ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მფრინავი-სტაფილო
ჟანრი: პროზა
19 ნოემბერი, 2013


ცეცხლოვანი გუ-ნდა I

  იმ დღეს არც თოვდა და არც მზე ანათებდა, უბრალოდ ღრუბელი ფარავდა ცას, უბრალო დღე იყო, შავ-თეთრი, აი ისეთი როგორშიც ჩარლი ცხოვრობდა.
...ჩარლი ჩემი მეგობარია, საუკეთესო მეგობრებს შორის, ცალი ფეხი მოკლე აქვს ამიტომაც ბამბუკის ჯოხით დადის და თან ხალხს ამრეზით უყურებს. ზამთარში გაცვეთილი შარვალი ტანზე ეკვრება და თითქო კანს ერწყმის, ზაფხულში კი პირიქით ეს შარვალი ფართოვდება და საპატარძლო კაბასავით დაფარფატებს  მის ტანზე. მუდამ სუფთად იყო გაპარსული, მაგრამ ყოველთვის სასაცილო ულვაშით, რომ არა მისი ინგლისური ქუდი, ის ჩემი მეგობარი ადოლფი გეგონებოდათ.
...ჩვენ უბანში ერთი გოგო დადის, ისიც იმ მუსიკას უსმენს რასაც მე და ჩარლი, ვიცოდი რომ შემიყვარდებოდა, ვაპირებდი არ ავყოლოდი წყეულ გრძნობას, მაგრამ არ გამომივიდა...
  შემიყვარდა და თან როგორ?! ძალიან, ძალიან, ვიცი გავილეშები და ღამის ათ საათზე დავურეკავ ან სულაც მის ფანჯარასთან დავდგები და ვიყვირებ რომ მიყვარს.
...მე სუფთად მიყვარს ყოველგვარი ბილწი აზრების გარეშე. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ტელეფონით თუმცა ალბათ ის მეგობრადაც არ მთვლის, რა ვქნა?!
...თუ გინდა მშვიდობა მოემზადე ბრძოლისთვის (ადოლფი ამას მირჩევს), ჩარლის ფეხებზე კიდია სიყვარული, არ უყვარს თამაში, რომანტიკა და ტუჩსაცხი.
  ზამთრის თოვლიანი დღეც დადგა, დაიწყო ჩვენი ერა, უფრო სწორედ ჩემი ტანჯვის ერა. მე, ადოლფი, ჩარლი და ალბერტი ვგუნდაობდით.
...ადოლფი მონოლოგს უკითხავდა გუნდებს, ალბერტი გუნდის სიძლიერის გამოთვლას ცდილობდა, ჩარლი კი იჯდა თავისთვის, გუნდების გარშემო.
... ჩვენ ომისთვის ვემზადებოდით.

                                                                                                  *      *      *

  იმ გოგოს გუნდა ერქვა(ალბათ), ცეცხლოვანი გუნდა, მისი სახელი ახლაც არ ვიცი მაგრამ მახსოვს მისი ნასროლი გუნდა, დღემდე მიჭირს მარცხენა თვალიდან გახედვა.თოვდა, თოვდა ძლიერ და ჩვენც გვიხაროდა, მხოლოდ ჩარლი იყო მოწყენილი.
...მე ის ბიჭი ვარ, კვირაში სამჯერ გაჩერებაზე რომ ველოდებოდი გუნდას, მისი ნახვა იყო ჩემი ცხოვრების მიზანიც, მიზეზიც და არსიც. ის ვერ მხედავდა სამაგიეროდ მე ყოველ მის მოძრაობას ვიმახსოვრებდი და მერე ღამღამობით ჩვენ მომავალს ვხატავდი. ყოველდღე ვუზიარებდი  ალბერტს, ადოლფსა და ჩარლის  ჩემ აზრებს, ჩემ მიზნებს. ისინი მისმენდნენ, ხან დამცინოდნენ, ხან მამხნევებდნენ, მხოლოდ ჩარლი იყო ჩუმად, გაუნძრევლად იდგა და მისმენდა, ჩემ მონაყოლზე ეღიმებოდა და მწარედ ჩაიცინებდა ხოლმე ულვაშებში.
...ალბერტი კარგი ადამიანია, გაბურძგნული ჭაღარა თმით. უყვარს მათემატიკა და ფიზიკა, კლასში ჩემს გვერდით ზის.
...მე(ც) ათოსანი ვარ.
  სკოლაში აცივდა და გათბობაც მოიშალა. საბოლოოდ მეც, ადოლფიც და ალბერტიც დავრჩით უსწავლელები, ყოველშემთხვევაში ნოემბრის თვემ ფუჭად ჩაიარა. მომენატრება ქრისტეფორე მასწავლებელი, მისი ნახშირისგან გაშავებული თითები და გაბურძგნული თავ-პირი.
...ნოემბრის ბოლოს ძალიან აცივდა და ისევე როგორც მზე, ჩარლიც გაუჩინარდა. მთელი ღამე ჩარლიზე ვფიქრობდი, მაგრამ თითქოს არ მასვენებდა „ის“, ახლა უკვე ჩარლი დამავიწყდა და მთლიანად იმ თოვლიან დღეზე ვფიქრობდი, როცა ჩვენ „ვიომეთ“ მისი ნასროლი გუნდა, მისი მოახლოვება და ჩემ ჩაწითლებულ ლოყაზე მისი ხელის მოსმა და ანგელოზის ხმით ნათქვამი: „ბოდიში, ძალით არ მინდოდა“
...ფიქრებში ჩარლის ვეძებდი, თან ვიხსენებდი გუნდას.თუმცა თვალი აღარ მტკიოდა, მტკიოდა მხოლოდ გული…

                                                                                *              *              *

გაუჩინარებული ჩარლი არსად ჩანდა. ვეძებდით დანგრეულ შენობებში, ნაგავსაყრელზე, კინოს დარბაზებში, ზოოპარკებსა და სკვერებში არსად ჩანდა არც ინგლისური ქუდი და არც ბამბუკის ჯოხი.
...მე ჩემსას არ ვიშლიდი, კვირაში სამჯერ გაჩერებაზე !
  დადგა მარტი და ჩარლი თითქმის ყველას დაავიწყდა, ჩვენი ტრიოს გარდა. ქალაქში იძახდნენ, რომ დაინახეს თუ როგორ ეწეოდა სიგარეტის ნარჩენებს ჩარლი, როგორ იპარავდა პურს დახლებიდან და როგორ გაურბოდა კარაბინიერებს, მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ტყუილი იყო. ჩარლი ასეთი არ არის, ის საუკეთესოა.
...დღითიდღე ვაუმჯობესებდი სიტუაციას, უკვე ავტობუსშიც ავყევი და მან გამიღიმა, გამიღიმა და დამადნო, დამაჩოქა.
  ჩარლის სახლიდან შუქი გამოდიოდა, მაგრამ კარს არავინ აღებდა, ჩვენ გვიხაროდა და თან გვეშინოდა, იქნებ სახლი გატეხეს, არ ვიცოდით რა გვექნა.
...კვირა დღე იყო, რა თქმა უნდა მე გაჩერებაზე ვიყავი, ჩემთან იყვნენ ალბერტიც და ადოლფიც.
-აი, გამოჩნდა. - ჩაიცინა ალბერტმა.
-არ გაწითლდე ბიჭო!  - მითხრა ადოლფმა (ალბათ გაწითლება მის იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა, საერთოდ ის ვერ იტანდა წითლებს)
...ჩვენ ერთმანეთს გავუღიმეთ .
...ჭრიალით გაიღო ავტობუსის კარი, ოთხივე ავედით, მე რა თქმა უნდა შემრცხვა და მის გვერდით ვერ დავჯექი, ადოლფმა უკმაყოფილოდ გაიქნია თავი(თითქოს მეორე მსოფლიო ომი წაეგოს).
  სამი გაჩერების შემდეგ გუნდა ჩავიდა, ჩვენ დავრჩით ავტობუსში.
  ავტობუსი არ ინძრეოდა, არ ინძრეოდა არც ჩემი გული, ყველამ დაინახა თუ როგორ კოცნიდა ჩემი გუნდა ვიღაც ინგლისურ ქუდიან მამაკაცს,მისი შარვალი საპატარძლო კაბასავით დაფარფატებდა ჰაერში.ეს იყო  კაცი რომელსაც ბამბუკის ჯოხი ეჭირა ხელში . ეს ჩარლი იყო, ჩარლი რომელიც ჩემი მეგობარი იყო.
...ავტობუსის კარი დაიხურა, გაგრძელდა გზა. ბოლოში კი სამი მეგობარი იჯდა : ადოლფ შიკლგრუბერი, ალბერტ აინშტაინი და მე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები