| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 31 აგვისტო, 2013 |
ფარშევანგიანი სარკის საიდუმლო
პირველი ნაწილი
(ფანტასმაგორიული დეტექტივი თრილერის ელემენტებით)
დამარხული სიყვარული (რეპორტაჟი)
გზა აღმოსავლური სასახლიდან სამარემდის, ლამის ერთ ვერსზე ცოცხალი ყვავილებით იყო მოფენილი. საგანგებოდ გოლანდიიდან ჩამოტანილი შავი ვარდებით შემკული წითელი კუბო ნელა ჩაუშვეს სამარეში. დიდუბის ეკლესიის წინამძღვარმა- მამა სერაფიმემ დიდებულად აუგო წესი. თავად შეიხმა ინება, თავისი ძვირფასი მეუღლე ქრისტიანულ წესზედ დაეკრძალათ. გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოსთქვა ქალაქის საბჭოს ხმოსანმა- თავ. ზაქ. ყაფლანოვმა. რუსი აფიცრების საგანგებოდ მოწვეულმა რაზმმა ზალპი მისცა. ქალაქის დიდვაჭრებმა, ჩინოვნიკობამ და ქართულმა დარბაისელმა საზოგადოებამ, ასევე წმ. ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლის შეგირდებმა სათანადოს პატივით გააცილეს ცნობილი მოღვაწის უმშვენიერესი მეუღლე- კნეინა ნინო მარადიულს გზაზედ. მთელი ეს ბაღიც, რომელიც ირანიდან დევნილმა დიდებულმა- მირ-ფეთე-აღა სეიდ მუშთაიდ თავრიზელმა თავისი თანამეცხედრის ხსოვნის უკვდავებას მიუძღვნა, ეხლა ყველაზე დიდი საფლავია ამქვეყნად. ამბობენ, თვითონ შეიხი მალე დასტოვებს ტფილისს, ვინაიდან ძლიერ უმძიმს საყვარელის მეუღლის შემდეგ ამ გარემოში დარჩენაო. თუმცა, იმასაც მოგახსენებენ ამის მიზეზი პოლიტიკურს ხვანჯებშია საძიებელიო. ვნახოთ, მთავარია, რა ბედი ეწევა მის დიდძალ ქონებას.
მოლაყბე („ცისკრის” კორესპონდენტი)
1. ძველი სახლის გამოცანა. სადაც შეიტყობთ აუხსნელსა და დამაფიქრებელ ამბებს.
პატარა სახლი, როგორც ნალია, თეთრ სასახლეზე იდუმალია.
ქართველი პოეტი
მთაწმინდის ძველ უბანში, თარხნიშვილების კედლებდაბზარული სახლი ბოლო დროს უცხო ადამიანთა ცნობისმოყვარეობის საგანი გამხდარიყო. მოვლენები, რომელთაც სხვადასხვა ინტერპრეტაციით (ცხადია მთხრობელის ფანტაზიისა და ტემპერამენტის შესაბამისად) ჰყვებოდნენ, იმდენად უჩვეულო და აუხსნელი იყო, რომ სახლის ახალგაზრდა ბინადართა დაბნეულობას იწვევდა. ბექას, რომელიც ოჯახში ზესიძის სტატუსით სარგებლობდა, ვერ გაეგო, როგორ უნდა მიემართა პოლიციისათვის მისთვისაც გაუგებარ ფაქტებზე, მაშინ როდესაც არსებითად ხელშესახებს არაფერს ფლობდა. მარიკას- მის მეუღლეს კი, რომლისთვისაც ქალური იმიჯი უმთავრესი საზრუნავი იყო, ეშინოდა დაქალებს გოიმად არ ჩაეთვალათ ამ გაურკვეველი მოჩვენებებისთვის. თუმცა,რა თქმა უნდა, დიდხანს ამის დამალვას ვერ შეძლებდა და რამდენიმე "სანდო" პირს გაენდო. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს "საიდუმლო" მალე მთელ თბილისს თუ არა, მთელ უბანს მაინც მოედო. მე-18-ე საუკუნის ბოლოს აგებული აღმოსავლური სტილის ეს შენობა დღესაც ატარებდა ძველი დიდების კვალს.თუმცა დროს ულმობლად წაეშალა მისი გოროზი იერი. მარჯვენა ფლანგი გადაეკეთებინათ და იქ რაღაც უსახური დაწესებულება იყო განთავსებული. მარცხენა ნაწილი კი საცხოვრებლად დაეტოვებინათ. გადმოცემით ეს სახლი ირანიდან დევნილ, რელიგიური სექტის მეთაურის შთამომავალს ეკუთვნოდა. კომუნისტების ხელისუფლებას გაქცეული სპარსელის ქონების ექსპოპრიაცია მოეხდინა და რომელიღაც ჩეკისტისათვის გადაეცათ, ალბათ, გაწეული სამსახურისთვის. ეს ჩეკისტი რაღაც გაუგებარი გადახრების გამო თავად ქცეულიყო რეპრესიების მსხვერპლად. სახლს ახალი მფლობელები გაუჩნდნენ. ერთი ებრაელი ანტიკვარი თავისი ფაშფაშა ცოლით. ანტიკვარს, როგორც ამბობდნენ, მალე რაღაც ფსიქიკური აშლილობა დაწყებია, რაც პერიოდულად უცნაურ მოლანდებებში ვლინდებოდა და გარდაცვლილა კიდეც..მის ცოლს ბინა გაუყიდია და სადღაც საყვარელთან ერთად გადაკარგულა. სახლის ახალი მფლობელი ძველი თბილისელი ინტელიგენტების ოჯახი გახდა, რომელიც სწორედ ამ ინტელიგენტობის გამო კომუნისტების მხრიდან დევნის ობიექტი აღმოჩნდა. უცნაური ამ ამბავში ის იყო, რომ ოჯახის უფროსის- ინჟინერ პეტრე თარხნიშვილის ასაყვანად Uღამით მისული ჩეკისტები ვერასდროს ახერხებდნენ "დამნაშავის" მოხელთებას, უფრო მეტიც, უცნაურად შეშფოთებული და გაოგნებულები ბრუნდებოდნენ ოპერაციიდან.მაგრამ ამ ფაქტს , როგორც წესი, არ ახმაურებდნენ. იმასაც ამბობდნენ, ამ ოპერაციის მონაწილე ჩეკისტები სადღაც უკვალოდ ქრებოდნენო. სახლში გამოკეტილი ინჟინერი გაუგებრად უზრუნველად ცხოვრობდა და სხვასაც კი უმართავდა ხელს. ამჟამად სახლში მათი მესამე თაობა ბინადრობდა. ცხოვრობდნენ თბილისურად, თბილისური პრობლემებიYთა და არხეინობით, ვიდრე ის ამბები არ მოხდებოდა.
2. უცნაური შეტყობინება. სადაც სამწუხაროდ ვერაფერს შეიტყობთ.
შენს გასაკეთებელ საქმეს სხვაი რომ კითხულობს, დასტურ, გლახათაა საქმე.
ჩემი მეზობლის- ბიძია ვანიჩქას ნათქვამი
ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი კურიერის დილის ვიზიტით დაიწყო, რომელმაც ოჯახის პატრონს ტიპიური ბლანკიანი ქაღალდი ჩააბარა, ხელი მოაწერინა და გაქრა. ღერბიანი ფურცელი შეტყობინება აღმოჩნდა, რომელიც, ერთი შეხედვით, არაფრით იძლეოდა საფუძველს მოვლენათა შემდგომი განვითარებისა. ბექა სამზარეულოში შევიდა და ფურცელს გადაავლო თვალი. ტექნიკური სერვისის სამსახურიდან იყო, ვინმე ჯიმშელეიშვილი აწერდა ხელს. მარიკამ გაზი გამორთო, ყავის ფინჯანი მაგიდაზე შემოდგა და ქმარს კითხვის გამომხატველი სახით შეაჩერდა: -ვინ იყო? -რაღაც პასუხი მოიტანეს. შენ გაგზავნე ეს შეკითხვა? -რა შეკითხვა, მეკაიფები?- კითხვა დაუბრუნა ცოლმა. -შეკითხვა სახლის გეგმის თაობაზე. -აზრზე არა ვარ , რა გეგმაზეა საუბარი, საერთოდ არ ვიცოდი, სახლებსაც Yთავისი გეგმები Yთუ ჰქონდათ. -ბატონი ჯიმშელეიშვილი კი მაინცდამაინც შენ- მარიკა ოთარის ასულ თარხნიშვილს მოგმართავს და გაცნობებს, რომ თქვენგან მოთხოვნილი თქვენივე კუთვნილი სახლის გეგმა ფონდში ვერ მოიძებნა და ბოდიშს გიხდის. -ვინ ეკითხებოდა მერე. არ არსებობს! -რა, ბოდიში, თუ გეგმა? -მაჩვენე ერთი.- მარიკამ თვალი გადაავლო ფურცელს, თუმცა ამან ვერანაირი სინათლე ვერ შეიტანა საერთო გაუგებრობაში. -თუ შენ არაფერშუაში ხარ, მაშინ, ყველა ლოგიკით, არსებობს ვიღაც, ვისაც ეს გეგმა სჭირდება და თანაც შენი სახელით სარგებლობს.- ფიქრიანად დაასკვნა ბექამ. -შენა და, ვინმე ნახევარძმა ხომ არ გამომიჩნდა და სახლის გაყოფას მიპირებს. რა მაგარი იქნება! -მე მგონი, კაი სერიალის სიუჟეტი იჩითება, „სამანიშვილის დედინაცვლის” რიმეიკი.- თქვა ბექამ, მარიკამ კი, რომელიც მიდრეკილი იყო პრობლემების გამარტივებისაკენ და თავის პოზიციას ერთადერთი უნივერსალური სიტყვით "არარსებობს" გამოხატავდა, უბრალოდ მეხსიერების სანაგვეში მოისროლა ეს ამბავი.
3. საიდუმლო თვალთვალი. სადაც პირველად ჩნდება უცნაური პერსონა.
ღმერთებსა ვფიცავ, ვინც სხვასა დევნის, დევნილია იგი ბედისგან!
მარკუს ტინიუს (უმცროსი)
ყველაფერი ისევ ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, ვიდრე სექტემბრის ერთ თბილ საღამოს, მორიგი მეგობრული ტუსოვკიდან დაბრუნებული მარიკა უცნაურ კაცს არ გადაეყრებოდა, რომელიც მოპირდაპირე ტროტუარიდან, როგორც მას მოეჩვენა, მათ სახლს აკვირდებოდა.კაცს ამინდისათვის შეუფერებელი გრძელი ლაბადა ეცვა, საყელო აეწია და მუქი სათვალეებიდან გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდა. მარიკას რომელიღაც უცხოური ფილმი გაახსენდა. მის გამოჩენისთანავე კაცი ხეს ამოეფარა.. მარიკა სწრაფად შევიდა შინ, ფარდა გაწია და ახლა ფანჯრიდან გამოხედა.კაცს ადგილი შეეცვალა და გვერდიდან უყურებდა სახლს. მარიკას შეეშინდა. თუმცა, ჯერ არც მან და მითუმეტეს არც იმ კაცმა არ იცოდა, რომ ზუსტად იმ ადგილას სავარაუდოდ იმავე მამაკაცის გვამი უნდა ეპოვნათ. (თავი 15). ყველაზე ცუდი ის გახლდათ,რომ მარიკა იძულებული იყო შეშფოთების გამოხატვა დროებით, ქმრის დაბრუნებამდე გადაედო. ბექა, რომლის აღმოსავლეთმცოდნის დიპლომი მშვიდად თვლემდა საწერი მაგიდის რომელიღაც უჯრაში, დასავლურ ფასეულობათა დამკვიდრებას ემსახურებოდა ერთერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში.. საღამოს შინ დაბრუნებულ ქმარს ცოლმა ჩვეულებისამებრ ყავა მოუდუღა, სამზარეულოს მაგიდაზე დაუდგა, თავად მოპირდაპირე სკამზე ჩამოჯდა, ფეხები თავისუფალ სკამზე შემოაწყო და ახალი ამბის მოსაყოლად მოემზადა სათანადო შეწუხებული სახით. ბექა მიხვდა, ცოლს რაღაც მისთვის მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი, ხმაურით მოხვრიპა ყავა და ცოლისკენ გააპარა მზერა. მისი გრძელი ფეხების ხილვა ყოველთვის მღელვარე სიამაყეს გვრიდა. მაგრამ ახლა, როგორც მიხვდა, მათი გამოფენა მხოლოდ ანტურაჟის შექმნის მიზნით ხდებოდა. მარიკამ ყველაფერი უამბო მისეული კომენტარებით, სადაც შიგადაშიგ საკმაზად იყენებდა სიტყვებს: არ არსებობს, დავეცი, დავიკიდე და სხვა.ის ქმრისგან , როგორც წესი, ყველაფრის გამაბიაბრუებელ პასუხს ელოდა და წინასწარ საჩხუბრად მოემზადა. მისდა გასაოცრად ბექამ მშვიდად იკითხა: -შავი ლაბადა ხომ არ ეცვა? -შენ საიდან იცი? -მეც შევამჩნიე ორი დღის წინ ეგეთი ტიპი. -მერე მე რატომ არ მითხარი?- ეს ყველაზე ქალური კითხვა იყო ამ სიტუაციაში. -რა ვიცი, ყურადღება არ მიმიქცევია.ბექა ფანჯარას მიუახლოვდა და ფარდა გასწია. არავინ ჩანდა. -შენადა, "ნაკოლშჩიკი" ხომ არ იქნებოდა?- კრიმინალისტიკაში თავისი ცოდნა გამოამზეურა მარიკამ. -რა უნდა ეგულებოდეთ ჩვენთან, გამორიცხულია.- ავტორიტეტულად განაცხადა ბექამ. -აბა რა შეიძლება ვიფიქროთ? -სხვათაშორის, იმ ადგილიდან ჩვენი სახლის ფანჯრები სულაც არ მოსჩანს. -ისე , მართალი ხარ, იქიდან რა უნდა დაენახა? გვერდით კი,საითაც იყურებოდა, ხომ ყრუ კედელია. -მოიცა, მოიცა, მთლად ყრუც არა,- გაახსენდა ბექას, -სარდაფის სარკმელი ხომ არის დატანებული. -კი მარა, ის ხომ გაუქმებულია. საჰაერო ცხაური ხომ მაინც არის დატოვებული. -კაი, რა, იქიდან რა უნდა შეამჩნიო, არ არსებობს. ანდა ვის რაში აინტერესებს ძველი სარდაფი? ამ აბდაუბდა სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ერთი იყო და ცოლქმარიც შეთანხმდა, რომ უბრალო გაუგებრობასთან ჰქონდათ საქმე და ყურადღების მიქცევად არც ღირდა.ალბათ,მალევე დაივიწყებდნენ, ამ გაუგებრობას სხვაც , უფრო უცნაური რომ არ მოჰყოლოდა.
4. ღამის იდუმალი ხმები. სადაც დაძაბულობის ტემპერატურა მატულობს.
ჰოი წყვდიადო, იდუმალ ხმათა და ზრახვათა ნავთსაყუდარო!
შუა საუკუნეების ანონიმი პოეტი
ერთ მშვენიერ დღეს, უფრო სწორად ღამეს და უფრო ზუსტად შუაღამისას მარიკა რაღაც უცნაურმა ხმამ გამოაღვიძა. გაფაციცდა, ყური მიუგდო. ხმა ადამიანისას არ ჰგავდა, თუმცა არც ცხოველისა იყო. ღმუილსა და ვედრებას შუა. თითქოს ვიღაც შველას თხოულობდა. ბუნებრივია, ერთადერთი, რაც მარიკას თავში მოუვიდოდა, ბექას გაღვიძება იყო. -ბექა, ბექ, გაიღვიძე, რა! - ვერ დამაძინებ, რა გინდა? -შენს თავს გეფიცები, ის არა, შენ რომ ფიქრობ. უსმინე, ბე, არაფერი გესმის? -რა უნდა მესმოდეს, გაგიჟდი? თითქოს ჯიბრზე, ხმა შეწყდა.ბექა ზმუილით გამოხატული მცირე პროტესტის შემდეგ ისევ თვლემაში ჩაიძირა. მარიკაც ის იყო, ძილს უნდა დანებებოდა, რომ ხმა ისევ განმეორდა. ისევ სასოწარკვეთილი და ყრუ. მან ინსტიქტურად საბანი წაიფარა თავზე და იქიდან სცადა ქმრის გაღვიძება. ამჯერად უკვე საბნის დაქაჩვით. -რა დაგემართა,ვერ მომასვენებ? -გეხვეწები, ყური დაუგდე, არც ახლა გესმის? -გარედან იქნება, ყმუილზე არ მეუბნები? -არ არსებობს, გარედან არაა, ფანჯარა დაკეტილია. -აბა, შენი აზრით, საიდან უნდა იყოს? -ქვევიდან,ბექა, . -ქვევიდან, ესე იგი, ქვესკნელიდან?- გახუმრება სცადა ბექამ. -არა, ცოტა უფრო ზევით- სარდაფიდან. -ეხლა არ გამაგიჟო!- მათ ჯერ კიდევ არ იციან, რომ ამ ხმების შეუფასებლობა ცოლქმარს პერსპექტივის დაკარგვამდე მიიყვანს. (თავი 17). ბექა ცოლისკენ გადმობრუნდა. -რა ვქნათ? -რა უნდა ვქნა ამ შუაღამისას?- ბექა თავადაც შეფიქრიანებული ჩანდა. თავისდაუნებურად ხელი ცოლის თბილ საბანქვეშ შეაცურა, მაისური მოძებნა, ფრთხილად აუწია და გლუვ მუცელზე მოეფერა. მარიკა უცბად მოეშვა და სასიამოვნო მოლოდინში გაიტრუნა.
5. არასაიდუმლო სერობა, სადაც გადაწყვეტილების მიღება ხდება..
ეპიგრაფი ვერ მოვიძიე. ავტორი
ბექას ვერაფრით დაეკავშირებინა ბოლო დროის ეს უცნაური მოვლენები ერთმანეთთან. მისი ტაქტიკა იმაში გამოიხატებოდა, რომ სხვადასხვა საბაბს იგონებდა, გადამწყვეტი ნაბიჯი რაც შეიძლება შორს რომ გადაედო.
* * * მარიკას ქალური ალღო კარნახობდა რაღაც კონკრეტული ეღონა და საამისოდ , მისი აზრით, შესაბამის მომენტს ელოდა. ამგვარი მომენტები კი ძირითადად საღამოს, ვახშმობისას, დგებოდა, როცა ადამიანი ხორციელ ნეტარებას მიცემული უფრო გახსნილი, დამყოლი ხდება. კულინარიულ პრობლემებზე გადართული მისი ტვინი ამ დროს მოშვებულია და კრიტიკული ანალიზის უნარს ნაკლებად ამჟღავნებს. მარიკამ,რომელსაც მეტი დამაჯერებლობისთვის წინსაფარი აეფარებინა, ,ქმარს მისი საყვარელი მოშუშული სოკო გადაუღო და რეაქციას დაელოდა. -ვა, სოკო, საიდან, ტო? -მეზობელი სუფრიდან მოგართვეს, ბატონო!- ოფიციანტის პირმოთნეობით გაიღიმა დიასახლისმა. -ეს როდის მოიფიქრე? -სუპღიის!- ფრანგული პრონონსით წარმოთქვა მარიკამ. -ბარაქალა, ჩემო დარეჯან, ბარაქალა!- კახურ დიალექტზე შეასახელა ბექამ. მოკლედ, -სრული ოჯახური იდილია. -იდილიისა რა მოგახსენო. -რატომ, რატომ? მარიკამ გადაწყვიტა ,რომ ხელსაყრელი მომენტი უკვე დამდგარიყო და ინციატივა აიღოLL: -ბექა, ძალიან მაინტერესებს, შენ არ გაწუხებს ის, რაც ჩვენს თავზე ხდება? -თავზე თუ ფეხქვეშ?- გახუმრება სცადა ქმარმა. -გეყოფა, რა, როდემდე უნდა ვუთიოთ ღამეები ვიღაც უცნობს? -შენ უკვე გადაწყვიტე, რომ ის უცნობი ადამიანია? -არაფერიც არ გადავწყვიტე, უბრალოდ აღარ შემიძლია ამდენი ადამიანის შეკითხვების ატანა. -უკვე მოასწარი ყველასთვის გაგებინება? -კაი რა, ნუ იცი ყველაფრის ჩემზე გადაბრალება, ხომ იცი,, ასეთი რამეები უცებ ვრცელდება. -არა მგონია, შენს დაუხმარებლად ეს მომხდარიყო. -შენს თავს გეფიცები! ანუკის და ნუცის მეტისთვის თუ მეთქვას, ისიც ორი სიტყვით, რატომ არ გჯერა? -აჰა, ორი სიტყვით, არა. -კარგი, რა, არ გინდა ეგ ირონია. ბოლოსდაბოლოს ისაა პრობლემა, რამდენი კაცი გაიგებს, არ მესმის!- მარიკა გაყუჩდა. რაღაც უფრო კონსტრუქციული უნდა მოეფიქრებინა. ოჯახური ცხოვრების მცირე გამოცდილება კარნახობდა, რომ მამაკაცს თავს კი არ უნდა მოახვიო აზრი, ფრთხილად უნდა მიაწოდო. -ბექა, ვინმესთვის ხომ არ დაგვერეკა? -რას დებილობ, ვინ ვინმესთვის? -მაგალითად დედასთვის., რას იტყვი? -ეხლა საბერძნეთსა და ევროკავშირს მოსდე ბარემ. -იქნებ რამე გვირჩიოს! -ხომ იცი, უნდა შეეშინდეს, კიდე ნერვიულობა უნდა? -შენ რა გინდა, მე მოველაპარაკები, ვიცი როგორ უნდა ვუთხრა. -არ ვიცი, როგორც გინდა, მე თავი დამანებეთ!- ბექა მოლბა. ეს ნიშნავდა, რომ ოჯახური ტრაპეზი ქალის დიპლომატიური გამარჯვებით დასრულდა. გადაწყდა, ემიგრაციაში მყოფი ქალბატონი ნათელას მიმართულებით განეხორციელებინათ ზარი ყოველგვარი კონსპირაციის დაცვით. ეს მისია მარიკამ იკისრა.
6. საიდუმლო დიალოგი შემირანის მეჩეთში. სადაც მოვლენათა ფესვებზეა საუბარი.
ბრძენი ის კი არ არის, ვინც ყველაფერი იცის, არამედ ის, ვინც ყველაფერს გრძნობს.
ლიმ-ძაო ჩინი
-არა არს ღმერთი თვინიერ ალაჰისა და მუჰამედი- წინასწარმეტყველი მისი! -ჭეშმარიტად! -თქვენი სტუმრობა დიდი პატივია ჩემთვის, მაჰდი დინ-რასულ! -ბრძენო, მაქსუდ ალ-ჯაირ, ალბათ ხვდებით, რომ აქ ჩემი სურვილით არ მოვსულვარ. -ვხვდები, მაღალი ტყუილად არ გაგრჯიდა. რითი შეიძლება ემსახუროს ჩემნაირი არარაობა თქვენს დიდ ბატონს? -ის მოწყალეა და არაფერს დაიშურებს იმისთვის, ვინც ერთგულ სამსახურს გაუწევს. -არაფრის მქონე-ყარიბისთვის ყოველი წყალობა ამაოა. -მან საიდუმლო ეტრატი მოგართვათ ჩემი ხელით, რომელშიც მისთვის სანუკვარი ნივთის შესახებაა მოთხრობილი და რომლის ამოკითხვაც მხოლოდ თქვენ- კაცთა შორის უბრძენესს ძალგიძთ. -ყოველგვარი ცოდნა მტვერია მუჰამედის სიბრძნესთან შედარებით. -მაგრამ ამ სიბრძნის წვდომაც ხომ შესაძლებელია ღვთის რჩეულთათვის ბრძნულ წიგნთა მეშვეობით. -ო, წიგნებში ზოგჯერ დიდი ძალაა დაბუდებული ზღაპრული ჯინივით. თუ მათ გაუფრთხილებლად ამოვუშვებთ, შესაძლოა საბედისწერო შეცდომა დავუშვათ. -მაღალი არაფერს დაიშურებს მიზნის მისაღწევად. -თუ ალაჰის ნება არ იქნება, უძლურია კაცთა გონება და ყოველი სიმდიდრე.რა არის მიზეზი, მაღალის ძილის გაკრთომისა? -საგანი, რომელსაც დასაბამიდან ფლობდა მისი გვარი. ის იყო მათი ძლიერების წყარო.დიდი ხნის წინ ნივთი გაქრა.სად აღარ წარავლინა მაღალმა თავისი კაცები. კვალი არ ჩანს. -იქნებ იქ არ ეძებენ, სადაც საჭიროა. -ამბობენ, თავრიზ მუშთაჰიდის კაცებს გაუტაცნიათ ურუსთა ქვეყანაშიო. იმათი გვარი ხომ ღრიანკალივით წყეულია. სიმართლის შეტყობა მხოლოდ თქვენს მაღალ სიბრძნეს ძალუძს, მას, ვინც აქ გამომგზავნა, სჯერა ამისა. -ვეჭვობ, ზედმეტად აფასებს ჩემს შესაძლებლობას. -ალბათ ისიც მოეხსენება ბრძენ მაქსუდს, რომ მაღალს წყალობის გარდა, მსჯავრის გამოტანაც ძალუძს. -დერვიშს არა აქვს წასართმევი სულს გარდა და ისიც ალაჰს ეკუთვნის. არაფერი ვიცი იმის შესახებ, რასაც მაღალი შეუწუხებია, ალაჰია მოწმე! და რომც ვიცოდე, კარგად ვუწყი, რა სახიფათოა ძლიერთა ჩრდილში ყოფნა, მითუმეტეს საშიში მოწმისა. -მაღალმა იცის ერთგულების ფასი.მისი სიტყვა განა საკმარისი თავდები არ არის? -ჩემი ძალა ოდენ გუმანია, ხოლო ეს გუმანი მატყობინებს, რომ ბნელი ძალების წყალობით, რომელთაც სისხლის ღვარები დააყენეს, ის ყველასთვის დაფარულია. მისთვისაც კი., ვისაც ხელთ უპყრია. -გამოდის ,რომ ვიღაცის ხელშია ჩავარდნილი? -მომიტევეთ! ამაზე მეტის თქმის უფლებას ჩემი სიფრთხილე არ მაძლევს. მეტის თქმა ამ ეტრატის წაკითხვის შემდგომ შემეძლება, თუ ალაჰის შეწევნაც იქნება! -იმედია, ბრძენთა შორის უპირველესს იმის შეხსენება არ სჭირდება, რომ აქ თქმული ჩვენს შორის სამუდამო დავიწყებას უნდა მიეცეს. -გადაეცი მაღალს, რომ მის ფეხთა მტვერს ამის შეხსენება არ სჭირდება!
7. ზარი უცხოეთში. სადაც გაკრთება ახალი ინფორმაცია.
„ჩვენს საქმეში, მისტერ უოტსონ, მთავარია მოვლენათა გორგლის წვერი მოიხელთოს კაცმა”.
კონან დოილი
ქალაქ სალონიკის ვარდარის უბანში ერთერთი სახლის ტიპიურ ბინაში მობილურის ზარი გაისმა. სამზარეულოში მოფუსფუსე შუახნის ქალბატონმა სასწრაფოდ დახედა ტელეფონის ეკრანს. გული აუჩქარდა და გაჭირვებით ამოიძახა: -გისმენ, დედუკა! -გამარჯობა,დე, როგორა ხარ? -მე რა მიჭირს, თქვენ როგორა ხართ მანდ? -ძალიან კარგად,- ხალისით პასუხობდა მარიკა. -ბექამ მოგიკითხა. -ვენაცვალე! ფეხსაცმელები თუ მოეწონა? -აუ,მაგრა, ყველას გააგებინა- სიდედრის საჩუქარიაო, მოკლედ ლოგინშიც არ იხდის.- მარიკა მიხვდა, რომ ცოტა გადააQჭარბა და ჯობდა, პირდაპირ საქმეზე გადასულიყო: -მომისმინე, დე, მე და ბექამ გადავწყვიტეთ საფუძვლიანად დავალაგოთ სახლი, როდემდე უნდა იყოს ასე არეული. სხვენსაც მოვაწესრიგებთ და სარდაფსაც. ხო კარგი იქნება? -რა დალაგება მოგინდათ, არ მესმის. -ისე, რა მაინტერესებდა, იცი, შენ თუ ყოფილხარ ჩვენს სარდაფში? -რატო მეკითხები? -რა ვიცი, უბრალოდ, სიტყვაზე... -რა საჭიროა, არ მესმის იქ ჩასვლა, უნდა ტყუილად გამტვერიანდეთ. ჩემი დედამთილი არასოდეს გვიშვებდა იქ ახალგაზრდებს. -მერედა რატომ, არ დაინტერესებულხარ?- მარიკა დაიძაბა. -არ ვიცი, მაგრამ ის ყოველთვის თავს არიდებდა ამაზე ლაპარაკს. გეხვეწები, თავი დაანებეთ იმ სარდაფს. -ძალიანაც კარგი, მართალი გითხრა, სულაც არ მეპიტნავება იმ მტვერში ამოგვანგლა, ბექამ აიტეხა, ხომ იცი მაგისი ამბავი. მეც ვიფიქრე ვიხალისებთ-მეთქი, შენ არ ინერვიულო! ისა, არეულობა ისევ გრძელდება მანდ? -რა ვიცი, ჯანდაბა მაგათ. თქვენი დარდი მაქვს, როგორ ცხოვრობთ უჩემოდ.- ტელეფონში ხმა გაიბზარა.
-კარგი ეხლა, რა გატირებს. პატარები ხომ არა ვართ! -დედიკო, ფული ხომ მიიღეთ? -როგორ არა, ხო გელაპარაკე იმის შემდეგ. -კაი დედიკო, არ დაიხარჯო, იცოდე, თავი დაანებეთ იმ სარდაფს, გული კარგს არ მეუბნება. ამ შეძლებისდაგვარად დიპლომატიურმა საუბარმა კიდევ უფრო გაუღრმავათ ინტერესი. ბექა მიხვდა, რომ საქმის გაბიაბრუება , ან გაჭიანურება მის კაცურ ავტორიტეტს საფრთხეს შეუქმნიდა და გადაწყვიტა ვაბანკზე წასულიყო.
8. უშიშროების კაპიტნის- გერონტი გუჯაბიძის ჩანაწერებიდან
ქართველი თავად-აზნაურობა ნულამდე უნდა დავიყვანოთ!
ს. ორჯონიკიძის მოხსენებიდან
თლად ახალი მისული ვარ ორგანოში, დავალება მივიღე საიდუმლო ოპერაციის შესახებ. ოპერაცია ღამის 4 საათზე უნდა ჩაგვეტარებია. ასეთი წესი იყო მაშვინ. ვნერვიულობ, რაფერ გამევიჩენ თავს, დავამტკიცებ პარტიის ერთგულებას. ათარბეგოვის ქუჩაზე, ძველი ბობოლების ბინაში უნდა ავიყვანოთ ხალხის მტერი- ბურჟუა ინტელიგენტი. როგორ მეზიზღებიან მაგ გალუსტიკიანი ვირთხები.მე და მამაჩემი ოყიან თოხს რომ ვუბასქუნებდით გვიმბალოურის ყანაში, მაგენი მამის ფულებით, ღატაკების ყვლეფით რომ შოვნილობდნენ, უცხოეთში ატარებდნენ დროს.ახლაც ისე უნდათ. ვერ მოგართვენ! კარზე ვაკაკუნებთ. ჯგუფის ხელმძღვანელი, პალკოვნიკი ფანცხავა იმეორებს კაკუნს.პასუხი არ ისმის.ინსტრუქციით უნდა შევამტრიოთ.მაინც ვაკაკუნებთ, ამჯერად იარაღის ტარით. კარი უცბათ იღება. მექანიკურად ვვარდებით შით. სიგარეტის ბოლითაა იქოურობა სავსე. რაცხა ბანჯგვლიანი მომეჩვენა სიბნელეში, თუ რაია აგი.ღრიალებს, თვალებიდან ცეცხლს ისვრის თითქოს. შიშმა იცის ამფერი დაზაფრვა. შეიძლება კონტრევოლიუციონერების ოინია.პალკოვნიკისკენ გევიხედე,ვატყობ, არ მელანდება, იგიც დაბნეულია. კი ვიცი, პარტიულ სკოლიდან, ჯადოები და ამფერობა ბნელეთის მოციქულების მოგონილია, მარა ხალხის მტერი იჟინრის ხვანჯებს რას გოუგებ. მაუზერის ხმა ჩამესმა. პალკოვნიკი ისვრის თუ ნერვებმა უმტყუნა. ის რაცხა თუ ვინცხა ხარხარებს. წისქვილის დოლაბს წყალი რომ შემოაკლდება, ისთე. უცებ ორივეს რაცხა ძალა გვავლებს ხელს და კიბეზე გვაგორებს. ტარაბუა მესხმის. გადავრჩით! მარა იმათ რა გადოურჩება. ისე გამოდიოდა, რომ ოპერაცია ჩაიშალა. უკან მიბრუნებას აზრი არ ჰქონდა.ვფიქრობ ჩემდა, გამოცდილი ჩეკისტია, რაცხას მეიფიქრებს-თქვა. პატარა გონს რომ მოვედით და იქოურობას გავშორდით. გარეთა მორიგე დეითხოვა და ერთიერთზე მეუბნება: -ამხანაგო გუჯაბიძე, ახლა გაირკვევა, რამდენად გამოდგები ჩვენი საქმისთვის. ამის მოყოლა არ შეიძლება, მაინც არავინ დაიჯერებს. უნდა ვთქვათ, სახლში არ დაგვიხვდაო. გაიგე?სხვა ჯგუფს გაგზავნიან. რა უნდა მეთქვა, ოპერაციაზე პასუხისმგებელი ამხანაგი იგი იყო.კაი კაცი იყო, საწყალი! 38 წლის დეკემბერში დახვრიტენ. არ ვიცი, რისთვის. იგი კი ვიცი, მე არაფერშუაში ვარ!
9. აღმოსავლური ზანდუკის გამოცანა. სადაც პერსონაჟებთან ერთად იმედების გაცრუება გელით..
ბავშვობის სკივრი- ხსოვნის სავანე- სიცარიელით აღმოჩნდა სავსე.
იაპონური ჰაიკუ
ფარნის შუქი უსუსურად ებრძოდა სიბნელეს. სილუეტები ნელ-ნელა იძენდნენ ფორმებს.ნესტის სუნი რაღაც იდუმალებას სძენდა იქაურობას. -ფრთხილად ბექ, კიბე დამპალი არ იყოს. რა მყრალი სუნია, არა! -აბა რა იქნება, ფანარი კარგად მომინათე, ვერაფერს ვხედავ. -ეხლა? -კაია. გასაღების გარეშე ამას რა გააღებს! -იქნებ შევანგრიოთ. -მოიცა ვცდი. აუ, აზრზე ხარ?- ბექა ავისმომასწავებლად დადუმდა. ამ სიბნელეში ჩამოვარდნილი სიჩუმე კარის ჭრიალმა გაარღვია. -რა მოხდა? მითხარი, ნუ გამაგიჟე! -რა და ,კარი ძალიან ადვილად გაიღო. -მერე რა არის ამაში ცუდი? დამპალი იქნებოდა. -პირიქით, ძალიან მყარად გამოიყურება. -აბა, რა მოუვიდა? -ის, რომ აქ ჩვენამდე ვიღაც ყოფილა, თანაც არცთუისე დიდიხნის წინ. -კაი, რა, ნუ მაშინებ არ არსებობს.. ღია კარიდან ნესტისა და რაღაცნაირი სიძველის სუნი შეეგებათ. ბექამ ფანარი მიუმარჯვა. სარდაფი თითქმის ცარიელი იყო, თუ არ ჩავთვლით ჭუჭყისგან ჩაშავებულ ყუთს. ახლოს რომ მივიდნენ, საგანი, რომელიც უბრალო ყუთი ეგონათ, უცნაური მინიატურებით შემკული ზანდუკი აღმოჩნდა. ზანდუკის ინკუსტრირებული სახურავი ღიად დაეტოვებინათ და შიგნიდან სიცარიელე შემოჰყურებდათ. -ხედავ,- თქვა ბექამ, -გაძარცვულია! -და შენ რა იცი, რომ თავიდანვე ცარიელი არ იყო? -დააკვირდი, ფსკერზე მტვრის ნატამალი არ არის. -რა უნდა ყოფილიყო ამ ზანდუკში,, ბექ, ჩვენების განძი ხომ არა? -არ ვიცი, განძი იყო, თუ წიგნთსაცავი,. ის კი ვიცი, რომ დაგვასწრეს. -და ვინ, ბექ? -მე რა ვიცი. იმან, ვინც ჩვენზე მეტი იცის. უცებ ბექამ ფეხქვეშ რაღაც იგრძნო, დაიხარა, მტვერწაყრილი, გაყვითლებული ფურცელი აიღო და შეუბერა. -აბა, ერთი კარგად მომინათე! ფურცლის ნაგლეჯი ხელნაწერი აღმოჩნდა რაღაც უცნობი ასოებით თუ ნიშნებით. -არ გაინტერესებს,- რატომღაც ჩურჩულზე გადავიდა ბექა, -რატომ არ არის აბლაბუდები? -მე რა ვიცი, ალბათ,ბუზები რომ არ ჰყავთ. -იმიტომ, რომ ვიღაცას გაუწმენდია. -და რატომ შეწუხდნენ? -ხელს უშლიდა და იმიტომ. ესე იგი, რაღაცას ეძებდნენ. ნახე, კუთხეებშია მარტო დარჩენილი. -ეს ფურცელი რატომღა დატოვეს? -შეიძლება სიჩქარეში დარჩათ, ან უბრალოდ არ სჭირდებოდათ.ვერაფერს გეტყვი. ბექამ მარიკას ფარანი გამოართვა და წინ გაუძღვა. ნელა, უხალისოდ აუყვნენ საფეხურებს. მოულოდნელად კიბეზე რაღაც გაგორდა. ბექამ სინათლის ჭავლი მიმართა .დაიხარა და ხელში რაღაც აიღო. -რა არის, ბექ, ძვირფასი თვალი ნახე? -ისევ იმედი უნდა გაგიცრუო, ჩვეულებრივი ღილია, თანაც იაფფასიანი. შენ ხომ არ აგწყდა, რომ ჩავდიოდით? -მაგხელა ღილი ცხოვრებაში არ მქონია. ბექა უფრო ყურადღებით დააკვირდა: - სულ ახლახან უნდა იყოს დაგდებული. -შენ საიდან იცი? -ჯერ ერთი- მტვერი სულ არ ადევს, მეორეც- არც მიწა აქვს შერეული. -სუფთა პუარო ხარ რა.
გაგრძელება იქნება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. საინტერესო ამბავი სჩანს ფრიად, ვნახოტ რას იზამენ დედუქციის ახალი მამები:) საინტერესო ამბავი სჩანს ფრიად, ვნახოტ რას იზამენ დედუქციის ახალი მამები:)
4. არასდროს იმეორებთ საკუთარ თავს და ყოველთვის ისეთი საინტერესოა თქვენი ნაწერები.
ეს იდუმალი ისტორიაც, დროსა და სივრცეში მოგზაურობით, ძალიან კარგად იკითხება.
ცოტა ხნის წინ, მართლაც გავრცელდა მსგავსი ისტორია ერთ ძველ, თბილისურ სახლზე. არასდროს იმეორებთ საკუთარ თავს და ყოველთვის ისეთი საინტერესოა თქვენი ნაწერები.
ეს იდუმალი ისტორიაც, დროსა და სივრცეში მოგზაურობით, ძალიან კარგად იკითხება.
ცოტა ხნის წინ, მართლაც გავრცელდა მსგავსი ისტორია ერთ ძველ, თბილისურ სახლზე.
3. როგორც მოსალოდნელი იყო ჩინებული ნაწერია..ნამდვილად ვისიამოვნე.
როცა წინათქმა წავიკითხე (მუშტაითის დაარსების ისტორია), სიამოვნებისაგან დამბურგძლა, ''პროვინციული ადიულტერის სურნელის'' ენა მომნატრებოდა და ვიფიქრე მეცხრამეტე საუკუნეზე დაწერილი რომანი ხომ არ არისო. პირველმა თავმა მიმახვედრა, რომ ჩემი მოლოდინი არ გამართლა, თუმც რაც არის უდაოდ საინტერესოა...
მომეწონა ''ბექა, რომლის აღმოსავლეთმცოდნის დიპლომი მშვიდად თვლემდა საწერი მაგიდის რომელიღაც უჯრაში, დასავლურ ფასეულობათა დამკვიდრებას ემსახურებოდა ერთერთ არასამთავრობო ორგანიზაციაშ''
იმედი მაქვს ავტორი მალე გაგვახრებს, ახალი ეპიზოდებით.
როგორც მოსალოდნელი იყო ჩინებული ნაწერია..ნამდვილად ვისიამოვნე.
როცა წინათქმა წავიკითხე (მუშტაითის დაარსების ისტორია), სიამოვნებისაგან დამბურგძლა, ``პროვინციული ადიულტერის სურნელის`` ენა მომნატრებოდა და ვიფიქრე მეცხრამეტე საუკუნეზე დაწერილი რომანი ხომ არ არისო. პირველმა თავმა მიმახვედრა, რომ ჩემი მოლოდინი არ გამართლა, თუმც რაც არის უდაოდ საინტერესოა...
მომეწონა ``ბექა, რომლის აღმოსავლეთმცოდნის დიპლომი მშვიდად თვლემდა საწერი მაგიდის რომელიღაც უჯრაში, დასავლურ ფასეულობათა დამკვიდრებას ემსახურებოდა ერთერთ არასამთავრობო ორგანიზაციაშ``
იმედი მაქვს ავტორი მალე გაგვახრებს, ახალი ეპიზოდებით.
2. ამ საიტზე ლიჩელის პროზის წაკითხვა ყველაზე მეტად მსიამოვნებს ხოლმე.. ახლა კი იმდენი ვერ მოვიცალე, ბოლომდე ჩავიდე:) მოვალ კიდევ აქ ამ საიტზე ლიჩელის პროზის წაკითხვა ყველაზე მეტად მსიამოვნებს ხოლმე.. ახლა კი იმდენი ვერ მოვიცალე, ბოლომდე ჩავიდე:) მოვალ კიდევ აქ
1. საინტერესოდ იკითხება... ძველი სახლის საიდუმლოებებს ნელ-ნელა და თანმიმდევრობით ხსნის ავტორი და მკითხველსაც უფროდაუფრო ითრევს...მე პირადად ისეთი ინტერესით მივყვებოდი ნაწერს, რომ ძალიან მეწყინა, როცა გაწყდა თხრობა...:( 555
"ბრძენი ის კი არ არის, ვინც ყველაფერი იცის, არამედ ის, ვინც ყველაფერს გრძნობს."
ლიმ-ძაო ჩინი
ეს ისე ძალიან მომეწონაა...:)
საინტერესოდ იკითხება... ძველი სახლის საიდუმლოებებს ნელ-ნელა და თანმიმდევრობით ხსნის ავტორი და მკითხველსაც უფროდაუფრო ითრევს...მე პირადად ისეთი ინტერესით მივყვებოდი ნაწერს, რომ ძალიან მეწყინა, როცა გაწყდა თხრობა...:( 555
"ბრძენი ის კი არ არის, ვინც ყველაფერი იცის, არამედ ის, ვინც ყველაფერს გრძნობს."
ლიმ-ძაო ჩინი
ეს ისე ძალიან მომეწონაა...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|