ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გრაფი ვერცხლის ჩიბუხით
ჟანრი: პროზა
6 დეკემბერი, 2013


მცირე სენტიმენტალური ჩანახატი ნახევრად გარდაცვალებაზე, ანუ მუდამ მეყვარები...

მოგესალმებით! მე მოგიყვებით ამბავს ჩემი გარდაცვალებისა, რომელიც ჩემი ოცდამეერთე წლის იუბილემდე რამოდენიმე თვით ადრე, აპრილის ოცდაშვიდ რიცხვში,აღდგომის წინა შაბათს, ღამის პირველ საათსა და ოცდათორმეტ წუთზე მოხდა.
  საღამოს თერთმეტი  საათი იქნებოდა სახლთან რომ მოვედი. იქვე,ეზოში მეზობელი ბიჭების ჯგუფი შევამჩნიე  და მათკენ წავედი, თუმცა რატომღაც გადავიფიქრე, სადარბაზოსკენ მოვბრუნდი და კორპუსში შევედი.ლიფტის ღილაკს ხელი მივაჭირე, ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე, მოვუკიდე, ღრმა ნაფაზი ამოვარტყი და ლიფტის ჩამოსვლის მოლოდინში ხელში გასაღები შევათამაშე. მალე მივხვდი, რომ ლიფტის ლოდინს აზრი არ ჰქონდა და კიბეებს ავუყევი. ნიკოტინმა თავისი გაიტანა, მესამე სართულზე ასული გავჩერდი და მოაჯირს ჩამოვეყრდენი, კიდევ ორი ნაფაზი ამოვარტყი და მეოთხეზეც ავედი. კართან მეზობელი დამხვდა, იგი მაშინვე სახლში შებრუნდა და ჩემ სახელზე მოსული  ამანათი გამოიტანა, რომელიც ფოსტალიონს დაეტოვებინა მასთან. ამანათი სახლში შევიტანე, საფულესთან ერთად შავი კარადის მესამე თაროზე დავდე და სამზარეულოში შევედი. მშიოდა. საჭმელი არაფერი შემომრჩენოდა და მომზადება დავიწყე. ამანათზე ვფიქრობდი თან, არავისგან არაფერს ველოდი, წარმოდგენა არ მქონდა რა იქნებოდა. მალე საჭმელი მოვამზადე, ვჭამე წყალი გადავივლე და ამანათი ხელში ავიღე.
    სანამ გავხსნიდი  საწოლზე ჩამოვჯექი, იქვე პატარა კარადაზე მდგარი სახილედან შვიდი-რვა ცალი თხილი ავიღე და გატეხვა დავაპირე, მაგრამ გადავიფიქრე,იქვე საწოლზე მოვფანტე და ამანათის გახსნას შევუდექი. გავხსენი, თაბახის ფურცელზე დაწერილი წერილი ამოვიღე და კითხვა დავიწყე.
  წერილი საკმაოდ მკაცრი ტონით იყო დაწერილი, თავიდანვე შევამჩნიე ღმერთის ხელწერა,თუმცა შინაარსმა გამაოგნა - ღმერთი იწერებოდა, რომ სიცოცხლე, რომელიც მე მეკუთვნის თურმე სხვისი ყოფილა, მიხსნიდა, რომ ამის გაყოფა შეუძლებელი იყო და რომ მე აუცილებლად გარდაცვალება მელოდა.
  ელდა მეცა, ბრაზით ავივსე, რატომ აქამდე არ მითხრა თუ ასე იყო-თქო, მაშინ ხომ ასე ძალიან არ შემიყვარდებოდა სიცოცხლე, არ განვიცდიდი ასე მის დაკარგვას.ვგრძნობდი როგორ მიახლოვდებოდა გარდაცვალება, იგი სულ ახლოს იყო, რამოდენიმე ნაბიჯი აშორებდა ჩემგან, მე მინდოდა სიცოცხლეს დავმშვიდობებოდა მაგრამ უკვე გვიანი იყო და წერილს მივუბრუნდი, ბოლოსკენ რაღაც იმედის მომცემ სიტყვებს მოვკარი თვალი და კითხვის  გაგარძელება ვცადე:
- „თუმცა გპირდები...“
  საათის წიკწიკი გაჩერდა, ფანჯფრიდან მანქანების ხმაც მიწყდა, კედელზე ჩამოკიდებული ჭაღი ჩაიბჭუტა. წერილი, რომელიც ხელში მეჭირა გაფრიალდა და საწოლის ქვეშ შეცურდა.
  გარდავიცვალე. ჩემს სიცოცხლეწართმეულ სხეულს მისი სიმძიმე ვეღარ შეეკავებინა და იატაკზე დაცემულიყო, ლურჯი შარვალი ეცვა, ზევით თეთრი მაისური, რომლიდანაც კისერზე დაკიდებული ჯვრის გამოსახულება იკვეთებოდა.
მე ვუყურებდი ჩემს სხეულს და ვერ ვეგუებოდი მის უსიცოცხლობას, მინდოდა მივსულიყავი და წამომეყენებინა, მაგრამ...
ასე ვიქეცი მოჩვენებად, გარდავიცვალე, მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი გარდაცვალება, მე ჩემივე სამყაროში გარდავიცვალე. მე გავაგრძელე ცხოვრება სიცოცხლის გარეშე. ინტერესი მკლავდა რა ეწერა იმ წერილის ბოლოს, მაგრამ ამის გაგება უკვე შეუძლებელი იყო...
რაც შეეხება ჩემს სხეულს, სამწუხაროდ სანამ არ გაიხრწნა ვერავინ იპოვა.ცამეტი დღის შემდეგ, მეზობლის დაჟინებული თხოვნით, კარი შემოტეხეს და საწოლთან ჩამხობილი მიპოვეს. სახლი გადაჩხრიკეს, იქნებ ვინმე ახლობლის კვალს მივადგეთო, მაგრამ მსგავსი ვერაფერი იპოვეს, ანდაც რას იპოვიდნენ რაც არ არსებობდა, მე ჩემი სიცოცხლის  ამარა ვიყავი დარჩენილი და ისიც წამართვეს.
დაკრძალივის ხარჯების საკმარისი ფულის რაოდენობა ჩემივე საფულეში იპოვეს. საკმარისი კიარა ერთი კარგი თაიგულის საყიდელი ფული იყო მაგრამ იმყოფინეს...
საფლავი უახლოესი სასაფლაოს ბოლოში, ქვიან ადგილას გათხარეს, ამბობდნენ სიმაღლე არ ეყოფა, ძირს ქვაა და არ ითხრებაო, მაგრამ სხვა რა გზა იყო?! კუბოში ფულის გადახდა არ დასჭირვებიათ, ერთმა მეზობელმა თქვა, მე მაგისგან ბევრი პატივისცემა მახსოვს და მე გავუკეთებო(არ მახსოვს რა გავუკეთე ასეთი), ჩემს სიცოცხლეწართმეულ სხეულს არ დარაჯობდა არცერთი ჭირისუფალი, კუბოს ირგვლივ დალაგებულ სკამებზე ერთი შავ თალხიანიც კი არ მჯდარა, ოთახს არც ვინმეს ტირილის ხმა აყრუბდა, არავინ მოსთქვამდა ჩემს გარდაცვალებას, მხოლოდ მე - ჩემი მოჩვენებად ქცეული სიცოცხლე დავვტრიალებდი ირგვლივ ჩემს სიცოცხლეწართმეულ სხეულს... ხან ქარისგან აფრიალებულ სუდარას გავუსწორებდი, ხანაც მის თავთან ანთებულ ერთადერთ სანთელს,ხელს მოვაფარებდი  ქარს რომ არ ჩაექრო. შუდღის სამ საათზე ოთახში ოთხი კაცი შემოვიდა, მივხვდი რატომაც მოვიდნენ, ამიტომ მე კიდევ ერთხელ ჩავხედე ჩემს სიცოცხლეწართმეულ სხეულს, შუბლზე ხელი გადავუსვი და გავერიდე, მათ ხელი დაავლეს კუბოს და ოთახიდან გაიტანეს.
ბალდახინს, რომელსაც ჩემი კუბოს სასაფლაომდე მიტანა დაავალეს, მართავდა მთვრალი, რომელიც იუმორს ვერ მალავდა, არსად ენახა ასეთი მცირერიცხოვანი პროცესია, იცინოდა და თან სიგარეტს ეწეოდა გემრიელად.
დამასაფლავეს, თუმცა გათხრილი ორმო იმდენად დაბალი აღმოჩნდა, რომ კუბოს ზედა ნაწილი არ დაიფარა, ერთ-ერთმა მესაფლავემ ინამუსა, ცოტა მოშორებით მიწა მოთხარა და ზედ დააყარა, რომ კუბო დაემალა.
ქელეხი არ ყოფილა, არავის უთქვამს ჩემი ხსოვნის სადღეგრძელო.
საღამო იყო, სახლში დავბრუნდი, საშინელი სიცარიელე მეჩევნა , ჩემს საწოლზე წამოვწექი და ფიქრი დავიწყე. როგორ მინდოდა დამშვიდობების წინ ჩახუტება, მაგრამ...
როგორ უნდა მეცხოვრა დღეიდან? მე ვიყავი მოჩვენება, რომელსაც სიცოცხლე წაართვეს,სამყარო სხვანაირი გახდა უკვე, მე არაფერი გამაჩნდა, მე აღარ ვარსებოდი, დამმარხეს დამააფლავეს, მე გარდავიცვალე, ეს კი რაც არსებობდა იყო ამ ყველაფრის მცირე ნარჩენი რომელსაც უსიცოცხლოდ ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ მომავალი მეტად საშიში იყო, ან უფრო გამანადგურებელი. ალბათ ჯობდა მთლიანად მოვმკვდარიყავი, რადგან სიცოცხლე, რომელიც მე წამართვა ღრმადპატივცემულმა ღმერთმა, ახლა ვიღაცის ხელში იყო და ტკბებოდა ამით. ეს იყო სწორედ კატასტროფა, მე გადავიტანე ჩემი გარდაცვალება, მე დავესწარი ჩემს პროცესიას, მე დავკრძალე საკუთარი სხეული, მაგრამ ვერასოდეს გადავიტანდი იმის ნახვას, თუ როგორ ტკბებოდა სხვა ჩემი სიცოცხლით, თუმცა მე უკვე სიცოცხლეწართმეული მოჩვენება ვიყავი მხოლოდ, ამიტომ სადღა უნდა მქონოდა ეს შეგრძნებები? მე წესით ახლა აქაც არ უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ვიყავი, დიახ მე ამავე სამყაროში დავრჩი და შეგრძნებებიც  მქონდა. მე დავკარგე ჩემი საკუთარი სიცოცხლე, მაგრამ ჩემი მისდამი სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ მე ვერ დავტოვებდი იმ სამყაროს სადაც ის რჩებოდა, მეც იქ უნდა ვყოფილიყავი, უნდა გამეძლო იმისთვის რომ იგი ერთხელაც შემხვდებოდა სადმე თავის ახალ პატრონთან ერთად, მე ცრემლმორეული ჩავუვლიდი გვერდს, იგი ვერ მიცნობდა რა თქმა უნდა, გზას გააგრძელებდა, მე კი უკან მოვბრუნდებოდი სახლამდე მივაცილებდი და ცრემლებით დაცლილი გავაგრძელებდი უსიცოცხლო ცხოვრებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები