| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: საბავშვო 14 ივნისი, 2013 |
როდესაც წიპო ოც ათეულ და-ძმებთან ერთად გაჩნდა, დედამ იმწამსვე შენიშნა. სათუთად აიყვანა და თვალცრემლიანმა გულში ჩაიკრა. წიპოს მამა შინ გვიან დაბრუნდა. დედა კი წიპოს ისევ ეალერსებოდა, ისევ თვალცრემლიანი. მამამ ზღურბლიდანვე გასძახა: - დავიჯერო ის არის?! წიპოს დედამ თავი დაუქნია და ახლადგაჩენილი გადასცა. მამამ წიპოს დახედა. სულ ერთი ციდა იყო! აბა , წარმოიდგინეთ ერთი დღის ჭიანჭველა! ქურფსა და ჯმუხ მამას თბილად გაეღიმა და ცოლს მიმართა: - ნუ სტირი, საყვარელო. ეს ხომ დიდი ბედნიერებაა?! - ...ჰო...ასე ამბობენ.... მაგრამ მე დედა ვარ... - ნუ, ნუ, გთხოვ. ვინ იცის, იქნებ... - ოჰ, არა! ნუ მამშვიდებ... მერე.. მაშინ აღარ დავღვრი ცრემლს... მამა ჭიანჭველამ წიპო და-ძმებთან დააბრუნა, ცოლს წინ დაუდგა, თავი ოდნავ დახარა, ქვემოდან ახედა და ჩაიხუტა. რამოდენიმე ხანი ასე იდგნენ. მერე ერთად გადათვალეს პაწიები. კი! ოცი ათეული და კიდევ ერთი წიპო! უკლებლივ ყველა მოძრაობდა.შიოდათ. დედამ ხის ქერქები დაუყარა. შეესივნენ და მალევე მუსრი გაავლეს. გავიდა ხანი. დაიზარდნენ ჭიანჭველები და შრომას შეუდგნენ. ყველამ იცოდა თავისი საქმე. იცოდნენ საით, როდის და რისთვის წასულიყვნენ. იცოდნენ ყველა გზა, გასასვლელ-გამოსასვლელი. უკლებლივ ყველა თავდაუზოგავად შრომობდა. ერთდერთი წიპო იყო, ვინც დილიდან დილამდე არაფერს აკეთებდა. არც არავინ არაფერს ავალებდა და არავინ საყვედურობდა. აჭმევდნენ, ასმევდნენ და არც აყვედრიდნენ. საქმე კი ის იყო, რომ წიპო ბუნებით ზარმაცი სულაც არ გახლდათ და ერთხელაც დედას ჰკითხა: - დე, ჩემს გარდა ყველა შრომობს, მე კი ჯერ არაფერი გამიკეთებია, არც არავინ არაფერს მავალებს, მხოლოდ ვერთობი და ვსეირნობ, -რატომ, დე? - დედამ სევდანარევი ღიმილით გახედა წიპოს: - მოვა დრო და გაიგებ, წიპო. - ახლა რატომ არ მეუბნები, დე? - შენ რჩეული ხარ. - რჩეული? - ჰო, რჩეული. - ეს რას ნიშნავს, დე? - მოდი, მოდი ჩემთან... - და დედამ იგი ჩაიხუტა, ისევ თვალცრემლიანმა. - რატომ არ მეუბნები, დე? - ამაზე არცერთი დედა არ საუბრობს, წიპო, არცერთი... - ჰო, კარგი, როცა იქნება ხომ გავიგებ?! წავალ, დე, გავისეირნებ. - წადი...წადი... მიდიოდა ფიქრსმიცემული: - რჩეული ხარო...მეტი არაფერი უთქვამს... ცრემლი დავუნახე... გადიოდა დრო და იზრდებოდნენ ჭიანჭველები. წიპო კი თავის და-ძმებზე მეტად გაიზარდა. ძალაც მეტი ჰქონდა. კი უკვირდა ეს ამბავი, მაგრამ თავად მას პასუხი არ ჰქონდა, სხვა კი არავინ არაფერს ეუბნებოდა. ერთ დღეს დაინახა ერთ ჭიანჭველას ზურგზე მზესუმზირას მთლიანი მარცვალი მოეგდო და ძლივს ვაი-ვაგლახით მიათრევდა. წიპომ დახმარება შესთავაზა, მაგრამ პასუხი ამგვარი იყო: - არა, წიპო, არა!, მე თითონ! შენ კი გაერთე. - რატომ, მეგობარო, რატომ?! მე ხომ შენზე დიდი ვარ და ძალაც მეტი შემწევს?! დაგეხმარები! - არა, არა! ყველას ჩვენ-ჩვენი დანიშნულება გვაქვს. ეს ჩემი საქმეა, შენ კი... შენ სხვა დანიშნულება გაქვს. - რა დანიშნულება მაქვს, მითხარი, გთხოვ! - დრო მოვა და გაიგებ. აბა, კარგად! - ჭიანჭველამ ეს თქვა და ისე სწრაფად წააცუნცულა ტვირთი, რომ წიპომ ეს გაიფიქრა: - ამ თემაზე ჩემთან საუბარი არ სურს, ნეტავი რა ხდება? მიდიოდა ჩაფიქრებული. უცებ თავისივე მსგავსი ჭიანჭველა შეამჩნია, უდარდელად მზეს რომ მიფიცხებოდა. - გამარჯობა! - გასძახა. - გამარჯობა. - შეიძლება რაღაც გკითხო? - მიდი. - ძალიან ვგავართ ერთმანეთს... - მერე? - რა არის ჩვენი დანიშნულება ვერ მეტყვი? - ვერა! - მოუჭრა. - რატომ? - არ ვიცი და იმიტომ! არავინ მეუბნება! -- არც მე... - ვიცი! - საიდან იცი? - შენ თითონ არ თქვი ,,ერთმანეთს ვგავართო,,? - ჰო, ვთქვი... მე წიპო მქვია. - მე ბეწო! შეხედე, შეხედე, რა ლამაზია! - რა? - მიიხედ-მოიხედა წიპომ. - ,,რა,, კი არა ,,ვინ,,! აი ის ჭიანჭველა! მზეთუნახავია! წიპომ იქვე ახლოს პაწია ჭიანჭველა შენიშნა. - ჰო, კოხტაა, მაგრამ ანცია! - ანცი? - ჰო, სწრაფად მოძრაობს. - ჰა-ჰა-ჰა, - გაეცინა ბეწოს - აბა, კუ ხომ არა არის?! მივიდე? - რისთვის? - ვეტყვი, რომ ლამაზია! - თითონ, რა? არ იცის? - იცის, როგორ არ იცის, მაგრამ მე რომ ვეტყვი უფრო სწრაფად დაიწყებს მოძრაობას! - რატომ? - იმიტომ რომ, გული აუჩქარდება! - გული რატომ აუჩქარდება? - იმიტომ, რომ გოგოა! - მერე? ცოდო არ არის? - ცოდო? რას ამბობ, წიპო? ეს ხომ მათი დანიშნულება არის! ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ გული არ აუჩქარდა, მისი ცხოვრება უინტერესო იქნება! - მართლა?! - ჰა-ჰა-ჰა - ისევ გაეცინა ბეწოს - მართლა, მართლა. შენ როდის გაჩნდი? - შარშან. - ააა, გასაგებია. ჩემხელა რომ იქნები , მაშინ მიხვდები! მე შენზე ორჯერ დიდი ვარ! მე შარშანწინ გავჩნდი! თავმომწონედ თქვა ბეწომ. - ესე იგი კიდევ ერთი წელი? - კი, მასეა, აბა კარგად. - ამ ადგილას ხვალაც მოხვალ? - მოვალ. - ნახამდის, ბეწო. წიპო შინისკენ წავიდა. მთელი ღამე ვერ მოისვენა. გარეთ გავიდა და პაწია ქვაზე აცოცდა, დიდხანს იდგა და სავსე მთვარეს გასცქეროდა: - ნეტავი იქაც არიან ჭიანჭველები? თუ არიან, მაშინ ჩემი და ბეწოს მსგავსებიც იქნებიან... ნეტავი თუ იციან რა არის მათი დანიშნულება? კიდევ უამრავ რამეზე ფიქრობდა. მთვარე სევდიანად უღიმოდა მას და დედამიწას. უცებ ბალახი გაშრიალდა. წიპომ იქით მიიხედა. არავინ ჩანდა. ისევ მთვარეს ახედა. ისევ მოესმა შრიალი. ახლა სწრაფად მიიხედა: - ვინ ხარ მანდ? არავინ უპასუხა. მხოლოდ პაწია ჩრდილს მოჰკრა თვალი, მიწაში რომ გაუჩინარდა. წიპო შინისკენ გაემართა. როგორც კი გათენდა, ისევ იმ ქვაზე აცოცდა, საიდანაც წუხელ მთვარეს გასცქეროდა და იქაურობას მოავლო თვალი. ისევ ისე გაშრიალდა ბალახი: - ვინ ხარ?! - გასძახა წიპომ. ისევ არავინ გამოეპასუხა, მაგრამ ახლა გარკვევით დაინახა როგორ გაიქცა პაწია ჭიანჭველა, მანამდე ბალახის ღეროს რომ ამოფარებოდა და ისევე, როგორც წუხელ, მიწის პაწია ხვრელში გაუჩინარდა. - ნეტავი ვინ არის? რა უნდა? იმ ადგილსკენ გაემართა, სადაც ბეწოს შეხვდა. ბეწო არ დახვდა და ის იყო წამოსვლა გადაწყვიტა, რომ დაუძახეს: - წიპოოო! ეი, წიპოოოო! - ეს ბეწო იყო. - გამარჯობა, როგორ ხარ, ბეწო? - გახარებული მიესალმა. - კარგად! ძალიან კარგად! ყველაზე კარგად! - ასეთი რა მოხდა? ჩვენი დანიშნულების შესახებ შეიტყვე რამე?! - არა, ეგ არა, მაგრამ აი, გუშინ ერთს კი გული ავუჩქარე! - ვის? - ჩემს სატრფოს! - ,,სატრფო,, რას ნიშნავს? - აი, რომ ეტრფი! რომ გიყვარს! აი, გული შენც რომ აგიჩქარდება! - ეგ კარგია? - ძალიან კარგია! შეუდარებელია! - მაგ დროს შენც სწრაფად იწყებ მოძრაობას? - ჰა-ჰა-ჰა... არა, არა, ჩვენ თავს როგორღაც ვერევით. ჩვენ ხომ ძლიერები ვართ? ისე გამოგიტყდები და გეტყვი, რომ ზოგჯერ არც კი მინდა მოვერიო! - როგორია სიყვარული, ბეწო? - როგორიიი? - ჰო, ჰო, როგორი! - ესე იგიიი... სიყვარულიიი... სიყვარული.... არ ვიცი!!! -ეს როგორ? გული ხომ აგიჩქარდა?! - კი, მაგრამ... ვერ გადმოგცემ!...ისე ძალიან კარგია! არა! მშვენიერი! არა, არა! ის გაცილებით მეტია! - ნეტავი მე როდის ამიჩქარდება გული? - ეგ არავინ იცის. შესაძლოა ხვალ, დღეს, ყოველ წუთს, ყოველ წამს... ამ საუბრით იყვნენ გართულნი, როდესაც რაღაც გაბმული ხმა შემოესმათ. თითქოს ყველა ჭიანჭველა ერთად იძახდა: - აქეთ, აქეთ! ყველანი აქეთ! იჩქარეთ! იჩქარეთ! სმენად იქცნენ. ეს ხმა-ძახილი იყო! ხმა, შველას რომ ითხოვდა! მეგობრებმა ერთმანეთს შეხედეს და ორთავე უსიტყვოდ სხვდასხვა მხარეს გაქანდა! წიპო გარბოდა და ფიქრობდა: - საით გავრბივარ? რატომ? რა ხდება? იმას კი ხვდებოდა, რომ ფეხები თავისით მიაქანებდნენ, მაგრამ მეტს ვერაფერს. რაღაც ბორცვი შეამჩნია და გაიფიქრა, რომ უნდა ამძვრალიყო. ასეც მოიქცა. იქაურობას გადახედა და დაინახა, რომ ტყის მხრიდან უცხო ტომის ჭიანჭველები მწყობრად მოემართებოდნენ აქეთ, მათკენ. წიპოს თანამოძმეები ასევე მწყობრად იდგა და მტერს, კი! მტერს ელოდა! ცოტაც და ჭიანჭველათა ორი არმია პირისპირ იდგა. - ახლა იომებენ! - დაასკვნა წიპომ და მართლაც! წამებში მოხდა ის რაც წიპომ ივარაუდა! მომხდურები იერიშთ შეეცადნენ შეჭრას წიპოს თანამოძმეთა არმიის შუაგულში და ატყდა!. პირველი იერიში ვაივაგლახით, მოიგერიეს, მაგრამ მეორე იერიშზე უკან დახევა მოუწიათ. ვერაგი და მრავალრიცხვოვანი მტერი აგრესიულად უტევდა, ცოტაც და ალყაში მოაქცევდა წიპოს თანამოძმეებს. - არა! ჯერ ადრეა! - თავს იმშვიდებდა წიპო, მტრის შუაგულში რომ შეჭრას ლამობდა. უცებ თვალი მოჰკრა, რომ ბრძოლის ველის გარშემო ორასამდე სწორედ ისეთივე ბორცვი იდგა, როგორზეც თითონ აცოცებულიყო და უკლებლივ ყველაზე მისი და ბეწოს მსგავსი ჭიანჭველები განლაგებულიყვნენ და ასევე ყურადღებით აკვირდებოდნენ ყოველივეს. როდესაც მტერმა მათი არმია ალყაში საბოლოოდ მოაქცია, წიპომ დასჭექა: - დროა, ძმებო!!! ამ შეძახილზე ყველა თვალისდახამხაბეაში ბორცვებიდან ძირს დაეშვა და ბრძოლის ველისკენ გაქანდა! 201 რჩეული მეომარი! უნდა გენახათ მათი სიმამაცე! ისინი ღრმად შეიჭრნენ მტრის არმიის რიგებში და ისე განლაგდნენ, რომ თითოუელის გარშემო ათასზე მეტი მტერი მაინც ყოფილიყო! და როდესაც ეს ყველამ მოახერხა, უცებ, გაისმა უცნაური ტკაცანი! ერთი... ათი... ასი.. ორასი... და ერთი! -ეს რა ხმები იყო? რა გასკდა? - გაიფიქრა წიპომ, რომელიც ვეღარ მოძრაობდა, რადგან წელში გადაწყვეტილიყო... .წიპოს გარშემო კი ათასზე მეტი მტრის მეომარი სურნელოვან თეთრ სითხეში ერთმანეთს ისე მიკვროდა და ისე გაშეშებულიყო, როგორც განდაკება. ვერ მოძრაობდნენ! ეს იმ წებოვანი სითხის გამო მოხდა. მტერი დაძლეული იყო! - გავიმარჯვეეეთ! მტერი დაძლეულია! გავიმარჯვეეეთ! გაისმა შეძახილი.. ბრძოლის ველზე ცოცხლები დაჭრილებს და დაღუპულებს თავს ადგა... წიპოს თვალები დაეხუჭა. - წიპო... წიპო... თვალები გაახილა: - დედა... მამა... - ჰო... ჩვენ ვართ, წიპო... ჩვენო გმირო... - ვკვდები... დე? - გმირები არ კვდებიან, წიპო... ეს თვალცრემლიანმა მამამ თქვა. დედა ახლა აღარ ტიროდა. - დე... ეს იყო ჩემი... დანიშნულება? - ჰო... შვილო... ეს იყო... - აი, თურმე რა... ერთხელაც გული არ ამჩქარებია... დასანანია...მეც ვერავის ავუჩქარე... - მე! მე ამიჩქარე გული, წიპო! მე ამიჩქარე! - ეს ძალიან კოხტა ჭიანჭველამ თქვა, წიპოს რომ უღიმოდა, მაგრამ ცრემლად რომ იღვრებოდა. - ...შეენ? - კი! კი! მე! მე, წიპო! მე! - ...როდის? - აი, მაშინ, ღამით! სავსე მთვარე გახსოვს? - ბალახებში? -ჰო, ჰო! ბალახებში! - ბეეეწოოო! - მთელი შემორჩენილი ძალით დაიძახა წიპომ - ბეეეწოოო! მეც ამიჩქარდა გულიიიი, ბეეეწოოო! ბეწოს, თავი რომ სატრფოს მკლავებზე დაედო, წიპოსი აღარ ესმოდა. - დედა... მამა... ეს.. ჩემი სატრფოა... - ეს თქვა და წიპოს თვალებში სამუდამოდ აღიბეჭდა პაწია, კოხტა თვალცრემლიანი ჭიანჭველა, რომლის სახელიც არ იცოდა... პ.ს. ასეთი ჭიანჭველები ბუნებაში ნამდვილად არსებობენ. მათ ,,ჭურვ-ჭიანჭველებს,, უწოდებენ. (მათთვის ვინც არ იცოდა)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ბეთ... ჩემო კეთილო მეზღაპრევ :* ბეთ... ჩემო კეთილო მეზღაპრევ :*
8. მომეწონა, კარგად არის შეკრული. მომეწონა, კარგად არის შეკრული.
7. ყოჩაღ, ბეთ! ანდერსენს რომ შეშურდებოდა ისეთია.
წითელი ალამი! მაგრამ, მეგობარო, კორექტურები ტექსტში. ყოჩაღ, ბეთ! ანდერსენს რომ შეშურდებოდა ისეთია.
წითელი ალამი! მაგრამ, მეგობარო, კორექტურები ტექსტში.
6. ფინალმა მომაწონა...:-* 5 ფინალმა მომაწონა...:-* 5
5. რჩეული ნაწერია! +++++ რჩეული ნაწერია! +++++
3. მეც ამიჩქარდა გული.++ მეც ამიჩქარდა გული.++
2. არც მე ვიცოდი. ძალიან,ძალიან კარგი ზღაპარია,მართლაც! 5 არც მე ვიცოდი. ძალიან,ძალიან კარგი ზღაპარია,მართლაც! 5
1. "ჭურვ-ჭიანჭველებზე" მართლა არ ვიცოდი.
300 არაგველის გმირობასაც გავდა, რაღაცით.
ეს არის ძალიან კარგი ზღაპარი- შემეცნებითი, იდეური, ემოციური.
"- ვეტყვი, რომ ლამაზია! - თითონ, რა? არ იცის? - იცის, როგორ არ იცის, მაგრამ მე რომ ვეტყვი უფრო სწრაფად დაიწყებს მოძრაობას! - რატომ? - იმიტომ რომ, გული აუჩქარდება! - გული რატომ აუჩქარდება? - იმიტომ, რომ გოგოა! მერე? ცოდო არ არის? - ცოდო? რას ამბობ, წიპო? ეს ხომ მათი დანიშნულება არის! ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ გული არ აუჩქარდა, მისი ცხოვრება უინტერესო იქნება! " :) "ჭურვ-ჭიანჭველებზე" მართლა არ ვიცოდი.
300 არაგველის გმირობასაც გავდა, რაღაცით.
ეს არის ძალიან კარგი ზღაპარი- შემეცნებითი, იდეური, ემოციური.
"- ვეტყვი, რომ ლამაზია! - თითონ, რა? არ იცის? - იცის, როგორ არ იცის, მაგრამ მე რომ ვეტყვი უფრო სწრაფად დაიწყებს მოძრაობას! - რატომ? - იმიტომ რომ, გული აუჩქარდება! - გული რატომ აუჩქარდება? - იმიტომ, რომ გოგოა! მერე? ცოდო არ არის? - ცოდო? რას ამბობ, წიპო? ეს ხომ მათი დანიშნულება არის! ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ გული არ აუჩქარდა, მისი ცხოვრება უინტერესო იქნება! " :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|