატომღაც დიდი მოლოდინი აქვს. ჩქარობს. თითქოს არ უნდა რომ დააგვიანოს. აივანზე გადის და თავის გარეცხილ წინდებს ხსნის სარეცხის მავთულიდან. მამას,რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი წასვლა ან მოსვლა, უბარებს, რომ მე მომყვება სათევზაოდ და მალე მოვალო პირდება.
მალე ტბასთან მივდივართ. აქ ვთევზაობ, ვეუბნები მე. ნუციკო ირგვლივ იყურება, მერე ტბაში ერთ ადგილს უყურებს, ჰგონია რომ თევზი გამოჩნდება. მე ანკესი წესრიგში მომყავს და წყალში ვაგდებ.  რაღაც გამხმარი ყვავილი იპოვა და იმით თამაშობს. რამოდენიმე წუთში ანკესსზე თევზი ეგება, მე ძლიერად ვიქნევ და ნაპირისკენ ვისვრი. იგი გოცებული უყურებს როგორ კვდება ნელ-ნელა თევზი.
-არ გეცოდება?- მეკითხება ნაღვლიანი თვალებით.
- თევზი, რომელსაც მეთევზე ანკესით დაიჭერს სამოთხეში ხვდება,- თავს ვიმართლებ მე.
-სამოთხეში? დედასთან? - გულწრფელად გაკვირვებული და თითქოს გახარებული მეკითხება მე.
-წავიდეთ, - ვეუბნები მე და დაჭერილ თევზს ისევ წყალში ვაგდებ.
თითქოს უხარია, ხელში ისევ გამხმარი ყვავილი უჭირავს და მელოდება როდის ჩავდებ ჩანთაში ანკესს.
მალევე უკან ვბრუნდებით, იგი თავისი პატარა ხელით ჩემს ორ თითზე არის ჩამოკიდებული და ბაღის ამბებს მიყვება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები