დილაბნელზე გაეღვიძა; გონებაში ჩარჩენილმა, მომავალი დღის გადარჩენის იმედმა ძილშიაც მოსვენება დაუკარგა და ერთიანად დაოსებულ-დასახიჩრებულ სხეულს კვლავ სიცოცხლის წყურვილი გაუღვივა. გაახსნდა, რომ მეორე ტყვია ნაშუაღამევს გაისროლა, როცა ისევ გამოაღვიძა მგლების ყმუილმა და ახლა თოფი ცარიელი ჰქონდა. მაშინვე დაწვდა, უკვე ნაცადი ხერხით ადვილად გადახსნა, დატენა და ისევ გვერდზე დადო. შვებით ამოისუნთქა. სიცივისაგან ისევ აკანკალებდა, მაგრამ ცდილობდა არაფრად ჩაეგდო. საჩქაროდ ქვებით დარწყულებას შეუდგა. გამალებით ლოკავდა დანამულ ქვებს და უხაროდა, რომ დღეს, ბოლოსდაბოლოს დასრულდებოდა ყოველივე. იცოდა, წინ რომ კლავ სხეულის გვემა. მწარე ტკივილი და სიცხისაგან გაუსაძლისი ტანჯვა ელოდა, მაგრამ არც ეს ანაღვლებდა, რადგან ამით ხომ ხნის ჟამიც მეტად მოახლოვდებოდა. გულში სურდა კიდეც, რაც შეიძლება მალე დამდგარიყო ეს ჯოჯოხეთური წამების დრო, რათა მალევე დასრულებულიყო იგი. მზემაც დიდხანს არ ალოდინა და კვლავინდებურად მცხუნვარე სხივები მოჰფინა გარემოს. დროებით მიძინებული წყურვილი და შიმშილიც ნელინელ იღვიძებდნენ მასში. მარჯვენა ხელ-ფეხი რუმბივით გასიებოდა. მთელს სხეულს ტკივილი გლეჯდა და მხოლოდ ერთადერთი – იმედიღა ფეთქვდა მის თითქმის უსიცოცხლო სხეულში. “- დღეს დასრულდება ყველაფერი! დღეს უნდა ეყოს ძალა! დღეს აუცილებლად მოვლენ და როცა მათი საუბრის ან ცხენის ფლოქვების ხმას გაიგონებს, თოფს გაისვრის. არა, ჯერ ერთი ტყვია უნდა გაისროლოს და როცა შედგებიან, მეორესაც მაშინ გაისვრის.... ისინიც აუცილებლად დაინტერესდებიან. ხომ შეიძლება ნანადირევის გემრიელ ხორცსაც გამოჰკრან ხელი. ჯერ არასოდეს არ მომხდარა. რომ ასეთ განმარტოებულ ადგილებში, რაც არ ნდა უცნობები ყოფილიყვნენ, ადამიანებს ერთმანეთისთვის აევლოთ გვერდი, ერთმანეთ არ გამოცნობოდნენ, ერთმანეთთან თითო ლუკმა არ გაეტეხოთ და ათიდან ცხრა შემთვევაში არ დამეგობრებულიყვნენ. ეს წესი ლამის დაუწერელი და უღალატო კანონად ითვლება მთაში. ისინიც აუცილებლად მოვლენ. თანაც მცირედად დაისვენებენ კიდეც. საგულდაგულოდ გადანახული არაყიც აუცილებლად თან ექნებათ, მთაში დატოვებულთათვის ყელის გასასველებლად. ასე რომ, მშვენიერო მიზეზი ექნებათ საქეიფოდ....” სიტყვა “ქეიფის” სხენებაზე ისევ აუდუღდა გულ-მუცელში ჯოჯოხეთური დელგმა. ტკივილისგან თვალები მოხუჭა. “-კიდევ ცოტა ხანი. სულ ცოტა და გადარჩება... მხოლოდ ერთი ლუკმა, მხოლოდ ერთი ლუკმა საჭმელი და ერთი ყლუპი წყალი... რა ბედნიერებაა, ცივი წყლის ყლუპი და გემრიელი საჭმელის მთელი ლუკმა...” მწარედ ამოიკვნესა და მუდარის მზერით დააცეცა თვალები გარშემო; თითქოსდა ვიღაცას დახმარებას სთხოვდა, ვინც იქვე უნდა ყოფილიყო და შველა ძალუძდა. სიმწრისაგან ცრემლმორეული თვალები დახუჭა. იგი სულ მარტო იყო, სრულიად მარტოდმარტო და ყველასგან გაგარიყული. “... - მანამ კი უნდა გაძლოს. ეს დროც აღარ არის შორს.... როცა იგი უკვე შინ იქნება, თავის ოჯახში და სწორედ იმ მწყემსებთან ერთად, რომლებიც მას დღეს სიკვდილისაგან იხსნიან... მაშინ კი პირთამდე აავსებს სუფრას უამრავი გემრიელი საჭმელით. მხოლოდ ძალიან გემრიელი, მსუყე, სურნელით ნერწყვის მომგვრელი საჭმელით. თვითონაც რა ხარბად დააცხრება საჭმელ-სასმელს. შეჭამს შეუსვენებლად, მთელ დღეს, მთელ ღამესაც და ვერც ვერასოდეს გაძღება... მას ხომ მთელი სამი დღე შიოდა, წყუროდა და ტკიოდა – დახეთქილი ტუჩები აუთრთოლდა. როგორ სურდა რომ სინამდვილედ ქცეულიყო ეს ოცნება - ... ჰო, დაუცხრომელი მადით შეექცევა თითოეულ კერძს, ხარბად დაეწაფება ქარვისფერ ღვინოს და უკვე სამშვიდობოს მყოფს, მხოლოდ შორეულ მოგონებად და კარგა ხნის წინათ ნანახ სიზმრად მოაგონდება სიცოცხლის დასასრწყულებლად სხვერპლად გაღებული თავისი სისხლის ყოველი წვეთი...” ისევ გამძვინვარებულმა შიმშილმა შემოუტია და ერთიანად გამოაფხიზლა ტკბილი ოცნებებიდან. ისე გამეტებით წაუჭირა მუცელში ჩაფრენილი კბილები, რომ ლამის ორად გაკვნიტა წელში. უმწეოდ მოიკრუნჩხა. “-ნუთუ ახლა დაეცემა?! ახლა აღარ ეყოფა ძალა, როცა ასე ახლოა საწადელთან?” კიდევ უფრო მზარდი ტკივილებისაგან თვალები გაუფართოვდა და სახეზე წამოფითრდა. მზერით ჯიხვის კლდეს შეეფეთა, მაგრამ უმალ გველნაკბენივით შეკრთა და სწრაფად მოარიდა თვალები. სახე მოაბრუნა და მოულოდნელობისაგან გაირინდა, ოდნავ წამოიწია და კარგად დააკვირდა მისგან ორიოდე ნაბიჯზე, მოზრდილი ლოდის ქვეშ მუშტისოდენად ამოზრდილ ბალახს. ჩვეულებრივ, მწვანე ბალახს ადრე რომ მხოლოდ ფეხით თელავდა. რაღაც სიხარულმა გაჰკრა გულში. ბალახი იყო, მაგრამ მწვანე, ცოცხალი და ალბათ წვენიც ჰქონდა. იქნებ რაიმე ევნო კიდეც; ან კი რატომ უნდა ევნო? ეს ხომ ჩეულებრივი საკვებია ოთხფეხთათვის და ისინიც ხომ არსებებია. რაც მთავარია მცირე ხნით მაინც დაუცხრობდა თავის გაავებულ კუჭს. შემდეგ კი ალბათ მწყემსებიც გამოივლიდნენ. გამოცოცხლდა. ბალახისაკენ წაიწია. შემობრუნებაც არ სჭირდებოდა. გვერდზე გახოხდა, თითებით წაეტანა და გამეტებით მოგლიჯა მთელი ბღუჯა ბალახი, შემდეგ გულაღმა გადაწვა. რამდენიმე წამს უძრავად იწვა და ხელში ჩაბღუჯულ ბალახს მიჩერებოდა. თითქოს ყოყმანობდა, მაგრამ შიმშილის შემოტევისაგან თითქოსდა მუცელ გამოფატრულმა, მაშინვე გადაწყვიტა და ნაჩქარევად ჩაავლო კბილები ბალახს. დამშეული მიეძალა. გახელებით ღეჭავდა ბალახს და ცდილობდა მისი არცერთი ღერი არ გადმოცვენოდა პირიდან. ჭამით გართულს ნერვიული სიცილი წასკდა. შიმშილისაგან, როგორც ბოროტი ჯადოქრისაგან, პირუტყვად ქცეულ ადამიანად იგრძნო თავი. მაგრამ ჭამა მაინც არ შეუწყვეტია. რადგან ეს უკვე მის ძალ-ღონეს აღემატებოდა, მას უკვე აღარ ძალუძდა საკუთარი თავისა და თვითგადარჩენის შმაგი ინსტიქტის დაოკება. შეჭამა თუ არა, მაშინვე ისევ ბალახს დაწვდა და სულ მოგლიჯა, რაც კი რამ იყო დარჩენილი. თითქოსდა სირცხვილს ემალებაო, თვალებდახუჭული, მაგრამ კვლავაც გახელებული ჭამდა ბალახს და არაფრად აგდებდა მის მწკლარტე გემოს. ისევ მიმოიხედა გარშემო, რომ იქნებ სადმე კიდევ დაენახა ქვების ჩრდილში ამოზრდილი ბალახი, მაგრამ ახლომახლო მის ნასახსაც კი ვერ მოჰკრა თვალი. გაფაციცებული მზერით, კარგა ხანს ამაოდ დაეძებდა თავის გარშემო მწვანე ბალახის თუნდაც ერთ ღერს. ბოლოს მისი პოვნის იმედიც გადაეწურა და ისევ გულაღმა გადაწვა. “-რადაც არ უნდა დამიჯდეს!...” ამხნევებდა საკუთარ თავს და ხსნის მოლოდინში სმენად ქცეული, თითოეულ წუთს ითვლიდა, იქნებ აგერ, სულ ერთი წუთის შემდეგ გაეგონა მწყემსების ხმა. და ისიც, ყოველი წუთის ბრმა სამარიტელივით უჩუმრად ჩავლის შემდეგ, მოუთმენლობით ატანილი, კიდევ მეტი მღელვარებით ელოდა იმ მომდევნოს, რომელიც ბოლოსდაბოლოს მისი გულის ძახილს გაიგონებდა, შედგებოდა და მის თავთით ჩაიმუხლებდა მსხენლ ანგელოზად მოვლინებული. მზემ უკვე ზენიტს მიაღწია, მაგრამ ბილიკის მხრიდან ჩქამი არ ისმოდა. მცხუნვარების მოძალებასთან ერთად კი მასაც მით მეტად ეცლებოდა ძალა და უიმედობაც უფრო მეტად უღვივდებოდა. მოთმინება დაკარგულს უცებ მოეჩვენა, რომ იგი უსინდისოდ მოატყუეს და ვერაგულად უღალატეს; წონასწორობიდან გამოსული დარწმუნებული იყო, რომ რატომღაც მწყემსები აუცილებლად უნდა მოსულიყვნენ და უსათუოდ ეშველათ მისთვის. “-იგი ხომ მთელი სამი დღე ელოდა. ელოდა დასახიჩრებული, უწყლოდა და ლამის უგონოდ, მაგრამ მაინც არ მოვიდნენ, არად ჩააგდეს, მარტოდ მიაგდეს და დაივიწყეს!” უკიდურესად დაჭიმულმა ნერვებმა უღალატეს და სიბრაზისაგან კანკალმა აიტანა. “-დამთხვეულები! არამზადები! ალბათ კუს ნაბიჯებით მოღოღავენ! მაინც სად დაიკარგნენ! იქნებ.... – ტანში გააჟრჟოლა – იქნებ დუქანშიც შეიარეს და პირუტყვებივით გაილეშნენ!... ლოთები! ახლა ხომ მანამ არ მოეშვებიან თავაწყვეტილ ღრეობას, სანამ სასმელით არ გაიჟღინთებიან და ისეცა ცარიელ თავებს კარგა ხნით არ გაანიავებენ!” უცაბედად საშინელი სიცარიელის მოძალება იგრძნო. მოულოდნელად თითქოსდა მისთვის ყველაფერი სულერთი გახდა, სიკვდილიც და სიცოცხლეც, იმედიც და განწირულებაც. ასკარად შეიგრძნობდა, თუ როგორ ნელინელ იშრიტებოდა მასში აქამდე არსებული სიცოცხლის ძალა დროთა მდინარებასთან ერთად, თუ როგორ თვალსა და ხელს შუა დნებოდა აქამდე სასოებით შემონახული იმედი. მთელი სხეული მოუდუნდა. რაღაც ტყვიასავით. მძიმე და კუპრივით ცხელი ჩააწვა გულში, საშინლად ატკივდა დაყ ველა აქამდე არსებული ტკივილი გადაფარა მასში. იგი ერთიანად დათრგუნა ასე მოძალებულმა გადარჩენის უიმედობამ, ბრძოლის ჟინი, წინააღმდეგობის ყოველგვარი უნარი წაართვა მას და აქამდე მუდამ დაუდგრომელ სულში მღვივარე შეუპოვარობის ჯერ კიდევ მბჟუტავი კოცონიც საბოლოოდ ჩაუქრო. იგი ამ წუთამდე მოთმინებით ებრძოდა ყოველგვარ ხორციელ ტკივილს, მაგრამ ბევრად მძიმე და გაუსაძლისი ყოფილა სულის ტკივილი, სასოწარკვეთამ რომ ულმობლად დაუფლითა აქამდე დაუსახიჩრებელი და დაუმორჩილებელი. წუთიერად მოვარდნილმა უიმედობის მეწყერმა ერთიანად მოანგრია და წალეკა მისი რწმენის, შეუპოვრობისა და მოთმინების ყველა ჯებირი. წონასწორობიდან გამოსული ბოლოსდაბოლოს მაინც მინებდა მის მღვრიე დინებას და ყოველივეზე ხელჩაქნეული, უშფოთველად შეურიგდა თავის ბედს. “- მაშ ბარემ მალე მოკვდებოდეს და ეს წამებაც გათავდებოდეს. ბოლო მოეღებოდეს ამ აუტანელ და დაუსრულებელ ამაო ლოდინს. როგორ ინატრებდა ახლა ისეთ მეყსეულ სიკვდილის, მის მიერ მოკლული ჯიხვი რომ შეიწირა. ალბათ ეს კლდე იყო მისთვის ბოლო აუღებელი ქაჯეთის ციხე და ჯიხვი - უკანასკნელი, მისგან ძლეული მწვერვალთა რაინდი. მეტოქეც ღირსეული შეხვდა; ბრძოლანაცადი, ბებერი ჯიხვი. რა ამაყად შეეგება თავის აღსასრულს, რა უშფოთველად და უშიშრად დაუხვდა სიკვდილს. რაოდენი დიდებულება ცოცხლობდა მასში.” თვალები გაახილა და ჯიხვის კლდეს გახედა. უკვე ენანებოდა კიდეც მისი სიკვდილი. ეს პირველად შეეცოდა მის მიერ მოკლული ნადირი, პირველად დასწყვიტა გული თავისმა წარმატებამ და პირველად შეხედა ჯიხვს, არა როგორც მისი სტომაქის სიამოვნებისა და სიქველისათვის შექმნილ არსებას. ისევ მილულა თვალები და დაელოდა. მთელი ამ ხნის მანძილზე თუ სიცოცხლეს ელოდა, ახლა მხოლოდ სიკვდილს ელოდა მოუთმენლად. “-ისევ ლოდინი...” გამწარებით გაიფიქრა გულში. მაგრამ სიკვდილი დიდხანს აღარ ალოდინებდა. იგი ხომ ამდენი ხანია მისკენ მიილტვის, მის დაუფლებას ლამობს, მას დასტრილებს თავს მშიერ ძერასავით და უსათუოდ მალე მოვა. უკვე ლოდინის ტკივილი არ ასვენებდა. “-ოღონდაც მალე მოვიდოდეს. მალე განშორდებოდეს ტკივილით ასე მოყირჭებულ თავის სიცოცხლეს. იქნებ... – რაღაც აზრმა გაუელვა გონებაში და შეაკრთო – იქნებ თავიც მოიკლას და მეყსეული სიკვდილით დაუსვას საბოლოო წერტილი ყველაფერს... მაგრამ არა! – მაშინვე მტკიცედ უარყო ეს აზრი – ამას არ იზამს! ასე არ დაეცემა! თავისი ნებით არ დანებდება; თვითონ არ მიართმევს თავისთავს მსხვერპლად; დაე მოვიდეს და დაამარცხოს. დაიმორჩილოს, მაგრამ მხოლოდ ძალით, მხოლოდ ბრძოლაში, თუნდაც ასე უთანასწორო შერკინებაში...” მზის პაპანაქება, როგორც გამდნარი ლავა, ისე წვეთწვეთად ეღვრებოდა, გონებაში. უკვე ფიქრიც კი უჭირდა. მცხუნვარება და სიკაშკაშე აბრმავებდა და წვავდა გარემოს. “-მხოლოდ ბრძოლაში... ნებით არასოდეს .... არასოდეს...” აზრები ჰაერში ფარფატებდნენ და ერთმანეთში იხლართებოდნენ, ყოველი განცდა და შEგრძნება ერთამნეთში აღრეულიყო და ერთურთში იბლანდებოდა. ყველაფერი ბრჭყვიალა სივრცეში დაცურავდა და ერთამნეთში ითქვიფებოდა. განურჩევლობის სქელი ბურუსი, საღამოს ბინდივით ეფინებოდა თვალსაწიერს.... “- ნებით არა... მხოლოდ... არასოდეს...” ყოველი ნივთიერი ნელინელ იძირებოდა ქაოსის ზვირთებში და აღუქმელობის აბლაბუდით იფარებოდა. ყოველივე თანდათან დნებოდა და უსასრულობაში მიედინობოდა... ქვიშის ჩუმი ჩხრიალი მისწვდა მის სმენას. “-ჰო, ალბათ ეს ისევ ქვიშის ნაკადულია, თავისი გავარვარებული წვეთებით რომ მორაკრაკებს კლდეთა შორის... თანდათან ახლოვდება. ასე გგონია, თითქოს კლდიდან სასწაულად მომსკდარი პატარა წყარო მოიკვლევს შენსკენ გზას. მისი ხმა კი ჯერ კიდევ თანდათან მოიმატებს... კი, ასეც არის. უფრო ახლოდან და გარკვევით ესმიხ. ახლა კი თანდათან მიწყდება და მიილევა ... მაგრამ ჯერ არა, ჯერ კიდევ მოიწევს. თუმცა... თუმცა ახლა რაღაც უჩვეულოდ დიდხანს ესმის მისი ხმა, დროგამოშვებით და თანაც ნელი, თითქოსდა უცნაური მონაცვლეობით. ალბათ ლოდებს შორის ჩახჩრიალებისას იკარგება მისი ხმა. მაგრამ .... ეს ხომ იმ მხრიდან ესმის, საიდანაც ასე მაღალი კლდე არ აკრავს. მაშ რა უნდა იყოს? .... ისევ განაგრძობს მოახლოებას და ისევ იმავე მონაცვლეობით... როგორ გავს იგი ადამიანის ნაბიჯების ხმას, ის რომ ასე დიდხანს ელოდა. რა უცნაურია ადამიანის გონება, ცდილობს ის დაინახოს რაც მას სურს და რაც სინამვილეში არ არსებობს. თუU კი წეღან წყლის ნაკადულად მიიღო ქვების ჩხრიალი, ახლა ადამიანის ნაბიჯების ხმად გადაქცვია იგი.... თუმცა ეს ხმა მაინც არ წყდება... ჰოი ღმერთო მართლაც რა აშკარად გავს იგი წვრილ ქვიშაზე მოსიარულე ადამიანის ფეხის ნაბიჯების ხმას... მაგრამ ეს ხომ არც ბილიკის მხრიდან ესმის. ეგებ... ვიღაც მასავით, უიღბლობით შორს გადმოხვეწილი მონადირეა. ხმა კი ისევ უახლოვდება. ნუთუ ბოლოსდა ბოლოს მაინც აღსრულდა მისი ოცნება?.... კიდევ უფრო აშკარად ჩაესმის ქვების ჩხრიალი. არა, თუ კი მას გონების მისხალი მაინც შერჩენია, ასეთი ხმა მხოლოდ ადამიანს შეძლება გააჩნდეს. ეს მართლაც ნაბიჯებით მოჩხრიალე კენჭების ხმაა. რა საამურად ჩაესმის ეს ჩამიჩუმი. ალბათ მან იგი უკვე დაინახა კიდეც. ფეხის ხმა ისე ახლოდან ესმის, რომ სულ რამდენიმე ნაბიჯზე თუ ქინება მისგან და ის კი ისევ არ წყდება. ესე იგი შეამჩნია. შეუძლებელია ასე ახლოდან არ დაენახა!... ისევ მოდის. მაშ იგი გადარჩა. იგი იპოვნეს და უაცილებლად გადაარჩენენ. მაშ მაინც აჯობა სიკვდილს!... მაგრამ რატომ მოდის ასე აუჩქარებლად, ნელა და ცოტა არ იყოს ფრთხილადაც, თითქოს ნადირს ეპარებოდეს? თვითონ აქ გდია ლოდებს შორის, იგი მას ხედავს და არც კი ჩქარობს! უსისხლო ხომ არ არის, ისე მშვიდად რომ მოემართება მისკენ თითქოს ადამინის მაგივრად, გზად გადმოგორებული ქვას უახლოვდებოდეს!...” მოუთმენლობისაგან გული აუჩქროლდა. ერთიანად აიტანა მღელვარებამ. ფეხის ხმა ისევ უახლოვდება. სულ ახლოს მოვიდა. კიდევ უფრო ახლოს, ისევ დინჯად და აუჩქარებლად. ის უკვე ისე ახლოს უნდა ყოფილიყო მისგან, რომ სულ ცოტაც და თუ მართლა ბრმა არ იყო ალბათ ფეხსაც დაადგამდა... უცებ ფეხის ხმა მიწყდა. მიხვდა, რომ ის ვიღაც მის ახლოს იდგა და მას შესცქეროდა. თვითონ, თვალებდახუჭული ვერაფერს ხედავდა, მაგრამ რაღაც საოცრად ეცნაურა მისი უხილავი მზერა, ზუსტად ისეთი, როგორიც მან ჯიხვის ჩამოსაგდებად კლდეზე ასვლის წინ იგრძნო. ამან ცოტა არ იყოს ააფორიაქა. კვლავ რაღაც იდუმალება და შიში შეეპარა გულში. ქვეცნობიერად მიხვდა რომ იგი არ უნდა ყოფილიყო ერთი მისნაირთაგანი. არადა, რა ცხადად ჩხვლეტდა ეს მწარე და გამჭოლი მზერა, მის სახეს რომ აკვირდებოდა. თვალის გახელა სცადა. მაგრამ მზერა მოჰკვეთა მზის სიკაშკაშემ. “-იგი ისევ დგას და მას შემოსცქერის. არც კი დახრილა, თითითაც არ შეხებია... ღმერთო, კი მაგრამ რატომ? იქნებ იმასაც კი ფიქრობს, რომ იგი უკვე მკვდარია?” კვლავ სცადა თვალების გახელა. ჯიუტად გაუსწორა მზერა მზის დამაბრმავებელ სხივებს, ვერაფერი დაინახა... თუმცა კი, თითქოსდა ხედავს კიდეც “-ჰო ადამიანია! ადამიანი! რა საამოდ ჩაესმა ეს სიტყვა-“ადამიანი”. ანუ იგივე ხსნა, გადარჩენა და სიცოცხლე@” თუმცა ჯერ ვერც კი ხედავდა გარკვევით. ჯერ მხოლოდ მზის სხივებში გაბნეულ მის ბუნდოვან სილუეტს არჩევს, თითქოსდა გამჭვირვალეს. მაგრამ თანდათან შეაჩვია თვალი, უკეთ ხედავს, კიდევ მეტად არჩევს მის ფიგურას. მზის სხივების ბრწყინვალე საბურველი ნელინელ ეცლება და მის წინ უფრო აშკარად იკვეთება მისი სხეული. ცნობისმოყვარეობით ატანილმა მხედველობა დაძაბა და უცნობს მიაჩერდა. სიხარულის განცდა თანდათან გაკვირვებამ შეცვალა მის თვალებში. “-კი მაგრა, ეს...” ფიქრი გაუწყდა. მის სახეზე ჩამოწოლილი გაკვირვება უმალ უკვალოდ გადარეცხა გაოცებამ, შემდეგ განცვიფრებამ წალეკა იგი და ბოლოს, სახტად დარჩენილს, გაოგნებისაგან კიდევ უფრო გაუფართოვდა გაშეშებული თვალები. დაუჯერებლობისაგან ერთ ადგილზე გაყინული, თვალმოუშორებლად მიშტერებოდა მის ფერხთით მდგომს და ვერც კი გარკვეულიყო, თუ რა უნდა ყოფილიყო ყოველივე ეს, მოჩვენება თუ ცხადი. “-არა, ეს სიზმარია, ან მხოლოდ მოჩვენება – შიშით ფიქრობდა გულში და თან ისევ თვალმოუშორებლად მიჩერებოდა მას ან იქნებ ეს სწორედ ის სიკვდილია, რასაც ასე ელოდა...” მაგრამ მის წინაშე მაინც ჯიუტი სიცხადით აღმართულიყო მდუმარე, ხორცქმნილი საოცრება და მას შემოსცქეროდა. ყორნისფერი, მაჯის სისხო ნაწნავი მხრებზე გადმოგდებოდა და წელამდე ჩამოსდევდა მკერდზე; ლამაზად გამოკვეთილი, სავსე ტუჩები ოდნავ გაპობილიყვნენ, საიდანაც ელვასავით გამოკრთოდნენ ალმასებივით მოკიაფე თეთრი კბილები. ხშირი წამწამების ტევრი ჩრდილებად ეფინებოდნენ მის ვარდისფერ ღაწვებს და მომაჯადოებლად მოსავდნენ მარადიული ცეცხლით მოგიზგიზე, მის უძირო, შავ თვალებს, გვირგვინად რომ კრიალა ცაზე ამობრწყინებულ ცისარტყელებივით შემორკალვოდნენ მშვილდისფერ მოზიდული, კოხტა წარბები. ფაფუკი თმით შებურვილ თავს დიადგემასავით უმშვენებდა თავბრუდამხვევი სურნელების, მრავალფერად ყვავილებით ალაგ-ალაგ შემკობილი, მაღალ შუბლზე შემორტყმული თმის სამაგრი სარტყელი; სავსე, მკვრივსა და მწიფე ვაზის მტევნებივით მკერდ დახუნძლულ ძუძუებს მჭIდროდ შემოტმასნოდა მხარღლივ გადაფენილი ავაზას ტყავის კაბა, რომლის მუქი წინწკლები, მოციმციმე მარგალიტებივით გაბნეულიყვნენ ლერწამივით აშოტილ ტანზე; ვიწრო და წერწეტ წელს, კაბით შილიფად შემოსილი, გრძელი და ჩამოქნილი, მარმარილოსებრ თეთრად მოქათქათე, ლამაზი ფეხები ერწყმოდნენ, რომელთა წვივებსაც სუროსავით შემოხვეოდნენ ტყავის ქალამნების ვიწრო თასმები; ნაზი და ბროლივით თლილი თითებიანი ხელი მოხდენილად დაესვენებინა ირმის რქის მშვილდზე, ყირმიზი ყელით დამშვენებულ ზურგს უკან ისრებით სავსე კაპარჭი მოუჩანდა და მოხდენილ მხარზე ეკიდა ჯიხვის რქის ბუკი. მის წინაშე იდგა ხორციელი ცდუნებითა და ზეციური სისპეტაკით, ვნებითა და კლდემამოსილებით, სიცოცხლის მშვენიერებითა და ბუნების ენითუთქმელი სილამაზით სავსე არსება – ნადირობის ქალღმერთი დალი! სწორედ ის იყო; ისეთი, როგორსაც მას მოუთხობდნენ და როგორიც მას წარმოედგინა თავისი წარმოსახვით, თუმც კი ცხადლივ იგი მაინც ბევრად დიდებული და თვალწარმტაცი ჩანდა, ვიდრე გონებით წარმოდგენილი. ის კი კვლავ მდუმარედ იდგა და დაჟინებით შესცქეროდა გაოგენბულ მონადირეს, რომელსაც თვალი ვერ მოეწყვიტა მის წინ განივთებული არამიწიერი მშვენიერებისათვის, ვერაფრით დაეღწია თავი მისი ხიბლისაგან და აღფრთოვანებული, განცვიფრებით მისჩერებოდა მას. მხოლოდ ამგვარ წარმტაც სილამაზეს ძალუძდა მთელი არსებით შეეპყრო და გააჩნდა ძალმოსილება დაემორჩილებინა ყოველი ძეხორციელი, რათა ეხსნა ან ეცდუნებინა, განედიდებინა ან განესაჯა იგი. მასში, თავით ფეხამდე, რაღაც საოცრად თავბრუდამხვევი სითბოთი და სურნელებით გაჟღენთილ სხეულში, მის უმცირეს ნაკვთშიც კი ასე ძალუმად ფეთქავდა ბუნების ის პირველყოფილი მშვენიერება და ძალა, რომლის ბოლომდე აღქმა შეუძლებელია მოკვდავისათვის და მისი უკიდეგანობა – განუჭვრეტელი გონებისათვის. იქნებს იგი თვითონ იყო ასე მომხიბლავი ბუნების განსახიერება – ყოველი სულდგმულის დედოფალი და ბუნებისაგან ქმნილი საკუთარი თავის სახება. ჯერ კიდევ გაოგნებულ მონადირეს კრინტი ვერ დაეძრა და ვერც რაიმე სათქმელი მოეფიქრებინა, მაგრამ გულის სიღრმეში უხაროდა და ეშინოდა კიდეც ქალ-ღმერთის. უხაროდა, რომ მის წინ ქალი იდგა, მაინც შემბრალე და მიმტევებელი, მაგრამ ეშინოდა, რომ იგი ღმერთიც იყო, ნადირთა მფარველი და ზოგჯერ სასტიკიც. მით უმეტეს, რომ ბოლომდე ვერც იმას ამოიცნობდი, რა უფრო ჭარბობდა მის მზერაში, თანაგრძნობა თუ ულმობლობა, სითბო თუ სიცივე. მონადირე კიდევ მეტად წარმოიწია და კიდევ უფრო დაკვირვებით მიაჩერდა მისკენ მშვიდად მომზირალ ქალ-ღმერთს. - ეს შენ? ... ამოიჩურჩულა მიმქრალი ხმით და ახლაღა შეამჩნია რომ მიუხედავად გადატანილი ტანჯვისა, თავისუფლად შეეძლო ლაპარაკი. ქალღმერთს არაფერი უპასუხნია. თითქოსდა გაქვავებული, კვლავ უძრავად მისჩერებოდა მას. - ნუთუ ეს ცხადია? – აღმოხდა ისევ, და უფრო თავისთვის. - კი, ეს მე ვარ და ეს ცხადია. – მოსწყდა უცებ ქალ-ღმერთის ბაგეებს ძუნწი პასუხი. მისი ხმა იყო მშვიდი და ხავერდოვანი. მონადირე შეკრთა. საოცრად საამოდ ჩაესმა ქალღმერთის სიტყვები. სმენას მუსიკასავით მოესალბუნა სირინოზისებრ მომაჯადოებელ ბგერათა ჟღერადობა. “-თუ რაღაც პასუხი გასცა, ესე იგი განწირული არ არის, ესე იგი არ ურისხდება.” - ნუთუ შენი ხილვის ღირსად გამხადე ბუნების მშვენიერო ასულო? - ამ ქვეყნად ყველა სულდგმული ბუნების პირმშოა, ერთი დედის ნაშOბი, მაგრამ მათ შორის მაინც სიძულვილი სჭარბობს სიყვარულს. - მე ყოველთვის მიყვარდი და თაყვანს ვცემდი შენს სახებას, მაგრამ მართალი გითხრა, აქამდე არც კი მჯეროდა შენი არსებობა. - შენ პირველი არ ხარ, ვინც იმას სცემს თაყვანს და გულმხურვალედ შესთხოვს წყალობას, ვისი არსებობაც თვითონ არ სწამს. - შენ უკვდავება ხარ და იცი; ჩვენ კი მოკვდავნი, მხოლოდ წუთიერად ვევლინებით ქვეყნიერებას და ძნელად თუ ვიჯერებთ იმას, რაც არასოდეს გვინახავს ან არ გვიგრძვნია. - წუთიერად ევლინებით ქვეყანას, მაგრამ ამ წუთებში საუკუნეებს ანგრევთ და ისე რომ ვერც კი ხედავთ და გრძნობთ ამას, რადგან არც არასოდეს გიცდიათ დაგენახათ და გეგრძნოთ ის, რისი დანახვაც არ გსურთ, ის, რასაც თვალის პირველი გახელიდან, ვიდრე სამუდამოდ გადაგებამდე, მუდამჟამ შესცქერით - რითაც ჭვრეტთ, სუნთქავთ და არსებობთ. - მაგრამ ზოგჯერ ხომ ისე ხანმოკლეა ჩვენი სიცოცხლე, რომ თვალის ჭეშმარიტ გახელასაც კი ვეღარ ვასწრებთ. იქნებ ჩვენი სიცოცხლის ხანმოკლეობის შიში ბადებს ჩვენში ყოველგვარ ადამიანუერ სისუსტესა და ცოდვას, როცა ზოგჯერ დაუნდობლად ფეხით ვთელავთ, რათა თვითონ არ წავიქცეთ, დაუფიქრებლად ვწირავთ იმ უძვირფასესს, რაც ჩვენთვის მოუცია უზენაესს, რათა არაფერი დაგვაკლდეს, რაც შეიძლება ბევრი მივიღოთ და მეტი სიამის განცდა მოვასწროთ. თვითონ მე ასე უცებ მიმოკლდება წუთისოფელი. სანადიროდ წამოსულს ბედმა მიმტყუნა და სამი დღეა რაც... - ვიცი - შენ იცი?! - მე ვიცი ყოველივე. - რაც რომ გარდამხდა? - დასაწყისიდან მოაქჟამამდე. - და რაც რომ მე მჭირს.. მხოლოდ შენით? - მხოლოდდამხოლოდ. მონადირე ერთბაშად შეაკრთო დალის სიტყვებმა და ერთიანად დაიძაბა. უცებ მისთვის ყველაფერი. ნათელი გახდა. მაშ მხოლოდ ის იყო მისი უიღბლობის მიზეზი; თვალწინ ცხადად წარმოუდგა უცნაურად მონადირებული ჯიხვი, გაახსენდა ის შინაგანი შიში, რამაც იგი იდუმალ შეიპყრო, ვიდრე ჯიხვის ჩამოსაგდებად კლდეზე ავიდოდა, მყისვე შეიცნო ის მრისხანე გამოხედვა, რასაც იგი გრძნობდა თავის ზურგს უკან კლდეზე ასვლამდე და რაც რომ ასე გაბოროტებით შემოსცქეროდა მოკული ჯიხვის გაყინული თვალებიდან. - კი მაგრამ რისთვის? ნუთუ იმდენი რისხვა დავიმსახურე შენგან, რომ სასიკვდილოდ გამიმეტე? რა ცოდვა ჩამიდენია შენს წინაშე ასეთი სასჯელისათვის? მას არაფერი უთქვამს თითქოსდა სურდა რომ ისევ თვითონ მიმხვდარიყო ყველაფრის მიზეზს. - მე ვიგრძენი შენი მზერა, ვიდრე კლდიდან გადმოვიჩეხებოდი, მაგრამ ვერ კი შეგნიშნე. - ან როგორ შეგეძლო ჩემი დანახვა, როცა შენი თვალები მხოლდო ნადავლს დაეძებენ, გონება – ძალაუფლებას და გული კი ტკბობას. - და განა ამაში არის ისეთი ცოდვა, რომ სიკვიდილის ღირსი გავხდე? დალი რამდენიმე წამს ისევ დუმდა. - თქვი, გიღირდა კია ასეთ მსხვერპლად შენგან უკვე ნანადირევი? – პასუხის გაუცემლად შეუბრუნა შეკითხვა ბოლოს ქალღმერთმა. - ვიცი რომ არ მიღირდა, მაგრამ მე მიყვარს ნადირობა და ვეწირები კიდეც ჩემს მისით ტკბობას. - და შენ ფიქრობ რომ ყოველგვარი ტკბობა სიყვარულია? დაფიქრებულხარ ოდესმე, თუ რა არის ის, რასაც შენ სიყვარულს უწოდებ? - მე მიყვარს ნადირობაში ყოველივე ის წვალება რაც მას თან ახლავს და ის სიხარულიც, რასაც წარმატების დროს განვიცდი, მიყვარს მთებში უთავბოლოდ ხეტიალი, ბუნების წიაღში განმარტოება, მისი მშვენიერებით ტკბობა, როცა მთის მწვერვალზე ასულს, ფერხთით გადაგეშლება ბუნების ხელთუქმნელი სილამაზის უკუდეგანო სივრცე, იმის შეგრძნება, რომ ეს ამწვანებული ხეობები, შუბებივით წვერ ალესილი კლდეები და მთელი ეს თვალსაწიერი შენს წინაშე განრთხმულა, შენს ძალასა და შემართებას დაუთრგუნავს და შენს წინაშე ქედი მოუხრია მთელს მიწიერებას. თვალწარმტაცია კლდიდან კლდეზე მონავარდე ჯიხვების ჯოგი და მთის ფერდობზე შეფენილი ქურციკთა გუნდი, ბექობზე მოთვალთვალე ფეხმარდი ჯიქი და ქარაფის წვერზე შემომჯდარი მთის არწივი, მეფური სიამაყით რომ ჩასცქერის უფსკრულში ჩაკარგულ დაბლობს. - ყოველივე ამით შეგიძლია ისედაც დატკბე თუ არა ნადირობით. ისევე განიცადო ის მშვენიერება იმავე მთებით, ხეობებით, მწვერვალებითა და ნადირ-ფრინველით. - მაგრამ მაშინ ხომ რაღაც უაზრობას დაემსგავსებოდა ყოველივე, უმიზნოდ წვალებასა და უქმად ჯაფას. - თუ კი შენ მხოლოდ ბუნებით ტკბობა გსურს, მაშინ ეს არ იქნებოდა უაზრო გარჯა. იქნებ თავს იტყუებ, ან ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ჩაწვდომიხარ შენს ჩვევად ქცეულ ტკბობას და სიყვარულად აღიარებულ გრძნობას? მგონი, რომ შენ სულ სხვა რამ ტკბობას გაუტაცნიხარ. - ?.... - მითხარი, მოგწონდა იმ ჯიხვის სილამაზე, რომელიც შენ მოინადირე? - მომწონდა. საოცრად ლამაზი და ამაყი იყო, რაღაც დიდებულებით მოსილი და მომხიბლავი. - მაშ რატომ მოკალი? განა შეგიძლია ჯერ მოკლა ის რაც ძლიერ მოგწონს და შემდეგ კი ამას სიყვარული უწოდო? - მე მოვკალი იმიტომ რომ მონადირე ვარ და უნდა მომეკლა. - შენ მოკალი იმიტომ რომ მოვალე იყავი თუ ასე გსურდა? - არა, ეს არ იყო არც მოვალეობა და არც მისი უბრალოდ მოკვლის სურვილი... - იქნებ შიმშილმა და ხელმოკლეობამ გაიძულა და იმიტომ გაიმეტე? - არა, მე არ მშიოდა, მაგრამ სუფრას ყოველთვის ალამაზებს ჯიხვის ხორცი. არც ერთი მონადირე არ ნადირობს იმისათვის, რომ შიმშილს გადარჩეს, იქნებ არიან ისეთებიც, რომელთათვისაც ნადირობა არსებობის საშუალებაა, მაგრამ მე ასეთს არავის ვიცნობ და არც მათ შესახებ გამიგონია. ეს უფრო რაღაც ჩვევაა, დროის მოკვლა, ალბათ გართობაც; მონადირისათვის ნადირობაა მთავარი და არა ნანადირევით ძღომა, ნანადირევის სახელოვნება და არა მისი გემო. ბევრჯერ მინადირია, მაგრამ ზოგჯერ, ჩემი ნადავლის ლუკმაც არ მიგემნია. უბრალოდ მე ვინადირე და ეს არის ჩემთვის მთავარი სიამოვნება. - მაშ აი თურმე რა გატკბობს და გსიამოვნებს. არათუ ბუნება, რაღაც მთები ხეობები, კლდის წვერზე ამაყად შემომჯდარი არწივი და ვინ იცის კიდევ რა. შენ ნადირობ მხოლოდ იმისათვის, რომ ეს უბრალოდ შენი ჩვევაა, კლავ იმისათვის, რომ დრო მოკლა და გაერთო. შენ მოგწონდა ჯიხვის სილამაზე და მაინც მოკალი იგი! მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისათვის, მხოლოდდამხოლოდ გართობის მიზნით! მაშ შენ არათუ ბუნების სილამაზე, არამედ მხოლოდ სიკვიდლით ტკბობა უფრო გიტაცებს! - არა! არა! ეს არ არის სიკვდილით ტკბობა! - მაშ რატომ კლავ? - არ ვიცი ... ამაზე ჯერ არასოდეს მიფიქრია. მე მომწონს ნადირობა. ამაში არის რაღაც სიცოცხლის ჟინი და ბრძოლის აზარტი. - იქნებ სიკვდილის ჟინი და ძლევის აზარტი? შენ მოგწონს იყო მბრძანებელი, შენს ნებას ემორჩილებოდეს სხვისი სიცოცხლე. – ქალ-ღმერთის ხმაში მრისხანებამ იფეთქა და თვალებში ულმობელი მძულვარება აგიზგიზდა. მონადირეს ტანში გააჟრჟოლა. მან ისევ მთელი სიცხადით შეიცნო ეს მზერა, ეს გაბოროტებული და სისლხის გამყინავი გამოხედვა. - სწორედ ეს არის შენში არსებული ის გაუცნობიერებელი ლტოლვა, რომელსაც ჯერ არც არასოდეს ჩაკვირვებიხარ! – კიდევ მეტი განრისხებით განაგრძობდა ქალ-ღმერთი დალი – რომელიც გიბიძგებთ შეიგრძნოთ საკუთარი ძალაუფლება, როცა მთის მწვერვალზე ასულს, შენს ფერხთით განერთხობა ამწვანებული ხეობები და ცად აზიდული მწვერვალები, როცა შენს წინაშე ქედს მოიხრის შენი ძლიერებით დათრგუნვილი მთელი ქვეყნიერება! და ეს განიჭებს ენით უთქმელ სიამოვნებას! შენში ჩამალული ძალაუფლებისაკენ სწრაფვა გაიძულებს მოსპო ის, რასაც თვითონვე სილამაზესა და მშვენიერებას უწოდებ, რამეთუ შენ ასე გსურს, რადგან შენ ძალიან მოგწონს იყო ბუნების ბატონი, რომელიც განაგებს და არა პატრონი, რომელიც ზრუნავს! შენთვის მშვენიერია კლდიდან კლდეზე მონადირეთა ჯიხვების ჯოგი, მთის ფერდობზე შეფენილი ქურციკთა გუნდი, ფეხმარდი ჯიქი თუ მთის არწივი, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ყოველივე შენ გეკუთვნის, შენს ნება-სურვილს ემორჩილება! შენ მოგწონს და იმავდროულად მზად ხარ მოსპო და გაანადგურო იგი. ჯერ დატკბე მათი ცქერით და წუთის შემდეგ კი ძლევის აზარტით ატანილმა, დაუნდობლად გაჟლიტო ყოველი მათგანი, რადგან შენ მხოლოდ იმ სილამაზეს აღიარებ, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის, შენს განგებას ემორჩილება! შენ უსაზღვროდ ხარობ, როცა მიწას განერთხობა შენი ტყვიით განწირული უმწეო ნადირი და სიკვდილის ჟინით შეპყრობილს გსიამოვნებს, როცა დანით ყელში წვდები უკვე სულთმობრძავ და შენგანვე აღიარებულ მშვენიერებას, რომელიც წუთის წინ ასე გხიბლავდა! მაშინ შენ მხოლოდ მსხვერპლის ყელიდან გადმომსკდარ სისხლს ხედავ და არა მომაკვდავ სილამაზეს, მხოლოდ საკუთარი, განებივრებული სტომაქის სიამეს გრძნობ და არა განწირული სიცოცხლის ტკივლის! შემდეგ კი, თივით გატენილ მისივე ფიტულს უცქერი აღტაცებული და ახლა ასე ტკბები მისი სილამაზით! შენ ეს გაყინული და უსიცოცხლო სილამაზე უფრო გხიბლავს, რადგან იგი უკვე შენი საკუთრებაა, შენი სიქველის უტყუარი და სიდიადის საამაყო ნიმუში! შენ მზად ხარ ამგვარი გატაცებისათვის მთელი დღეები დაგეშილი მწევარივით იხეტიალო მთებში, დაუღალავად იარო გაუვალ ტყეებში, გადაიტანო სიცივე, და ხიფათი, რომ შემდეგ თუნდაც ერთი წუთით მაინც განიცადო სიკვდილით ნაგემი სიამოვნება. - ნუთუ ასე მწარედ უნდა გავიწირო? მაკმარე რაც უკვე გადავიტანე! შენ არ შეგიძლია არ მომიტევო ჩემი ეს შეცოდება! - როგორც მთელს კაცთა მოდგმას შენც მხოლოდ მაშინ გაგახსენდა მიმტევებლობა, როცა ეს მხოლოდ შენ დაგჭირდა. მანამ კი ძლევის აზართით გამომთვრალნი, ყოველივეს კაფავთ და ანადგურებთ თქვენს გარშემო! და მაშინ, როცა თქვენივე დათესილ სისასტიკეს უკანვე იმკით, მხოლოდ მაშინ იწყებთ მშველელის ძებნას და უბედურების მიზეზის პოვნას ყველგან და ყველაფერში გარდა საკუთარი თავისა! - მაშ კვლავ წამებით გსურს რომ აღვესრულო? - მე სამი დღეა შორიდან ვუცქეროდი შენს ტანჯვას და მოთმინებით ველოდი, ვიდრემდე სული ამოგხდებოდა – დალის მრისხანება უცებ დაცხრა. მისი ხმა მშვიდი და თითქოს ოდნავ ლმობიერიც კი გახდა – მაგრამ შენში საკუთარი თავზე ძლიერი ყოფილა სიცოცხლის ძალაა. მე გული მომილბო შენმა შეუპოვარობამ, სიკვდილთან შენმა უთანასწორო, თავგანწირულმა ბრძოლამ და გადავწყვიტე მიმეტევა შენთვის. ახლა კი განშორების წინ მოვედი, რათა ბოლომდე მიმხვდარიყავი შენი ვაების მიზეზს. ოდითგან ბევრი გვემულა ჩემი განგებით, მაგრამ შენებრ კერპი და გაუტეხელი ცოტა თუ ვინმე. სიცოცხლე გსურს? მაშ ეგრე იყოს. მე გაგშორდები როგორც მტერი, მაგრამ ჯერხნობით ნურც შველას მოელი ჩემგან, ვიდრე კიდევ ერთხელაც არ დაამტკიცებ რომ შენ ამის ღირსი ხარ. შენ მხოლოდ ტკივილად ქცეულ შეგრძნებას სძლიე სხეულისათვის, მაგრამ ვიდრემდე გახდებოდე სიცოცხლის ღირსი, უნდა დათრგუნო ცდუნებად მოვლენილი გრძნობაც შენი სულისათვის; და თუ გადარჩე, ეცადე ისევ ნუ დაუბრუნდები შენს ბოროტ ტკბობას, ისევ ნუ ხელყოფ იმას, რითაც რომ არსებობ, კვლავაც ნუ ეცდები იმის მიტაცებას და იავარდყოფას, რაც შენია და რისი პატრონიც ისედაც ხარ. შენი ჟინი და სისასტიკე კვლავ ნუ დაჩრდილავს შენსავე გონიერებას, კვლავაც ნუ გაცდუნებს და თვალებს აგივსებს ცრუ სიამეთა კორიანტელი. - მაშ შენმა რისხვამ გადაიღო ბუნების ქალ-ღმერთო? - ჩემი მრისხანება უკვე აღარ არსებობს, რადგან შენ უკვე მიიღე ის, რაც რომ გსურდა და რასაც ეძებდი. თუ ნადირობაში წვალება და წარმატება მოგწონდა, უკვე აქ გხედავ მისით წამებულს. თუ მწვერვალთა სიდიდე და სიდიადე გხიბლავდა ძალაუფლების ნიშნად, სწორედ მწვერვალიდან გადაჩეხვა გერგო სასჯელად. თუ კი აქამდე ნანდირევს სუფრის სილამაზედ რაცხდი, შენ უკვე მაძღარი ხარ ამ სილამაზით, როცა შენგან სულ ახლოს შენს თვალწინ ზეზეულად იხრწნება იგი. სიკვდილით ტკბობის წილ, სიოცოცხლის გაუსაძლისი ტკივილით ზღე სამაგიერო. ჩემგან შენ მიგეტევა, მაგრამ იცოდე, წუთის შემდეგ ნუ დაივიწყებ უკვე გარდახდილს, რადგან უმალ დაიღუპები, როგორც კი შენში ცდუნება სძლევს გონიერებას. - გმადლობ ბუნების დედოფალო, მონადირეთა მფარველო და ნადირთა მშვენიერო მეუფევ, ავ-კარგის თუმცა მკაცრო, მაგრამ უტყუარი გამჩინებელო. - ჩემგან ყოველი ღებულობს იმას, რისთვისაც მოდის და რისიც ღირსია: მშიერი – ლუკმას და გაუმაძღარი – შიმშილს, გულადი – იღბალს და ლაჩარი – შიშს, ეული ნუგეშს, სასტიკი ტანჯვას, ხოლო სიკვდილის მწყურვალი – სიცოცხლის წყურვილს. დაიხსომე და ნურასოდეს დაივიწყებ შენს მიერ უკვე განცდილ სიცოცხლის წყურვილის ამ მწარე გემოს. ... მწველი სხივების ტკივილმა გამოაფხიზლა. ადგილზე შეტოკდა. მზის გულზე გაშოტილს, უკვე აბოდებდა კიდეც. რაღაცას გაურკვევლად ლუღლუღებდა, დამსკდარ ტუჩებს ოდნავ არხევდა და სულშეხუთული მძიმედ ქოშინებდა. თანდათან გამოერკვა, გონება დაეწმინდა და თვალებით ცას მიაშტერდა. მზე უკვე დასავლეთის კლდის წვერზე შემომდგარიყო ბრწყინვალე შარავანდედივით. თავის თავს ჩაუფიქრდა. ბოლომდე ვერ მიმხვდარიყო, სიზმარი იყო თუ ცხადი სულ ახლახანს გადარხდილი. ქვების ჩუმი ჩხრიალი შემოესმა. “- არა, ეს ხომ ცხადი იყო, ცხადი სასწაული! – სიხარულის წამოძახილი აღმოხდა გულში – მისი ფეხის ხმაც კი ესმის! ალბათ ჯერ არ წასულა. ჯერ კიდევ აქ არის...” მაშინვე იმ მხარეს მიიხედა, სადაც სულ მცირე ხნის წინ ქალღმერთს ხედავდა და მოულოდნელობისაგან გაშრა. თვალებს არ დაუჯერა. მაგრად დახუჭა და ისევ გაახილა. არა, მხედველობა არ ატყუებდა. მისგან სულ ახლოს, რაღაც ხუთიოდე ნაბიჯზე, ქრუციკი იდგა და ისიც მას შემოსცქეროდა. ქურციკი ჯერ მხოლოდ გაფაციცებით მისჩერებოდა ქვებს შორის განრთხულ მონადირეს, მაგრამ თითქოსდა მის უმწეობას მიმხვდარი, მცირე ხნის შემედეგ მშვიდად დაიხარა და ბალახის წიწკნას მოჰყვა. მთელს ტანში გააჟრჟოლა. უნებურად თოფისკენ გაექცა მზერა და ისევ მაცდუნებლად ახლოს მობალახე ქურციკს მიაჩერდა, ლამის ხელის გაწმვდენაზე რომ უშფოთველად ძოვდა ქვებს შორის აქაიქ ამოზრდილ ბალახს. როგორც იქნა თავისთავს სძლია, ნადირს გაჯიუტებული მზერა მოსწყვიტა და განზე გაიხედა. “-არა ისევ მწყემსებს უნდა დაელოდოს. თუ ახლა ტყვიას გაისვრის, მეტად ვეღარც კი შეძლებს თოფის გადატენას. მათ კი შეიძლება წუთი წუთზე გამოიარონ. თუ კი... თუ კი აქამდე არ გამოუვლიათ. ამ უცაბედმა აზრმა მეხივით დაიჭექა მის გონებაში და სისხლი გაეყინა. “-ნუთუ უკვე გამოიარეს კიდეც? თუმცა არა, მას ხომ დიდი ხნით არ დაკარგვია გონება. ვერ გაივლიდნენ.” ის იყო ამ ფიქრით ინუგეშა თავი, რომ მუცელში გავლილმა ტკივილმა მთელი შინგენული დაუწირეხა და ერთიანად მოკრუნჩხა. უნებლიედ ჩააფრინდა თოფს და ისევ ქურციკს მიაჩერდა. ის კი ვითომ არაფერიო მშვიდად განაგრძობლდა ბალახის წიწიკნას და ნელინელ მიიწევდა წინ. “-არა, ისინი მოვლენ! უნდა დაელოდო!” თოფს ხელი უშვა და ცდუნებისაგან თავის დასახსნელად თვალები დახუჭა. კუპრივით უდუღდა გულ-მუცელი. ზეციდანაც ჯერ კიდევ უმოწყალოდ იღვრებოდა მზის მცხუნვარების გამდნარი ლავა. ტკივილისაგან ატანილი, ციებიანივით თრთოდა და ყოველი მხრიდან მოძალებული მტანჯველი ცეცხლის დაოკებას ლამობდა. “-ალბათ სადაცაა მოვლენ... მაგრამ იქნებ მართლაც გამოიარეს.” ისევ სურვილმა სძლია და შიშით სავსე თვალებით გახედა ქურციკს. იმ უთვალავ ტკივილს, მის სხეულს რომ უმოწყალოდ ჯიჯგნიდა, გონების მწარე ჩხველტაც ზედ დაემატა. აქაც ორ ცეცხლს შუა იწვოდა. თუ ქურციკს არ მოკლავდა, იქნებ ამით სამუდამოდ ხელიდან გაეშვა გადარჩენის ერთადერთი შანსი. “-ჰო, იქნებ მართლაც გამოიარეს! ის ხომ უგონოდ იყო, თანაც ალბათ არც თუ მცირე ხნით და ვერც ვერაფერს გაიგებდა!” გული შეეკუმშა. ის ხომ სამი დღე ელოდა. ელოდა აუტანელი ტკივილებითა და გაუსაძლისი მოუთმონლობით და სწორედ ახლა გაუსხლტა ხელიდან ხსნის შესაძლებლობა, როცა ლამის იყო მისწვადა კიდეც მას. “-მაგრამ იქნებ მხოლოდ უიმედობა დაეუფლა, სულმოკლეობა აწვალებს და სინამდვილეში კი ჯერ მართლაც არ გამოუვლიათ?” “-იქნებ არ ჩამოუვლიათ და არც ჩამოიარონ, მაშინ?” სმენად იქცა. გონება დაძაბა და ყური მიუგდო მასში უცაბედად წამოშლილ სურვილის მეამბოხე ხმას, ტკივილისა და ლოდინისაგან დაოსებული გრძნობის მშფოთვარე წუხილს, ასე გახელებით რომ ცდილობდა მის გადარწმუნებას. “-არა! ახლა მთავარია კიდევ სულ მცირედი ნებისყოფა და ისინიც მოუსწრებენ, აუცილებლად მოვლენ!” “-თავს ნუ იტყუებ. შენი იმედი მხოლოდ შენი ოცნებით არის ნაკარნახევი. იქნებ დღეს სულაც არ მოვიდნენ, ან ორი სამი დღეც. შენ კი მხოლოდ დღეს გაგაჩნია ხსნის შესაძლებლობა და ისიც უკანანსკნელი.” ხვდებოდა, რომ თანდათან კიდევ მეტად უჭირდა მოძალებული სურვილთან კამათი და გამძივინვარებულ გრძნობასთან ჭიდილში ნებისყოფაც კბილით ეჭირა. “-დროს ნუ კარგავ! სორედ ეს არის შენი ხსნის ერთადერთი გზა და განგების უხვი წყალობა!” “-იქნებ ეს ვერაგი ცდუნებაა და არა წყალობა?” ფიქრებით განაწამები ისევ ორ ცეცხლს შუა იწვოდა და მისი არსება ლამის ორად გაეხლიჩა ორივე მათგანს. “-სანამ შორს არ წასულა! დამიზნებაც კი არ გჭირდება! კარგად დანაყრდები, შენ ხომ მთელი სამი დღეა ამაზე ოცნებობ, მოჯანიერდები და შემდეგ თუნდაც მთელი დღე არ მოვიდნენ!” მაგრად მოხუჭული თვალები გაახილა და ისევ ნადირს გახედა, მის ჯიბრზე რომ ისევ შორიახლო ძოვდა ბალახს. “-ნუ მერყეობ! შენ გადარჩები, იცოცხლებ!” ათრთოლებული თითებით წვდა თოფს და სასროლად მოიმარჯვა; მაგრამ წამით ისევ შეყოვნდა. კვლავ ჩაუფიქრდა. რაღაც ჩუმი და შინაგანი ავი წინათგრძნობა აკავებდა. ქურციკისათვის დაჟინებით მიჩერებულ თვალებში ელვის სისწრაფით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს გადარჩენის სურვილი და საბედისწერო შეცდომის შიში. “-იქნებ ესროლოს და კიდეც მოჰკლას. მერე?” “-მერე მხოლოდ სიცოცხლე ხსნა!” “-შენ ხომ იქამდე მიხოხებაც კი გაგიჭირდება, თუ გზაშივე არ დაკარგე გონება. ან თუ მიაღწიე, შენ იმის ძალ-ღონეც კი არ გაქვს რომ ნადირი აქნა, არათუ ცეცხლის დანთება და ხორცის თუნდაც ზერელედ შეწვა.” “-არც არის საჭირო! ოღონდ შენ მოკალი და შემდეგ თუნდაც უმად მიაძღე მის ნორჩ ხორცს, თუნდ კბილებით ნაფლეთებად აქციო იგი, თავი დაირწყულო მისი თბილი სისხლით შენ გადარჩენისათვის იბრძვი, როცა არაფერი შენთვის უცხო და მიუღებელი არ უნდა იყოს, არაფერზე უკან არ უნდა დაიხიო, ასე სჩადის ყოველი სულდგუმლი და მათ შორის ყველაზე მრისხანე და ულმობელი – ადამიანიც!” “-მაგრამ ეს ხომ მხოლოდ უგუნურება და უცილობელი სიკვიდილი იქნება!” “-მხოლოდ სიცოცხლე!’ “-არა, არა! ეს ცდუნებაა! – მის მიბნედილ გონებაში თითქოს ელვამ გაკვეთა თვალშეუდგამი ბურუსი და თვალისმომჭრელად გაიელვა “–უმალ დაიღუპები, როგორც კი შენში ცდუნება სძლევს გონიერებას” – თავი უღონოდ გადაუვარდა და კვნესა აღმოხდა. “-ლამაზი ზღაპრებით შობილი სიზმრებისადმი ბრმა რწმენა, მხოლოდ სიგიჟეა! შენ საკუთარი დაკარგული გონების ბოდვისა გჯერა, მაშინ როცა შენს თვალწინ მწარე აწმყო, ცოცხალი სინამდვილე და ბედნიერი სიცოცხლის გზაა!” “-მაგრამ სამი დღის შიმშილით დათრგუნვილი კუჭისათვის, თუნდ რამდენიმე პეშვი წყალი და ლუკმაც კი ხომ სასიკვდილოა, მით უმეტეს უმი ხორცის!” “-იქნებ წყალსაც წაუღია ასეთი სიცოცხლე! თუ კი შენთვის სიკვდილი მაინც გარდაუვალია, სულერთია მაინც არაფერს კარგავ! კმარა ამდენი წამება! სიცოცხლე არ ღირს ამ ტანჯვის ფასად! წყეულიმც იყოს ამგვარი ძაღლური ყოფა!” “-არა და არა! სიკვდილს მე ჩემივე ნებით და თვითმკვლელობით არასოდეს დავნებდები!” “-იჩქარე, ვიდრე არ გაგშორებია! იქნებ წუთის შემდეგ უკვე გვიანიც იყოს! გაიხსენე: სიცოცხლე, დედა, ცოლ-შვილი!...” უცაბედად გული აუჩუყდა და ცრემლებმა აუწვა თვალები. წამიერად ფიქრებს დაყოლილმა, კვნესით გამოსდო თითი სასხლეტს. ნადირის დანახვა კიდევ მეტად ახელებდა, უფრო მეტად იპყრობდა გათამამებული გრძნობის სურვილი და სადაცაა გაისროდა კიდეც. წვალებით იმორჩილებდა ნდომით ატანილ, თოფის სასხლეტს გამოდებულ, ათრთოლებულ თითს. “-მაშ უნდა ესროლო? უნდა ესროლო და მოკლა, რომ თვითონვე მოკვდე? შენ უკვე აჯობე სხეულის დამთრგუნველ გრძნობებს – ტკივილს, მაგრამ ახლა უნდა სძლიო ასე გააფრთებით მოძალებულ, სულის მაცდუნებელ და ვერაგ გრძნობას – სურვილს, უფრო ძლიერსა და ბევრად ულმობელს. შენ თავდავიწყებით გიზიდავს სიამის სახით მოვლენილი სირინოზის ტკბილი გალობა, მაგრამ თუ სიცოცხლე გსურს, ცდუნებას მოარიდე გონების თვალი და დროულად დაიხშე გულის ყური, რადგან მის მომხიბლავ სილამაზესა და მომაჯადოებელ ხმაში შენი სიკვდილი ჩასაფრებულა!” მთელს სხეულში ტკივილის ცეცხლმა დაუარა. თითქოსდა ერთბაშად აუჯანყდა ყოველი ვნება. ყველა ტკივილმა ერთბაშად შებოჭა და ყრუ გმინვით ატანილს ყოველი მხრიდან შემოუტია. “-მაშ შეხედე და განიცადე!@ მხოლოდ ეს არის შენი სიცოცხლე!” “-არა, ეს არ არის ჩემი სიცოცხლე! ეს სიკვდილია! ეს შენ ხარ, ჩემს სხეულში სულის მაცდუნებელ სურვილად შემოპარული!” “- შენ განწირული ხარ! შენ გაისვრი თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს” “-არა! ჯერ მე გაგსრეს თუნდაც ასე მწარე ერთი წუთი სიცოცხლისათვის!” თოფი დააგდო და კვნესით დაახრჭიალა კბილები, როგორ სურდა, რომ ისევ ჰქონოდა ბრძოლის ძალა და უნარი, მაგრამ ტკივილებისაგან დათრგუნვილსა და დაოსებულს, სურვილთან უთანასწორო ბრძოლაში ქანცი უწყდებოდა და უმწეო ქოშინით ცდილობდა სულის შენარჩუნებას, კიდევ ერთხელ შეჭიდებასა და წინააღმდეგობის გაწევას. “-მაშ ბოლომდე განიცადე ის გაუსაძლისი ტანჯვა, რაც შენგან უარყოფილი გრძნობის სანაცვლოდ გერგო!” კიდევ მეტად შემონთებული ტკივილისაგან მუცელზე წაივლო ხელი და უმწეოდ გაიბრძოლა. უკანასკნელი ძალის მოკრებით ერთ ადგილზე იკრუნჩხებოდა და მუცელში ჩაფრენილი თითებით ცდილობდა ტკივლის დაოკებას. ვიღაცის უხილავი ხელი სახეში ჩააფრინდა და კვლავაც მშვიდად მძოვარი ქურციკისაკენ მიახედა. შეეცადა გაძალიანებოდა, მაგრამ სასომიხდილი უნებლიედ მაინც დამორჩილდა ამ გაავებულ ძალას. “-შეხედე! ის ისევ ახლოა, სულ ახლოს! შენ ჯერ კიდევ შეძლებ მის მოკვლას!” ტკივილებისაგან ერთიანად აცახცახებულმა მორჩილად გააცურა ხელი თოფისაკენ, საბოლოოდ გამტყდარი, გაძალიანებით, მაგრამ მაინც ემორჩილებოდა სურვილის ნებას. თოფი თავისკენ დაითრია, როგორც იქნა მოიმარჯვა და ლულა ნადირს მიუშვირა. რამდენიმე წამს ისევ მიშტერებოდა ქურციკს, მძიმედ ხვნეშოდა და თავისთავს ებრძოდა. თითი სასხლეტს ეჭიდებოდა. “-ესროლე!” – გრგვნვასავით გაისმოდა მის გონებაში, გამარჯვებული დემონის შემზარავი ხმა. იცოდა რომ არ უნდა გაესროლა, მაგრამ საშინლად სურდა ამის გაკეთება. ბრაზი ახრჩობდა, რომ ბოლოსდაბოლოს მაინც დამარცხდა და იძულებული გახდა ესროლა, რომ უნდა მოეკლა და სხვა არჩევანი აღარ გააჩნდა. თითქოსდა რაღაც საშიშროება იგრძნოო, უცებ ქურციკი მოეშვა ბალახის ძოვას, თავი წამოსწია და მონადირეს მიაჩერდა. მონადირე ადგილზე გაშეშდა რაღაც საოცრად ნაცნობი მზერა გამომცდელად და დაჟინებით შემოსცქეროდა ნადირის თვალებიდან. “-ღმერთო ჩემო!” – აღმოხდა ძრწოლით მონადირეს, უცებ მობრუნდა, თოფი ჯიხვის კლდეს მიუშვირა, ორივე ტყვია ზედ შეალეწა და მოწყვეტით განერთხო მიწას. “-მაინც არ ვესვრი!” – ჯიუტად შესძახა გულში და უმალ იგრძნო სულის სიღრმიდან ამოხეთქებული ფარული შვება. ქურციკი ადგილიდან მოწყდა და კლდეებს შორის გაუჩინარდა. მონადირეს თოფი ხელიდან გაუვარდა და სასომიხდილმა მორჩილად მილულა თვალები. მოკლე, ხშირი სუნთქვითა და კვნესით ჯიუტად კრიჭაშეკრული, მოთმინებით ელოდა თავის აღსასრულს; მაგრამ სული მაინც არ ამოსდიოდა და მაინც შეუპოვრად ეჭიდებოდა ტკივილებისაგან დაფლეთილ თავის უმწეო სხეულს. გულის სიღრმეში კი კმაყოფილებას გრძნობდა. საოცრად უხაროდა, რომ მაინც არ გატყდა, მაინც არ დანებდა, აჯობა და მაინც სძლია ყოველგვარ ტკივილს. ბოლოს დაცხრა. სუნთქვა შეუნელდა. ნელინელ მიწყნარდა და მიინავლა მისი აქამდე თავგანწირვით მებრძოლი სული. მთელი სხეული მოუდუნდა მოეშვა, მუცელს ჩაფრენილი ხელი უსიცოცხლოდ ჩამოუვარდა და მიყუჩდა. გარშემო სამარისებური მდუმარება და სიმშვიდე გამეფებულიყო. თითქოსდა გულქვა კლდეებიც კი შიშით განაბულიყვნენ და ძრწოლით შესცქეროდნენ ცის კაბადონზე წრიულად მოლივლივე ძერების ფერხულს.
IX
არ გაუგია მოახლოებული ნაბიჯების ხმა. არც მისი დანახვით გაოცებული ადამიანების საუბარი. მხოლოდ მაშინ, როცა წამოსწიეს, სახეზე წყალი აპკურეს და ტუჩები დაუსველეს, მხოლოდ მაშინღა შეკრთა, შეირხა, გამოფხიზლდა, თვალები დააცეცა და უაზროდ მიაშტერდა მის თავს წამომდგარ ადამიანებს. დაუჯერებლობისაგან გაფართოებული თვალებით შესცქეროდა მათ სახეებს და მიბნედილი გონების ჯერ კიდევ მფეთქავ წიაღში, ცდილობდა თვალით ნანახის გააზრებას. როცა თვალით დანახულს არ დაუჯერა ათრთოლებული მარცხენა ხელით წაეპოტინა ერთ-ერთს, მაგრად ჩაეჭიდა საყელოში და თავისკენ დაქაჩა. მთელი ძალით ჩაფრენოდა მისი ძლივს ცნობით გაოცებულ ადამიანს და ცდილობდა არაფრით ხელიდან არ გასხლტომოდა, ისევ არ გამქრალიყო და ისევ ამაო ლოდინად არ ქცეულიყო იგი. ისევ და ისევ სურდა კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო, რომ ეს ცხადი იყო, სინადვილე და არა ლამაზი მოჩვენება თუ სიზმარი. ბოლოს მიხვდა, საბოლოოდ ირწმუნა სინამდვილის და მაშინ, შეშლილი ადამიანის ღიმილმა გადაჰკრა ტკივილებისგან დასახიჩრებულ სახეზე. ჯერ კვნესით შეთრთოლდა, შეტოკდა, შემდეგ, თითქოსდა ისტერიული ხარხარით ატანილი, ციებიანივით აცახცახდა და დამზრალ ღაწვებზე ჩამოეღვენთა ბედნიერებისაგან გაფართოებული თვალებიდან გადმოგორებული ცრემლი. გამომშრალი ყელიდან ამომსკდარი, უმწეო ხრიალით, მთელი ტანით ცახცახებდა და კვლავაც დაუჯერებელი მზერით მისჩერებოდა ადამიანებს, თავის ხსნასა და ახალ სიცოცხლეს.
X
ბუხარში მოტკარცალე შეშის ხმამ გამოაფხიზლა ჭარმაგი მონადირე. ფიქრებიდან გამორკვეულმა ოთახში მიმოიხედა. არავინ იყო მისი ცოლი და შვილები სადღაც გაკრეფილიყვნენ. არც შვილიშვილები ჩანდნენ. სტუმრები სადაცაა უნდა მოსულიყვნენ. სწორედ ისინი ვისაც ოდესღაც სამი დღე ელოდა და რომლებმაც რომ იგი იხსნეს, მაშინ კი როგორც ყოველი წლის ამ დღეს, როცა იგი ხელმეორედ დაიბადა ამ ქვეყანაზე, სუფრას შემოუსხდებიან და ვინ იცის მერამდენედ გაიხსენებდნენ ამდენი ხნის წინ გარდახდილ ამბავს. თვითონაც დაუღალავად მოუთხრობს თითოეულ წვრილმანს და მწყემსებიც დაწვრილებით მოყვებიან უკან მთაში მომავალთ, მოულოდნელად თუ როგორ გადმოუხტათ გზაზე ფეხმარდი ქურციკი და ნადირობის ჟინით ატანილებმა, მანამდე სდიეს კვალში, უჩვეულოდ გათამამებულ ნადირს, სანამ შემთხვევით მონადირეს არ გადააწყდნენ. მოგონებებისაგან სევდამორეულმა, გულგარედ მოავლო თვალი პირთამდე სავსე მაგიდას, სტუმრების მოლოდინში რომ უკვე გაეწყოთ. სუფრაზე უხვად იყო თეფშებიდან ოხშივარ ავარდნილი, ცხელი, მადის მომგვრელი კერძები და ქავრისფრად მოციალე ღვინო, მაგრამ რატომღაც ისევ მაინც ყინულივით ცივ და ანკარა წყლით სავსე დოქზე შეაჩერა მზერა. ხელი გაიწვდინა და ფაქიზად შეეხო დოქის ზედაპირზე დაკრეფილ ცვარს. კარგად ნაცნობი სასიამოვნო სიგრილე იგრძნო თითის წვერებით. მცირე ხანს ასე ეფერებოდა თიხის დოქზე დახუნძლულ სველ მძივებს, შემდეგ ცვრისაგან სველი თითები ტუჩებზე მიიდო და ნაზად ეამბორა საოცრად საამოსა და ტკბილი სიცოცხლის ნამს. უცებ მზერა მოსტაცა ქათქათა, თეთრი ღრუბლებიდან გამონათებულმა და სარკმელში შემოჭრილმა მზის თვალისმომჭრელმა სხივებმა. გამოერკვა, ადგილიდან წამოიწია, ყავარჯენს დაწვდა, წამოდგა და სარკმელისაკენ გაემართა. წვალებით მისთრევდა მუხლში გაშეშებული მარჯვენა ფეხი და ტანზე ჩვარივით ეკიდა ძირში მოკვეთილი მარჯვენა ხელის სახელო. სარკმელთან მივიდა და შედგა. დიდხანს გასცქეროდა მთებით შემოგრაგნილ თვალსაწიერს, სადაც ერთხელ იხილა სრული სიცხადით, სრულყოფილი მშვენიერება და უსაზღვროდ შეუყვარდა იგი სადაც პირველად აეხილა თვალები და მთელი არსებით შეიგრძნო მისი სილამაზე, დიდებულება და სიდიადე, რომელიც არასოდეს კარგავდა თავის ენით უთქმელ მომხილბაობას და ახლა ასე თვალწარმტაცად გაებრწყინებინა მზის კაშკაშა სხივებს. “-მადლი და დიდება შენდა ქვეყნიერების მშვენიერო დედოფალო.”- აღმოხდა ლოცვასავით. იქ კი, სადღაც შორს, ცის კიდურზე, მიუვალი ქარაფის რაინდთა ჯოგს მიერეკებოდა ნადირობის ქალ-ღმერთი დალი, ლაღად რომ გადარბოდნენ კლდიდან კლდეზე, და ფრთოსანი ბედაურებივით თავს ევლებოდნენ უძირო უფსკრულებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ნადირობა ბუნების საწინააღმდეგო ვერ იქნება იმიტომ რომ გადარჩენის, ბუნებრივი სელექციის საშუალებაა. მგელი ჭამს კრავს, მელია ქათამს, კურდღელი სტაფილოს. ადამიანები ნადირობდნენ იმიტომ რომ საკვები მოეპოვებინათ. სხვა საქმეა გადამეტებული ნადირობა. ძველად მონადირეები გარკვეული რაოდენობის ნადირს რომ დახოცავდნენ მერე იარაღს მიწაში მარხავდნენ, თავს ანებებდნენ ამ საქმეს. რომ ზედმეტი არ მოსვლოდათ, რომელიმე ჯიშის ცხოველი საერთოდ არ გაენადგურებინათ და ამგვარად ბუნებრივი ჰარმონია დაერღვიათ. ნადირობა ბუნების საწინააღმდეგო ვერ იქნება იმიტომ რომ გადარჩენის, ბუნებრივი სელექციის საშუალებაა. მგელი ჭამს კრავს, მელია ქათამს, კურდღელი სტაფილოს. ადამიანები ნადირობდნენ იმიტომ რომ საკვები მოეპოვებინათ. სხვა საქმეა გადამეტებული ნადირობა. ძველად მონადირეები გარკვეული რაოდენობის ნადირს რომ დახოცავდნენ მერე იარაღს მიწაში მარხავდნენ, თავს ანებებდნენ ამ საქმეს. რომ ზედმეტი არ მოსვლოდათ, რომელიმე ჯიშის ცხოველი საერთოდ არ გაენადგურებინათ და ამგვარად ბუნებრივი ჰარმონია დაერღვიათ.
6. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გამოხმაურებისთვის! რაც შეეხება ზოგ კითხვებს და თვალსაზრისს-მიყვარს თუ არა ნადირობა? არა, არ მიყვარს და არც არასოდეს მინადირია. უბრალოდ მინდოდა დამეხატა ადამიანის ბრძოლის ჟინი და მოუდრეკელი, დაუმორჩილებელი სულისკვეთება, რომელსაც მისივე სისასტიკით განაწყენებული ბუნებაც კი შეუძლია მისდამი კეთილად განაწყოს. თავდაპირველ ხელნაწერებში მონადირე,მწყემსების მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე კვდებოდა, მაგრამ მერე მეც კი შემეცოდა და დავინდე, თუმცა მისი მკაცრად დასჯაც არ დამვიწყებია! ადამიანი, რომელიც მიდის ბუნების წინააღმდეგ, ყოველთვის იქნება, კოჭლი და ხელმოკვეთი! რაც შეეხება ნაწარმოების სიდიდეს, ეს მართლაც არის ამ პორტალის პრობლემა და არ ველოდი იმ გამოხმაურებებსაც კი, რაც მომწერეთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! გოჩა შანიძე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გამოხმაურებისთვის! რაც შეეხება ზოგ კითხვებს და თვალსაზრისს-მიყვარს თუ არა ნადირობა? არა, არ მიყვარს და არც არასოდეს მინადირია. უბრალოდ მინდოდა დამეხატა ადამიანის ბრძოლის ჟინი და მოუდრეკელი, დაუმორჩილებელი სულისკვეთება, რომელსაც მისივე სისასტიკით განაწყენებული ბუნებაც კი შეუძლია მისდამი კეთილად განაწყოს. თავდაპირველ ხელნაწერებში მონადირე,მწყემსების მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე კვდებოდა, მაგრამ მერე მეც კი შემეცოდა და დავინდე, თუმცა მისი მკაცრად დასჯაც არ დამვიწყებია! ადამიანი, რომელიც მიდის ბუნების წინააღმდეგ, ყოველთვის იქნება, კოჭლი და ხელმოკვეთი! რაც შეეხება ნაწარმოების სიდიდეს, ეს მართლაც არის ამ პორტალის პრობლემა და არ ველოდი იმ გამოხმაურებებსაც კი, რაც მომწერეთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას! გოჩა შანიძე
5. ძალიან მომეწონა . +5 ძალიან მომეწონა . +5
4. მშვენივრად იკითხება სინტერესოცაა. მშვენივრად იკითხება სინტერესოცაა.
3. მშვენიერია, ლამაზი ენით დაწერილია და კარგად იკითხება. სულ ცოტა დასარედაქტირებელია უბრალოდ. + მშვენიერია, ლამაზი ენით დაწერილია და კარგად იკითხება. სულ ცოტა დასარედაქტირებელია უბრალოდ. +
2. ვკითხულობდი, გზადაგზა :)
კიდევ ერთი იდუმალი ისტორია დალიზე და მონადირეზე- კარგად მოტანილი მკითხველამდე.
ნადირობის ჟინის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური სიღრმეები, მონადირის სულიერი და ფიზიკური გადარჩენის მძაფრი და ცოცხალი სურათი მოდუნების საშუალებას არ აძლევს მკითხველს და მიუხედავად მოცულობისა, მოთხრობა კარგად იკითხება.
რაღაცას მაინც ვერ მივხვდი- ავტორს უყვარს ნადირობა თუ არა? :) ვკითხულობდი, გზადაგზა :)
კიდევ ერთი იდუმალი ისტორია დალიზე და მონადირეზე- კარგად მოტანილი მკითხველამდე.
ნადირობის ჟინის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური სიღრმეები, მონადირის სულიერი და ფიზიკური გადარჩენის მძაფრი და ცოცხალი სურათი მოდუნების საშუალებას არ აძლევს მკითხველს და მიუხედავად მოცულობისა, მოთხრობა კარგად იკითხება.
რაღაცას მაინც ვერ მივხვდი- ავტორს უყვარს ნადირობა თუ არა? :)
1. კი, მომეწონა...კარგი გამოვიდა...5 ფინალი ყველაზე მეტად...-მთელი ამ ხნის მანძილზე აფორიაქებული მოთხრობა დამშვიდაო თითქოს...:) თავისთავად მკითხველიც დაამშვიდა ასეთმა ფინალმა...:-
ძალიან დიდი ტექსტია მოცულობით და არ ვიცი რამდენი მკითხველი წაიკითხავს...:( ავტორო, მკითხველის ნაკლებობა არ ნიშნავს იმას, რომ ცუდია და არ მოსწონთ, უბრალოდ მონიტორზე ბევრს უჭირს ამხელა ტექსტების კითხვა...;-* კი, მომეწონა...კარგი გამოვიდა...5 ფინალი ყველაზე მეტად...-მთელი ამ ხნის მანძილზე აფორიაქებული მოთხრობა დამშვიდაო თითქოს...:) თავისთავად მკითხველიც დაამშვიდა ასეთმა ფინალმა...:-
ძალიან დიდი ტექსტია მოცულობით და არ ვიცი რამდენი მკითხველი წაიკითხავს...:( ავტორო, მკითხველის ნაკლებობა არ ნიშნავს იმას, რომ ცუდია და არ მოსწონთ, უბრალოდ მონიტორზე ბევრს უჭირს ამხელა ტექსტების კითხვა...;-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|