ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი ჩაკვეტაძე.
ჟანრი: პროზა
4 იანვარი, 2014


56

                    „9 მარტს ღამით საბჭოთა არმიის ნაწილებმა არაადამიანური სისასტიკით მიიტანეს იერიში მომიტინგეებზე, მოკლეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა და დაასახიჩრეს კიდევ უფრო მეტი… „ –(ჟურნალი “საარქივო მოამბე” 1956 წლის მოვლენების შესახებ.)
                    „რას ვიფიქრებდი, ხმა ჩამიწყდება. ვერ დავიფარავ მკერდით პატარებს,
ჩემი ოცნება აქ დამიწდება და გზებზე მარტის წყევლა მატარებს…“ (სიმონ ჩიქოვანი)
– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –  – – – – –  – – – – – – – – –

- სანდრო როგორია შენთვის იდეალური ქალი? - რიტორიკულად იკითხა ლაშამ და ხუჭუჭა თმები ყასიდად მოიქექა, თითქოს ამით შეკითხვას სერიოზული ელფერი მიანიჭა, აქაო და სასხვათაშორისო თემა ჩამოვაგდე და ვიმსჯელოთო.
-  მაგას რას ეკითხები? არ იცი რა უცნაურია? იცი ანას ახალ დაქალზე რა თქვა? - ჩაერია თაზო.
-  რაო, რა თქვა?  - დაინტერესდა ლაშა. თან  ინტრიგის მოლოდინში თავი ოდნავ დახარა და ქვემოდან მიაჩერდა თაზოს.
-  არა, ჯერ მითხარი, ხომ იცი რა გოგოა?
-  ეგ ვინ არ იცის.
-  ჰოდა, ამან თქვა, არ მომოწონსო. ისეთი გოგოა, მასზე ვერ დავწერო. წარმოგიდგენია?
-  ვერ დაწერ რა... რვეულია? შენ საერთოდ ქალის არსებობის არსი თუ იცი? აღშფოთდა ლაშა და სანდროს სიგარეტი დაუკითხავად ამოაცალა გულის ჯიბიდან.
მთელი ამ ხნის განმავლობაში სანდრო უხმოდ იჯდა ტროტუარის კიდეზე, გიტარა მუხლებზე დაედო  და სოლოლაკის ვიწრო ქუჩაზე გაფენილ სარეცხის თოკს თვალს არ აშორებდა, თითქოს არც კი უსმენდა მეგობრებს.
-  ბიჭო შენ რა, არ გესმის? - გადაირია ლაშა და სანდროს თვალებით ჰკითხა რა სჭირსო. ამ უკანასკნელმა კი მხრები აიჩეჩა და ხელი ჩაიქნია.
- იდეალური ქალი ხომ?  სცენაზე გამოსული რიტორივით წარმოთქვა სანდრომ და ნანატრი მზერა მიაპყრო მოსაუბრეებს.
- ხო. იდეალური ქალი! - მკაცრი ტონით გაიმეორა ლაშამ და იმ პასუხის მოლოდინში გაიტრუნა, რომლის შედეგადაც სავარაუდოდ მას და თაზოს ახალი სახალისო თემა მიეცემოდათ.
- იდეალური ქალი იმ პერანგის პატრონია - თითი გაიშვირა სანდრომ მესამე სართულზე გაფენილი წითელი ღამის პერანგისკენ და დადუმდა.
-  რა? - ამას კი აღარ ელოდა ლაშა - კი მაგრამ, რატომ?
- რატომ და... - ოდნავი პაუზის შემდეგ გააგრძელა სანდრომ - აი წარმოიდგინე, რომ მისი ქმარი ხარ, ან არც ხარ, უბრალოდ ერთად გძინავთ, ჩვეულებრივად.  დილას გრძნობ, როგორ მსუბუქდება შენი საწოლის მეორე მხარე. შენ თვალს არ ახელ, მაგრამ წარმოიდგენ, როგორ წამოჯდება საწოლზე. შენგან ზურგით. იმ პერანგის სამხრე, ერთ მხარეს ჩამოგდებული აქვს და ისე ნაზად აიწევს, თითქოს ის ნატურაა,  ვინმე რომ ხატავს და ხელი არ უნდა შეუშალოს. ოთახის ქოშებს ისე გადააბიჯებს, რომ  არც კი იფიქრებს ჩაცმას. აი ის ჟაკეტი შენი იყოს, გვერდით რომ კიდია...შეიძლება ისიც კი მოიცვას, მთელი ღამე იატაკზე რომ ეგდო და როდის დავარდა, არცერთს  რომ არ გახსოვთ. იმიტომ რომ ისიც არ გახსოვთ, როგორ იწყება თქვენი ყველა ღამე და საერთოდ არაფერი გახსოვთ სიყვარულის გარდა. მოკლედ, ნამძინარევი ნაბიჯებით გაბარბაცდება სამზარეულოში და გესმის, რა სინაზით ადუღებს ყავას, რომ არ გაგაღვიძოს. მერე თვალწინ წარმოგიდგება, როგორი მანერით დაისხამს  და როგორ იწყებს დალევას. და იცი როგორ იწყებს? ამ დროს მის ტუჩებზე ფიქრობ, თუ როგორი შიში უდგას ვარდისფერ და მთელი ღამით კოცნისგან დაღილ-გაცრეცილ ტუჩებში, რომ ცხელმა ფინჯანმა არ დაუწვას.  მთელი ეს პროცესი - სანამ ტუჩი ჭიქას შეეხება ულამაზესი წამია. გესმით? ამ დროს შენ უკვე აღარ გძინავს, რადგან მოვიდა ის, რასაც ზოგიერთნი მუზას ეძახიან, რადგან შენ ამ დროს მიხვდი - რა არის სილამაზე. შენ ერთადერთი კაცი ხარ მსოფლიოში,  ვინც  ამ დილით ამის შეგრძნება მოახერხა და იცი ეს ვისი ბრალია? იდეალური ქალის, რომელსაც აი ის წითელი პერანგი აქვს. - აღფრთოვანებით დაასრულა სანდრომ და თავადაც ვერ გაიხსენა როდის წამოდგა ამ საუბრისას ფეხზე.
სიჩუმე ჩამოვარდა. ლაშა და თაზო ოდნავ დაბნეულებიც კი უყურებდნენ  მეგობარს, რომელიც მძიმედ სუნთქავდა. ბოლოს ისევ ლაშამ დაარღვია სიჩუმე, ისე რომ წითელი პერანგისთვის თვალი არ მოუშორებია:
-  თაზო.
-  ჰაა...
-  რა ვუყოთ ამ ბიჭს?
თაზოს უნდოდა ეთქვა - აღარაფერი ეშველებაო, მაგრამ სიტყვა ენაზე შერჩა, რადგან ორმა უცნობმა, წვრილმა და ძალიან თეთრმა  ხელმა, თოკის გორგოლაჭი ხრიწინით დაატრიალა და პერანგთან ერთად ფანჯარაში გაუჩინარდა.
-  რა უნდა ვუყოთ, პირწავარდნილი ხელოვანია - გაიცინა თაზომ.

#
ახალ სახლში გადმოსვლა დიდად არ უნდოდა, საერთოდ არასდროს უყვარდა ის ცვლილებები, რაც ცხოვრებას რადიკალურად ცვლის, თუმცა მშობლების ნებას წინ ვერაფერი აღუდგებოდა _ მათ ერთადერთ ქალიშვილს პრესტიჟულ უბანში უნდა ეცხოვრა და სოლოლაკი ამისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი იყო, მითუმეტეს, რომ ოჯახს ტრადიციული საკითხებისკენ სწორხაზოვანი სწრაფვა ჰქონდა და აბა უფრო ტრადიციულ თბილისს სხვაგან სად შეხვდება ადამიანი თუ არა აქ.
ელენე ერთი თვე სახლიდან არ გასულა. ცდილობდა სახლი კარგად შეეთვისებინა, რადგან ფიქობდა, რომ საკუთარი კედლები იმდენად ინტიმური რამაა  უნდა იგრძნო და მეტიც, უნდა ელაპარაკებოდე კიდეც. ჰოდა პირველად მან სწორედ კედლებს გაუზიარა ის, რომ ფანჯრიდან სიმპათიური ბიჭი დალანდა, რომელიც საღამოობით ხშირად სეირნობდა მარტოდმარტო სოლოლაკის ქვაფენილზე. ზოგჯერ სულაც არ იყო მარტო, მაგრამ მეგობრებისგან განსხვავებით უფრო დახვეწილად ეჭირა თავი. ხშირად ხელში გიტარა, წიგნი, კალამი ან რაიმე ჰქონდა. შემდგომში იმასაც  იხსენებდა, რომ  ნივთის გარეშე არასდროს დადიოდა ბიჭი დღის განმავლობაში, ხოლო როცა ლამპიონების და მთვარის შუქი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, მაშინ უბრალოდ ხელებს ჯიბეებში ჩაიწყობდა და აღმა-დაღმა დასეირნობდა.
აი ახლაც, ბიჭი ორ მეგობართან ერთად იჯდა თბილისური ეზოს შესასვლელთან და თავადაც არ იცოდა, რატომ იფიქრა, რომ საუბრის თემა მას ეხებოდა. ისიც დააფიქსირა, რომ ის განსაკუთრებული და უცნაური ბიჭი მისი ფანჯრებისკენ დაჟინებით იმზირებოდა. რამდენადაც  დილა იყო, ქალურმა და ზოგჯერ გამოგონილმა (ამ შემთხვევაშიც) ფიქრმა, რომ იმ წუთში ლამაზად არ გამოიყურებოდა, უფლება არ მისცა ფანჯრიდან გადაეხედა, ამიტომ მხოლოდ ის მოახერხა, რომ მისი იქ ყოფნა აგრძნობინა ბიჭს და ჯერ კიდევ სველი წითელი პერანგი ოთახში გორგოლაჭიანი თოკით შეიტყუა.
#
ელენე ტელეფონის ზარმა შეაკრთო. სახლში მარტო იყო და წიგნს კითხულობდა, რომლის ბოლო ფურცელიც ის-ის იყო ჩაიკითხა და იმგვარი ნოსტალგია დაეუფლა, რომელიც ნებისმიერი რომანის დასრულებისას ეწვევა ხოლმე მკითხველს.
- ალო, გისმენთ .
-  გამარჯობა.
-  გამარჯობა. ელენე ხართ?
-  დიახ.
-  მე სანდრო ვარ.
-  სანდრო? მაპატიეთ..
-  ჩვენ ერთ უბანში ვცხოვრობთ, ამ დილით მე თქვენ შთაგონების წყარო წამართვით.
- მგონი რაღაც გეშლებათ.
- მართლა? წითელი პერანგი თქვენია?
- უკაც.. პერანგი..წითელი...იცით.. მე...
ელენემ ყურმილი დაკიდა და თავადაც ვერ ახსნა, რატომ გააკეთა ეს. უფროსწორად შემდგომში თავს იმართლებდა, რომ ეს დაბნეულობის ბრალი იყო, რადგან არ იცოდა რა გაკეთებინა და იოლ გამოსავლად გაქცევა მოეჩვენა.
რამდენიმე წამი საკუთარი გულის ფეთქვის მოსმენაში გავიდა. სანდროს მეტი არც დასჭირვებია ნომრის ხელახლად ასაკრეფად.
-  რატომ გამითიშეთ?
-  არ გამითიშავს, გაითიშა - იცრუა ელენემ.
-  კარგი. მჯერა.
-  იცით? ცოტა დავიბენი.
-  კი მაგრამ, აქ და ახლა თუ იბნევით მერე რაღა იქნება?
-  უკაცრავად როდის მერე?
- აი როცა ოცნებებს ავისრულებთ.
- ვერ მიგიხვდით.
- იცით? მე ცოტა თამამი ვარ, შეიძლება თავხედიც კი. იქნებ არც ღირდეს თქმა?
-  მე უკვე დამაინტერესეთ - თქვა ელენემ - გაიღიმა და ეს ღიმილი ისე უცბად შეიკავა თითქოს სანდრო უყურებდა კიდეც.
-  კარგი, მაშინ გეტყვით რა საერთო ოცნება გვაქვს.
-  გისმენთ.
-  ჩვენს ზღვაზე გვინდა ერთად.
-  მართლა? – მიამიტურად გაიცინა ელენემ -  იქ ახლა ცივა. გვიანი ზამთარია.
-  დიახ, იქ ახლა ცივა და ზღვა თეთრად ეხეთქება კენჭებს . სადღაც გონიოსკენ სრული სინაცრისფრეა და მხოლოდ წყალი ხმაურობს. ცაზე კი თუ დააკვირდებით გალაქტიკები ხატია. იქ გაგიჟება შეიძლება... იქ მართლა სხვანაირია ცხოვრება... მხოლოდ ჩვენ ვიქნებოდით...არ გაკოცებდით... სულ არ შეგეხებოდით...ქარი მოიტანდა თქვენი თმების ძველი სახლივით სუნს და მეყოფოდა....რა კარგი იქნებოდა ეჰ....
ელენე ჩუმად უსმენდა და არ იცოდა რა ეთქვა, ან ეთქვა თუ არა, რადგან ყოველდღე არ ესაუბრებოდა ასეთ ადამიანებს.  მას მოსწონდა ბიჭის უცნაურობა და სიამოვნებდა, რომ ის სხვებს არ ჰგავდა.
- კარგი. მე წავალ, თორემ ჩემი გაბედულება დასასრულის ზღვარზეა დღეისთვის - თქვა სანდრომ.
- ერთი წუთით...
- გისმენთ.
- შენობით ვისაუბროთ.
- კარგი. გისმენ.
- მე... მე.. მინდოდა მეთქვა რომ... -ელენე თავადაც ვერ მიხვდა, თუ რატომ შეაჩერა სანდრო. ბოლოს ესღა მოისაზრა:
- იმედია შეგხვდებით.
#
ელენეს ცხოვრებაში აქტიური პერიოდი ჰქონდა, გამოცდებამდე რამდენიმე თვე იყო დარჩენილი, რომლის მიღმაც სტუდენტობის ბედნიერი წლები წარმოესახებოდა. უკვე  თვეზე მეტია სანდროს ხვდებოდა და ის ხშირად უყვებოდა, თუ როგორი იყო სტუდენტობა. თანაც სანდროსთვის ეს ის პერიოდი იყო,  რომანტიზმისა და თავგადასავლების ეპოქას, რომ ხედავდა მასში. - „სტუდენტობის თითოეული დღე ტუჩებზე დაცემული ფიფქივითა, მალე ქრება, მაგრამ მისი სისველე ყველაზე სუფთაა და უმანკო“ - სანდროს ეს ფრაზა დღიურშიც ჩაიწერა.
ხის ძველი სადარბაზო სწრაფად ჩამოირბინა, ფანჯრებს ახედა, დარწმუნდა, რომ მშობლები არ უყურებდნენ, სანდროს ხელკავი გამოსდო და კისერში აკოცა.
- რამ ჩაგაფიქრა?
- ლექსს ვწერდი გონებაში.
- მართლა? ჩემზე? - მოგონილი გამომცდელობით შეხედა ელენემ.
- შენზე რა თქმა უნდა.
- მართლა? აბა მითხარი.
- ჯერ მხოლოდ ერთი სიტყვა მაქვს.
- ეგ ერთი სიტყვა მითხარი.
- მერე საინტერესო აღარ იქნება.
- სანდრო! გთხოვ... ხომ იცი ვერ მოვისვენებ.
- კარგი. აი ასე ჟღერს - სანდრო შეჩერდა. ოდნავ უკან დაიხია, თუმცა ელენეს მხრებისთვის ხელები არ მოუშორებია და ოდნავ მოგუდული და ძალიან ნელი ხმით თქვა:
- მიყვარხარ! - სულ ესაა. გპირდები მალე დავასრულებ - თქვა და ცხვირზე სიცილით აკოცა.
- სანდრო ეგ ყველაფერია - თქვა ჩუმად ელენემ და წამიერად მოადგა ცრემლი.
- უფრო თბილად უნდა ჩაიცვა, ჯერ მარტია _ მზრუნველად უთხრა სანდრომ და საყელო აუწია.
- იცი?  კაბის ქვეშ, ზოგჯერ, ის წითელი პერანგი მაცვია ხოლმე, მნიშვნელოვან დღეებში. მგონია, რომ ჩემთან ახლოს ხარ. შენ ხომ ის ასე გიყვარს - ელენემ მაცდურად გაიღიმა და ლოყები ოდნავ შეუწითლდა.
#
რამდენიმე დღე გავიდა, რაც  სანდრო ვეღარც ხატავდა, ვეღარც წერდა, ვეღარც უკრავდა და მის მიერ რვეულში მხატვრულად გამოყვანილ უნივერსიტეტის ლექციების ჩანაწერებსაც ვეღარ უდებდა გულს. ქვეყანა ბორგავდა და დუღდა. სოლოლაკის აღმართებიდან ახალგაზრდები ჯგუფ-ჯგუფად ეშვებოდნენ სანაპიროს მიმართულებით. მას არ უყვარდა შფოთი. მას ელენე უყვარდა, ოჯახი უყვარდა, უყვარდა ფიროსმანი და თბილისური მუსიკის ჰანგები. ლენინის მოედანზე ხეტიალი უყვარდა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილს სტვენა-სტვენით ფიქრი. აი ასეთ მნიშვნელოვან და შეგრძნებად  დეტალებში უყვარდა მას სამშობლო და გადაწყვიტა არავისთვის ეპატიებინა საკუთარი ქვეყნისა და ამ მნიშვნელოვანი დეტალების სალანძღავად ქცევა. მშობლებს რა თქმა უნდა არ უთხრა, სად მიდიოდა, თუმცა გადაწყვიტა ელენესთვის ეთქვა.
- ალო, გამარჯობა. ელენეს თხოვეთ თუ შეიძლება?- ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა და მეორე ოთახში მშობლებს გახედა, რაიმე ხომ არ გაიგონესო.
- რომელი ხარ? - მოესმა ქალის ნამტირალევი ხმა.
- მე ელენეს მეგობარი ვარ, სანდრო - თქვა სანდრომ და სმენა დაძაბა.
- შვილო, ელენე სახლში არაა. მგონი  მიტინგზე წავიდა. აქამდე არ მოსულა, ძალიან ვნვერვიულობ. მის მეგობრებთან მინდოდა დარეკვა, მაგრამ არავის ნომერი არ მაქვს იქნებ...
- მე ახლავე წავალ იქ, თქვენ არ ინევიულოთ ნანა დეიდა - მისთვისვე გასაკვირი უშუალობით უთხრა სანდრომ და გონებაში მაშინვე მოხაზა ყველა ის ადგილი, საიდანაც ელენეს ძებნას დაიწყებდა.
#
ელვის სისწრაფით ჩაირბინა ქვაფენილიანი ქუჩა და ლენინის მოედანზე ხალხის ნაკადს შეუერთდა. აქ იმდენი ადამიანი იყო, რომ შეუძლებელი იქნებოდა ელენეს პოვნა. ყველა ქვემოთ მტკვრის სანაპიროს მიმართულებით მიდიოდა. სანდროც იქით გაიქცა. არ იცოდა რატომ მირბოდა, ხომ შეეძლო ელენე მშვიდად მოეძებნა. მაგრამ ეს იყო შეგრძნება საფრთხისა, რომელსაც ამდენი ხალხი და ის დაძაბულობა ქმნიდა, რაც ამ ხალხში იგრძნობოდა. იყო სამშობლოს სიყვარული რომელსაც მაშინ არ პატიობდნენ.
ახალგაზრდების ჯგუფები უფრო მეტად ქაშვეთის მხარეს შენიშნა და თავადაც იმ მიმართულებით გაიქცა.ტაძრამდე  ორასი მეტრი თუ იქნებოდა დარჩენილი, როდესაც ნაცნობი სილუეტი დაინახა. ხორბლისფერი თმები,  გამხდარი სხეული, მსუბუქი ნაბიჯები... რამდენიმე წამით შეყოვნდა, კადრი აღიქვა და სირბილის გაგრძელება დააპირა თუ არა ტაშის მსგავსი ხმა მოესმა, თუმცა რამდენჯერმე ეს ხმა ისე სწრაფად გაისმა და შეწყდა, რომ მიხვდა საქმე სხვა რაიმეში იყო. ტაშის რამდენიმე ხმის შემდგომ მის წინ ოდნავი კვამლი ავარდა და ჰაერს ის სუნი აუვიდა, ბაბუას თოფს რომ სდიოდა მწყერს დადევნებული ტყვის შემდეგ, და ეს ყველაფერი რამდენიმე წამში. სირბილი გააგრძელა თუ არა, დაინახა როგორ ერთბაშად მოიცელა ელენეს სილუეტი, როგორ დაიჭირეს იგი მკლავებით მისივე მეგობრებმა და როგორ დადუმდა სამყარო. ირგვლივ კი იდგა კვამლი და ადამიანები ისეთივე მანერით ეცემოდნენ ასფალტზე, როგორც ელენე. თუმცა სანდრომ  მხოლოდ ელენე შეამჩნია.
როგორ მივიდა თუ მიირბინა ელენესთან ვერ იგრძნო. სადღაც კეფასთან სისხლის მოძრაობა ესმოდა და გულმკერდი ეწვოდა. ელენეს წინ ჩაიმუხლა და ქურთუკი სასწრაფოდ შეუხსნა. სისხლმა იფეთქა და სანდრომ წითელი პერანგი დალანდა.  სასწრაფოდ აიტაცა ხელში და ინსტიქტურად უკან შემობრუნდა, თითქოს ვინმე წაართმევდა ელენეს უსულო სხეულს. ამ დროს ტაშის მსგავსი ხმა განმეორდა... ეს უკვე უფრო მჭახე იყო... ხშირი და უწყვეტი.
#
2013 წლის 9 მარტი იდგა. ვაკის სასაფლაოზე, თეთრი მარმარილოს პატარა მაგიდას ორი მოხუცი მიჯდომოდა. ლაშა და თაზო 70 წელს გადასცილებოდნენ. თაზოს ჭაღარა უხვად შერეოდა, ლაშას კი სრულიად გასცვენოდა თმა. ორივე მდუმარედ უყურებდა ქვაზე გამოსახულ მომღიმარ ბიჭს.
- თაზო როგორია შენთვის იდეალური ქალი? - თქვა ლაშამ და უთმო თავი ყასიდად მოიქექა - გახსოვს? - იკითხა ღიმილით - ეჰ! რომ დასცლოდათ.
- წამოდი, ელენეს საფლავზე ავიდეთ და იები წავუღოთ - ღრმად ამოისუნთქა თაზომ და სანდროსთვის მოტანილი თაიგული შუაზე გაყო.

 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები