ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
21 ივლისი, 2013


უცხო თესლი (იგავ-არაკი)

  მიწა ნოყიერი
  კაცი ღონიერი
  ღმერთი გონიერი

  ვაჟა ძია კაცი იყო ღონიერი. ჯანი არ აკლდა მკლავებში და არც მუხლს უჩიოდა. შრომა უყვარდა ძალიან. თანასოფლელებსაც უყვარდა ახალი მოსახლე. მხიარული და მეტად კეთილი ადამიანი იყო. „უფალს უყვარსო ვაჟა!“ - ასე ამბობდნენ სოფლელები მასზე. იცოდა ვაჟა ძიამ ყველაფერი და ერთი-ორად თესდა სიკეთეს მეზობლებში. ადრე, აღმოსავლეთში, ჩრდილოეთით ცხოვრობდა და შვილის დაჟინებული თხოვნით დასავლეთში დასახლდა. სოფელში, რომელიც თავად აირჩია. სტუმართმოყვარეობა არ ეშლებოდა ვაჟას და არც მასპინძლობა იცოდა ურიგო. მისი ეზოს კარის წინ იკრიბებოდნენ თანატოლები და ქუჩის გადაღმა კი ახალგაზრდები, რომლებიც ზაფხულში თაკარა მზეს გამოქცეულნი სოფლის მშვიდ და გრილ ადგილებში აფარებდნენ თავს. ერთი ასეთი შეკრების დროს ვაჟა ძიამ მეზობელს სთხოვა:
  - ბიჭო გოგია, საბოსტნე მიწა არ მქვს და იქნება შენი დამითმო. ქე რო ჩემი ყანის უკან არის. ძმურად გავიყოთ. შენი შენსას მიათვალე ჩემი ყანის უკან ჩემსაში ჩავთვლი?
  - გადაფორმება არ მომთხოვო ვაჟას შემოვევლე და ფეშქაში იყოს ორი მუჭა მიწა შენთვის. - უპასუხა გოგიამ.
  - აგაშენა და დაგაშენა ღმერთმა შენი კაი კაცობისთვის გოგია! ახლა გვიანაა და მომავალ წელს მივხედავ შენ ნაჩუქარ მიწას - დალოცა ვაჟამ ღობის იქითა კეთილი მეზობელი.
  - აბა, რას ამბობ ვაჟა, განა შენგან ნაკეთებ სიკეთეს დავივიწყებდი? არა, გრცხვენია?! - მადლობის ნიშნად მიაყოლა სიტყვა გოგიამ. - ერთი კი იცოდე, მაგ, მიწაში როგორც მახსოვს უცხო თესლი ჩავარდნილა და მოხვნას ელოდება. რადგან არაფერი ვიცი მისი, ამიტომაც არ ვხნავდი. გაყამირდა ის მიწა. შენი ხელი უნდა. იქნებ რამ იხაროს? რატომ ადრე არ მითხარი, წელი არ გაცდებოდა, ადამიანო?
  - მომერიდა პაწა, მაგრამ არაფერია, გაიხარე გოგია, გაიხარე!  ქოგორლუაფუდა ჯიმა! იქნებ მაგ ნაყოფისგან შენც ნახო ხეირი და ჩვენმა კეთილმა სამოზობლომ.
  - შენი ჯანი და მისი ნაყოფი!
  ამასობაში შებინდება დაიწყო დღემ, საქონელი კარს მოადგა. აიშალნენ მეზობლები, ახალგაზრდები კვლავ განაგრძობდნენ თამაშს. ვაჟა ძიამ კი საქონელს შინ შეუძახა და დააბინავა. ყოველდღიური სოფლის ცხოვრება ენერგიას მატებდა ვაჟა ძიას.
  სოფელი მდინარის პირას გადაშლილიყო, მწყობრად ჩალაგებული ოდა სახლები თავმომწონედ იდგნენ და უძლებდნენ წლების მიერ მოტანილ ჟამთა ავ-კარგიანობას. ვაჟა ძიას გულს უკლავდა რამდენიმე მიტოვებული სახლი, რომელბსაც სიცოცხლის ნიშანწყალი დაჰკარგოდათ. ათასჯერ იკითხავდა-ხოლმე მეზობლებში თუ რას უპირებდნენ მესაკუთრეები მათ, მაგრამ პასუხი ყველასგან ერთი იყო: „აბა, ჩვენ რა ვიცით ვაჟა ძია, თავად პატრონებს მიუყრიათ სუროს საჭმელადო!“.
  გაზაფხულიც მოვიდა!
  იწყო ხვნა-თესვა ვაჟამ. იმ ადგილსაც გადაუარა გუთნით სადაც უცხო თესლი ჩავარდნილიყო. სათუთად მოევლო ნათესისთვის მას და ყოველდღიურ შრომაში ჩათესილ ნაყოფს, დილაადრიან შეავლებდა-ხოლმე თვალს, „სადმე ბალახს ხომ არ ამოუწვერიაო“.
  ჟამდღიანობით შემოდგომაც მოახლოვდა. არც კი ახსოვდა, უკვე სახედაღარულ, ჭაღარა შეპარულ თმიან ბერიკაცს, რომ უცხო თესლისთვისაც გაევლო ხნული. მოსავლის აღების წამს, წამით შეავლო თვალი მისთვის უცხო სილამაზეს და დააშტერდა!
  - გოგია, გოგია ბიჭო, მოდი აქ გაფიცებ ძმობას, ნახე რა ლამაზია და უცხო ეს დასაღუპავი! - დაუძახა გოგიას ვაჟა ძიამ, რომელიც თავის ეზოში მსგავსად შრომობდა.
  - მართლაც,  ვაჟა! გახედე კაცო, კაცს თვალებს დაუვსებს მისი სილამაზე! ნეტა რა შეიძლება იყოს?
  - მსხალს, არ ჰგავს, არც ატამია, არც კივი... რა უნდა იყოს?!
  - აბა, რა გითხრა?! არც ვაშლია, არც ბალი, მიუმეტეს ქლიავი... მართლა რა უნდა იყოს?
  მთელი სამეზობლო შეყარეს ორმა გაკვირვებულმა მამაკაცმა. ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო. არავინ იჩემებდა ცოდნას და ხელებს ასავსავებდნენ.
  - მართლა რა მვენიერი რამეა ვაჟა ძია, შენც დაელოდე, გაიზარდოს და მერე უფრო მიხვდები რა ხეა, ნაყოფზე მიხვდები!
  - ხეა?
  - ხე იქნება, აბა ამას ბოსტნეულის არაფერი უგავს, ბიჭო გოგია.
  - მართალი ხარ, დაველოდოთ, ვნახოთ რა გაიზრდება?!
  მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა. მართლაც ხე შეიქნა, მაგრამ უნაყოფო. ტანი აიყარა და დაიტოტა! ვაჟა ძია ამ წლების მანძილზე გულმოდგინედ აკვირდებოდა მის ზრდა-განვითარებას და ადვილად შეამჩნია, რომ დილით ჩრდილოეთის სხივს დაჰყვებოდა, საღამოსკენ კიდევ დასავლეთისას. ხუთ წელიწადში არც თუ ისე გაეშალა ტოტები, მხოლოდ ტანად გაიზარდა. მომდევნო წლიდან ფართოდ დაეწყო ტოტების შლა და ნახევარი სახნავი მიწა დაეფარა ჩრდილად. ნელ-ნელა ვაჟა ძიას მოსავალი გაუნახევრდა, რადგან ჩრდილში ხან ერთი მხარე ექცეოდა, ჩრდილოეთისა და ხან მეორე მხარე, დასავლეთისა. გადაწყვიტა რჩევა მეზობლებისთვის ეკითხა!
  - გოგია, ერთი მითხარი არაფერი შველის შენ ნაჩუქარ მიწას? აქამდე ნოყიერად ვიღებდი მოსავალს და რა ჭირი ეტეკა ვერ გამირკვევია?! მგონი ხის ბრალი უნდა იყოს?! ხან შენი მხარე მიფუჭდება ხანაც წყლისპირმხარისა.
  - შენ, მართალი ხარ! ხის ბრალია. აჩრდილებს და მოსავალსაც აჭკნობს. რამდენი წლისაა ხე?
  - ცხრა წლის. რა უნდა ვქნა?!
  - არ ვიცი?! ხე ლამაზია...
  - მისი სილამაზე რაში მარგია გოგია, როცა მოსავალი კეთილი, სარგებელს არ იძლევა?
  - შენი საქმისა შენ იცი ვაჟა ბატონო! მე ჩემი გითხარი!
  დაფიქრდა ვაჟა ძია. ცულს ხელი დაავლო, ბაღჩისკენ მიმართა ნაბიჯები და ხე ძირში მოჭრა! - ზამთარში მაინც ვიხეირებ და შეშად გამოვიყენებო. - თქვა მან.

  იმ საღამოს სიზმარი ნახა ვაჟა ძიამ - უფალი ესტუმრა სახლში. მიიღო და გაუმასპინძლდა. „სად მიდიხართო?“ ჰკითხა უფალს მორცხვად.
  - არსად ვაჟა. შენთან მოვედი. რასაც ახლა გეტყვი სხვებსაც უთხარი და კარგად დაიმახსოვრეთ!
  - გისმენთ, უფალო!
  - ის რაც შენ გადაგხდა, ჩემი პატარა გაკვეთილი იყო. მიწა მე მოგეცი, რადგან ვიცოდი ადვილად დაამუშავებდი მას, ღონიერი ხარ. უსულოს სულიერი ასაზრდოებს და აცოცხლებს სანამ ჯანი აქვს, ხოლო უცხო თესლი ჩემი საჩუქარი იყო ჭკუის სასწავლებლად. გონიერება კი ბევრს გღალატობთ.
  უცხო თესლი არასოდეს გახეირებს რაც არ უნდა ქება დიდებით შეამკო მისგან აღმოცენებული სილამაზე!
  ახლა გაიღვიძე, გაიღვიძე-მეთქი!
  თვალი გაახილა ვაჟა ძიამ, ცივი წყლით ხელ-პირი დაიბანა, სწრაფად ჩაიცვა და ბაღჩისკენ გასწია. იქ კი,  მოჭრილი ხის ადგილზე მაყვლის მოზრდილი ბუჩქი დახვდა!
„ღმერთი გონიერიაო!“ - წარმოსთქვა ხმამაღლა, პირჯვარი გადაიწერა და მეზობლებთან წავიდა.




გიგო რიონელი
15 ივლისი 2013 წელი



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები