 | ავტორი: კატუშა ჟანრი: პროზა 31 აგვისტო, 2013 |
წვიმამ გადაიღო. სადღაც თავშეფარებული ჰენრი კნავილით გამოვარდა. თავჩაღუნული მორბოდა გაზონზე. ფეხებზე შემოეხვია. გარშემო უვლიდა, შარვალზე ეკიდებოდა ბრჭყალებით, ყნოსავდა, კრუტუნებდა. უხვად დააყარა ჭრელი ბეწვი ფეხსაცმელებზე. მიესიყვარულა და მერხზე ახტა. გვერდზე მიეკრა, კუდი გაჭიმულ თათებზე გადაიგდო და გაიტრუნა. არ ეგონა დავითს, ჰენრის დანახვა ასე თუ გაახარებდა. ერთდროულად კატას ეფერებოდა და თვალს არ აცილებდა ეზოს. ინდირას ქაღალდის პარკით ფრანგული ბატონები მოჰქონდა. სარის კალთა კბილებით ეჭირა და რაღაცას ეძებდა ჩანთაში. კოწახურს რამდენიმე ტოტი კიდევ შეატეხა, უკეთ გამოჩნდა მისი ყოფილი საცხოვრებელი. საბამ სერ უილიამი გამოაცილა გარეთ. არ ესმოდა რას ლაპარაკობდნენ. სერ უილიამმა მობილურში რაღაც ჩაინიშნა და წავიდა. საბა შეილასავით ჩამოჯდა ზღურბლზე. სიგარეტს მოუკიდა ჩაფიქრებულმა. ბოლოს ნამწვი კედელს მიასრისა და როგორც დავითმა იცოდა, მეზობლის გაზონზე ისროლა. ადრე არ ეწეოდა. დავითს ქვედა ტუჩი აუცახცახდა, დაბერების შემდეგ უკვე მერამდენედ იტირა. დიდხანს იჯდა მერხზე სველი და უბედური. შებინდებისას ფეხით გაუყვა ქუჩას და თროქმორთონების “საყვარელ სახლამდე” როგორ მივიდა, ვერ გაიგო. . .
დილის ლანჩი თვითონ მოიმზადა- ორი თოხლოდ მოხარშული კვერცხი, ყველიანი სენდვიჩი და რძიანი ყავა. ის იყო, პირველი ყლუპი მოსვა, რომ სერ უილიამი შემოვიდა სასადილო ოთახში.
- დილა მშვიდობის დევიდ! - !? - კარგი, ნუ მომესალმები! საბა ვნახე გუშინ. - რატომ? - გადასვლას აპირებდა. - მერე? - გადავაფიქრებინე. - როგორ? - იცხოვრებს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც იხდიდა. უარზე იყო. შენი გაუჩინარების შემდეგ გული არ უჩერდება სახლში. დავარწმუნე, რომ დაგიცადოს. რა იცი, დავითს რა შეემთხვა, ხვალ ან ზეგ იქნებ გამოჩნდეს და აქ თუ დახვდები, გაიხარებს მეთქი.
დავითმა ფინჯანი განზე გაწია. - ხვალ ან ზეგ გამოვჩნდე არა? - სხვა რა უნდა მეთქვა? - თავი რომ მოვიკლა? - არ მოიკლავ, ეგ აქამდე უნდა გაგეკეთებინა. - საბას თავი დაანებეთ! . . . - საბა ჩემი ინტერესების სფეროში არ შედის. დამშვიდდი! ჰო, რისთვის შემოვედი და დამავიწყდა. პატარა მეგობარი გელოდება გარეთ. - მე პატარა მეგობრები არ მყავს. - გადაიხედე!
უკანა თათებზე ჩაყუნცული ჰენრი გაშეშებული შესქეროდა შემოსასვლელ კარებს. ნიავი უწეწავდა მბზინვარე, დაწმენდილ ბეწვს. დაუძახა. კუდის ქიცინით და კნავილით ამოხედა. მოზრდილი, ყელგამოღადრული თაგვი დაეგდო წინ ერთგულების და პატივისცემის ნიშნად. - როგორ მომაგნო? - აგედევნა. დავითი გაწითლდა. - საიდან ამედევნა? - კარგი რა დავით! ვიცი, სადაც იყავი გუშინ. ნახევარი დღე არ ჩანდი. ასეთ მდგომარეობაში სხვაგან სად უნდა წასულიყავი? - შემოვუშვა? - როგორც გინდა. მე და როი სამი დღით სხვაგან მივდივართ და . . . - ლერა მკვდარია. ყვავილებს უნდა მივხედო? სერ უილიმმა გაიცინა. შეიძლება, ადამიანს სიცილი არ უხდებოდეს? აი, ამ ადამიანს ნამდვილად არ უხდებოდა. კბილები არ აკლდა, მაგრამ საზარელი შესახედი იყო ყურებამდე პირგაღებული. დავითმა თვალი აარიდა.
- შენი ნებაა, არ გავალდებულებ. მთელი სახლი შენს განკარგულებაში იქნება. გასვლა არ დაგჭირდება არსად. მაცივარში ყველანაირი პროდუქტია, რასაც ისურვებ. სადაც გინდა შედი და დაათვალიერე. მხოლოდ, მესამე სართულზე შავი კარის გაღებას არ გირჩევ. უფრო მკაცრად რომ ვთქვა-გიკრძალავ! ამ ბიჭმა კი იცხოვროს ჩვენთან. უკან დაბრუნება თუ არ ისურვა, მერე ვუყიდოთ კატის შესაფერისი სახლი, ჭვეშსაგები და საკვები.
პატარა, ოვალური ყუთი ამოიღო ჯიბიდან და დავითის სიახლოვეს დადო. - აქ ოთხი აბი დევს. მიიღე დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. უარი არ თქვა წამალზე. ფეხები წაგერთმევა და ვერ გიშველი. შედეგი უარესი იქნება- ავადმყოფ, ინვალიდ მოხუცად დარჩები.
ცივი ყავა უხმოდ დალია და ნელი ნაბიჯით გავიდა სასადილოდან. ფეხსაცმლის ძირზე ჯერ ისევ სველი ტალახი ქონდა აკრული. . .
რამდენჯერმე ავიდა მესამე სართულზე. მოჯადოებული შესცქეროდა კარს. ხელი შეახო, ყურიც მიადო. ასეთი დიდი და ძველი ბოქლომო ცხოვრებაში არ ენახა. რაო, გაღებას არ გირჩევო? რატომ გააფრთხილა? შეგნებულად გაუმახვილა ყურადღება. აქეზებს, უბიძგებს, რომ თავისი სურვილით შევიდეს შიგ. რა არის იქით? ძლივს უმკლავდება ცნობისმოყვარეობას. გაიძვერა, მიაღწია თავისას. რითი უნდა გახსნას? გასაღები? რომელიღაც ჰოლივუდური ფილმიდან ეპიზოდი გაახსენდა. ახალგაზრდა გმირს სახლის პატრონი არ დახვდება სახლში. ყვავილის მოზრდილ ქოთანს აწევს და ძირს მოუთვალიერებს. უშედეგოდ. მერე, კარის ჩარჩოზე გააყოლებს ხელს და იქ აღმოაჩენს გასაღებს. ამ სართულზე ყვავილები არ იყო. მეორე ვარიანტი უნდა ეცადა. გაუმართლა. არ ელოდა ასეთ შედეგს. პირი გაუშრა მღელვარებისგან. ხელიდან ხელში გადაქონდა გასაღები. თვალს არ უჯერებდა. რა შეიძლება ნახოს იქ? დაბმული ურჩხული? დასპირტული უცხოპლანეტელი? იქნებ საუკუნეებგამოვლილი მუმია ან ადამიანი-მუტანტი? ღმერთო, იქნებ,სერ უილიამის შვილის სარკოფაგი? გასაღები ადგილზე დადო. არა, კარის გამღები არ არის. მეხუთედ დააპირა ასვლა და შუა გზიდან მოტრიალდა.
როგორც დილეგში, თავს ისე გრძნობდა უცხო სახლში. სადღაც, შორიდან პოლიციის მანქანის ხმა ისმოდა სუსტად. ჩაცმული მიწვა საწოლზე, შუქი ანთებული დატოვა და მაშინვე ჩაეძინა. შუაღამისას ჰენრის გამწარებულმა კნავილმა გამოაღვიძა. კატა ოთახში არ იყო. დერეფანში აღმოაჩინა. თითქოს კუდზე ფეხი დაადგესო, გამწარებული ჰენრი ბიუსტებს შორის დარბოდა ჩხავილით, იფოფრებოდა. წინ მირბოდა, თათებით ჰარში რაღაცას ეპოტინებოდა, მერე უკან იხევდა. დაბდღვნა ნოხი. აშკარად, რაღაცის ეშინოდა. დავითმა ჰენრი აიყვანა და სამზარეულოში ჩავიდა. ჰემი, რძე და ლამბაქი მოძებნა კატისთვის. აჩქარებულმა გამოიარა დერეფანი. მთელი სხეულით იგრძნო, თითქოს ვიღაცამ გვერდით ჩაუარა და ძალიან სხვანაირი, ერთმანეთში შერეული ტკბილ-მომწარო და ობის მძაფრი სუნი დატოვა. თვითონაც გვარიანად შეშინებული საძინებელში შევარდა. კარს ურდული გაუყარა, ზურგით მიეყრდნო და სული ძლივს მოითქვა.
ჰენრიმ ყველაფერი სწრაფად გადასანსლა. უკვე დამშვიდებულმა და დაპურებულმა ენა გადმოაგდო და საგულდაგულოდ გაილოკა სხეულის მისაწვდომი ადგილები. დანერწყვილი თათით თავპირიც მოისუფთავა. თავისებურად ბედნიერიც კი ჩანდა. ცოტა ხანს კიდევ ისუნსულა, მერე, საწოლზე ახტა, დავითს ფეხებთან მიუწვა და კრუტუნით მოხუჭა თვალები. დავითს არ ეძინა.
სად ჯანდაბაში წავიდნენ ეს მახინჯი კაცები? უკვე მეორედ შეანიშნა სერ უილიამზე ტალახიანი ფეხსაცმელები. რატომ ცხოვრობს როი ამ სახლში? რატომ არ ახსენებენ ლერას და მანანას? ლერა ცოცხალი რომ იყოს, მეორედ გაიმეტებდა მოსაკლავად. ინდირას და ჩანდრას რომ მოუყვეს ყველაფერი და დახმარება სთხოვოს? არ დაუჯერებენ, გიჟად ჩათვლიან.
უშველის ვითომ სერ უილიამი? ასე მოხუცად რომ დარჩეს? მერე, ალბათ, ჩააბარებენ პანსიონში. იმ გამოშტერებული ბებრებივით, იქ რომ ნახა, თავის ცახცახით ივლის საძინებლიდან სასადილოში, სასადილოდან- მისაღებში და სხვების სანახავად მოსულებს ცრემლიანი თვალებით გაუღიმებს. . .
თითიც რომ დააკარონ საბას, თითიც. . .
ვერ ისვენებდა. ხან კარებს მიაყურადა. ხან ფანჯარაში გაიხედა. გორგალივით დახვეული ჰენრი ცალი თვალით აკვირდებოდა. მიხვდა დავითი რაც უნდოდა-სიგარეტი. თროქმორთონების სიგარები გაახსენდა. სპილოს ძვლის ყუთი ძველ ადგილზე იდო. ნაბიჭვრები! გააგზავნა უმისამართოდ და ერთი სიგარა ამოიღო. ნეტარებით გააბოლა. შუამდე იყო მისული და სასმელიც დაამატა. ჭიქას ჭიქა მიაყოლა. ერთდროულად-სვამდა, აბოლებდა, გულამოსკვნილი ტიროდა და სარკეში საკუთარ ახალ გარეგნობას ათვალიერებდა. შემელოტებული თავი, ხშირი, ჭაღარა წარბები, სხივჩამქრალი თვალები და უამრავი ნაოჭი. საშინელი პერანგი ეცვა. ღილებიც ბოლომდე რომ ჰქონდა შეკრული? უცბად რაღაც გაახსენდა. მორჩენილი სიგარა ჭიქაში ჩააგდო. ნაცადი ბუხრის საჩხრეკი მოიმარჯვა და დერეფანში გავარდა. თავში და ბოლოში სათვალთვალო კამერები ჩაამსხვრია. ჯერ შუათითი აჩვენა და მერე აუყენა ლაწალუწი. დარბაზები დაიარა და სადაც შეამჩნია და შეწვდა, ბოლო მოუღო კამერებს. ამას გინების, გადაფურთხების და კედლებზე წიხლისკვრის თანხლებით აკეთებდა. შეშინებული ჰენრი საძინებლიდან გამოსვლა ვერ ბედადა.
- ჰენრი!- ყვიროდა დავითი.-მე არაფრის მეშინია, გესმის? არაფრის! მართალია, ბებერი ვარ, მაგრამ, მუმიას და ქონდრისკაცს თავისუფლად დავადუღებ ერთმანეთზე. -მიაუუ! - ჰო, არც უჩინარის მეშინია, საზიზღარ სუნს რომ აფრქვევს და გვითვალთვალებს. ბიჭო, კუდზე ფეხი ხომ არ დაგადგა? მითხარი! ჰენრის ყურები უცახცახებდა. - ვიცი, ვერ იტყვი, მაგრამ მანიშნე მაინც.
დავითი დაიღალა. ძლივს მიაღწია საწოლამდე. მეასედ შეპირდა ჰენრის, რომ ცოტას დაისვენებდა, დაიძინებდა, მერე ავიდოდა მესამე სართულზე და იმ დამპალ შავ კარს ჩარჩოიანად ჩამოიღებდა. არ აინტერესებდა რა დახვდებოდა იქ. უბრალო, ჩამოიღებდა და მორჩა. ფეხებზე ეკიდა სერ უილიამის გაფრთხილება.
უსაფრთხოების მიზნით ჰენრი სავარძლის უკან დაიმალა. კუდის ბოლო და ნაკვერჩხლებივით აელვარებული თვალები მოუჩანდა მხოლოდ. გარეთ, კარნიზის ქვეშ შეყუჟული მტრედები მოუსვენრობდნენ და საწვიმარ მილს ნისკარტს უკაკუნებდნენ გამეტებით. ჰენრი დრო და დრო კნავილით აფრთხილებდა ფრინველებს, რომ იქ იყო და არ ეძინა. . .
გაგრძელება იქნება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. აჰა, აქ უკვე მკითხველების ნაკადი შეწყდა, თუმცა უფრო საინტერესო გახდა თხრობა. 5. ვაგრძელებ.
აჰა, აქ უკვე მკითხველების ნაკადი შეწყდა, თუმცა უფრო საინტერესო გახდა თხრობა. 5. ვაგრძელებ.
2. მერე ავიდოდა მესამე სართულზე და იმ დამპალ შავ კარს ჩარჩოიანად ჩამოიღებდა. არ აინტერესებდა რა დახვდებოდა იქ. უბრალო, ჩამოიღებდა და მორჩა. მაგას თუ არ აინტერესებს, მე ველოდები იქ ამბებს?! მერე ავიდოდა მესამე სართულზე და იმ დამპალ შავ კარს ჩარჩოიანად ჩამოიღებდა. არ აინტერესებდა რა დახვდებოდა იქ. უბრალო, ჩამოიღებდა და მორჩა. მაგას თუ არ აინტერესებს, მე ველოდები იქ ამბებს?!
1. ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და ერთი სული მაქვს, გავიგო რა ხდება დაკეტილ კარს მიღმა :) ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და ერთი სული მაქვს, გავიგო რა ხდება დაკეტილ კარს მიღმა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|