ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიცვალებული
ჟანრი: პროზა
26 ოქტომბერი, 2013


მეთევზე ჯო

გადავთვალე. სულ ექვსი თევზი.
ვიფიქრე, თევზის თვალებით შევხედავ და გაუხარდება-მეთქი, მაგრამ ჯობდა სულ არ შემეხედა. ვერცხლისფერი ფარფლები ისე ქონდა თვალების ირგვლივ მიკრული, შემეშინდა, მაგრამ გავიღიმე და ჩვეულებისამებრ ვუთხარი:
- დღეს არ დაიბანო. მინდა თევზის სუნი გქონდეს.

***
ჯო მეთევზეა. ყოველ დილას გადის სახლიდან და მთელი დღის სამყოფ სუნს უტოვებს ტაილუს.
მუქი ყავისფერი პალტო და ქუდი აცვია. როგორც მზერა, ჯიბის დანაც ისეთივე ბასრი აქვს და ქუჩაში სიარულის დროს ხეებს ყლორტებს აჭრის, ერთმანეთზე აკრავს და ტაილუს გვირგვინს უმზადებს.

რამდენიმე მეგობართან ერთად თევზაობს. ჯიბეში გახუნებული ფოტო უდევს ყველაზე დიდი თევზის, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიჭირა და ისე უყურებს, თითქოს მისი ძველი მეგობარი ყოფილიყოს.

როცა მოპოვებული რაოდენობის თევზის ნახევარს ბაზარში ყიდის, ყველა მის კუპრივით შავ თმას უყურებს და პალტოზე დატოვებულ ვერცხლისფერ ფარფლებს.

ტაილუ ბაზარში გაიცნო. სიცივისგან გაყინულ და გაშეშებულ თითებზე ხელთათმანები ეკეთა და პალტოს ჯიბეში ჩაწყობილ ყვავილებს ელაპარაკებოდა ჩუმად.

- რა ქვიათ? - ჯომ თვალებში მომღიმარი ირონია ჩაიქცია და ტაილუს სახეზეც გადაღვარა ცოტაოდენი.
- ირინი, ერინი, ირი და რუ.
ჯომ ყვავილები გამოართვა, თითები გადაუსვა, ნერწვთან ერთად ირონიაც გადაყლაპა და ჩაილაპარაკა:
- რაიმეს ჩალაპარაკება მინდა და ვერაფერი მოვიფიქრე. ჩემს ორ თევზს გაჩუქებ და მოუარე. რაც გინდა დაარქვი. მკვდრები არიან, არაფრის ჭამა დაჭირდებათ.

ასე დაახლოვდნენ ჯო და ტაილუ. დასახლდნენ ხის ქოხში, აივნით ზღვისკენ და როცა მათ საწოლზე მზის სხივები ვერტიკალურად ეცემა, ორივეს ერთდროულად ეღვიძება.

თვალებს გაახელენ, სახიდან ერთმანეთს თევზის ქერცლებს აშორებენ და საუბრობენ დიდხანს, მონოტონურად, თვალებში მშვიდი ძილის მტვრით.

ერთ დღეს ჯო წავა. ეს ტაილუმ კარგად იცის და როცა ამაზე ფიქრს იწყებს, საწოლის კიდეზე ჯდება, თავს კედელს აყრდნობს და მძინარე მეთევზეს ზღაპარს უყვება ქალთევზაზე, რომელსაც ზღვა შეუყვარდა.

როცა ჯო იღვიძებს, მშვიდი თვალებით უყურებს ტაილუს ჩალურჯებულ ზურგს, თავს ადებს და ეუბნება:

- ქალთევზა ხარ, მაგრამ გახსოვდეს, როცა ჩემს ფსკერს მოაღწევ და აღარაფერი დაგრჩება უცხო, შენ წახვალ, ამიტომ მიჯობს დაგასწრო.

***
ისევ გადავთვალე. თურმე მეშვიდე თევზი არ შემიმჩნევია. ხელში ავიყვანე, დავყნოსე, გულში ჩავიკარი და სანამ ჯო შემომხედავდა, წყალში ჩავსვი.
- ჯო, ჯო, ჯო! შეხედე როგორ ცურავს. ცოცხალია.
გამიღიმა და სითბო მკერდში ჩამეღვარა.



ჯო გუშინ გაუჩინარდა. სავარაუდოდ, სამუდამოდ.
როგორც დავპირდი, წერილებს მივწერ და პასუხს არ დაველოდები.
არც ''ძვირფასო''-ს გამოვიყენებ პირველ სიტყვად. არც თევზს შევწვავ.
თავის მოკვლა რომ მომინდება, სიცოცხლეს ზღვის ფსკერზე დავასრულებ.
არც მეთევზეზე მოვუყვები ვინმეს.

ასეთია ჯოს სურვილები.
მე კი ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელსაც მისი არსებობის სჯერა.


P.S. ჯონათან, არ გაგიცრუე იმედი და ისევ თევზები :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები