ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატუშა
ჟანრი: პროზა
5 იანვარი, 2014


გადაბირება 2 (ნაწილი IV)

ფოცხს ფეხი დააბიჯა. ტარი მთელი ძალით ასხლტა და შუბლში მოხვდა. გამწარებულმა შეიგინა და თროქმორთონების “საყვარელ სახლს”გახედა. თითქოს ტკივილმა გამოაფხიზლა და გონება გაუნათა. კარგად ახსოვს სერ უილიამის გაფრთხილება, არ ასულიყო მესამე სართულზე. ნამდვილად მესამეზე ავიდა. სახლი კი ორსართულიანი იყო. მანსარდი ხომ არ უნდოდა ეთქვა? ვითომ, შეეშალა? იქნებ ამას ეშლება და მხედველობა ღალატობს? არა! აი, პირველი სართული, ესეც მეორე და სახურავი. სიმაღლეში უნდა გაზომოს სახლი გარედან და შიგნიდან. უნდა გაარკვიოს საიდან იწყება მესამე სართული.

დანაღმულ ველზე რომ დადიან, ისეთი სიფრთხილით გაიარა გასაკრეჭი გაზონი. სხვადასხვა ზომის პირალესილ მაკრატლებს გადაააბიჯა. მზერა ტერასისკენ  გაექცა. თვალებდაჭყეტილი ახალგაზრდა არაბები ეზოში იყურებოდნენ და ხმამაღლი ლაპარაკით რაღაცაზე უთითებდნენ ერთმანეთს. დაავიწყდა დავითს თავის მდგომარეობა, დაახვიეთ აქედანო, დაუყვირა და ფოცხის ქნევით გაექანა. მფრინავი იარაღის დანახვაზე დამფრთხალი არაბები კისრისტეხით ჩარბოდნენ დაღმართზე. ერთმანეთს ასწრებდნენ და  ბორბლიან ჩემოდნებს მიახრიგინებდნენ ალაჰის ძახილით.

რაღაც ამოძრავდა ბალახში. დავითმა ძირს დაიხედა და გული რამის ამოუვარდა სიხარულით. ჯერ კუ დაინახა, შემდეგ საკუთარი ფეხები მუხლებამდე. ხელები, მხრები ნელ-ნელა ეკვეთებოდა. ინსტიქტურად დახედა საათს. რვა ხდებოდა. ზუსტად რვა საათი იყო უჩინარი. ბორდიურზე ჩაჯდა და იტირა. გარინდებული დედა კუ მძივივით ბრჭყვიალა თვალებით შესცქეროდა. უყურა, უყურა, მერე მოსწყინდა, ტანკივით მძიმედ შემოტრიალდა და თან გაიყოლა ბატებივით დამწკრივებული, კაკლისტოლა, წენგოსფერი შვილები.

სამი ჭიქა კონიაკი დალია და საწოლზე პირქვე დაემხო. ტვინი გამალებით უმუშავებდა: საქართველოში უნდა წავიდეს. როგორ მოახერხებს ამას მოხუცი და უპასპორტო? ისევ უჩინარი უნდა გახდეს. მთავარია, დროის ხანგრძლივობა კარგად გათვალოს. დრო სახლიდან- მეტრომდე. მეტროდან -აეროპორტის სადგურამდე. რეისი პირდაპირი-ლონდონი-თბილისი. მოჯდება თავისთვის სტიუარდესებთან ან პილოტის კაბინაში. მთავარია ქვეყანაში ჩააღწიოს და. . .

“უკან სასაფლაოს კედელი.
შორს-ჟოლოსფერი კორპუსების მასივი.
გზის გადაღმა - “საბურავები” “მაღაზია ცხვარი-24/24”
გაჩერებაზე დედა დგას, პატარა, კოხტა, რაღაცნაირად უმწეო და გულისშეკუმშვავდე საყვარელი. ხელს უქნევს, ეძახის.

შუა გზაზე ძაღლივით დაგდებული საშინელი ურჩხული - გველივით გრძელი, ხორკლიანი და სველი, როგრიგობით  ახელს ჩასისხლიანებულ თვალებს და გასაქანს არ აძლევს დავითს. . .

კამზოლიანმა ჩამოიარა. მხარზე ქალის გვირილებით მოჩითული ხალათი აქვს გადაკიდებული. ცალი ხელით მოზრდილი ნახშირის უთო უჭირავს, მეორით –მკერდზე მიკრული კატა. ჰენრი იყო. ჰო, აშკარად ჰენრი იყო. დავითის დანახვაზე კისერი დაიგრძელა და გაუბედავად დაიკნავლა.

კამზოლიანმა უთო ძირს დადო.
- რაო, დევიდ, შენს ქვეყანაში აპირებ წასვლას?
- თქვენ საიდან იცით რას ვაპირებ?
- მე ყველაფერი ვიცი. კი, შეგიძლია, მოახერხებ და ჩახვალ შენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ნაბიჯი იქნება დაუფიქრებელი და უშედეგო. გეტყვი ახლა რატომ: შენ რომ შენ ხარ, ვერავის დააჯერებ და დაუმტკიცებ, საგიჟეთში გიკრავენ თავს. ბებრუცუნა თროქმორთონი შეგპირდა, რომ გიშველის. მოთმინება არ გყოფნის და მოვლენებს წინ უსწრებ. ლერა ცოცხალია. მე მოვძებნიდი, გავარკვევდი, როგორ გადარჩა და რატომ გააგზავნა შენი გოგო კრემატორიუმში. საკითხავია, იქ გააგზავნა კი? საბასთვის მესიჯი დაგენანა? რაღაც მიგეწერა, თუნდაც ტყუილი. მოთმინებით ელის შენს გამოჩენას.
არ გაინტერესებს სად დადიან უილიამი და როი? შენს ასაკში მე უფრო ცნობისმოყვარე ვიყავი.
- რომელ ასაკში?
- ოცი წლის ასაკში.
- დამცინით?
- არა! რისთვის გაგიკეთე სამაჯური? საერთოდ, გახსოვს, რომ გიკეთია?
დავითმა მხრები აიჩეჩა.
- საფრთხის დროს უნდა გამოვიყენო, ასე არ მითხარით?
- მე მოვძებნიდი მიზეზს, წარმოვიდგენდი რომ საფრთხეში ვარ და ძალას მოვუსინჯავდი. იცი გლორიტა ვინ არის?
- ნწუ!
- გლორიტა ის ტრანსსექსუალია, ვისაც ლერასგან წამოღებული საქაღალდე მიაბარე. მისი სახელი და გვარი სტივენ ლეიტონია. . .”

ყავის სურნელმა გამოაღვიძა.

სასადილო ოთახში შესულს როი შეეჩეხა. როიმ მხარი გაკრა დავითს და ბუზღუნით შეატოვა სერ უილიამს. სერ უილიამი ძალიან დაკავებული იყო: ყავას მიირთმევდა, სიგარას აბოლებდა, წიგნს ფურცლავდა და რაღაცას იწერდა მონდომებით. დავითმა სკამი ხრიგინით გამოწია, მაგიდაზე ფეხები შემოაწყო და ჩაახველა.

- თქვენ ხომ სამი დღით იყავით წასული?
- კი, ვიყავით. - ამოხედა სერ უილიამმა და ოდნავ ჩაეღიმა.
- მგონი ორი დღე გავიდა.
- არა, დევიდ, სამი. გუშინ უგონოდ იყავი, ძლივს გამოგგლიჯე სიკვდილს ხელიდან. აბები რომ დაგიტოვე, მიიღე?
- ერთი მხოლოდ.
- ასეც ვიცოდი. მეორე რით არ მოგეწონა?
- დავკარგე.
- ყურადღებით იყავი შვილო,სიკვდილს ნუ ეთამაშები! საღამოს გნახავ. იჯექი, იჯექი, არ ადგე! თუ ვენების გაგანიერება გაქვს, ძვლებში გამტვრევს და მუხლებში ვერ იშლები, მაგიდაზე ფეხების შემოლაგება საუკეთესო საშუალებაა მაგ დაავადების სამკურნალოდ.

სერ უილიამმა თაბახის ფურცლები გაკეცა, გვერდებშემოცვეთილ წიგნში ჩადო და ძალიან შეფიქრებულმა დატოვა ოთახი. დავითმა ფანჯრიდან გადაიხედა. დაინახა როგორ გავიდა როისთან ერთად ქუჩაში. რატომ დადიოდნენ ყოველთვის ფეხით? დღეიდან ძალიან, ძალიან ცნობისმოყვარე იქნება დავითი.  ამისთანას რას კითხულობდა მუმია? ჰომეროსი - “ილიადა” ნუთუ? ვითომ, რატომ არ უნდა წაეკითხა სერ უილიამს ჰომეროსი? კი უნდა წაეკითხა, მაგრამ რატომ ახლა? წიგნის გარეგნული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, სერ უილიამს უამრავჯერ უნდა ქონოდა წაკითხული. ფურცლები გაშალა. ამონარიდები და შენიშვნები იყო მსხვილი, გარკვეული ხელით ნაწერი:

“პატროკლე აქილევსის იარაღით შეებრძოლება ჰექტორს. ჰექტორი კლავს პატროკლეს და ის იარაღი ილიონში შეაქვს. . .

ჰეფესტომ თეტიდას თხოვნით აქილევსისთვის დაამზადა ახალი, ოქროს, ვერცხლის და სპილენძის ხუთმაგფურცლიანი ფარი. . .რა შენადნობისგან იყო დამზადებული დანარჩენი ორი ფურცელი? რა თანამიმდევრობით იყო განლაგებული ფარზე? რატომ მარტო ფარი? ფარზე ხმლის დაკვრით აქილევსი თავზარს სცემდა მოწინააღმდეგეს. . .

აქილევსის სიკვდილის შემდეგ მისი ფარ-ხმალი ასპარეზობაზე ცბიერ ოდისევს მიაკუთვნეს. შეურაცხყოფილი და გაშმაგებული აიანტი ჰექტორის ნაჩუქარ მახვილზე წამოეგო. . .”

კატის საწყალობელი კნავილი ჩაესმა. დავითი დერეფანში გავარდა.საშინელი სანახავი იყო კედლის ძირში მიყუჟული, ჭუჭყიანი და მურიანი ჰენრი. ზურგზე ამოგლეჯილი ბეწვიდან დასისხლიანებული კანი უჩანდა. დაკაწრულ თავპირზე სისხლის წვეთები შეხმობოდა. ერთი შეტრუსული თათი არაბუნებრივად მოღრეცილი ედო მეორე თათზე. ეტყობა მოტეხილი ქონდა. დავითს გული მოეწურა. ბავშვივით ფრთხილად აიყვანა და გულში ჩაიკრა. მზერა სარკისკენ გაექცა. საოცრად უბედური და საწყალი გამომეტყველება ქონდათ ორივეს. ჰენრიც თვალს არ აცილებდა სარკეს და ციებიანივით უცახცახებდა ჩავარდნილი ფერდები.

ხელსაბანში ჩასვა დასაბანად. ჰენრი გაგიჟდა, ჩხაოდა, ფართხალებდა, ნიჟარიდან ამოხტომას ცდილობდა. ორი მეტრის რადიუსით ყველაფერი დაასველა. არ იცოდა დავითმა რომ კატებს ეშინოდათ წყლის. პირსახოცში გახვეული ჰენრი ბოლოს დაწყნარდა და თვალები მინაბა. დაბინდებისას მოსულმა სერ უილიამმა მოულოდნელი ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინა. ჰენრი მაშინვე ვეტერინართან გააქანა. გვიან დაბრუნდა. მოზრდილი პარკებით კატის საჭმელი მოიყოლა. ახალი, ეჟვანშებმული წითელი საყელური ეკეთა ჰენრის, დავითის ტელეფონის ნომრით.

გვიან დაწვა დასაძინებლად. ათი წუთის შემდეგ დამდუღრულივით წამოხტა. გლორიტა! ღმერთო, როგორ დაავიწყდა? გლორიტა, სტივენ ლეიტონი. . . სერ უილიამის საძინებელს მიადგა. დააკაკუნა. პასუხს არ დაელოდა, ისე შეაღო კარი. სერ უილიამი საწერ მაგიდასთან იჯდა და წერილებს არჩევდა. ოდნავ შემკრთალმა სათვალის ზემოდან გადმოხედა.
- ხანძარია?
- არა,
- აბა?
- მანქანა გყავთ?
- გვყავს.
- ერთი დღით მათხოვეთ. დილით სხვაგან მივდივარ.
- გათხოვოთ?! შენი იყოს დავით. მხოლოდ, არ დაიკარგო და რაიმე ხიფათში არ გაყო თავი. როდის დაბრუნდები?
- საღამოს აქ ვიქნები. ჰენრის ხომ მიხედავთ?
- მივხედავთ რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ?

ერთი ოჯახი – მუმიასავით გამომხმარი სერ უილიამი.
                        ფეხმოტეხილი კატა.
                        ქონდრისკაცი როი.
                        დროებით დაბერებული დავითი.



გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები