თითქოს ყველაფერი, კარგად უნდა ყოფილიყო. ყველაფერი ზუსტად ისე იყო როგორც ვფიქრობდი, მოვიდა დრო და დამტოვა, ხალხის მი-მოსვლა არ წყდებოდა, მოჰქონდათ ათასობით ყვავილი, ტიროდნენ, მისამძიმრებდნენ, იზიარებდნენ არადა ვიცი... ბევრს უხაროდა. მათ ხომ დედა ჰყავდათ, მე კი აღარ. თითქოს ყველა ჩემთან იყო, ყველა თითქოსდა გვერდით მედგა, სადარბაზოში სიგარეტის კვამლი საკმეველს ერეოდა, თითქოს ეშმაკისა და ანგელოზის ბრძოლა იყო, ასობით ცრემლი დაიღვარა, ასობით სიგარეტის ღერი ჩაიფერფლა, მაგრამ ეს ყველაფერი ყალბი იყო... მე მაინც ობოლი ვიყავი. იმ წამს ყველა ჩემ გვერდით იყო, ყველას ვუყვარდი, ყველას ვახსოვდი, ყველა რაღაცას მპირდებოდა: ზოგი ძმობას მეფიცებოდა, ზოგიც დედა-შვილობას, არადა სულ რაღაც ორი დღე გავიდა, დავრჩით მე, მამაჩემი და ჩვენი თუთიყუში ჯამბო, რომელიც საბჭოურ „მაგნიტოფონზე“ ჩაწერილ მამაო ჩვენოს იმეორებს. სახლში საკმევლის სუნი ჩარჩენილიყო, სიგარეტის სუნი გაქრა, როგორც ყველა ის ადამიანი, ვინც გვერდით მედგა...