ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
15 ნოემბერი, 2013


ესპოზიტო

  ორი დღე ნეხვი ამინდი იდგა ქალაქში. ისეთი კი არა – ძაღლს არ გააგდებენ გარეთო; არა, პირიქით. არც თქეში წვიმა იყო და არც ქარი წაგიღებდა სადმე. ტემპერატურაც ჩვეულებრივი, ოქტომბრის  ბოლოს რომ იცის თბილისში. თითქოს ალაგ-ალაგ მზეც იჭყიტებოდა “პუსტა იაქესავით” - ცივად, უგულოდ და ცალკბილად. აი ისე, ერთი კვირა გადაბმულად ნამთვრალევს, დილით: ბორჯომი გინდა? – წინა დღეს ნაგინები სიდედრი რომ დაგხედავს და გეტყვის.
  ეტყობა მზესაც არ სიამოვნებდა მოჟამული ქალაქის ცქერა და ხშირად ამოიფარებდა ხოლმე, რძეში გახსნილი ჭვარტლისფერ ღრუბელს, გაზარმაცებული მხატვრის უხეში “გრუნტოვკასავით” რომ გადაჰკვროდა ზეცას.
  არც ჰაერი იძვროდა, მძიმე და რაღაც ჟანგიანი ჰაერი. ბეღურებიც, უფრო ზრდილობის გულისთვის, ზანტად, ჟივილ-ხივილის გარეშე კენკავდნენ სიმინდის ღერღილს, ვიღაც მადლიანმა რომ გამოიმეტა. მანქანებიც არ ჩანდნენ ქუჩაში. სევას გადაღრძუებულ “კადილაკს” თუ არ ჩავთვლიდით - მხოლოდ საქართველოში,  ოთხი მთავრობა, ბორბალდაუტრიალებლად რომ გამოიცვალა და ოფიციალურ “რეინკარნაციამდე”, კიდევ ერთ იმდენს  მოესწრებოდა, უეჭველი.
  ქუჩის შაბაშს, რეზის და ოთოს შიგადაშიგ საუბარი არღვევდა მხოლოდ. ისინიც, თითქოს დისჰარმონიის შეტანას უფრთხიანო, არამას ყოფილ “საპოჟნი” ბუტკასთან, დღეს - ლომბარდ “მეცენატად” რომ გადაურემონტებია რომელიღაც ქველს, ამინდის შესაფერისად, მხოლოდ 2-3 სიტყვიან, მარტივ წინადადებებს გადაუგდებდნენ ერთმანეთს.
  ის ესპოზიტოა, თუ მეშლება? – იკითხა რეზიმ, ქუჩის ბოლოდან მათკენ მომავალ, ჭაობისფერქურთუკმოცმულ, ვიღაც “თავგაბინტულს”, რომ მოჰკრა თვალი.
  -რა ვი? ტანსაცმელი ნაღდი იმისია და შიგ, ესპოზიტოც შეიძლება იყოს.
  ფილ ესპოზიტო, ეს კი არა, ის, რეალური – ვის გვარსაც, მეტსახელად ატარებდა სავარაუდოდ ის, ჭაობისფერი ქურთუკი რომ ეცვა - კანადელი, ჰოკეისტი გახლდათ, ჰოკეის ნაციონალური ლიგის დიდების დარბაზში, სამარადჟამოდ რომ არის შეტანილი.
  -რა გჭირს ბიჭო? შემთხევით აგური დაგეცა თუ შეგნებულად გკლავდნენ? – დაინტერესდნენ დამხვდურები, შარვალ-ქურთუკ-დოლბანდს მიღმა, კოტე ასათიანი, იგივე ესპოზიტო რომ ამოიკითხეს.
  -ეგ არაფერი, თქვენ როგორ ხართ? – გაღიმება სცადა მოსულმა.
  -შენ თუ ის ღიმილი გგონია, რაც ახლა სიფათზე გახატია, ტეტანუსზე აცრას აზრი აღარ ჰქონია, ძმაო. დაასკვნა ოთომ. – აღარ იტყვი რა მოგივიდა?
  -არაფერი, პატარა ვიჩხუბე რა? რა გაიკვირვეთ?
  -რა პატარა ბიჭო? курскская дуга გამოვლილი ტანკივით გაქვს თავი. ვინ გჟვერა, არ იტყვი? – უკვე ამინდის არადარი აქტივობით დაინტერესდნენ რეზი და ოთო.
  -რომ გითხრათ, არ დაიჯერებთ.
  -??
-სიდამონიძემ.
-??
-არნომ, რა!.
  -ვინ ბიჭო? იმ “პარიადოჩნიმ”? არნოლდამ როგორ დაგარტყა? ასეთი რა ქენი, მამაძალი?
  არნო, არნოლდ სიდამონიძე, იმ იშვიათ წესიერადამიანთაგანთა რიგს განეკუთვნებოდა, ყველა ოჯახში სანატრელ შვილად, სიძედ, მამად და ა.შ. რომ იქნებოდა მიღებული. მხოლოდ დღესასწაულებზე, ისიც გამოზომილად სვავდა, არ ეწეოდა. მისგან: ყვირილი, ჩხუბი დავიდარაბა  – ა-პა-პა! კაცს არ სმენოდა ჯერ. სამსახური-სახლი. შაბათ-კვირას – ბაზარი, საყიდლები, საკუთარ და ცოლის სანათესაოსთან სტუმარ-მასპინძლობა. შიგადაშიგ: კინო-თაეტრი-კონცერტი. ოჯახის წევრებთან ერთად. ბავშვები: მუსიკა, ინგლისური, ქართული ცეკვა, ჭადრაკი. ოჯახი: ზაფხული – ქობულეთი, ზამთარი – ბაკურიანი. ბინა: ქალაქური პროექტის 2 ოთახიანი, მიშენებით. მანქანა: 9 წლის მერსედესი, ცე კლასი.
  რას ერჩი? რას უწუნებ? ცხოვრობდა კაცი თავისთვის, მშვიდად და ზომიერად. ზომიერად ხელგაშლილიც ეთქმოდა. დაპატიჟებდი – დაგპატიჟებდა. მოიკითხავდი – მოგიკითხავდა. ერთი კვირით, ოც ლარამდეც ყოველთვის გასესხებდა, ვალის პატიოსანი დამბრუნებელი თუ იყავი. მოკლედ, ოჯახის მუჭუჭუჭობასთან ერთად, მეზობლობაშიაც ქაჩავდა არნოლდ სიდამონიძე, გაჭირვებაშიც დაგიდგებოდა და მუქთა ლექციასაც მოაყოლებდა ცხოვრების დიდაქტიკის დარგში.
  -მთვრალები ვიყავით რა, ბაბოს დუქანში.
  -ეეეე, ახლა უკვე ახურებ, კოტე! არნო მთვრალი ჯერ არავის უნახავს, მით უფრო ბაბოსთან. როდის იყო დუქნებში და რესტორნებში დადიოდა? – ეჭვი შეეპარა რეზის, ესპოზიტოს მოწოდებული ინფორმაციის სისწორეში.
  -არ გჯერა? ნუ გჯერა. ეგრე კი იყო...
  -კარგი, ეს იქით იყოს, მერე?
  -ნიკუშა, ლერიას უმცროსი  ძმა რომ არის და მაგის ძმაკაცები, ბაბოსთან შედიოდნენ, დუქანში. დამინახეს. შემოდიო, გადამეკიდნენ. ამ, გცალია-არმცალიაში, არნომაც გამოიარა და ბოლო-ბოლო, ყველანი ერთად შევედით. უფროსი კაცი ხარო და ბიჭებმა ის სირბანჯო დააყენეს თამადად. აუჰ! წაიღო რა ბიჭო ტვინი! იხმარა რა იქაურობა, მე მაგის მაკარენკო მამას... ხმა არავის ამოგვაღებინა. მე ჯანაბას, ამხელა კაცი ვარ და მკიდია მამენტ მარა, გატანჯა ბავშვები.
  -ასე უნდა იცხოვროთ, ასე უნდა მოიქცეთ! ეს ასე უნდა, ის - ისე. თან კარგ მაგალითად სულ თავის თავი მოჰყავდა, აზრზე ხარ? მერე, ამასწინათ თვალი მოუკრავს  ნიკუშა, ეს – ჩვენი ლერიას ძმა რა, თავის შეყვრებულს კოცნიდა თურმე, ავტობუსის გაჩერებასთან. შეიყო, დაიტრიალა:
  -ასე როგორ შეიძლება, კაცი ცოლთან ერთად მოვდიოდი და სირცხვილით სად წავსულიყავით, აღარ ვიცოდიო. -წარმოგიდგენია ბიჭო, რას შესწრებიან არნოლდა და აზა? - ირონია გამოეხატა სახეზე ესპოზიტოს.
  -მე, ისე მოვიყვანე ცოლი, ნაკოცნი არ მქონდა მისთვისო. და უცებ: შენაო?  - გაიგე? მანცდამაინც, ამ სამცოლგანაშვებ კაცს მომახტა, ტო? გულწრფელად გაიკვირვა თავშეხვეულმა.
  -მერე, შენ რა უპასუხე?
  რა უნდა მეთქვა?
  -მე, ნაკოცნიც მაქვს და ერთი-ორჯერ ნახმარიც, ოღონდ უკნიდან, ქალიშვილობა რომ არ დაეკარგა მეთქი.
  მოულოდნელმა პასუხმა მაგრად ახალისა ბიჭები. ესპოზიტოც იკრიჭებოდა შეძლებისდაგვარად.
  -რა გითხრა?  რაო, მერე? - როდის-როდის ამოილუღლუეს, რეზიმ და ოთომ.
  -ყბა ჩამოუვარდა. ჭამა რა.
  -მერე ცოლად მოიყვანეო? – მეკითხება, ის სიმონა.
  -არა არ მომიყვანია, მაგას როგორ მოვიყვანდი მეთქი? – ამაზე, სულ დაიბნა, ბრინჯივით.
  -აბა შენი ცოლი როგორღა იყოო? – ისევ მეკითხება.
  -მოიცა კაცო, შენ ჩემ ცოლზე ამბობ? მეგონა შენსაზე მეკითხებოდი მეთქი და კარგადაც შევაგინე და ვხიე.
  მოვლენების ამგვარად განვითარებამ, ჩაბჟირებამდე მიიყვანა, ლომბარდის წინ მდგომნი. ბოლოს, როგორც იქნა დაშოშმინდნენ. თუმცა, შიგადაშიგ მაინც წასკდებოდათ სიცილი არნოლდ სიდამონიძის დაბნეულ ფიზიონომიას რომ წარმოიდგენდნენ, ან – ღმერთმა იცის რატომ, მის მაგინებელ, მთვრალ, გავეშებულ ესპოზიტოს.
  საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდნენ, სირცხვილი იყო, არაფერში ეწერა კოტეს საქციელი. უნდა წასულიყო და ბოდიში მოეხადა, სიდამონიძესთვის. მაგრამ, რად გინდა?  გამტყუნებული გადაჯდა ჯორზე.
  -არ ძმაო! შანსი არ არის! – გაასავსავა ხელები. - მაგასთან საბოდიშო რა მჭირს? აქეთ უნდა ჩამივარდეს ფეხებში და პატიება მთხოვოს, მაგ ჩათლახმა! მაგის და მაგისნარების ბრალია ძმაო, ყველაფერი!
  ესპოზიტოს ბოლო გამოსვლამ, უკვე რეზი და ოთოც დააბნია. ეჭვი გაუჩდათ, თავის ტრავმა საკმაოდ სერიოზული არ იყოსო.
  -შენ მგონი ზორბად გარეკე აი, კოტეჯან? – მშვიდად იკითხა ოთომ და ერთი-ორი ნაბიჯით მოშორდა ესპოზიტოს, ალბათ სიფრთხილის მიზნით.
  -ეეეჰ, ხო გეუბნებით? ვერ ხვდებით რა! თუ მართლა გაინტერესებთ, აგიხსნით?.. – ეჭვი შეეპარა ესპოზიტოს,უბნელთა გულწრფელობაში.
  -მიდი, ძმაო, მიდი. მე შენ გეტყვი და სამსახურში მიგვეჩქარება რომელიმეს. – შეაგულიანა ოთომ და აგრძნობინა – შენ დაწვრილებით მოყევი, საქმე მაინც არაფერი გვაქვსო.
  -თქვენ ხომ ბავშვობიდან მიცნობთ, არა? გახსოვთ “ინდიელობანს” რომ ვთამაშობდით?  – ძალიან შორიდან მოუარა ესპოზიტომ. თითქმის ყველას ინდიელობა გინდოდათ მაშინ. მარტო მე ვიყავი, გამუდმებით კოლონიზატორობას რომ ვაწვებოდი. არადა, რაც იმ დროს გოიკო მიტიჩის კინოები გვქონდა ნანახი, გინდაც სხვების, ან წიგნები წაკითხულ-მოყოლილი, ყველგან ინდიელები იყვნენ კარგი ტიპები.
  სულ მიკვირდა, რატომ უნდა ყოფილიყვნენ ვიღაც ტიტლიკანა, ბუმბულებიანი ველურები “კარგები” და თეთრკანიანი, ცივილიზებული ადამიანები “ცუდები”? შემდეგ კი გავიგე, პროპაგანდის ბრალი რომ იყო ეს, მაგრამ მაშინ რა ვიცოდი? ზურგის ტვინით ვგრძნობდი ალბათ, რაღაცას შეგნებულად რომ ახურებდნენ ვიღაცები და მთლად ასე არ იყო საქმე.
  “ინდიელობანას” თავი დავანებოთ, სხვა თამაშების დროსაც ასე არ იყო? “მეკობრეობანას” ვთამაშობდით, მე - მეკობრე ვიყავი, “კაზების და ყაჩაღებისას” – ყაჩაღი. მოკლედ სულ “ცუდიანებს” ვირჩევდი.
  ოთომ და რეზიმ ერთმანეთს გადახედეს. ვერაფრით მიხვდნენ რა კავშირი ჰქონდა ესპოზიტოს შეხვეულ თავს, ბავშვობაში ნათამაშებ ინდიელობა-მეკობრეობასთან. მაგრამ მაინც არ შეაწყვეტინეს, ლაპარაკის ეშხში შესულს.
  -მერე, ოდნავ რომ წამოვიზარდეთ და სპორტის გულშემატკივრობა დავიწყეთ. აქაც ისე გამოვიდა რომ, კვლავ საწინააღმდეგო პოლუსებზე აღმოვჩნდით მე და იმ ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა, სამშობლოს რომ ვუწოდებთ. – ისევ თავის ტალღაზე გააგრძელა თავშეხვეულმა. -  ყოველთვის ჩვენს, ანუ - სსრკ-ს მოწინააღმდეგეს ვქომაგობდი. გიკვირდათ: ბიჭო ქართველები არიან ნაკრებში და სხვებს როგორ “ბალეშჩიკობო”?
  ყველაზე მაგარი ჰოკეიში არი იყო  სსრკ-ა?  ამიტომაც მანდ რომ წააგებდნენ, ის მისწორდებოდა ყველაზე მეტად. ვენების გადაჭრამდე ვუჭერდი მხარს კანადას. “ესპოზიტოობაც” იქიდან არ მომყვება?
  -კოტიკ, “კლიჩკა” საიდანაც მოგყვება, მთელმა უბანმა ვიცით. შენ ისა თქვი, არნო რა შუაშია? – ვეღარ მოითმინა რეზიმ.
  -ჰო. ან მაგის კნეინა, აზა? ისე, მართლა კოხტა ტრაკი კი აქვს, აი. ადრე, რაღაც გექნება შე თუქსუსო გულში გავლებული, თორემ ასე უცებ არ დააჯახებდი?- ეს უკვე, ოთო იყო.
  -მაიცა რა, რა სისულელეს, ბოდავ, ძმაო? მოკლედ, გატყობთ არ გაინტერესებთ და ტყუილად მეღადავებით. პაპიროსი მაინც მომაწევინეთ?- წაუხდა ხასიათი.
  -მიდი, მიდი გააგრძელე, როგორ არ გვაინტერესებს?! ლურჯ “ელემს” მოსწევ? – შეიცხადა ოთომ და ე მანდ, მოყოლა არ გადაიფიქროსო, სიგარეტის კოლოფიდან ამოღებული ღერი, პირდაპირ პირში ჩაუდო მთხრობელს.
  -მაშინ არ შემაწყვეტინოთ... ქემალა უსტოევი ხომ გახსოვთ, ძმებო? ქურდიც იყო, ერთი პერიოდი. კლასში სამჯერ ჩარჩენილი და სკოლაში ისიც კი, “კამსამოლსკი ზნაჩოკით” დადიოდა. მე, არათუ სკოლა, ტაქსისტების არ იყოს - ორი დიპლომი ისე ავიღე, კომკავშირში ვერ შემადგმევინეს ფეხი. ანუ აქაც, მე იქით ვიდექი, სამშობლოს პროგრესულად მოაზროვნე მოსახლეობის უმეტესი ნაწილი – აქეთ. შემდეგ მიტინგების პერიოდი იწყება. ვინ იცის რამდენჯერ დავუჭერივართ და ვუცემივართ, “მავნე იდეების” გამო. არა და მთელი კაიფი იცი რა იყო? რაც მე არ მევასებოდა და ვისაც ვლანძღავდი, იგივეს აგინებდა ეს ხალხიც, ოღონდ რამდენიმე წლის მერე. ნაღდს გეუბნებით, რა.
მერე ომებიც დაიწყო. ის ხალხი ვინც, გულზე მჯიღს ირტყამდა და ტელევიზორებიდან, “სამშობლოს” გაიძახდა, ცოტა მინახავს იქ. ნაღდი მეომარი ხომ, კიდევ უფრო ცოტა. მაგრამ რა? მეომრები დამარცხდნენ, ისინი კი მაინც გამარჯვებულები გამოვიდნენ. აშენდნენ.  რამდენი არჩევნები გამოგვივლია, არა? ერთხელ არ მახსოვს, ვინც მე მინდოდა იმას გაემარჯვა. აი არნოს და მის ნაირებს, კი ერთხელაც არ გაუმაზიათ. ვინც იგებდა, სულ იმას როგორ აძლევდნენ ხმას, მე მაგათი ვანგა დედა ვატირე?!
ეს არის ძმაო, ასეთების იმედად დგას ეს ქვეყანა და იმიტომაც მიდის პერმანენტულად ტრაკისკენ საქმე! არნოლდა საცოდავის რა უნდა მშურდეს, ამ ფაშისტების არ შემშურებია, პირწმინდად რომ გადაძოვეს აქაურობა, მაგრამ “შნირებს” ვერ ვიტან რა! “ლიჟბი” ერთი-ორი უზალთუნი ჰქონდეთ ბანკში მოყუჩებული და წყნარი სამსახური. ისეც, იცით რად უნდათ? სახლში სუფი, კატლეტი და კამპოტი რომ ჰქონდეთ “პასტაინად”. სხვაა? ფეხებზე ჰკიდიათ სულ! მეც, შენც, შენც და მთელი საქართველოც!
  მე ხო სულ კონტრაში ვიყავი ამ ჩემის “სალ კლდეებთან”, არა? მაინც რაც შემეძლო, ყველაფერს ამ ქვეყნისთვის ვაკეთებდი. ჩემი საქციელით ქართველი კაცის სახელი არასდროს შემირცხვენია, ძმაო. ოფლიც ბევრი მიღვრია და სისხლიც. რაც ამ ქვეყნისთვის კარგი იყო, საჭირო და აუცილებელი, იმას ვაკეთებდი შეძლებისდაგვარად. თან ისე, რომ კაცი არ შემიწუხებია, არასოდეს.    სანაცვლოდ, რა მივიღე? დისკოზი, ჭრილობა, ცე ჰეპატიტი, ორჯერ დახურდავებული ბინა და ვალები. და ამას პლიუს, არნოს ლექციებს უნდა ვუსმინო? ეეე! ბემურაზ! გეყოფა რა! რაღას ემაგალითები ამ ხალხს?! ხომ ხედავ, ისედაც სავსეა ქვეყანა შენნაირი “არნოებით”! არ მინდა რა! აღარ შემიძლია!
  და ამის მერე მეუბნებით: არნოს დაუშავე, წადი და ბოდიში მოუხადეო. თუ ძმები ხართ, რა?! ამდენ არნოლდ სიდამონიძეს ერთი ესპოზიტო რას დავუშავებდი? ის მაინც ვიყო, დიდების დარბაზში რომ არის გამოჭიმული. აფსუს, რომ, არა! აქური ფარჩაკი ესპოზიტო ვარ სამწუხაროდ... და დღეს დალევას თუ აპირებთ და რამეს იშოვნით, სახლში ვარ და გამომიარეთ.
  ესპოზიტომ ერთი ღერი სიგარეტიც გამოართვა ოთოს და დაუმშვიდობებლად წავიდა. ქუჩის ბოლომდე, ბიჭების მზერა მიაცილებდა, მარტო მიმავალს.
  -კი უბერვს, მაგრამ სადღაც სწორი თქვა, არა რეზი? – კოტე ასათიანის წასვლის შემდეგ ჩამოვარდნილი სიჩუმე დაარღვია ოთომ.
  -ჰო. ერთი-ორი ხომ არ წავადოთ, რას იტყვი? ოთოჯან?
  -ვის, ესპოზიტოს?
  -ესპოზიტოს კი არა, არნოს, ოთო. შენ რაღა მოგივიდა?
  -გაკლია აი! და რა საბაბით? კატლეტი და სუფი რატომ გაქვს სადილადო? ე, ბიჭო! მოდის მგონი? წავადოთ კი არა, ფული ვესეხოთ და ესოზიტოსთან ავიდეთ, გაიგე?  შენ ჩუმად იყავი, ხმა არ ამოიღო. თვალი დაუბრიალა რეზის.
  -სალამი ბატონო არნოლდ! როგორ ბრძანდებით? თვალზე რა მოგსვლიათ? ვა? ცხვირიც? ხომ მშვიდობაა, არნოლდ ბატონო? – ისე გულწრფელად გაიკვირვა, მოსულის ჩალილავებული ცხვირპირი ოთომ, სიცრუის დეტექტორიც გაბრიყვებოდა.
  -ჰოო, ეს არაფერი, შემთხვევით, ხდება ხოლმე. - არ გაამხილა სილურჯეების წარმომავლობა, სიდამონიძემ. - თქვენ როგორ ხართ?
  -რა გვიჭირს? ვართ რა, ძველებურად. ოღონდ ეს არის, სამსახურში ხელფასი დამიგვიანეს და ოცი ლარი დამჭირდა, სასწრაფოდ. კვირის ბოლომდე ხომ ვერ მასესხებდით, ბატონო არნოლდ? – მოკითხვას თხოვნა შეაგება ოთომ.
  -კვირის ბოლომდე კი გასესხებ ოთარ, მაგრამ რას გეტყვი იცი, რატომ დადიხარ კაცო პირგაუპარსავი? ხომ ხედავ, სახის ტრავმა მაქვს მიღებული და ამ დილით მაინც გავიპარსე წვერი. შენ რა გჭირს? ან ფეხსაცმელს საწმენდს ვერ გადაუსვამ? – უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა ესპოზიტოს დამუშავებილი სიფათი სიდემონიძემ, მარჯვენი ხელით კი პიჯაკის გულის ჯიბიდან, ოცლარიანი ამოიღო.
  -შენ ახლა იცი რას გეტყვი, არნო? – სახეზე სიწითლემ გადაუარა ფულის მთხოვნელს. ეს კი, ცუდის ნიშანო იყო, დანამდვილებით იცოდა რეზიმ.
-გაირჭვე უკან ეს შენი ორი თუმანი და დროზე ააცვი აქედან, სანამ ცხვირ-პირზე დაგაწმინდე ეს ბათინკები, შე გოთვერანო, შენა!  გესმის შე დამპალო, შენა?!
  -რა გინდა ოთარ?! რა დავუშავე რეზო? ორი დღეა, რამ გადარია ეს ხალხი?! – გაოცებას ვერ მალავდა არნოლდ სიდამონიძე, მაგრამ მიხვდა: “სადაც არა სჯობსო” და მხრების ჩეჩებით, სწრაფი ნაბიჯით გაშორდა იქაურობას.
  - ჩაგიჯვი სუფში და კამპოტში, მაცივარში რომ უდევს აზას!!! – დაადევნა ოთომ. -რეზი, აგერ ბეჭედს დავუტოვებ ლომბარდში, უცებ დასალევი ავიღოთ და ესპოზიტოსთან ავიდეთ.
ორი დღე ნეხვი ამინდი იდგა ქალაქში. თითქოს ჰაერიც არ იძვროდა, მძიმე რაღაც ჟანგიანი ჰაერი. მანქანებიც არ სჩანდნენ. მაგრამ მაინც ხდებოდა რაღაც, ქუჩაში.







 
 
 
 
 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები