ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გივიშვილი
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2013


ქაღალდის გემები

ქაღალდის გემები
ზამთრის ლურჯ ქუჩებში. 

არა, შენ კი არ მენატრები,
მხოლოდ თითებით თამაში
შენს მზეგამოცლილ სახეზე
და შენი ოდნავ გასაპარსი ლოყის
შეხება საფეთქელზე.

ბოლო დროს ხშირად მესიზმრება
ბნელი ავანსცენა,
მარტივი სიუჟეტი:
შენ ზურგშექცევით,
მე კი ხელისგულებით გეყრდნობი.

და მერე სულ ასე წარმომიდგენია სიყვარული,
ჩუმი და უსიტყვო,
ახლად ჩაძინებული ბავშვივით ნაზი და სათუთი,
ჩვენს ირგვლივ კი თითქოს მშვიდი ზღვა სუნთქავს
და ქაღალდის გემები მიყოლებით იცვლიან გეზს.

არა, კი არ მიყვარხარ,
უბრალოდ ლამაზ ლექსებს გიწერ 
და მეშინია, რომ ქაღალდის გემებივით აიბნევიან
ზამთრის ლურჯ ქუჩებში
და მიზანს აცდენილნი ტყუილის ტალახიან თოვლში
სამუდამოდ ჩაუშვებენ ღუზებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები