ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბრავო
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2013


ბებოს დარიგება

მეტად  ძნელი და მძიმე მოსასმენია ჩემი სიყვარულის ისტორია, ამიტომ თავს არ შეგაწყენთ ამის მოყოლით, გეტყვით მხოლოდ იმას რომ ერთ მშვენიერ დღესაც გულმა და გონებამ ვერ გაუძლეს ერთმანეთს და მე გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც ბევრმა გააკეთა იმედგაცრუებისა და უიმედობის ნიადაგზე, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლომდე არ გაწირა უფალმა ჩემი ბედკრული სული და ვიღაც მადლიანმა მეთევზემ ცოცხალ-მკვდარი გამომათრია მდინარის ნაპირას. სხეულზე რთული სულის გადარჩენა აღმოჩნდა, დიდი ხანი  იტრიალეს ჩემ ირგვლივ ქალაქის საუკეთესო ფსიქოლოგების და ფსიქიატრების ხალათებმა და რამოდენიმე ხანში, როცა დარწმუნდნენ რომ იგივეს აღარ გავიმეორებდი,მშობლებმა გურიაში, ბებიასთან გამიშვეს "სამკურნალოდ".
ბებიაჩემი ოთხმოცდაექვსი წლის, მრავალტანჯვაგამოვლი ქალი იყო. იგი, მიუხედავად მისი ასაკისა, სოფელში ერთ-ერთ ჭკუასაკითხ ადამიანად ითვლებოდა.
ჩემი ამბავი ცოტა შეალამაზეს და ისე უთხრეს. შვილიშვილებში ყველაზე პატარა მე ვიყავი და ჩემზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, ერთნაირი ემოციით განიცდიდა ჩემს მისვლასაც და წამოსვლასაც.
რომ ჩავედი, ჩვეულებისამებრ შემომეგება თვალზე ცრემლით, მეფერა ერთი საათი, გამომკითხა სწავლის საქმეები, მერე სოფლის ამბებს მოჰყვა, რაც საჭიროდ ჩათვალა, და მალე პირველი დავალებაც მივიღე მისგან, კოჭლ მამალზე მიმითითა და მთხოვა დაიჭირეო, მივხვდი რაც ელოდა საწყალ ფრინველს, მაგრამ უკვე გადაწყვეტილი იყო მისი ბედი და მეც დავნებდი ბებიას. ძვლივს დავიჭირე მამალი, მივუყვანე და იქაურობას გავეცალე, არ მინდოდა მსხვერპლშწირვის ცერემონიალს შევსწრებოდი.
იმ დღეს ბევრი ვილაპარაკეთ, რა აღარ მკითხა რა აღარ მომიყვა, იმ მთავარ საქმეზე კი სიტყვაც  არ დაუძრავს, ისიც კი ვიფიქრე, იქნებ არაფერი იცისთქო.
მეორე დღეს, დაწოლის წინ მკითხა:  შენ ბებია სიყვარული თუ იცი რაიაო?მივხვდი სადაც უნდოდა სუბრის წაყვანა, მაგრამ ძალიან მეძინებოდა და რომ აღარ გაეგრძელებინა მოკლედვე არათქო ვუთხარი და თვალები დავხუჭე.
ისიც მიმიხვდა საუბრის გაგრძელება რომ არ მინდოდა და მხოლოდ ეს მიპასუხა:
-რაია ბებია და მიჩვევაა ორი გამოშტერებულის ისე, რომე ვეღარ დეეთხუონ ერთმანეთს, მაი მარტო კაცს და ქალს კიარ ემართება, პირუტყვებშიც ხდება მასე,არ დეიჯერებ ახლა შენ ამას და ჩემ გამოჩერჩეტებას დააბრალებ, მარა ადექი ხვალე დილას ადრე და განახებ შენი თვალით მაგასო. შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
მეორე დღეს შვიდ საათზე ამდგარმა გავახსენე ბებიაჩემს, აბა რა უნდა გეჩვენებინა-მეთქი. - წამოი, -მითხრა მან და ძროხების სათავსოსკენ გამიძღვა, სადაც, ერთ ოთახში ხბო და ცხვარი მშვიდად იწვნენ და იცოხნებოდნენ. - აგენი 5 თვეია არ მომიშორებია ერთმანეთს, -დაიწყო მან, -ყველგან ერთად დადიენ, მინდორშიც, წყალზეც და სახშიც, ამას ცხვრებთან არუნდა და ამას - ძროხებთან, ცა და ქვეყანას ურჩევნიენ ერთმანეთი. ამას აგერ(ცხვრისკენ მიუთითა ხელი) წყალს რომ დუუდგამ,იმდენს, რომ ვიცი მარტო მაგას არ ეყოფა, მაინც ტოვებს პატარას კარდალაში  და უცდის ხბოს, თუ დალევსო. ასე არიენ დღეი და ღამე ერთად, ახლა წამოი და კიდო განახებ რაცხას. -  ხბოს თოკი ჩააბა და მინდორში გაუშვა, ცხვარი კი ეზოს შიგნით, ცოტა მოშორებით დააბა, ისე, რომ ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. გავიდა რამოდენიმე საათი და არც ერთს და არც მეორეს ბალახისთვის პირი არ დაუკარებიათ, გაუჩერებლად ბღაოდნენ ორივენი, მერე კი, "ექსპერიმენტის" დასასრულს, რაგინდ არ უნდა გაგიკვირდეთ, ორივეს ცრემლი შევამჩნიე თვალზე. - აგენი პირუტყვები არიენ ბებია, - რეზიუმეს გაკეთება სცადა ბებიაჩემმა, - არ იციენ არც ფიქრი და არც ოცნება, ჩვენ იმ დალოცვილმა ღმერთმა რომ დაგვბადა გონება მოგვცა და ასე თქუა, იყაით რაფერც თქვენ მოგინდებათ ისეო, იმიზა მოგეცით თავში ტვინი, რომ ცხოველებისგან განსხვავებით ფიქრის უნარი გაქვენო, კარგად აწონ-დაწონეთო რასაც გააკეთებთო, თვარა მერე რაცხა რომ გაგიჭირდებიენ მე არ დამაბრალოთ მაიო. იმ ხბოს ჩვენნაირად რომ ქონოდა ტვინი, მოაწობოდა მაგ ჭიშკარს, გეიღებოდა და გამეიქცეოდა ცხვრისკენ, მარა არაქვენ მაგენს მაგის უნარი, ჩვენ გვაქ მარტო გონებით მოქმედების საშუალება, მარა თუარ გამეიყენე მაი ტვინი მაგ ხბოზე მეტი შტერი იქნები ბებია, ვინცხა რომ გიყვარს და  მთელ დუნიას გირჩევნია გლახა კიარაა მაი , მარა პატარე ტვინი თუარ მიაყოლე სიყვარულს დეიღუპები, ქე ვიცი მეც ძნელი რომაა გონებით გულის მოთოკვა, მარა ადამიანი იმფერი რაცხაა ყორფელი შეუძლია თუ მეინდომა. თუარ მეინდომე და აყეი გულს დეიტანჯები ბებია,არც ღმერთს არ მოთხუო არაფერი, მიტუმეტეს არ დააბრალო, ღმერთი ჩუქნის სიყვარულს ადამიანებს ბებია და დიდი საჩუქარია მაი, მაგიზა განაწყენება როვა შეიძლება, პირიქით მადლობა უთხარი. სიყვარული რომ გაქ გულში მაშინ ხარ ადამიანი, აბა რაია ცხოვრება ისე, ან თავს დაღუპავ და ან სხვას. სიყვარულია ყორფელი ამ ქვეყანაზე, რაი მომაწევიებდა ამ ხნეზე მე უსიყვარულოდ, ტანჯვა-წამებაში გავატარე მთელი ცხოვრება იმის გულიზა რომე კარგათ ყოფილიყაით თქვენ ყველე, ვინცხა მე მიყვარდით. საწყალმა ბაბუაშენმა, ჩემმა ნენენ რომ უთხრა არ გამოგატან ამ ქალს, სახლი შენ არ გაქ და კარიო, ნაწლავებზე დეიბიჯა ფეხი და ამხელა სახლი მარტუამ ააშენა, ოცდაექვსი წლის იყო, კაციშვილი არიყო მაგის მომხმარე, სიყვარული რომ არ ქონოდა მიზეზი რაის გამკეთებელი იქნებოდა?! ხელს თუ გიშლის რაცხა, მაინც არ უნდა დაკარგო იმედი, ყორფელი უნდა გააკეთო შენი სიყვარულიზა, აბა ბებია თავი თუ მეიკალი იმის გულიზა, არ ვუყურვარ იმ აბდალა გოგოსო, მაი ხომ არაა გამოსავალი, დეიტანჯავ სულს და დატანჯავ იმასაც, თუ გიყვარს იფიქრე იმაზეც, გააგრძელე ცხოვრება ისე, რომე ვითომ შენს დიდკაცობას ელოდებოდეს შენი სიყვარული, თუ გიწყალობა ბედმა და ჩაგახუტა მის სულს ხომ კაი, თუარადა სიყვარულით გატარებული ცხოვრება ხომ დაგრჩება მაინც, დაგრჩება და ეგერ გამოგადგება მერე იმ დალოცვილის წინაშე რომ დადგები როცხა იქნება, დიდი ხანი გაცოცხლოს ღმერთმა. მეიკრიფე ძალა, კაცი ხარ შენ. იი კიარ თქუა, რას მასწავლის აი გამოშტერებული დედაკაცი ამ ახალგაზდა ბიჭსო, კაი მინდა ბებია შენდა მე და იმიზა გელაპარაკები ამდენს, გევიგე მე ყორფელი, მოკლა გინდა საწყალი დედაშენი? იმ აბდალა ბაღანასაც ნუ გუუმწარებ სიცოცხლეს, არ უყვარხარ ისე რაფერც შენ გინდა და რაი ქნას? სხვანაირათ უყვარხარ და დოუფასე მაი სიყვარული, მეეფერეთ და მოუფრთხილდით ერთმანეთს, მეგობრობის ფასი არაფელი არაა ბებია, რასიზამ ასე ყოფილა საჭირო, ბედზე მთლა აბდალასავით მიყოლა არაა კაი საქმე, მარა ბევრი ბორძიკიც არ უნდა დუუწყო თუარა ჩამოგენგრევა ყორფელი თავზე. ახალგაზდები ხართ ჯერე, წინაა ცხოვრება, მაი როვა შეილება ბებია, სიცოცხლე და ამხელა სიყვარული გაჩუქა ღმერთმა და წყალში გინდა ჩოუყარო ყორფელი იმ დალოცვილს? თავის მოკვლა რომ გამოსავალი ყოფილიყო რაი მაცოცხლებდა ამხნობამდე, ოცდათორმეტი წლის ანგელოზივით ვაჟკაცი ჩავდე მიწაში, მარა ოცდაათი წელიწადი ვიცხოვრე მერე კიდო ხომ ხედავ? წაი ახლა და მარანში, შუაში რომ დიდი ჭურია მოხადე და ამეიღე ერთი ხუთლიტრიანით ღვინო, ბიძაშენს გოუგია შენი ჩამოსვლა და გამოვალ შუადღეზოე შემოგითვალა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები