ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატუშა
ჟანრი: პროზა
6 აგვისტო, 2013


გადაბირება 2 (ნაწილი I)

. . . ვიწრო, გაბოლილ და ნესტიან გვირაბში მიდიოდა უცხო ადამიანებთან ერთად.  დამფრთხალი ვირთხები წრიპინით ჩარბოდნენ სოროებში. ალაგ-ალაგ კოცონები ენთო. მოულოდნელად, ბნელი შესახვევიდან, გამხდარი, მელოტი კაცი გამოვიდა. მაღალყელიანი, მუხლებთან გადაკეცილი ჩექმა და ორბორტიანი კამზოლი ეცვა. ლაბირინთებიდან გამოვარდნილი ორპირი ქარი ატლასის ყელსახვევს უფრიალებდა მკერდზე. მოდიოდა ეს კაცი და ცალი ოქროსფერი ხელთათმანით მზესავით ანათებდა გვირაბის ჩაბნელებულ სიღრმეებს. დავითს გაუსწორდა, შეხედა და გზა განაგრძო. დროდადრო ტრიალდებოდა, გამოხედავდა და ესეც, ლეკვივით მისდევდა უკან. . .

გავიდნენ გვირაბიდან. საოცარი სანახავი იყო-პატარა მზეებით გაცისკროვნებული ძალიან ცისფერი ზეცა და თვალისმომჭრელი მკვეთრი ფერები. მომკილ მინდვრებს სიცხისგან ალივლივებულ სივრცეში ბოლო არ უჩანდა. ერთი ზომის ძნები უწესრიგოდ ეყარა სიგრძეზე. კუპრივით შავი გზა ორად იყოფოდა. გამყოფ ზოლზე ისეთივე შავი, წელსზემოთ ტიტველი კაცი იდგა. რიგში ჩამდგარ ხალხს გაუგებარი ნიშნით ახარისხებდა და ზოგს მარჯვნივ აგზავნიდა, ზოგს- მარცხნივ. დავითი სამჯერ ჩადგა რიგში. ყოველ ჯერზე კაცი ხელისკვრით იცილებდა: შენი დრო არ არის. . . შენი დრო არ არის. . . საშინლად ცხელოდა. კამზოლიანი იქვე იჯდა ქვაზე და თვალს ადევნებდა ყველაფერს. მერე პრტყელი მათარა გაუწოდა დავითს.

- დალიე დავით!
დალია.
- ჩემი სახელი საიდან იცით?
- ვიცი.- კაცმა გაიღიმა.- მითხარი, რის გემო აქვს?
- თაფლის.
- კიდევ?
        ერთიც მოსვა, დაფიქრდა.
- ვერ ვხვდები.…

კამზოლიანმა გაიცინა. არ არის აუცილებელი მიხვდე, ისე გკითხეო. ხელი ხელში ჩაავლო და განიერი, სპილენძისფერი სამაჯური საოცარი სისწრაფით გაუკეთა მაჯაზე.  წაძრობა სცადა, ვერ მოახერხა.
- რა არის ეს? მომხსენით!
- გქონდეს, რას გიშლის?
- როგორ გამიკეთეთ მთლიანი რგოლი?
- ეგ მთავარი არ არის. რგოლი დღეიდან შენი დამცველი და თილისმა იქნება. ხედავ შუაში ამობურცულ მორიელს? კარგად დააკვირდი თავზე შავ ლაქას! მხოლოდ საფრთხის წინ და მალულად, ცერი გადაუსვი საათის ისრის საწინააღმდეგოდ. ასე გააქტიურდება სამაჯური. რაც გითხარი, არავისთან წამოგცდეს! გაამხელ და საშინელი ტანჯვით მოკვდები.
- ვინ ხართ?
კაცმა გაშლილი ხელი თავზე დაადო და თვალი თვალში გაუყარა.
დავითს თავბრუ დაეხვა. . .

ბუხრის თავიდან მოზრდილი ობობა დაეშვა ალპინისტივით. ნელა მოიწევდა ქვემოთ. სერ უილიამ თროქმორთონმა ანთებული სიგარა ვერცხლისფერ ქსელზე გადაატარა. ობობამ შეტრუსული საცეცები ყვითელ მუცელზე შემოიხვია და ბურთივით დამრგვალებული ჩავარდა  ნაცარში.

- დევიდ, სამაჯური ვინ გაგიკეთა?
- უცნობმა კაცმა.
- როგორ გამოიყურებოდა?
- არ ვიცი.
- კაცი რომ იყო, ის იცი და გარეგნობა არ გახსოვს?
- ხმაზე მივხვდი, კაცი რომ იყო. სახელი დამიძახა, ვერ ვხედავდი.
- კარგი! რა გითხრა, რისთვის გჩუქნიო?
- არ მითხრა.
- რაღაც დანიშნულება უნდა ქონდეს. უბრალოდ გაგიკეთა? რატომ არ კითხე?
- იმიტომ, რომ ძალიან მცხელოდა და მწყუროდა.
- მაოცებს შენი ლოგიკა. თმა ვინ შეგიტრუსა? ექიმმა, ექთანმა თუ სანიტარმა?
- შეტრუსული მაქვს?!

დავითი, აქამდე დედოფლის გამოსახულებიან ჭიქას რომ აწვალებდა, წამოდგა. კოჭებზე ადგა კლინიკიდან გამოყოლილი შარვლის ტოტები. წელში ბებრულად მოხრილი  მივიდა სარკესთან. სიბერის ყავისფერი ლაქები მკვეთრად აჩნდა ლოყებზე, ყურებზე, დანაოჭებულ ყელზე. სერ უილიამ თროქმორთონმა ტუჩები ჩაიკვნიტა.

- იცი, ფსიქიატრიულში გიპირებდნენ გაგზავნას.
- ვიცი.
- არავის სჭირდება აუხსნელი და ზედმეტი პრობლემები. მე ცნობილი ქველმოქმედი ვარ.  როგორც უპატრონო, უსახლკარო და ავადმყოფ მოხუცზე მეურვეობა და პასუხისმგებლობა ჩემ თავზე ავიღე. სიხარულით გამომატანეს შენი თავი.
- რისთვის?
- ვითომ ჩემი შვილის სიბერეს ვუყურებ. აღარ გაიმეორო სინამდვილეში ვინც ხარ! დროებით მეხსიერებადაკარგულ მოხუცად უნდა დარჩე.
- დროებით? მერე, მერე რა იქნება?
- წინასწარ ვერ ვიტყვი, რანაირად და როგორ, მაგრამ გიშველი.
დავითი აკანკალდა.
- აქ ყოფნა თუ არ გინდა, წაგიყვან პანსიონში.
- არა, არა!-შეშფოთდა დავითი,-აქ ვიქნები. ფანჯარას გავაღებ.
- გააღე!

ოთახში როი შემოვიდა.
- ვახშამი მზად არის, გთხოვთ!
- როი!-დაიყვირა მოულოდნელად დავითმა.
სერ უილიამს საფერფლე გაუვარდა ხელიდან.
- რა გინდა?-შეუღრინა როიმ.
- რატომ არ კოჭლობ?
- მომირჩა ფეხი.
- მიჩვენე!
- სხვა არაფერს ისურვებ ბებერო?
- ჩქარა! ჩქარა! ჩქარა!-იტერიკაში ჩავარდა დავითი.
სერ უილიამმა ამოიოხრა.
- აჩვენე!
- ეეეე! ხან ასეო, ხან ისეო, არაფერი მესმის შენი. აჰა!

როი იატაკზე ჩაჯდა. ხვნეშით გაიხადა მარცხენა ფეხზე ფეხსაცმელი და წინდაც მიაყოლა. დავითი თავზე დაადგა.
- მეორეც!
როიმ იგივე გაიმეორა და შიშველი, კოტიტა ტერფები წინ წამოყარა. ჭრილობის არანაირი კვალი არ ემჩნეოდა. დავითი შებარბაცდა. სერ უილიამმა ხელი შეაშველა და საწოლზე წამოაწვინა

- დევიდ, უამრავი რამ გაგაკვირვებს და გაგაოცებს აქ. ყველაფერს აგიხსნი. ახლა, დამშვიდდი და ხვალ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი, კარგი? როცა მოისურვებ, როცა მეტყვი, სავაჭრო ცენტრში წავიდეთ, საუკეთესო ტანსაცმელი შევარჩიოთ. ესეც შენი მობილური! ვისაც გინდა დაუმესიჯე. დარეკვას არ გირჩევ, მოხუცივით გიკანკალებს ხმა. ჰო,უშენოდ არ ვივახშმებთ, დაგელოდებით. იცი სადაც არის სასადილო.

სერ უილიამმა როი ხელის კვრით გაიყვანა საძინებლიდან და ფრთხილად გაიხურა კარი. დავითი ბალიშზე დაემხო, გაყუჩდა. საცოდავად უჩანდა ნაცრისფერი პერანგიდან ამოჩრილი გამხდარი მხრები. ცრემლების თუ სიბერის გამო, ძლივს წაიკითხა  მობილურში შემოსული მესიჯები. დედა! გული ამოუჯდა. ტირილ-ტირილით და სრუტუნით რამდენჯერმე აკრიფა და წაშალა ტექსტი. ბოლოს გადაწყვიტა და გააგზავნა:

“დე, რა არის, რატომ ნერვიულობ? გაიგე, პატარა აღარ ვარ. სამსახური გამომიჩნდა კარგი ანაზღაურებით და დრო არ მქონდა დასარეკად. ფული არ გამომიგზავნოთ! ერთი კვირის ხელფასი უკვე მომცეს. ვმუშაობ საღამოს საათებში. სასწავლებელს არ ვაცდენ, გადასასვლელებზე არ გადავრბივარ, ვიკვებები ნორმალურად. საბა წესიერი ბიჭია. არ იკეთებს, არც ეწევა. არაფერი გაქვთ სანერვიულო. შეგეხმიანებით. . . “ 

როიმ ჭურჭელი მანქანაში შეყარა.
- ვილი, რატომ ხარ ასეთი ძუნწი? დავიღალე! ყველაფერი მე ვარ-მზარეული, მებაღე, მოსამსახურე. დიასახლისი მაინც ავიყვანოთ.
- როი, შტერო, ძუნწი არა, ფრთხილი ვარ. როგორ ფიქრობ, მეხალისება ათასნაირი ცნობისმოყვარე ხალხის გამოცვლა? ვინც კი მოვიყვანე, ყველამ რაღაცის გაგება მოისურვა. შუშების მწმენდავიც კი, ორჯერ მეტ დროს ანდომებს საქმეს და თვალებადქცეული იჭყიტება ოთახებში. წუწუნს მოეშვი! ვიყოთ ასე, როგორც ვართ.
გაკლია რამე?
როის არ მოეწონა სერ უილიამის მზერა.
- არა, მაგრამ. . . ვიყოთ და ვიყოთ, როგორც იტყვი. ისე, იცოდე, ვერ ვიტან ამ ახალგაზრდა ბებერს. 
- გაფრთხილებ! იცი შენ, ხუმრობა არ მიყვარს. რამე რომ დაუშავო, სულ მცირედიც კი. . .
- იმ ნაბიჭვრის გულისთვის მემუქრები?! ნეტა მოკვდეს!
- მე ჩემი ვთქვი!

დასევდიანებულმა როიმ ხელსაწმენდი თითზე გადაიგრიხა, თავი გვერდზე გადააგდო და სერ უილიამს გააჯავრა:

- გაკლია რამე? გაკლია რამე?  დიახ, თბილი სიტყვები და მოფერება მაკლია. მინდა ჩემზეც ზრუნავდეს ვინმე, ვუყვარდე. . . ეს იორკშირული ხარი სურათზე ჩემზე უფრო ბედნიერად გამოიყურება.
         
         
           

გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები