ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პროზა
16 ოქტომბერი, 2013


"სტაიანშჩიკის" დღიურიდან (მინიატურა)

- მოდი, მოდი, მოდი...
- კარგია...
- ოდნავ მარჯვნივ აიღე და ისე შემო... აი, ეგრე!
- ესეც - ესეეე...
- თქვენ ეხლა მიბრძანდით და არხეინად ივაჭრეთ,
თქვენს მანქანას კი ფოთოლიც არ დაეცემა,
თუ არადა, მე ბიჭი არა ვყოფილვარ და ქუდი არა მხურებია - წაიყარაჩოღელა მოხუცმა "სტაიანშჩიკმა" და ჩვეული სიმღერის ღიღინით ახლადდაბინავებული მანქანის თვალიერებას შეუდგა.
- "ართუშა ვარ, არუთინოვიიიიი,
განათლება ორი კლასიიიიი,
ადამяნობა მილяნერიიიი,
მააშ, მააააშ" - ღიღინებდა მოხუცი და თან 1987 წელს გამოშვებულ, ''Datsun''-ის მარკის ორკარებიან, სპორტულ ავტომობილს გაოცებული სახით უტრიალებდა.
- ვააა, ნახე რა "შინები" უკეთია, ეეეე ეს ორი "გლუშიტელი" რათაო ნეტა?
- ჰმ 220 სიჩქარეეე, აი ეგ მესმიიის, რაკეტაა რაა!..
- ეტყობა ამის პატრონს დიდი ფული აქს, ნაღდია რა!

ამასობაში, იქვე მდგომი ხის ტოტიდან ჩიტმა ჩამოასკლინტა და საქარე მინაზე, ზუსტად მძღოლის მხარეს დაანარცხა.
- ჰო, მიდი, მიდი, მაგას კიდე ფული უნდა არააა?!.
- დალოცვილო, ლამის მთელი ცხოვრება აქა ვდგევარ, ერთი მეც რო დამასკლინტო, შენი რა მიდის ეეე?!
- არა რაა, ჩიტიც მდიდარს ასკლინტავს, ფული-ფულთან მიდის, ეგრეა, ეგრე!
- ეეჰ, ართუშჯან (თავის თავს) მიდი ეხლა, ეგ სკლინტი მოწმინდე, თორემ დარჩი ათშაურიანის გარეშე...

ამასობაში მანქანის პატრონიც დაბრუნდა. ძია ართუშა შეეგება, რამდენიმე ცელოფანის პარკი ჩამოართვა და ნავაჭრის მანქანაში ჩალაგებაში შეეშველა...
- აჰა გენცვ, როგორც ჩავიბარე - ისე დამიხვედრებია, ბუზი რაა, ისიც არ დაჯდომია, მაააშ!..
მერე გზის სავალ ნაწილზე გავიდა, შავ-თეთრი ხელჯოხი დაატრიალა, სასტვენში ჩასტვინა, გზაზე მოძრავ მანქანას შეჩერება ანიშნა და მის "მუშტარს" გასძახა:
- აბა გენცვ, მარცხნივ აიღე და მალე გამო, თორემ "პრობკა" გახდება, თან ცალი ხელით ხურდებით გავსებული ჯიბე შეაჩხრიალა, გადასახადის შეხსენების მიზნით.
- უი, ხურდა აღარ დამრჩენია, სხვა დროს იყოს - მიაძახა ''Datsun''-ის მძღოლმა, ძრავი ბღუილით აამუშავა და ძია ართუშა ორივე "გლუშიტელიდან" გამონაბოლქვ ჰაერში გახვეული დატოვა.

იმ საღამოს, სახლისკენ მიმავალმა ართუშა არუთინოვმა მუქი იასამნისფერი, ტკიცინა ოცდახუთმანეთიანი იპოვნა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები