| ავტორი: ბეთ ავენ ჟანრი: პროზა 22 დეკემბერი, 2013 |
გზაზე ღიმილი მიდიოდა. მიდიოდა და უღიმოდა მინდორ-ველებს, მთებს, ცხოველებს, ფრინველებს, უღიმოდა ყოველივეს, მოცელილ ბალახებს და ჩამომხმარ მცენარეებს. ქვაზე ჩამომჯდარი ვინმე დაინახა, უხასიათოდ იჯდა. - შენ ვინ ხარ? - ჰკითხა ღიმილმა, რა თქმა უნდა ღიმილით. - სევდა ვარ - სევიანად უპასუხა ქვაზეჩამომჯდარმა. - რამ დაგასევდიანა? შეხედე გარშემო როგორი მშვენიერებაა! - ისევ ღიმილით. - მშვენიერება არ იძლევა მხიარულების საფუძველს. - რატომ? - იკვირვა ღიმილმა. - იმიტომ, რომ ეს მშვენიერება ჩვენს გარეშეც მშვენიერებად რჩება. ჩვენ არ მიგვიღია მის გამშვენიერებაში არავითარი მონაწილეობა, ის ნაბოძებია. - მერე? განა ის რომ ნაბოძებია ცოტა არის? არ უნდა გახარებდეს ასეთი მშვენიერი საჩუქარი? - ისევ ღიმილით. - შენ არ გესმის! აბა გულუისყურით დააკვირდი ამ მშვენიერებას როგორი სიღრმის იდუმალებას შეიცავს. იდუმალი კი ღიმილს არასოდეს ჰგვრის! ღიმილმა ღიმილით მოავლო თვალი არემარეს და სევდას ასე უთხრა: - სევდავ, განა ეს მთები მშვენიერი არ არის? ეს გადბიბინებული მინდორ-ველი, ეს საოცარი გალობა, ხეთა შრიალი, ლურჯი ცა განა შესაძლოა ვერ შეიტკბო? ის კი, რაც გატკბობს განა ღიმილს არ იწვევს? - შენ ისევ არ გესმის! აბა კიდევ მეტად დააკვირდი ამ მშვენიერებას. აი, მთები, ზეცისკენ რომ აღმართულან და მათ სიდიადეში რაოდენ მოკრძალება იგრძნობა. შეხედე გადაბიბინებულ მინდორ-ველს, რამდენი რამ უნახავს და დუმს. მოუსმინე ამ ხეთა შრიალს, ყინვას, წვიმას, პაპანაქება სიცხეს რომ კარგად იცნობს, მათთვის რომ უცხო არ არის არც ქარიშხალი არც გრიგალი, იქნებ რაიმეს გიყვება? ამ ქვებსა და ლოდებს გახედე, დასაბამიდან რომ ჭეშმარიტებას არიან ნაზიარებნი და ჩვენ არაფერს გვიყვებიან. ისინი სდუმან, და სწორედ ამ მდუმარებაში არის იდუმალება. განა რა მაქვს სამხიარულო? - ეეე, ეგ მხოლოდ ერთი მხარეა! - ისევ ღიმილით ღიმილმა. - მართალი ხარ, მხოლოდ ერთი მხარეა, მაგრამ მხარე ხომ არის? - კი, არის, მაგრამ, სევდავ, აი რას გეტყვი: - როგორც კი ბუნების ნაწილად იგრძნობ თავს, ეგ შენი სევდა განგეშორება! სევდამ სევდიანად გახედა ღიმილს: - შენ ამბობ, რომ ბუნების ნაწილად გრძნობ თავს? - კი, კი! მე ვარ მისი ნაწილი! - თუ კი ასეა, როგორ შეიძლება სულმუდამ იღიმოდე? მასში ხომ სევდაც არის? - შესაძლებელია, რომ არის კიდევაც, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ მშვენიერს ვხედავდე? - რადგან შენ ასე ხედავ, ესე იგი შესაძლებელი ყოფილა, მაგრამ შენ სრულად ვერ ხედავ მას, ბუნებას. ამ მიზეზით შენ მას სრულად არ იცნობ და სწორედ ამიტომ შენ ვერ ხარ მისი სრულყოფილი ნაწილი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის რასაც შენ იტკბობ შეუძლებელია ერქვას შეტკბობა, რადგან შეუძლებელია შეუცნობელის შეტკბობა! - მე ასე ვხედავ! რასაც ვხედავ ის მომწონს და ღიმილს მგვრის! მე ასე ბედნიერი ვარ! - ამ წამშიაც ბედნიერი ხარ? - მე სულ ბედნიერი ვარ! - მაშინ მითხარი, შენი აზრით მეც ბუნების ნაწილი ვარ? - კი, კი! აბა?! ჩვენ ყველანი ბუნების ნაწილი ვართ! - ესე იგი ჩვენ ერთმანეთის ნაწილი ვყოფილვართ! ხომ ასეა? - მასეა, აბა?! - ღიმილო...როგორ შეგიძლია იყო ბედნიერი, როდესაც მე, შენი ნაწილი, სევდიანი ვარ? - ეგ ხომ შენი სევდა არის და არა ჩემი? - კი, მასეა, ჩემი სევდა არის... იცი? მე სევდა მაქვს შენი ღიმილის გამოც. - რა საინტერესოააა? მე კი ღიმილს მგვრის შენი სევდა! - ვხედავ. იცი მასე რა მიზეზით ხდება? - მე ასეთი ვარ! ღიმილიანი! - ღმილიანი და თავის თავში ჩაკეტილი... - არა, არა! მე გავიხსენი! მე ბევრი რამ ვისწავლე, მე გავიზარდე! მე ადრე კისკისი ვიყავი! ახლა ღიმილი ვარ... ჩემი ბრალია? - დამნაშავედ, მაგრამ მაინც ღიმილით თქვა ღიმილმა და სევდას გახედა. სევდამაც გამოხედა, სევდით. - გვაქვს რაღაც საერთო. - რა? - მე ადრე დარდი ვიყავი. მეც გავიზარდე, მეც ვისწავლე. ღიმილი სევდას უცქერდა და მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ სევდა საოცრად ლამაზი იყო. მეტიც! იგი მშვენიერი იყო იმ ზეცისკენ აღმართული მთებივით, სევდა მშვენიერი იყო, როგორც შორეული იისფერი ცა, როგორც ხეთა ლაშქარი და მრავლისმნახველი ვრცელი ველი. სევდა მშვენიერი იყო, როგორც ჭეშმარიტებასნაზიარებნი ლოდები! ღიმილმა შეიგრძნო, რომ სევდა ნაწილი იყო ყოველივესი და, რაც მთავარია, სევდა ნაწილი იყო მისი, ღიმილის! ღიმილმა ისევ მიაპყრო მზერა არემარეს და პირველად იგრძნო თავი მშვენიერების ნამდვილ ნაწილად! თანდათან ღიმილს ღიმილი უფერმკრთალდებოდა და, როდესაც ისევ სევდას გამოხედა, რათა ეთქვა, რომ ის, სევდა, მართალი იყო, რომ ამ მშვენიერებაში მრავლად იყო სევდაც, დაინახა, რომ სევდა მას უღიმოდა! ღიმილსაც გაეღიმა. ახლაც უბრწყინავდა თვალები, ოღონდ უფრო მეტად, რადგან დანამოდა... მერე გვერდით მიუჯდა ღიმილი სევდას. ისხდნენ ასე ერთხანს, უსიტყვოდ. ღიმილი ღიმილით, სევდა სევდით. მერე წამოდგნენ და ერთი მიმართულებით გაუყვნენ გზას.. დღესაც ერთად დადიან ამ ქვეყანაზე. ერთიც და მეორეც საოცრად მოკრძალებულნი, ზომიერნი და ამიტომ მშვენიერნი, ვითარც ბუნება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგი იყო..ღრმა... ფილოსოფიური...5
ჰო... ჩვენ ჯერ კისკისები ვართ, მერე ღიმილები, მერე სევდები და მერე მდუმარები საერთოდ...თუ ვიზრდებით რათქმაუნდა...:) მომეწონა მე ეს აზრიანი ნაწერი და მოგიკითხე ...:-* კარგი იყო..ღრმა... ფილოსოფიური...5
ჰო... ჩვენ ჯერ კისკისები ვართ, მერე ღიმილები, მერე სევდები და მერე მდუმარები საერთოდ...თუ ვიზრდებით რათქმაუნდა...:) მომეწონა მე ეს აზრიანი ნაწერი და მოგიკითხე ...:-*
2. სევდიან ღიმილს და ღიმილიან სევდას ხატავდით თქვენ სულ, აქამდეც.
" მე გავიზარდე! მე ადრე კისკისი ვიყავი! ახლა ღიმილი ვარ.."
"მე ადრე დარდი ვიყავი. მეც გავიზარდე, მეც ვისწავლე. "
სევდიან ღიმილს და ღიმილიან სევდას ხატავდით თქვენ სულ, აქამდეც.
" მე გავიზარდე! მე ადრე კისკისი ვიყავი! ახლა ღიმილი ვარ.."
"მე ადრე დარდი ვიყავი. მეც გავიზარდე, მეც ვისწავლე. "
1. მერე გვერდით მიუჯდა ღიმილი სევდას. ისხდნენ ასე ერთხანს, უსიტყვოდ. ღიმილი ღიმილით, სევდა სევდით. მერე წამოდგნენ და ერთი მიმართულებით გაუყვნენ გზას..
მომეწონა და წარმატებები +++++ მერე გვერდით მიუჯდა ღიმილი სევდას. ისხდნენ ასე ერთხანს, უსიტყვოდ. ღიმილი ღიმილით, სევდა სევდით. მერე წამოდგნენ და ერთი მიმართულებით გაუყვნენ გზას..
მომეწონა და წარმატებები +++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|