ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გადამფრენი
ჟანრი: პროზა
15 აგვისტო, 2013


ბოთლშიჩასადები წერილი ტომს

გამარჯობა, ტომ.
ამ წერილს შორეული, მთიანი ქალაქიდან გიგზავნი, სადაც ზამთრისთვის უჩვეულოდ თბილა რამდენიმე დღეა და როგორც უფროსები ამბობენ, მალე თოვლს მოაყოლებს .

ეზოდან წყლის ნაკადივით ასკდება ქუჩებს ბავშვების ყიჟინა, ძაღლების ყეფა და მკლავებაკაპიწებული დაზამთრების სუნი. ახლა ჩვეულებრივი დღეა, ნახევრადმზიანი და ჩემი ფანჯრის წინ აწოწილ ჭადრებზე ქარის მიმართულებით მოძრაობენ კარამელისფერი კუნწულები, მკრთალად ჩანან აგურისფერი ბინები და თოვლშერჩენილი მწვერვალები.

მე ზუსტად შემიძლია გამოვიცნო, როგორი საღამო იქნება დღეს: ნედლი შეშების სუნი თავბრუს დაახვევს ყველა ფანჯარას, ხის ჩრდილებს ამოეფარებიან სარეცხებით გულწასული აივნები და ბატონებივით ზურგზე დაეწინწკლება ხალხი ქუჩას. ერთხელაც ასეთ საღამოს მე და შენ გამოვალთ გარეთ: ავალთ მთაწმინდაზე ან სულაც ყველაზე უბრალო, უხალხო სკვერში. ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ იმდენად ახლოს, რომ მესმოდეს შენი გახშირებული ან აუღელვებელი გულისცემა; შეიძლება საერთოდ არ ვუთხრათ არაფერი ერთმანეთს ან ვილაპარაკოთ მხოლოდ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ატირებულ ბავშვზე, რომელსაც მკლავებში ექაჩება დედა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, იმ საღამოს მერე არასდროს ჩავა მზე.

მანამდე მინდა, ბევრ რამეზე მოგიყვე. მერე, როგორც წესი , სათქმელი საშობაო ნამცხვრის კრემივით ერთმანეთში ირევა და მეც ნაკლებადმნიშვნელოვანი თემებით გაბეზრებ თავს.

ახლა კი, როცა მე შენთვის ვამზადებ ლურჯ ბარათს, ჭორფლებივით აქა-იქ დაყრილი მტრედებით, ალბათ, სადმე ცივა თებერვლის სუსხით კართან მოკუნტულ ლეკვს ან მშიერ შვილებს უმზადებენ დედები ქვეშაგებს, დამსკდარი მაჯებით ერთმანეთში ანაცვლებს ვერცხლისფერ ხურდებს ვინმე მოხუცი, ალბათ ახალ კანონზე ფიქრობს ნიუტონის შთამომავალი, ომისთვის ემზადება ნაპოლეონის თაობა, ათიათასობით ბერი იცავს მონასტრის გალავანს, ფსიქო-სექსუალურ დილემებს თავს აღწევენ ნეოფროიდიანელები, ფუნქციონალიზმის თეორიისთვის პოსტულატს აჯამებენ ვებერიანელები, მე კი ასე ეგოცენტრული, თავს ვაღწევ ამ მონოტონურ გარემოს, რომელსაც ერთხელაც გავბედავ და პუანტილიზმით დავუმთავრებ არსებობას... მე ხომ უკვე ვცხოვრობ სამყაროში, რომლის ცენტრიც შენს ირგვლივ ტრიალებს, ტომ. ამ სამყაროს არც დედამიწა ჰქვია და ზუსტად ვიცი, არასოდეს აღვესრულები მის გამო ჯორდანო ბრუნოსავით. ეს სივრცეა, რომელშც არასოდეს მიჭირს სუნთქვა უჟანგბადოდ და თვალდახუჭული, სადავეებმოშვებული, ფილტვებშიშეჟუჟუნებული სუფთა ჰაერით ვითბობ არც თუ ბებერ ძვლებს და მეღიმება. მეღიმება იმიტომ, რომ მე არაფერი აღმომიჩენია და თავი მაინც გალილეო მგონია, მე ხომ ასე უბრალოდ, მარტივად თავითჩაშვებული ვარ შენს სხეულში, როგორც პატარა სათლი ჭაში და ხარბად ვსვამ წყალს .

ოდესმე აუცილებლად მიიღებ ზღვის გაღმიდან იმ ბოთლებს, მე რომ წერილებს ვატან, თუმცა ჯერ არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს წითელფეხებამტრედზემისაბმელი ბარათების ჩხაპნა.

წუხელ ბევრს ვფიქრობდი, ძალიან ბევრს. ვფიქრობდი ცხოვრებაზე, რომელიც მგონია უბრალოდ სილაა, რომელსაც თვალებში გაყრიან და თითები იმისთვის კი არ გვაქვს, რომ ჩვენს თავსვე ჩამოვრეცხოთ ეს მტვერი და წვრილი კენჭები, არამედ იმისთვის, რომ ერთმანეთს ჩამოვაშოროთ..

ჩემი ახირებული კლასიკები სმენაზე დგანან ახლა. მერე რა, რომ არც სიშორეზე ტირის როიალი, იმასაც არა უშავს, რომ მე პოეზიამ ჯერ ვერ დამანახა ცისფერი მხარე, რომლისკენაც მიილტვის ჩემი სული და ჯერ მზად არ ვარ გაფრენისთვის. მე უბრალოდ სემნტიმენტებში ვიხრჩობ თავს ამ საღამოს და ნაკლებად ვფიქრობ გრანელზე . მხოლოდ მაწუხებს, რომ გუშინ შორს ვიყავით ერთმანეთისგან..

შენ, ალბათ, ისევ მეტყვი, რომ წმინდაა ჩემი სული. მე გამიჭირდება დათანხმება, იმიტომ, რომ ვგრძნობ, თითქმის ყოველდღე როგორ ეშვება იგი ფსკერზე საჰაერო ბურთივით, რა მომეტებით მტკივა ამ დროს ხერხემლის მალები და ასე თუ გაგრძელდა, მალე ჩავიძირები. მაგრამ რაღა დაგიმალო და ამას რომ მეუბნები, ერთი საფეხურით მაღლაც კი ამოვდივარ. არაფერია იმაზე ცხადი, როცა მე ვხედავ, როგორ დგახარ იმ გზის ბოლოში, რომელსაც შესაძლოა, სულაც არ მივყავდე ღვთისმშობლის ტაძართან და ხელგაშლილი მელოდები . მერე, ზუსტად ვიცი, ერთად დავადგებით ღმერთისკენ რაღაც ბილიკს, ამოტეხილასფალტებიან გზას ან სულაც წყლიან გუბეებს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ერთად ვიპოვით ღმერთს.

მრავალჯერ მითქვამს, არაფერია იმაზე კარგი, როცა წინასწარ შეგიძლია გამოიცნო, რა მოხდება-მეთქი. ეს სხვა არაფერია, თუ არა შენი საიმედო მუხლისთავები ან თავდაჯერება, რომ მაგიდაზე გადაშლილ, სასიყვარულო ურთიერთობებით აჭრელებულ დღიურს არასოდეს წაიკითხავს ოთახის დასალაგებლად შესული დედა.

იცი, ტომ, ახლა შოპენს ვუსმენ. შოპენის ნოქტიურნს და ეს ფონი თავით მიშვებს ძველ ეპოქაში, მაშინ , როდესაც ფრანგი ქალები ხერხემლის ბოლოს აპრეხილი, შილიფი კაბებით ფრთხილად სხდებოდნენ ხავერდისზედაპირიან სავარძელში და ბატის ფრთით წერდნენ წერილს ომში წასულ მიჯნურებს.

დავფიქრდები და ასე მგონია, სიყვარული არც რამეების თანხვედრაა და არც სხვაობა ამათ შორის. შეშველება ხომ ჭირდება ხანდახან ჩვენს მიწამდე დაშვებულ მხრებს, სწორედ ეს ხსნაა სიყვარული.

შენ მეტყვი რამეს, იმაზე კარგს, ვიდრე იმის შეგრძნებაა, რომ მშიერ სულს პეშვიდან აკენკინებს თბილ სიტყვებს ვინმე? არა, ვერ მეტყვი ტომ, იმიტომ, რომ ასეთი არაფერია. მე კი არ მითქვამს რამე ასე მსუყე ან ნოყიერი ან მე კი არ ვარ ღმერთის გამოგზავნილი, მაგრამ.. შენ მიგყავარ იქით..

ჰოდა, მინდა, გამოგყვე, ტომ..

მით უმეტეს, რომ მე არ ვიცი, საიდან გათენდება და რომელ მხარეს ამოვა მზე.
გუშინ, სინათლეს შემთხვევითშესწრებული, ვხედავდი მეზობლის ბავშვს, მეზობლის შვიდი წლის ბავშვს, რომელსაც ოთახში დაყავდა მკვდარი ბაბუის ლანდი და საკუთარი თავი დავინახე იმ გაბზარულ, ჭუჭყიან კედლებში..

მე არ ვიცი, რატომ ვამთავრებ მრავალწერტილით ყოველ ასეთ წინადადებას, მაგრამ ასე მგონია, ეს წერტილები მხრებით ეზიდებიან ჩემს ყველა წელშიგაწყვეტილ სიტყვას და მერე დიდ გოდოლს აშენებენ, რომ ერთხელაც, უხერხემლო დარდებით დაოსებული დავადგე ვიწრო გზას, რომელიც მათთან მიმიყვანს და მდუმარედ აღვესრულები.. მაშინ შენც არ იქნები ჩემ გვერდით, ტომ..

ალბათ ახლოსაა ეს ყველაფერი და მგონია, გამოსამშვიდობებელ წერილს გიწერ.
ღმერთო ჩემო, დიდი ხანია არ ვყოფილვარ ასეთი მსუბუქი.

ტომ, შენ ხომ იცი, ყველა მზესუმზირა ვან გოგს არ ეკუთვნის, მაგრამ მაინც მისია ისინი.. ვან გოგისაა ჩემთვის აბიბინებული ყანები და ალაგ-ალაგ მზის ყვავილებით გაბრუებული მიწის ნაკვეთები. მერე რაა, რომ გონსალვესიც უდგას დარაჯად.

სწორედ ამიტომ, მე მინდა, შენთან ერთად ვნახო, როგორ ეკიდება ცეცხლი რიონს და დაგარწმუნო, რომ არაფერია ამ დროს ჭყვიშის გახლეჩილბროწეულისფერ ცაზე უფრო ქაფქაფა, მერე კი დავსხდეთ სილიან ნაპირზე და შევწვათ ვიღაცის ეზოდან მოპარული რძიანი სიმინდები.
იქნება ყველაზე მშვიდი და სუფთა საღამო, რაც კი აქამდე. მერე მოვუსმენთ შოპენს და ჩვენ ორივე ვიქნებით რაფაელი, პიკასო, მოდილიანი .
როგორ დავიჯერო, ღმერთი ყოველდღე ცაშია და არასდროს დაუდგამს ფეხი მიწაზე ჯვარცმის შემდეგ . სხვა რა იქნება ის საღამო, ტომ..

და რა კარგია, რა სიმსუბუქეა, როცა ფრენითდაღლილ, ხის ტოტებზე წამოდებულ, გახეულ სულს ხელებგაშლილი ელოდება ვიღაც.
მეც მინდა გავფრინდე, ტომ..
თუნდაც მხოლოდ ამისათვის..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები