ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიცვალებული
ჟანრი: პროზა
12 სექტემბერი, 2013


ემბრიონი ვარსკვლავები

- მე ვარსკვლავები გადავყლაპე. - განაცხადა მან და უცნაურად მოციმციმე მუცელს ხელი ისე გადაუსვა, როგორც ქალები ისწორებენ ხოლმე კაბის ნაკეცებს, დაუდევრად და თან სიყვარულით.

ყოველთვის მარტო იჯდა ხოლმე სარკმელთან. ვარსკვლავთცვენასაც ვარსკვლავებივით მოციმციმე თვალებით მისჩერებოდა და გვერდით რამდენიმე წამითაც კი არ მსვამდა.

ახლაც, როცა ამაყი სახით და გამობერილი მუცლით დადის, ცდილობს ფრთხილად იყოს და ემბრიონ ვარსკვლავებს რაიმე არ დაუშავოს.

სვამს ძალიან ცხელ ჩაის და ფიქრობს, რომ ვარსკვლავებს მხოლოდ ეს ტემპერატურა მოსწონთ.

წელზე შალს იხვევს, ხელებზე ხელთათმანებს იკეთებს და კალთაში მიჯდება. ალბათ ფიქრობს, რომ ჰარმონიას ვარსკვლავების გაბედნიერება შეუძლია.

მოციმციმე მუცლის დანახვაზე სახლი ციცინათელებით ივსება. მუცელს წრეს ურტყამენ და უცნაურ ხმებს გამოსცემენ - ალბათ იცინიან. ჩვენც ვიცინით.

როცა მუცელზე ხელებს ვადებ, ვიბრაციებს ვგრძობ.

ჩხუბის დროს მუცელი უნაცრისფრდება და დარწმუნებით ვიცი - იცის, რომ ასე შეიძლება ვარსკვლავები ჩაიხოცონ.
უნებურად ტირილს იწყებს და მუცელიც ცოტა ხნით საწყის მდგომარეობას უბრუნდება.
შემდეგ იატაკზე წვება - ჭერს უყურებს. დიდხანს ტირის. უცებ რაღაც ახსენდება, იღიმის და ვარსკვლავებიც ფენიქსივით თავიდან იბადებიან.
ჭამის დროს მუცელი კიდევ უფრო ებერება და ისეთ კაშკაშს იწყებს, მგონია, თავად გადაიქცა ვარსკვლავად-თქო. ჩუმ-ჩუმად იცინის, მე რომ არ გამაგონოს და ახალგამომცხვარი პურივით თბილ ხელისგულს ნაზად იდებს გამობერილი ბუშტის ზედაპირზე.

მე რომ ვჭამ, ჩუმად მიყურებს. ალმაცერად. კოვზს დაუდევრად ამოძრავებს საათის ისრის მიმართულებით, ჭიქის ფსკერს დაჟინებით აშტერდება და თვალები სევდით ევსება.

დარწმუნებით ვიცი, რომ შემოთავაზებაზე, იხვებს საკვები ვუყიდოთ, პეპლების საჭერი ბადე გავაკეთოთ და აბაზანა ზღვის წყლით ავავსოთ, მის თვალებში ვარსკვლავები ამოძვრებიან და კაშკაშს დაიწყებენ.

***

ამ წამს გული ამერია. მასაც აერია და ცივი ხელები ერთმანეთს ჩავკიდეთ.
ვიცი, ახლა მაინც ადგება და მკვდარ თევზებს მის ლურჯ ყუთში შეინახავს.

რამდენიმე საათში დაწვება და დაიძინებს. მე თმებს გავუშლი, მუცელზე თავს დავადებ და კოსმიური ენერგიის ხარჯზე მალევე ჩამეძინება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები