 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პროზა 25 სექტემბერი, 2013 |
there's no freedom without no cage
ჯორჯინას უხდება მსხვილ დალალებს შორის ჩაკარგული ფირუზებიანი ჯვარი. და ალბათ უფრო მეტად ადამიანური თვალები ექნებოდა, რომ არა მისი განცდებისგან გახუნებული რწმენა, თუმცა თვალებზე იმდენი რამის თქმა არის შესაძლებელი, რომ მხოლოდ ადამიანურობა ვერც კი გასწვდებოდა ალბათ. სანამ სრულწლოვანი გახდებოდა ძლიერ უყვარდა ტბის პირას ყოფნა და კენჭისგან გაჩენილი რკალების ცქერა. ისინი მის ბაღში მოჭრილი კუნძების შიგთავსს ახსენებდა, რომელზეც სულ პატარა იყო მამის კალთაში მოკალათებული რომ იჯდა. ახლა შორს იყო ტბის ნაპირიც და მამა მით უფრო.. ჯორჯინას არაამქვეყნიური სიმშვიდე მისი ხასიათის ყველაზე ულმობელი თვისებაა. ამ გადმოსახედიდან, როცა უკვე ქალია მას ბავშვობიდან მხოლოდ ხასიათის ეს შტრიხი და ჯვარი შემორჩა კისერზე. და ის სახლიც შორს მოიტოვა, სადაც თანდათან დამარხა თავისი ოჯახის წევრები. დედამისის ჩაკეტილობა რომ არა, შესაძლოა ვერც კი გაებედა მისი მარტო დატოვება და ქალაქში არც ჩამოსულიყო. ჯორჯინა სამყაროს ის ნაწილია, რომლის გარეშეც ბნელში ვერ გარდატყდება სხივი.
- დიდი ხანია აქეთ გადმობარგდი? - დროით არ განისაზღვრება მოვლენები. - უცნაური ხარ. - შენ კი ბანალური. - რატომ? - ამაზე ზედგამოჭრილს ვერაფერს რომ ვერ მეტყოდი იმიტომ. ჩანთაში ჩაალაგა წიგნები და კოლეჯი ჩუმი ნაბიჯებით დატოვა. ხალხი უინტერესონი არიან, რადგან ვერაფრით ახერხებენ მის დანახვას და იმდენ უაზრო ვარიაციას ადგენენ, რომ უკვე მომაბეზრებელიც კი ხდება მათი მოსმენა.
მზე მორიდებით აცხუნებდა მდელოს, რომლის შუაგულშიც გოგონა იჯდა და დღიურს ჩაკირკიტებდა.
„ჩემი-ს ანარეკლო ან უფრო მეტად შენ მე-ვ, სამყაროს განცდები აკლია და სიცარიელისგან იხუთება, გრძნობ? ყველაზე მეტად წყვეტილი სურვილები მაგიჟებს. როცა მიზნებს ვისახავ და დაწყებისთანავე უნიათობა მიპყრობს და მინდა გავერიდო მათ. ადამიანებთან ურთიერთობაც ვერაფრით ჩავსვი სოციალურობაში. ჩემი კონტაქტურობა ბუტაფორიაა, რომელიც უბრალო ყოველდღიურობას ასრულებს. სინამდვილეში კი, ვერაფრით წარმომიდგენია როგორ უნდა ვასაუბრო ჩემი თვალები მათ თვალებს.. მომწონს მარტოობა, რადგან ასე უფრო იყუჩებს ხოლმე ჩემი მარტოსულობა. ძნელია ხალხში მისი ატანა, როგორ იღრინება და ყმუის ავი ძაღლივით. თითქოს გფლეთს თავისი თათებით შიგნიდან და არ გაძლევს საშუალებას, რომ ყვირილის გარეშე ამოიღო ხმა. ბოლო პერიოდია, იმდენად ვინთქმები საკუთარ თავში, რომ კონტურებს ვარღვევ და ასე მგონია, უგზოუკვლოდ ვკარგავ ჩემს ნაწილებს სივრცეში. არადა, განსაკუთრებული არაფერია გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს ვეღარ ვზიდავ, მაწევს ლეშივით და ვგრძნობ, მე უბრალოდ ნიღაბი ვარ, რომლის უკანაც საკუთარ გვამს ვმალავ. ნიკოტინიან თითებს კაბაზე ვისვამ, რაღაც მოუშორებელი ჭირი თუ ჭუჭყი დამყვება, რომელსაც ვერ ვიცილებ. გთხოვ, მიპოვნე, რა იქნება, მიპოვნე..“
„ბოლო ღამეებია გეძებ, მგონია, სადღაც ახლოს იმალები, რადგან სიბნელესთან ერთად უჩვეულო ფორიაქი მოაქვს სიჩუმეს. თითებს ვეღარ ვიმორჩილებ ნერვიული დაძაბვისგან, არადა როგორი თვალშისაცემია ჩემი თავდაჭერა, როცა თვალებს დამშეული ნაგაზებივით დავაცეცებ ადამიანურობის ძიებაში, მაგრამ გარშემო მხოლოდ სისტემის ნაწილებია. ორგანიზებული მთელი ყლაპავს სტრუქტურულ მექანიზმებს და მათი გადამუშავებისას იღებს გეშტალტს, სადაც მათი ნაწილების ჯამი მეტია თითოეული ნაწილის სიდიდეზე. აქ გაცემა-მიღების მექანიზმია ჩართული, რომელიც რეალურად მხოლოდ გაცემას ახორციელებს მთლიანი სისტემისთვის. მონაწილეების ჩართულობა წახალისდება სისტემის მიერ და უფრო მეტ ზომბირებას იწვევს მათში. რეალურად კი, გრამი ემოციაც კი სამათხოვრო გახდა. ვაშიმშილებ სურვილებს, რა ხანია და გელი, უნდა გამოჩნდე, როგორმე შეაჩეხო მზერა მზერას, რომ ვიცნო მე შენში.“
რამდენიმე ამოხეული ფურცლის იქით, -
„გიყურებია, როგორ თავისუფლდება სისხლი? როცა ტკივილისგან შემოსაზღვრულ ტომარას ემსგავსები, მაშინ საშველად დანის ალესილ პირს ისვამ მაჯებზე და აკვირდები მუხუდოს მარცვლებივით წამოზრდილ სისხლის წვეთებს. მათი ზედაპირი იმდენად სუფთაა, რომ დაიფიცებ, თითქოს შენს თავს ხედავდე მათში, შენს ნაკვთებს არჩევდე.. ფერმკრთალი ტუჩები მიგაქვს მარცვლებთან და ისრუტავ. უგემურია სისხლი, მშრალი და ჩამქრალი, გგონია რომ კვერცხის გულივით მოხარშული ხდება ენაზე შეხებისას. ქაღალდზე გაგლესვისას კი უფერულდება, რამდენიმე წუთში ყავისფერდება თითქოს. ალბათ, ძველი მეთოდია, როცა სულიერ ტკივილს ფიზიკურით ანაცვლებ და გონებას ავტომატურად გადართავ ერთიდან მეორეზე. მაგრამ როგორ იქცევი, როცა ქრონიკულში გადაგდის ასე ყოფნა და ფიზიკური და სულიერიც უბრალო რუტინას ემსგავსება? არ მიძებნია კითხვებზე პასუხები და მაინც რომ ყველა მათგანი ჩემს გარშემოა და სიახლოვისგან მტანჯავენ. ყველაზე მეტად ალბათ ის ღიმილი მომიხდება, როცა პირველად აღგიქვამ მატერიალურ სუბსტანციაში და ჩემიდან შენად იქცევი.“
„იყო ქვეყნად ბოროტება და სიკეთე ჩვენ რაღა საჭირონი ვართ, ღმერთო? თუკი ისინი ერთმანეთს ავსებენ, ორი პოლარული წერტილი, რომელთა ურთიერთგამომრიცხავობა ტოლია მათ მიერ მთლიანის შექმნის, ჩვენ რაღა ვართ? მხოლოდ განპირობებული ალბათობა იმისთვის რომ იქცეს ცვლად სიდიდედ? რამდენი რამ იგულისხმე, როცა გვაჩენდი, რა დაგვიტოვე იმისთვის, რომ ვიქონიოთ? ათვლის წერტილის პოვნა უაზრობაა, რადგან ეს ჩაკეტილი წრეა, რომლიდანაც დასასრული ქმნის საწყისს და პირიქით. ჩვილი წარმოიქმნება დედის საკვერცხეში და მის ფორმირებასთან ერთად მასში ჩადებულია ასეთივე უნარი - უნარი იმისა რომ გამრავლდეს თავისივე სახედ. ჯიში - ადამიანი სახეობა - ქალი და კაცი ორგანიზმი - მულტისისტემური დანამატი - გონება და ეს გონებაა ახლა რომ გვაშორებს ერთმანეთს, ღმერთო. რისთვის მოგვეცი ის, რის გამოც შეგვეძლო ამდენი ზიანი მოგვეტანა სამყაროსთვის და ჩვენსავე თავებისთვისაც? ვიქნებოდი ერთუჯრედიანი მექანიზმი და მთელი ჩემი ფუნქცია შენი შეგრძნება იქნებოდა.“
„რამოდენიმე ჩანაწერს იქით ვამბობდი, ცვლადია ყველაფერი, რაც კი გარშემო მარტყია და გვიან მივხვდი, რომ მე ვიცვლები მხოლოდ და შესაბამისად ჩემი შეხედულებებიც იცვლებიან არსებული გარემოს დანახვისას. აღქმაშია გარდატეხები ჩაბუდებული და ის ფაქტი, რომ ჩემს წინ ყვავილი იფურჩქნება არის თვითმყოფადი სიტუაციის ჩემეული აღქმა. ფაქტი მოქმედების აქტია, მაგრამ ის, რასაც მე ვხედავ ამ დროს - ჩემი პროექციაა. ამიტომაც ჩემს მიერ დანახულ ყველა ყვავილს ჭკნობისკენ აქვს მიდრეკილება. და მე ვიმეორებ - მე ვარ ჯორჯინა, მე დღევანდელში ვარ. არ არსებობს წარსული და მომავალი მე დღევანდელში ვარ. მე ვარ ჯორჯინა და მე მენატრები.“
„წვიმის სუნი შერჩენიათ ფოთლებს და იმ რკალებს მახსენებს ნაპირზე რომ ვუცქერდი საათობით. მაშინ ბევრი რამ მეგონა, მერე აღმოჩნდა რომ ვარაუდი ჯობდა მტიცე „მეგონას“, თუმცა გვიანი იყო. და ახლაც მგონია, რომ იმ ტბის ნაპირთან დავტოვე ჩემი თავი, დროში გავყინე და მეშინია უკან მიხედვის. ჰო, ჩემი თავი, პატარა, ისევ იქ დგას და ელოდება სასწაულს. განსხეულდები შენ-მე და მოხვალ, ვიცი, მანამდე მე იმ ბავშვთან დავრჩები, რომელიც ტბის ნაპირზე კენჭებს აგროვებს, რათა რკალებში დაინახოს მამისადმი მოგონებები.“
- ჯორჯინა.. - ჰო. - ცოცხლებს ნუ მარხავ, გთხოვ..
„ამაზე ზუსტს ალბათ ვერაფერს მეტყოდა, მაშინ როცა მისი თავი უფრო მეტად მაახლოვებს იმის გაანალიზებასთან, რაც ხდება ჩემს თავს. არადა, შემიძლია დავიფიცო, რომ მასთან სალაპარაკო არაფერი მაქვს და ეს იმიტომ რომ იდენტურად მიედინება ჩვენი აზრები ერთმანეთში და სიტყვები უბრალოდ აზრს კარგავენ. მან იცის რომ მე აღარ ვეძებ მას მერე, რაც ვიპოვნე, და არ იცის, რომ მისი დაკარგვის შიში მინაცვლებს ტკივილის იმ მოთხოვნილებას, რომელიც თანდათან გამომიმუშავდა.“
- არ თქვა რომ სუსტი ხარ, შენ წარმოდგენაც არ გაქვს რამხელა სიძლიერეა საჭირო რომ ამ ტკივილებთან ერთად იცხოვრო. - მითხარი, სად გადის ჩემი პიროვნების ჩარჩოები? ჩემს თავს ვერ ვპოულობ. - ჰო, საზღვრებია მოსაძებნი იმისთვის რომ იცოდე, სად ეძებო. - ცდილობ დამეხმარო.. - ვცდილობ არა, აუცილებლად შევძლებ. - რატომ ხარ დარწმუნებული? - შენ თვითონ არ მითხარი, ძალიან ძლიერი ხარო? ჯორჯინას გაეღიმა. როცა რწმენის ერთ ძაფს იღებ ხელში, მაშინ უაზრობაა მეორე ძაფი ეძებო.
„მას ჩემი ხელები უჭირავს და მე გულში ვიმეორებ მანტრასავით, - მე ჯორჯინა ვარ, დღევანდელში ვარ და შენ მყავხარ. მითხრა, - გაზაფხულის ბოლო თვეს, როცა შენი დაბადების დღე მოვა, რაღაც მინდა დაგიწეროო. განცდები მის თვალებშია და ამაზე საოცარი არაფერია, თითქოს ყვავილებიც აღარ ჭკნებიან. მე ჯორჯინა ვარ, მაქვს საზღვრები და მასში ის არის მოქცეული და ვიცი, ჩემს ყოველ კიდეს დარაჯობს. ის გაზაფხულს იწყებს, მე ვასრულებ, სიმბოლურია..“
სიცოცხლის ტრაქტატი
„შეხედავ შენ, შენს წარსულს და მიხვდები, რომ დროს, თვითონ დრო არ სურს“
თ. ც.
დრო - კაცობრიობისგან გამოგონებული ობიექტური საზომი ერთეული სუბიექტური მოვლენებისთვის. და შენ - ამ კაცობრიობის ნაწილი, იღვიძებ და ხვდები განთიადს. ცდილობ ამჯერად გულისყური გარე საგნებს მიადევნო და შიგნითკენ მაცქირალი გადაკეტო. გაყურებ თვალისმომჭრელად გაბრწყინებულ მზეს და აკვირდები მისი სხივების დიფუზურ კრთომას. გიჭირს ცქერა თვალმოუშორებლად, გრძნობ, როგორ გაწვება ცრემლი და უნებურად გიბიძგებს დახუჭო ქუთუთოები, თუმცა მაინც უჯიუტდები სხეულს და ცდილობ თითოეულ სხივს გააყოლო მზერა და გაჯერდე მისი ოქროსფერი ნათელით. დაიწყო დღე პირველი. ერთ ყლუპ წყალსა და ერთ ნაგლეჯ პურს აწვდი სხეულს და აკვირდები, როგორ მიედინება წყალი საყლაპავში, როგორ ჩადის კუჭში და სიმშრალის გრძნობას გიქვეითებს პირში - წამიერი, მაგრამ კომფორტია თავისებურად. ამას აყოლებ ერთ ნაჭერ პურს და ცდილობ ენით გემო გაუსინჯო მის თითოეულ ლუკმას. ფიქრობ, რამდენჯერ მექანიკურად დაგიკმაყოფილებია შიმშილი, მაგრამ არასოდეს გიფიქრია, რა განცდაა, როცა საკუთარი ორგანიზმის ბრმა სურვილებზე ზრუნავ. ამ ცოტაოდენ შეჭამანდს ატან სხეულისადმი მადლიერებას, რომ ამდენი წელია გემსახურება და თავისი აწყობილი სისტემით ცდილობს არ დაგღალოს. კიდევ ერთი გრამი ემატება სიამოვნებას. გამოდიხარ ეზოში, სადაც თითოეულ შენს ნაბიჯს აყოლებ აზრს. აკვირდები, როგორ იზნიქება ბალახი შენს ფეხქვეშ და ცდილობ უფრო ფრთხილად გაიარო, თითქოს ყურს უგდებდე მათ შრიალს, და წამიერად ხელისგაწვდენაზე ხედავ პატარა ყვავილს, რომელიც ამ განთიადის სხივებს გამოეღვიძებინა უთუოდ. შენ ჩერდები მის წინ და იხრები, რათა ახლოდან უცქირო და აღიქვამ, ბუნების რამხელა საიდუმლოა ჩადებული ამ ერთი ციცქნა არსებაში. არც ფიქრობ მის მოწყვეტას, ის გაგაცილებს შენ ჭიშკრამდე და მერე საღამოსაც დაგელოდება, თუკი გაიხსენებ და შეავლებ ისევ თვალს. შენ დააკვირდები ყველა ქმედებას, რომლის ავტომატიზაციასაც მიეჩვიე ბოლო წლებია. განერიდები შენს გონებას და დააცდი განცდებს დაგანახონ ყველა ფერი. და თითქოს თანდათან ხედავ, რომ შენ ხარ ის მზეც და სხივებიც, ის წყალიც და პურიც, ბალახიც და ყვავილიც, უბრალოდ აქამდე არასოდეს შეგიხედავს შენი თავისთვის გარემოში და მხოლოდ შიგნით ღრმავდებოდი. თუკი გსურს იპოვო შენი თავი, უნდა მოახერხო სწორად შეხედო მას, სწორი კუთხიდან. ყველა ის თვისება რასაც მივაკრავთ საკუთარ თავს მხოლოდ ჩვენი განცდების პროექციაა და ნუ მისცემ შენს ცუდ განწყობებს იმის უფლებას, რომ გადაგაკეთონ. გონება ბლოკავს ემოციებს, რადგან პატივმოყვარეა და ამდენად ბრმაა, რადგან არ იცის რომ ორგანიზმი კვდება, როცა გარემოს შორდება და შორდება მაშინ, როცა აღარ განიცდის ყოველი მზის ამოსვლის წამს. სიცოცხლის ტრაქტატი ხანმოკლეა, იქნებ მართლაც იზრუნა ღმერთმა ჩვენზე წინასწარ და იმისთვის დაგვიტოვა სიკვდილი, რომ სიცოცხლის ფასი ვიცოდეთ. ღვთის საიდუმლოებანი ადამიანისთვის უწვდომია, მაგრამ მის მიერ ნაბოძები სიყვარული კი ყოვლისმომცველია. და იმ მზეს უანგაროდ უყვარხარ, რომელიც შეუცვლელად ყოველ დილით ამოდის. იმ ორგანიზმს უყვარხარ, რომელიც ამდენი წელია გემსახურება უსიტყვოდ და იმ ყვავილს, რომელსაც ფეხიც რომ დააბიჯო, არ დარჩება შენდამი წყენა, ის გაზაფხულზე ისევ მოევლინება ქვეყანას იმისთვის, რომ შენ ამ ჯერზე მაინც შენიშნო და სასიამოვნო განცდა მოგანიჭოს. და როცა ჩერდები ცხოვრების კიდეზე და ფიქრობ, რომ არ იცი რა გინდა, მაშინ შეგიძლია უბრალოდ იმას დაუკვირდე რა არ გსურს და თანდათან მიხვიდე ასე სასურველამდე. ჩვენ მოგვენიჭა - სხეული, გონება, სული და ჩვენი გადასაწყვეტია რას მოვახმართ სამივეს. და ცხოვრების ვულგარულ ინტრიგებში ჩაკარგვისას ისუნთქე ხოლმე და იმეორე - მე ადამიანი ვარ მე დღევანდელში ვარ და ვირჩევ სიცოცხლეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. საერთოდ სხვანაირია ეს ავტორი )) და რა მიკვირს იცით? სად არის მკითხველი?:) თუმცა ჰო ვთქვი.. სხვანაირია ეს ავტორი. ეს არის ალბათ მიზეზი ) მოვიწონე და წავედი.. საერთოდ სხვანაირია ეს ავტორი )) და რა მიკვირს იცით? სად არის მკითხველი?:) თუმცა ჰო ვთქვი.. სხვანაირია ეს ავტორი. ეს არის ალბათ მიზეზი ) მოვიწონე და წავედი..
9. "ხალხი უინტერესონი არიან...." მე მგონი სჯობს "ადამიანები უინტერესონი არიან ". :) "ხალხი უინტერესონი არიან...." მე მგონი სჯობს "ადამიანები უინტერესონი არიან ". :)
8. გილოცავ დაბადების დღეს და გაზაფხულის დადგომას. გილოცავ დაბადების დღეს და გაზაფხულის დადგომას.
7. ძალიან საინტერესოდ წერთ. ++კიდევ გავეცნობი თქვენს შემოქმედებას. ძალიან საინტერესოდ წერთ. ++კიდევ გავეცნობი თქვენს შემოქმედებას.
6. როგორ არ გეზარება.............. :)))) როგორ არ გეზარება.............. :))))
5. მომეწონა! ეს არის ცხოვრების ფილოსოფის არსში წვდომის სურვილი. ერთი პატარა მინიშნება ორგანიზმი- საკუთარია თუ სხვისი, ეს ის სისტემაა, რომელსაც არანაირი "ბრმა სურვილი" არ გააჩნია.
მომეწონა! ეს არის ცხოვრების ფილოსოფის არსში წვდომის სურვილი. ერთი პატარა მინიშნება ორგანიზმი- საკუთარია თუ სხვისი, ეს ის სისტემაა, რომელსაც არანაირი "ბრმა სურვილი" არ გააჩნია.
4. მეც გამახსენდა ის, რაც ჯონათანს =)
ლალის კომენტარი =)
მიზანი ამართლებს საშუალებას.
იქნებ მეც გამახსენდა ის, რაც ჯონათანს =)
ლალის კომენტარი =)
მიზანი ამართლებს საშუალებას.
იქნებ
3. „შეხედავ შენ, შენს წარსულს და მიხვდები, რომ დროს, თვითონ დრო არ სურს“
„შეხედავ შენ, შენს წარსულს და მიხვდები, რომ დროს, თვითონ დრო არ სურს“
2. სიცოცხლის ტრაქტატი გაზაფხულის ბოლოს დაიწერა ჯორჯინასთვის :)
გმადლობ ჯონათან, რომ მკითხულობ :) სიცოცხლის ტრაქტატი გაზაფხულის ბოლოს დაიწერა ჯორჯინასთვის :)
გმადლობ ჯონათან, რომ მკითხულობ :)
1. ბანალურად უნდა გითხრა- უცნაური ხარ, მაგრამ ზედგამოჭრილი რომაა ეს შენზე? :)
დიალოგებიც კი მონოლოგს გავდა, მაგრამ მოწყენას რომ დავაპირებდი, სწორედ მაშინ ისეთ ფრაზას, ისეთ მიგნებას ვეჯახებოდი - იიფ!
"სამყაროს განცდები აკლია და სიცარიელისგან იხუთება,"
" გრამი ემოციაც კი სამათხოვრო გახდა. ვაშიმშილებ სურვილებს, რა ხანია "
"- ჯორჯინა.. - ჰო. - ცოცხლებს ნუ მარხავ, გთხოვ.."
და ის, "სიცოცხლის ტრაქტატი" სხვაა?
ბანალურად უნდა გითხრა- უცნაური ხარ, მაგრამ ზედგამოჭრილი რომაა ეს შენზე? :)
დიალოგებიც კი მონოლოგს გავდა, მაგრამ მოწყენას რომ დავაპირებდი, სწორედ მაშინ ისეთ ფრაზას, ისეთ მიგნებას ვეჯახებოდი - იიფ!
"სამყაროს განცდები აკლია და სიცარიელისგან იხუთება,"
" გრამი ემოციაც კი სამათხოვრო გახდა. ვაშიმშილებ სურვილებს, რა ხანია "
"- ჯორჯინა.. - ჰო. - ცოცხლებს ნუ მარხავ, გთხოვ.."
და ის, "სიცოცხლის ტრაქტატი" სხვაა?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|