ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეთი გივიშვილი
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2013


უადგილო

მე ბევრჯერ ვცადე,
მორიგი გამთენიისას გამეღვიძა,
ისევე როგორც დანარჩენებს,
იმავე რიტმში, მსგავსი ძალდაუტანებელი სიმარტივით.

შევგუებოდი დილის შავ ყავას
და შემძლებოდა ცხოვრება,
დანარჩენებივით ხელოვნური საკმარისობით.

მომწონებოდა საქმე,
რომელსაც ვაკეთებ ზუსტად ცხრიდან ექვსამდე -
ერთსაათიანი უადგილო შუალედით.

მე ვისურვებდი,
შემექმნა საკუთარი თავის ასეთი ვერსია,
ინერციული მიდრეკილებით ხვალინდელისკენ.

მაგრამ ცხოვრებამ უკვე მასწავლა,
რომ ყველა მცდელობა გამარტივების
ჩემში სრულდება კრახით.

და, რომ მე ზუსტად ის ვარ,
რაც აქამდე შევქმენი
და კიდევ ცოტა მეტი,
რაც ჩემგან შექმნეს.

ამიტომ,
ვირჩენ ბავობისას ნატკენ მუხლისთავს,
რომელსაც დრო და დრო ამინდი მახსენებს.

ვითმენ ტკივილებს
და ვითვლი გამვლელებს,
რომლებიც ჩემს სახლს ღამით გვერდს უვლიან.

გადავაჩვიე თავი ცხოვრებისგან
რამის მოთხოვნას და
მგონია, რომ საკმარისია -

ლიმონის ბაღი
და კიბის ბოლო საფეხურზე
ფინჯანი ჩაი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები