ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატუშა
ჟანრი: პროზა
19 ნოემბერი, 2013


გადაბირება 2 ( ნაწილი III )

დილით ადრე ავიდა მესამე სართულზე. კარგა გვარიანად დათვრა იმ ღამეს, მაგრამ  ყველაფერი გაიხსენა, რაც გააკეთა. კარზე მიკრული ფირფიტა კი არ შეუნიშნავს. როდის, ვისთვის ან რისთვის მიაკრეს? ვინ უნდა გარჯილიყო, როი და სერ უილიამი ხომ სამი დღით სადღაც გადაიკარგნენ? წაიკითხა:

“ კარი დამზადებულია ავსტრალიის ტროპიკების მარადმწვანე მცენარის-აბანოზის აკაციის, იგივე შავი აკაციის, შავი ხის მერქნისგან. გაჟღენთილია განსაკუთრებული დანიშნულების საიდუმლო სითხით და ამბრით, ნივთიერებით, რომელსაც კაშალოტი გამოყოფს. კარი ინგლისში ჩამოიტანეს  1888 წელს, სამხედრო გემით “მონტგომერი”.

რაში აინტერესებს, კარი ავსტრალიიდან ჩამოიტანეს თუ მარსიდან? ამ ინფორმაციის გარეშე შიგნით ვერ შევა? აღელვებულმა გასაღები ბოქლომს მოარგო და  გადაატრიალა.  კარს მთელი ძალით მიაწვა. უცნაური სითხეებით გაჟღენთილი და ცხრა მთას იქით დამზადებული კარი, აუცილებლად ტყვიასავით მძიმე და ძნელად გასახსნელი უნდა ყოფილიყო. სულ ტყუილად დაიძაბა. კარი მსუმბუქად გაიღო. საშინელი იმედგაცრუება იგრძნო დავითმა. საოცარი არაფერი გამოვარდნილა იქიდან. ერთი პატარა, ცარიელი, უფანჯრო ოთახი იყო. კედელზე აკრულ მინებზე წყლის წვეთები ჩამოდიოდა და მტვრიან იატაკზე გუბეებად გროვდებოდა. საშინლად ცხელოდა. ფოსფორისფერი შუქი ნისლივით იდგა ჭერზე. დავითმა თავი უკან გადააგდო და ნისლში რაღაცის გარჩევა სცადა. ვერ მიხვდა, საიდან მოდიოდა უცნაური ნათება. კისერი ეტკინა. მსუმბუქი თავბრუსხვევა იგრძნო. ცხვირზე ხელი მიიჭირა. ტკბილ-მომწარო და ობის ნაცნობი სუნი ეცა. გულს აზიდებდა. დერეფანში გავარდა გამწარებული. თავიდან ბოლომდე სველი იყო. სული რომ მითქვა, კარს ბოქლომი დაადო და სერ უილიამს მამაპაპური გინება გაუგზავნა. ემოციებმა იმძლავრა. წნევამ აუწია, საფეთქლები დასკდომაზე ქონდა. გულში და მარცხენა ბეჭქვეშ ჩხვლეტა იგრძნო. ძლივს შევიდა საძინებელში. საწოლზე დაეცა. სიბერის ბრალია ვითომ? აქ რომ მოკვდეს, რას უზამს სერ უილიამი, დამარხავს თუ მდინარეში გადააგდებს? წარმოიდგინა, როგორ იპოვა როიმ დერეფანში უგონოდ დაგდებული. როგორ მოუსინჯა ორი თითით არტერია, გვერდში ფეხსაცმლის წვერი წაკრა და დააფურთხა. ნაბიჭვარი! 

ნახევარ საათში უკეთესობა იგრძნო. ტანსაცმელი გამოიცვალა. ჭამის მადა არ ქონდა. წვენი დალია, სიგარა გააბოლა. ძველ უბანში  წასვლა გადაწყვიტა. სიგნალიზაციის ჩართვამდე ჰენრის დაუწყო ძებნა. ყველა სართული მოიარა. კატა არ ჩანდა. ეზოში გადაიხედა. თროქმორთონების მებაღე ახმახი ჯონი დეკორატიულ ბუჩქებს სხლავდა. ჰენრი არ გინახავსო, გასძახა. მებაღემ მუშაობა შეწყვიტა, უკან მოიხედა, ვერ დაინახა ვინ ეძახდა და საქმე გააგრძელა. დავითმა კედლის საათს ახედა. თორმეტი სრულდებოდა. ბაღში ჩავიდა. მეორედ შეეხმიანა ჯონის. ჯონიმ მარაოსავით გაშლილი ფოცხი მოჭრილი ტოტების გროვას დაადო და კისერდაგრძელებულმა ბაღს შემოუარა. აქეთ იქით იხედებოდა. ტერასიდანაც გადაიხედა. დავითი შეწუხდა. მიუახლოვდა, იდაყვზე შეეხო და ხომ კარგად ხარო, ჰკითხა. ჯონიმ კეპი მოიხადა, გაოფლილი, ფერდაკარგული სახე გაინიავა. მერე, გულზე წაივლი ხელი, თვალებს აცეცებდა და მძიმედ სუნთქავდა. დავითი სახლში შებრუნდა წყლის გამოსატანად. სამზარეულოს თაროდან ჭიქის გადმოღება დააპირა და გაშეშდა. საკუთარი მკლავი ვერ დაინახა. სხეულზე დაიხედა. არ ჩანდა. ჯონიზე უარეს დღეში ჩავარდა. სარკეს მივარდა. სრული სიცარიელე! სუნთქვა შეეკრა. მიხვდა,უჩინარი იყო. იმ უცნაური ოთახიდან გამოსვლის შემდეგ გარდაიქმნა. ეზოში გამოვარდა. კატაც მიავიწყდა და სიგნალიზაციის ჩართვაც.  მებაღე არ დახვდა. სამუშაო იარაღები მიეტოვებინა და წასულიყო.

საწყალი ჯონი! უბედური დავითი! მარმარილოს თეთრ ფილებზე დაყრილ ხვიარა მცენარეების ნაკუწებს უაზროდ დააშტერდა. მოხუცი ხომ იყო? ახლა უჩინარიც გახდა. როდემდე იქნება ასე? მას შემდეგ, რაც გადაიტანა, უჩინარობა მოხუცებულობასთან შედარებით ნაკლებ საშინელებად მოეჩვენა. ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს?

დიდი ქალაქის ხმაურმა გონს მოიყვანა. ნაცნობი ქუჩები შემოიარა. ვიტრინა არ გამოუტოვებია, ყველგან ჩაიხედა. მის გარდა ყველას და ყველაფერს ირეკლავდა მინა. ორი გაჩერება ავტობუსით იმგზავრა. დაღლილი და მუხლებაცახცახებული შევიდა ძველ ეზოში. ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა. უაზროდ დადიოდა შესახვევებში, გაზონებზე.  ფანჯარებში შეიხედა.

სუნ იუის ცოლი, ნაზი, სიფრიფანა გოგო სარეცხს აუთოვებდა სიმღერით. დაკეცავდა იუის ტანსაცმელს, დაყნოსავდა თვალდახუჭული, აკოცებდა. დიდი, პეპლებიანი მარაოთი  გაინიავებდა სახეს და თავიდან იწყებდა ყველაფერს.

შოტლანდიელი სამზარეულოში საქმიანობდა-ხორცის მოზრდილ ნაჭერს ბეგვავდა. დრო და დრო მუჭით კრეკერებს იყრიდა პირში და მაღალი ჭიქიდან რაღაცას ყლურწავდა. თითოული ყლუპის შემდეგ თავს აქნევდა მოწონების ნიშნად. საბეგვის ტარით მამაკაცური ღირსება რამდენჯერმე მოიქექა.

შეილა კარგად ნაცნობ და თითქმის უცვლელ მდგომარეობაში იხილა. მისაღებში, სავარძელში იჯდა და კვნესოდა. რაღაც მალამოს იზელდა ვენებდაბერილ ფეხებზე და თან ინგლისურ შოუს ადევნებდა თვალს.  სამოცს გადაცილებული, ვარდისფერკაბიანი ქალი თავდავიწყებით მღეროდა ფრანგულ სიმღერას. კარგი გოგო ხარ, კარგი! აღტაცებას ვერ მალავდა შეილა და თვითონაც ცდილობდა წაღიღინებას. ჟიურისა და დარბაზის შეძახილებით გამხნევებული ქალი მეტი მონდომებით ირჯებოდა ხმაათრთოლებული. შეილა ტერფებიდან მუხლებზე გადავიდა ხელის წრიული მოძრაობით. შემდეგ-ბარძაყებზე. ასეთი საშინელი და გულის ამრევი არაფერი ენახა დავითს.

პოლონელებიდან ერთი ძმა იყო სახლში. მრგვალ მაგიდასთან იჯდა, ცალი ფეხი სკამზე ედო, მწვანე ვაშლს ახრამუნებდა და გაფაციცებული ათვალიერებდა გაზეთში განცხადებებს. იოჟკა! ხმადაბლა დაუძახა დავითმა. იოჟკამ ფეხი ჩამოიღო, ვაშლის ჭამა შეწყვიტა, ხელისგულით პირი მოიწმინდა და გაირინდა. მერე იფიქრა, რომ მოეყურა და გაზეთი შრიალით გადაფურცლა. 

ინდირა და ჩანდრა არ ჩანდნენ სახლში. არც საბა ჩანდა. მინას შუბლი და ცხვირი მიაჭყლიტა, ხარბად მოათვალიერა ყველაფერი. საბას ადრე დიდი წესრიგით არ გამოირჩეოდა, ახლა თვალშისაცემი სისუფთავე სუფევდა სახლში- ჯარიკაცებივით ერთ რიგში ჩამწკრივებული ბოტასები, სკამის და სავარძლის საზურგეზე კოხტად გადაკიდებული ტანსაცმელი, დივანის გადასაფარებელი გასწორებული და ჰოი საოცრებავ, ვაზაში ყვავილები! სახლს მეორე მხრიდან შემოუარა. თროქმორთონის კუთვნილი ბაღი და მანქანის სადგომი სხვებისგან ყვავილების მწკრივით იყო გამოყოფილი. მებაღის ხელი აკლდა იქაურობას. ბალახი  მუხლამდე გაზრდილიყო. ერთმანეთში გადახლართული ტოტები და თეთრი ვარდები სხვის მხარეს გადასულიყვნენ. წვიმის წყლით სავსე სარწყავში მკვდარი ბარტყები და გამხმარი ფოთლები ეყარა. სამზარეულოს შემინულ კარზე ფარდა ბოლომდე იყო ჩამოწეული. მორყეული აგური გამოიღო კედლიდან. არ დახვდა რასაც ეძებდა. ერთი გასაღები ქონდათ და აქ ინახავდნენ. გული ეტკინა. უცნაური ჩვევა ქონდათ ამ ეზოში-ზღურბლზე იცოდნენ ჩამოჯდომა. დავითი ასე მოიქცა. კედელს ზურგით მიეყრდნო და თვალები დახუჭა. მეზობელი ეზოდან პატარა ბიჭის ხმა ისმოდა. დედა ხალხურ სიმღერას ასწავლიდა. მისამღერზე “თინგლი, თინგლი ოი!” კვდებოდა სიცილით.

დავითი ოდესღაც ამ ბიჭის ტოლი იყო.
დავითი ერთი თვის წინ ოცი წლის იყო.
ახლა? ახლა, მოხუცი არის, მისტიკის ბურუსში გახვეული უჩინარი მოხუცი, გაურკვეველი და ბუნდოვანი მომავლით. . .

შიმშილმა გამოაღვიძა. წელში ძლივს გაიშალა. რობოტივით უტკაცუნებდა სახსრები. შოტლანდიელის სახლისკენ გაუწია გულმა და ყნოსვამ. ფანჯარიდან კრუსუნით გადახოხდა სამზარეულოში. მორჩენილი შემწვარი ხორცის ნაჭრები პატარა პლასმასის კონტეინერში შეენახა პატრონს. საძინებლიდან ტახტის კუთხე, კილტის კალთა და ერთმანეთზეე გადაჯვარედინებული ბანჯგვლიანი ფეხები მოჩანდა.  დავითმა ხორცი მიირთვა. კიდევ რაღაცეები დაამატა მაცივრიდან. მინერალური წყალი დააყოლა და მაგიდაზე დაყრილ ფოსტასაც გადაავლო თვალი. რამდენიმე წერილი ედინბურგიდან იყო, ერთიც ბანკიდან. ჯოზეფ მაკფერსონი ერქვა თურმე სახლის ბინადარს. ამ ნაჭამ-ნასვამ მაკფერსონს ტკბილად ეძინა და ღმერთმა იცის რას ხედავდა სიზმრად.

ფეხით გაუყვა ქუჩას. მზიანი, თბილი დღე იყო, მაგრამ სციოდა, აკანკალებდა. იგრძნო, ნელ-ნელა როგორ უბუჟდებოდა ფეხის თითები. სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან, მომრგვალებულ სვეტს მიეყრდნო და გათოშილი ხელები იღლიების ქვეშ ამოიდო. ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ჩინელები და ინდუსები ჭარბობდნენ. გაღიმებულები შედიოდნენ სავაჭროდ. დავითს აქ ერთადერთი მაისური ჰქონდა ნაყიდი. ყველაზე იაფი მაისური იქ გამოფენილ მაისურებს შორის. ცოტა დააკლდა და ქვაფენილზე არ ჩაიკეცა. თვალს არ დაუჯერა. ტროტუარზე ლერა მოაბიჯებდა. ნამდვილად ის იყო. როგორ შეეშლებოდა? წელამდე თეთრი თმა, გადმოკარკლული, ფირუზისფერი თვალები, მაღალი, ტანადი. რაღაცნაირად, უსიამოდ სხვანაირი. ყელზე შემოხვეული კაბისფერი ყელსახვევი მკერდზე უფრიალებდა. დავითს გული შეეკუმშა. გადარჩა ლერა, არ მოკვდა და აი, ახლა, მშვიდად შედის მაღაზიაში, ამაყი და თავდაჯერებული. დავითი უკან აედევნა.

ყველაფერი იყიდა ლერამ, რაც შეიძლება ქალმა იყიდოს: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია, თეთრეული. ყველაფერი, მაგრამ  პატარა ზომის და ძალიან ახალგაზრდული. რა ჯანდაბად უნდოდა? ვისთვის? სექციიდან სექციაში დაყვებოდა. ალბათ იგრძნო ლერამ ვიღაცის გახშირებული სუნთქვა და დაჟინებული მზერა. სალაროსთან მისულმა რამდენჯერმე მოიხედა და უკანმდგომები შეათვალიერა. როგორც იყო ეღირსა და პარკებით დატვირთული გამოვიდა მაღაზიიდან. მარჯვნივ წავიდა. კარგად ჩანდა ხალხის ნაკადში. ყველაზე მაღალი და თვალშისაცემი გარეგნობის იყო. მიდიოდა, მიირწეოდა. ბოლოს, რომელიღაც ჩიხში შეუხვია. მანქანების სადგომზე თავისი მანქანა მოძებნა, პარკები უკანა სავარძელზე შეყარა, თვითონ მიუჯდა საჭეს და თვალს მიეფარა.
             
       
გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები