ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პილი-გრიმი
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2013


ლექსი საჩუქრად

(გამოძახილი ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსისა - ,,ლამაზი სიკვდილი”)


როცა ჩამოვა მთვარე ზეციდან
და ამღერდება ღამე მთვრალივით,
თავად ეშმაკიც, ჯოჯოხეთიდან
რომ შემოგვბღავლებს, ფეთიანივით,

როცა ბაგენი დადუმდებიან
და დაიწყებენ თვალნი საუბარს,
სადღაც, შორს მგლები აყმუვლდებიან,
ბულბული ღამეს რომანს გაუბამს,

მზე დაიღვრება როცა ყოველგან
და გაზაფხულიც სულში ჩამხედავს,
მუზას უნაგირს როცა დავადგამ
და წიხლს ამოვკრავ, როგორც სახედარს,

როცა მზის სხივი ყვავილს აკოცებს,
დამშრალ ღელეებს ორთქლი აუვათ,
როცა ღამურებს დღე გააოცებთ
და ანგელოსთაც გული წაუვათ,

როცა ჯიხვები დაგიჟდებიან,
გადეშვებიან ხევში კივილით,
როცა ირმებიც დაფეთდებიან
და იბღავლებენ, შერეკილივით,

როცა გულებიც აჯანყდებიან,
შეასკდებიან დღენი ერთმანეთს,
ტუჩები ტუჩებს დააკვდებიან
და მოსტაცებენ მზეს სიმხურვალეს,

როცა სიშორეც არ შემაწუხებს,
როცა ოცნებაც გაშლის იალქნებს,
მე გავექცევი მიწის მარწუხებს
და ჩემს ლურჯ სიზმრებს ზეცად მივაგნებ...

მოვალ, ჩაგხედავ სოველ თვალებში
და თბილად, ნაზად გეამბორები...…
მე გაგიტაცებ სულ სხვა მხარეში
და სამუდამოდ იქ მეყოლები.

მოგეფერები სახეზე ფრთხილად
და ავტირდები შვების ცრემლებით -
თუმცა სურვილი რჩება სურვილად
და ეს სიგიჟეც, უკურნებელი!..

და როცა მთვარე ცრემლს დაათოვებს,
კვლავაც იმღერებს ღამე მთვრალივით,
მხოლოდ ჩემს ცისფერ ლექსებს დავტოვებ,
მე კი გავქრები... ჯადოქარივით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს