ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიცვალებული
ჟანრი: პროზა
15 აგვისტო, 2013


წერილი თევზს

ძვირფასო თევზო,

შენ ალბათ ახლა სხვის აკვარიუმში გძინავს და სიზმარში მარადმღელვარე ზღვას ხედავ.
ვარსკვლავები პურის ნამცეცებივითაა მიმოფანტული მის ზედაპირზე და დაუღალავად ციმციმებენ. ვიცი, სიამოვნებით გადაიქცეოდი პატარა, ჩემი ხელისგულისოდენა ჩიტად და ყველას აკრეფდი.

შენს აკვარიუმში არაფერია ლურჯი. წყალი გამჭირვალეა და სივრცე იმდენად პატარა, დარწმუნებული ვარ, ტირილი გინდება. არავინ იცის რა ფერია შენი ცრემლები ჩემ გარდა.
წყალს ამღვრევს და ოთახს ძილს უფრთხობს.

შენი ბავშვობა მანამდეც არსებობდა, სანამ ქვირითის ოჯახის წევრი გახდებოდი.
ყველაზე შეუმჩნეველი იყავი, რადგან შენი და-ძმისგან განსხვავებით ნაკლებად კაშკაშებდი. შენს კანს არ ქონდა მკვეთრი ოქროსფერი შეფერილობა.
მალე კი, როცა სახეზე ვერცხლისფერი წინწკლები გაგიჩნდა, შენი შეეშინდათ და შენც გაიქეცი.

არ ვიცი რატომ გწერ. წერილების კითხვა არასდროს მისწავლებია შენთვის. ჩვენს სანაპიროზე ერთი წერილიც არ მოსულა, თუ ბოთლში ჩაგდებულ დაობებულ და ჩაყვითლებულ ფურცლებს არ ჩავთვლით.
„დავიკარგე. გთხოვთ, გადამარჩინეთ“ - გიკითხავდი და ლაყუჩებს ინტერესით ბერავდი. არ გეცოდებოდა. მხოლოდ მისმენდი. ჩემი ხმა არ გავდა ქალთევზების ხმის ხავერდოვან ჟღერადობას.

მე ახლა ბევრი თევზი მყავს. ერთი ისეთი ლურჯია, თავად გავს ზღვას. გადმოკარკლულ თვალებში სევდა ისე აქვს ჩაწოლილი, ხანდახან ადამიანი მგონია.

ჩემი წასვლის დროა. მელანი უთავდება ამ კალამს.
რაც შეიძლება ბედნიერად იცურე.

შენი, მე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები