ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიცვალებული
ჟანრი: პროზა
15 სექტემბერი, 2013


Darkness in his eyes is my graveyard

ჯერ თმები ამიჩეჩა, მერე კეფაზე დამადო თბილი ხელისგული და ოთახის ბოლოს ნახშირივით შავი თვალები და მზერა შეანათა.
ბეჭებში ვიყავი მოხრილი, თავი მუხლებზე მედო და მისი შარვლის ნაკეცებს ვუყურებდი.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მუცელში დიდი შავი ხვრელი გამიჩნდა და ამ ადგილას, სადაც ადრე ორგანოები მქონდა, ახლა ხის ფუღუროს მსგავსი სიცარიელე და სიბნელე ჩამოწვა.
რატომღაც არანაირი სურვილი აღარ მქონდა ხმა ამომეღო. ინტუიციით ვხვდებოდი, რომ სახედაჭმუჭნულ ქაღალდს მიგავდა და სიგარეტიან ორ თითს უემოციოდ ვუხახუენდი ცივ იატაკს.
- გასწორდი და წავიდეთ. თევზები გვყავს საყიდელი. აკვარიუმიც, - მითხრა ჩუმი და მკაცრი ხმით და ხელი მკლავში მომკიდა.
თბილი ხელი ქონდა და დაძარღვული.
ძლივს-ძლივობით ავლასლასდი და არაფრისმთქმელი თვალები მივანათე.
ახლა თამამად შემეძლო მეთქვა, რომ მისი თვალები სასაფლაო იყო, რომელშიც მუდამ სიმშვიდე და სიბნელე იყო გაწოლილი. მეც შემეძლო აქ მეცხოვრა, ბნელ თავშესაფარში, მაგრამ დარწმუნებით ვიცოდი, რომ ის ჩემს შეფარებას არ აპირებდა. მეტიც, არც იმის უფლებას მომცემდა, რომელიმე ბნელი კუნჭული გამესუფთავებინა. მეცხოვრა შიგ თუნდაც უსაკვებოდ, უწყლოდ, მოსასვენებელი ადგილის გარეშე.

მისი ხელებიც თბილი იყო, სახეც, ნაკვთებიც. მისი გრილი სითბო ენერგიას მიკარგავდა და ძილის სურვილს მიძლიერებდა. შემეძლო იატაკზე გაშოტილს დამეძინა და არაფრისთვის დამეგდო ყური.

- თევზები უნდა ვიყიდოთ, - გამიმეორა ისევ და თმა შემისწორა.
ხელი მის დიდ პალტოში ჩავყავი, მეორე ჩემსაში და მხარზე მივეყრდენი.

ქუჩა სულ ცარიელი იყო. სინათლის ნატეხებით იყო მთელი ცა დაფარული და ლამპიონების ნათელი მის შავ თმაში იღვრებოდა. გამთბარი ხელი რამდენჯერმე გადავუსვი თავზე და მერე ისევ პალტოს ჯიბეში ჩავაცურე.

- იცი, ხანდახან მგონია, რომ როცა წყალს ვსვამ, სიცარიელეს მთლიანად მივსებს. - ვიცოდი, რომ გაეღიმებოდა და წამის მეათასედში წარმოვიდგინე ის შეგრძნება, რომელსაც მისი ღიმილის დახმარებით განვიცდიდი. მაგრამ არ გაუღიმია. ტუჩის კუთხე შეათამაშა და ხელი მხრებზე მომხვია.

მისი ხასიათი ისეთი მძიმე იყო, როგორიც მისი პალტო, როდესაც მხრებიდან ვხსნიდი და ძლივს-ძლივობით მიმქონდა საკიდთან.

სიბნელის დროს უკეთ ვესაუბრები ხოლმე. მითუმეტეს, როცა არ მისმენს და განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემთან არ არის. წარმოვიდგენ, როგორ კრავს წარბებს და ბედნიერებისგან თვალებს ვხუჭავ. ასე უკეთ ვხედავ სიბნელეს.

ახლაც, როცა თევზის საყიდლად მივყავარ, მე წინასწარ ვფიქრობ თევზის სუნზე და იმაზე, როგორ ბოროტად გაუელვებს თავში მისი შეწვა. რა თქმა უნდა, არ აასრულებს.

მე და ჩემს მკვდარ თევზს ერთნაირი თვალები გვაქვს.
უსიცოცხლო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები