| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 10 სექტემბერი, 2013 |
ტატუ
ალალი, გულქართლი ბიჭი იყო გოდერძა. გამმეტი, ყველას დახმარებისთვის აკაზმული. როგორც ნაღვარევლები ამბობდნენ: წაქცეულ ვაზს რო ნახამს, ჭიგოდ შაეყუდებაო. მაგრამ უსახური კი იყო, შავ-შავი, დაბალ-დაბალი, ჯმუხად ჩადგმული. სქელი, გადაბმული წარბები მკაცრ იერს აძლევდა, ღრმადჩასმული თვალებიდან პირქუშად გამოიმზირებოდა. ჩუმი იყო, ენამრავლობა არ გამოუდიოდა. მითუმეტეს, თუ რამეზე აღელდებოდა, მაშინვე ენა ებორკებოდა და ლუღლუღზე გადადიოდა. სოფელში მუდო გოდერძას ეძახდნენ: მარტო სიფათზე ეკუთვნის „სროკიო”. ვინ რა იცოდა, გულში როგორ ძლიერ ეწადა ბალღებს მოჰფერებოდა, გოგოებს გამოლაპარაკებოდა, მოხუცებისთვის თბილი სიტყვა დაეგდო. ერთი სიტყვით, ის გაეკეთებინა, რაც სხვებს ასე იოლად და ბუნებრივად გამოსდიოდათ. სხვა უბედურებაც სჭირდა მუდო გოდერძას, მის ქალაქურ ყოფას რომ უკავშირდებოდა. ნახალოვკაში, სადაც პატარა, ბუდრუგანასავით ოთახი ეჭირა, ეზოს ბიჭებმა მარჯვენა ხელის მტევნის ზურგზე თავისქალა ამოუსვირინგეს. ხათრით უარი ვერ უთხრა გოდერძამ, ემანდ არ ეფიქრათ, აჯამი სოფლელიაო, თორემ რა ჭირად უნდოდა ეს ტატუ.რომელი შავი ეგ იყო. თითების მოძრაობაზე თავისქალის ძვლები თრთოლვას იწყებდნენ, თითქოს გორგლად დახვეული გველი იზმორებაო. ამიტომაც თუ გრძელსახელოებიანი არ ეცვა, სულ ჯიბისკენ გაურბოდა ხელი. იმ ავბედით დღესაც ჩვეულებრივად გაეღვიძა მუდო გოდერძას, ხელპირი ეზოში, საერთო ონკანზე დაიბანა, მერე ცოტა ძეხვი და პური წაიციცქნა და ავტობუსის გაჩერებაზე გავიდა. სამსახურამდე დიდი გზა ედო. ბაზრობაზე ერთ პავილიონში რომელიც ასე ჰგავდა მის ბუდრუგანას, მუსიკალურ კასეტებს და დისკებს ჰყიდდა. აქ კი ნამდვილი ბატონპატრონი იყო. ათასი ჯურის ხალხი შემოდიოდა მის ბუდრუგანაში ყოველდღე. გოდერძა ეგრევე ცნობდა, ვინ რისი მოყვარული იყო, რა ინტერესი ასულდგმულებდა. სოფლელ, ქალაქურ ჟარგონზე მონდომებულად მოლაპარაკე ბიჭებს უმეტესად კაშიას, ბუჭუნას და თამაზას სიმღერები მოსწონდათ, ღიპიან, მოქეიფე ბიძებს- სამი დალიე და ლეილას რეპერტუარი, პროვინციელ, საპნის ოპერის მოტრფიალე გოგოებს- „პრისიონერა” ან ფიქრიასა და გულვერას დუეტი, ხანდაზმულ, ღარიბულად, მაგრამ კოხტად ჩაცმულ მანდილოსნებს- დები იშხნელები ან ძაგნიძე და ჩხიკვაძე. ყველაზე მეტად კლიენტისგან ასეთი მიმართვა აღიზიანებდა: „ერთი კაი რამე ამომირჩიე , ჯიგარო”! „მე დიდი რეპერტუალი მაქს, ძმაო, რავი შენთვინ კაი რა არი”. უგემოვნოებს ვერ იტანდა.თუმცა არასდროს ეკამათებოდა. ყვითელი ავტობუსიც მალე მოვიდა. გოდერძა ავიდა, ბილეთი აიღო და სალონს თვალი მოავლო. თავისუფალი ადგილი არ ჩანდა. უკან გადაიწია, ჩამსვლელებისთვის ხელი რომ არ შეეშალა და სკამის საზურგის სახელურს ჩასჭიდა მარჯვენა ხელი. მის წინ მოხუცი, სანდომიანი ქალი იჯდა. გოდერძას მოეჩვენა რომ,სადღაც ენახა. ფანჯარაში დილის ქალაქის პირქუში, ნაცრისფერი კადრები ენაცვლებოდა ერთმანეთს. გოდერძას სოფლის მონატრება მოეძალა. მდინარისკენ ლამაზად გადახრილი წნორები, ნაღვარევის გრილი ჭალები, ჭანარზე თევზაობა პინისხევში... უცბად მიხვდა, ვისაც აგონებდა ეს ქალი, გამოცხადებული მამიდა კატო იყო, პინისხევში გათხოვილი. იმანაც ეგეთი სხივიანი ღიმილი იცოდა. მერე რა ალერსი სჩვეოდა, სულ იები უყვაოდა ენაზე: „შენ კი დაგეწამლოს მამიდაშენი”! იმიტომაც ეძახდნენ თაფლოკატოს. გოდერძას სულში საოცარი სითბო ჩაეღვარა. თითქოს ამდენ ხალხში ერთადერთი თავისიანი აღმოაჩინაო. ალერსით მიაჩერდა ქალს. მოულოდნელად ტანით იგრძნო, ვიღაც მის ზურგსუკნიდან რაღაცას ანიშნებდა მის თაფლოს. ქალის სახეზე ღიმილი შეშფოთებამ ჩამორეცხა, ხელჩანთა, მუხლებზე რომ ედო, ფაციფუცით გადამალა ზურგსუკან. გოდერძამ მის შეცბუნებულ მზერას თვალი გააყოლა და ტანში გააცია. ქალის თვალები მის ცხვირწინ მომუჭული ხელის ზურგს ჩასობოდა, საიდანაც ავისმომასწავებლად ამოჰყურებდა ადამიანური ყოფის ამაოების სიმბოლო. გოდერძა მიხვდა, ქურდად მიიჩნიეს. მარტო ამ ქალში არ იყო საქმე, ყველა მგზავრი მის წინააღმდეგ განწყობილიყო. სალონში იშვიათი ერთსულოვნება იდგა. ახლა ის და ეს მოხუცი ამ ხალხის ყურადღების ფოკუსში იყვნენ მოქცეული. გოდერძამ მექანიკურად უშვა ხელი სკამის საზურგეს და ზემოთ, სახელურს ჩასჭიდა, რაც მაშინვე ინანა- პერანგის სახელო ჩამოეჩაჩა და ის, რაც აქამდე მხოლოდ ერთი მგზავრისთვის იყო ცნობილი, ახლა მთელი ავტობუსის მგზავრებისათვის გამხდარიყო თვალსაჩინო. პერანგის თეთრი სახელოდან გამოჩრილი შავი ბალნიდან ლურჯად , შემზარავად იმზირებოდა სიკვდილის გარდუვალობა. ამასობაში ავტობუსიც გაჩერდა. ქალი სწრაფად წამოდგა, ორივე ხელში ჩაბღუჯული ძველებური რედიკული მუცელზე მიეხუტებინა. მძღოლს ბილეთი აჩვენა და სასწრაფოდ ჩავიდა. გოდერძას მგზავრთა ავი მზერა საშინლად უწვავდა სახეს. ისე გრძნობდა თავს როგორც პირველად აბანოს საერთო ნომერში. უცბად საშინლად მოუნდა ეყვირა: რა დაგემართათ , ხალხო, არა ვარ მე ფინთი კაცი, მეც თქვენნაირი ვარ. მაგრამ იცოდა, ამას ვერ შეძლებდა. უცბად რაღაც გადაწყვიტა, წინა კარისკენ გაექანა და დაძრული ავტობუსიდან ჩახტა. არც მძღოლის უხეში შეძახილისთვის მიუქცევია ყურადღება და არც აღშფოთებული მგზავრების უკანმიდევნებული ქოქოლასთვის. ახლა ერთი სურვილი კლავდა, დასწეოდა იმ ქალს, უბრალოდ აეხსნა, როგორ გავდა მის საყვარელ მამიდას, რომ ეს „ნაკოლკა” ნახალოვკელმა „მასტერამ” გაუკეთა მისუნებურად, რომ ცხოვრებაში არაფერი მოუპარავს! სჯეროდა, რომ ქალი ყველაფერს გაუგებდა და ისევ იმ სხივიან ღიმილს მიაგებებდა. ქუჩაში მათ მეტი არავინ ჩანდა. გოდერძა აედევნა. ქალმა რაღაც იგრძნო და ფეხს აუჩქარა. გოდერძამაც მოუმატა ნაბიჯს. ქალი თითქმის სირბილზე გადავიდა. მდევარმა არ იცოდა, როგორ დაეძახა, რომ შეეჩერებინა და დაემშვიდებინა. აი, უკვე წამოეწია კიდეც. -დეიდა, დეიდა!- განწირულივით გამოუვიდა. აქოშინებული ქალი შედგა, მკვეთრად შემობრუნდა და სასოწარკვეთილმა გაუწოდა ჩანთა: -არაფერი მაქვს, შვილო, რა გინდა! -მე, მე არაფერი... უბრალოდ, მმამიდა მყავს თქვენსეეფ ბბებერი. -დამანებე თავი, პენსიაზე ვარ, რას მაგულებ!- ყვიროდა ქალი და საშველის მოლოდინში აქეთ-იქით იყურებოდა. ნელ-ნელა ხალხიც შეჯგუფდა. -რა გინდა ამ მოხუცი ქალისგან?!- ნიკაპის ნერვიული ცახცახით უყვიროდა სოლიდურად ჩაცმული კაცი, რომელიც გოდერძამ მასწავლებლად მიიჩნია, -კაცის ამათ არ რცხვენიათ, ღმერთის ამათ არ ეშინიათ! -რა უნნდა მინდოდეს. პინისხევში მამმიდა მყავს... -მერე ვერ დარჩი იმასთან. ჩამოვლენ აქ და თავზე იმხობენ ყველაფერს!- წიწმატობდა ქალი არაქართული პრონონსით. -პატრული სად არი, ის მოუვლის მაგას!- აუღელვებლად ისროლა სიტყვა ჩია კაცმა ისე, რომ არც გაჩერებულა. -ხალხო, დამიჯერეთ! არა ვარ ისა... -ზედ არ გაწერია, ვინცა ხარ.- თქვა ისევ იმ არაქართულპრონონსიანმა. -ეს ქალაქელმა ავარებმა გამიკეთეს.- უმწეოდ უტრიალებდა ხელს ცხვირწინ განკიცხული. - შენც არ დაგიკლია ხელი, გეტყობა!- ეს ისევ ის მასწავლებლად მიჩნეული კაცი იყო. - -არაფერი დამიშავებია, ამ ქალისთვის. თითონ შეეშინდა და დალლაპარაკება მინდოდა! -ხოდა, იქ დაგელაპარაკებიან. -ბბაზრობაზე ვარ, მუსიკებში, ყველა მიმიცნობს!- გამწარებული იძახდა გოდერძა, მაგრამ ხვდებოდა, არავის აინტერესებდა. ის ამ ხალხს უკვე გაემეტებინა, უფრო მეტიც, მოეკვეთა, როგორც მათთვის ზედმეტი და საშიში. რატომ? ამას ვერ მიმხვდარიყო. სასოწარკვეთილი გოდერძას სმენას საიდანღაც პატრულის მანქანის სირენის ხმა მისწვდა. არ შეშინებია, უკვე სულერთი იყო.
2013
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. თითქოს უბრალო თემაა, მაგრამ რამდენად ღრმააზროვანი, მე ვიტყოდი ფილოსოფიური. სამწუხაროა, რომ აქამდე ვერ წავიკითხე. +++++ თითქოს უბრალო თემაა, მაგრამ რამდენად ღრმააზროვანი, მე ვიტყოდი ფილოსოფიური. სამწუხაროა, რომ აქამდე ვერ წავიკითხე. +++++
8. ეხ გოდერძავ, გოდეღზავ. ეხ გოდერძავ, გოდეღზავ.
7. ძალიან კარგი იყო . ძალიან კარგი იყო .
6. რატომ ვიმეტებთ ასე ნარტივად ადამიანებს... ++ საოცარი ნაწერია. რატომ ვიმეტებთ ასე ნარტივად ადამიანებს... ++ საოცარი ნაწერია.
5. ....სანამ ბლუკუნი დამიწყია,ცრემლებმომდგარს-ავტორს: არაფრისმთქმელი--5 ....სანამ ბლუკუნი დამიწყია,ცრემლებმომდგარს-ავტორს: არაფრისმთქმელი--5
4. ალალი, გულქართლი ბიჭი იყო გოდერძა. გამმეტი, ყველას დახმარებისთვის აკაზმული. როგორც ნაღვარევლები ამბობდნენ: წაქცეულ ვაზს რო ნახამს, ჭიგოდ შაეყუდებაო. მაგრამ უსახური კი იყო, შავ-შავი, დაბალ-დაბალი, ჯმუხად ჩადგმული. სქელი, გადაბმული წარბები მკაცრ იერს აძლევდა, ღრმადჩასმული თვალებიდან პირქუშად გამოიმზირებოდა. ჩუმი იყო, ენამრავლობა არ გამოუდიოდა. მითუმეტეს, თუ რამეზე აღელდებოდა, მაშინვე ენა ებორკებოდა და ლუღლუღზე გადადიოდა. სოფელში მუდო გოდერძას ეძახდნენ: მარტო სიფათზე ეკუთვნის „სროკიო”. რა ამომწურავი დახასიათებაა...ბტწყინვალე.
"მარჯვენა ხელის მტევნის ზურგზე თავისქალა ამოუსვირინგეს.---------- ....ამიტომაც თუ გრძელსახელოებიანი არ ეცვა, სულ ჯიბისკენ გაურბოდა ხელი."
მე მგონი გრძელსახელოიანი პერანგიც ვერ დაფარავდა მტევნის ზურგს...:) სახელოები ხომ მაჯებამდეა?...მას კი სვირინგი მტევნის ზურგზე ჰქონდა გაკეთებული..
ძალიან მომეწონა...ძალიან...555 საოცრად ცოცხალი მოთხრობაა, აი შენ თვალწინ რომ ხდება , აქვე ამ წუთას და შენ ამ ყველაფერს უყურებ და გესმის...555 ალალი, გულქართლი ბიჭი იყო გოდერძა. გამმეტი, ყველას დახმარებისთვის აკაზმული. როგორც ნაღვარევლები ამბობდნენ: წაქცეულ ვაზს რო ნახამს, ჭიგოდ შაეყუდებაო. მაგრამ უსახური კი იყო, შავ-შავი, დაბალ-დაბალი, ჯმუხად ჩადგმული. სქელი, გადაბმული წარბები მკაცრ იერს აძლევდა, ღრმადჩასმული თვალებიდან პირქუშად გამოიმზირებოდა. ჩუმი იყო, ენამრავლობა არ გამოუდიოდა. მითუმეტეს, თუ რამეზე აღელდებოდა, მაშინვე ენა ებორკებოდა და ლუღლუღზე გადადიოდა. სოფელში მუდო გოდერძას ეძახდნენ: მარტო სიფათზე ეკუთვნის „სროკიო”. რა ამომწურავი დახასიათებაა...ბტწყინვალე.
"მარჯვენა ხელის მტევნის ზურგზე თავისქალა ამოუსვირინგეს.---------- ....ამიტომაც თუ გრძელსახელოებიანი არ ეცვა, სულ ჯიბისკენ გაურბოდა ხელი."
მე მგონი გრძელსახელოიანი პერანგიც ვერ დაფარავდა მტევნის ზურგს...:) სახელოები ხომ მაჯებამდეა?...მას კი სვირინგი მტევნის ზურგზე ჰქონდა გაკეთებული..
ძალიან მომეწონა...ძალიან...555 საოცრად ცოცხალი მოთხრობაა, აი შენ თვალწინ რომ ხდება , აქვე ამ წუთას და შენ ამ ყველაფერს უყურებ და გესმის...555
3. რა ადვილია ბრბოსთვის ადამიანის გამეტება, მითუმეტეს თუ ის რაღაცით განსხვავდება მათგან. როგორც ყოველთვის, აქტუალური პროზა! რა ადვილია ბრბოსთვის ადამიანის გამეტება, მითუმეტეს თუ ის რაღაცით განსხვავდება მათგან. როგორც ყოველთვის, აქტუალური პროზა!
2. გულქართლი ნაწერია ესეც!
რა ოსტატურად ფლობთ ქართულ სიტყვას და რა კარგად ხედავთ ადამიანებს.
გულქართლი ნაწერია ესეც!
რა ოსტატურად ფლობთ ქართულ სიტყვას და რა კარგად ხედავთ ადამიანებს.
1. დამენანა გოდერძა :( დამენანა გოდერძა :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|