ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გუგა
ჟანრი: პროზა
10 იანვარი, 2014


დააკაკუნე, ცის კარებზე!

- რა არის, ბიჭო, ეს?
– ოქროა!
– საიდან გამოაძრე ბიჭო?
– კრამიტის ქვეშ იყო... აქეთ მხარეს, კაკოშვილების ზემოთ – ხელი გაიშვირა გიომ კაკოშვილების აივნისკენ.
– ვინმესთვის ხომ...
– არა, არავისთვის მითქვამს – დაასწრო პასუხი გიომ და ცხვირი მოისრისა.
– მაჩვენე... რა ოქრო, პლატინაა შე, ბოთე...პლატინა. ოქროზე მეტი ღირს...თან მაგრა.
– რა იცი?
– ვიცი! – შეუღრინა ვაჩემ, გაზეთში გაახვია და ჯინსის უკანა ჯიბეში ჩაიცურა.


@ @ @

  კაკოშვილები მეხუთე სართულზე ცხოვრობდნენ. რუბენა ორმოცდამეხუთე წელია ქიმიურ კომბინატ "აზოტ"-ში მუშაობს, მეაპარატეა. ცოლი ვალიდაც მასთან ერთადაა. ერთად მიდიან, ერთად მოდიან. ათასში ერთხელ ვალიდა თუ გამოჩნდება ცოტა ადრე. ისიც, ათასში ერთხელ. ისიც, საღამოს თუ სტუმრად მიდიან დავითაშვილებთან ერთი სახლის იქით. არც კაკოშვილებს და არც დავითაშვილებს შვილები არა ყავთ. ეს, ორი ოჯახი ისე გავდნენ ერთმანეთს, მეზობლებს გარჩევაც კი უჭირდათ და წყვილ-წყვილად სახელებით მოიხსენიებდნენ.რუბენა და ვალიდა, ვადიმა და ანიჩკა. თუ, თვალს მოკრავდნენ რუბენას თავის ტყავის ქუდით, ვალიდას ტყავის ჩანთით, ყველამ იცოდა ვადიმასთან და ანიჩკასთან მიდიოდნენ სტუმრად. შეიკეტებოდნენ და გვიან ღამემდე ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. რას აკეთებდნენ კაცმა არ იცოდა. ძირითადად, შაბათ საღამოს ხდებოდა სტუმრიანობა და მეზობლების ეჭვს რომ ურიები იყვნენ კიდევ უფრო ამძაფრებდა. იმასაც ამბობდნენ წასვლა უნდათ საქართველოდან, მაგრამ ფული არ აქვთო. ვერც ამას იჯერებდა სამეზობლო და უბანი. არც დენი, არც გაზი, არც წყალი, არც პური. მარტო ჯანდაბა და დოზანა. ყველას უჭირდა, ყველა გიჟს გავდა, ესენი, ვითომ აქაც არაფერიო, იყვნენ თავისთვის ჩაჩუმებულები. ერთს არ დაიწუწუნებდნენ, ერთი არ გადაირეოდნენ. მშვიდად მოგესალმებოდნენ, თავს გადააქნევდნენ, ვითომ, რას იზამ ასეთია ცხოვრებაო და გაგშორდებოდნენ.
  უბნის ბიჭები დასცინოდნენ, ზურგსუკან სიარულსა და ლაპარაკში აჯავრებდნენ, ცხადად და პირში ვერაფრის თქმას ვერ უბედავდნენ და ამაზე  კიდევ უფრო სკდებოდნენ გულზე. განსაკუთრებით გიოს სძულდა რუბენა და ათასგვარ ხრიკებს იგონებდა, როგორმე გაეგიჟებინა და გადაერია, მაგრამ შენც არ მომიკვდე, ყველა ფანდი ხუხულასავით ინგრეოდა და ყველაზე მეტად საწყენი ის იყო, რომ თვითონ გიო და ბიჭები ხდებოდნენ დასაცინი და გამასხარავებულები.
  ბოლოს, გიომ დიდი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტა, ისე რომ ქვეყანაზე არავის არ სცოდნოდა, ნახვრეტი გაეკეთებინა ჭერში და იქიდან ეთვალთვალა რუბენასათვის. ხვდებოდა, არ იყო მთლად ვაჟკაცური საქციელი, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ არც კაკოშვილები და დავითაშვილები იყვნენ ფრთიანი ანგელოზები. უფალი ჩადენილი ცოდვისათვის მიუტევებდა. ამ დღიდან დაიწყო გიოს წამება. თითქოს სავალდებულო წესად ექცა, გამოჩნდებოდნენ თუ არა , რუბენა და ვალიდა, გიო  სხვენისკენ გარბოდა, საგულდაგულოდ მოწყობილ სამალავში შეძვრებოდა და იწყებოდა დაძაბული თვალთვალი. თუმცა, სათვალთვალოც ბევრი არაფერი იყო. ცოლ-ქმარი ივახშმებდა, ცოტას ისაუბრებდნენ, მერე ლამპას საძინებელში გაიტანდნენ, შეიკეტებოდნენ და დილამდე ჩამი-ჩუმი არ  ისმოდა. ერთი პირობა, კიდეც მოსწყინდა გიოს ეს უაზრო სხვენში ყოველდღიური ძრომიალი, მაგრამ ჯიუტობდა და რაღაცის მოლოდინში იხტიბარს არ იტეხავდა. ეს "რაღაც" კი არა და არ ხდებოდა. თავის მოგონილ ამ საქმიანობაში თანდათან უფრო მეტს ცუდს ხედავდა და ეს კიდევ უფრო აცოფებდა.

@ @ @

- ვაჩე, რას აპირებ?
- კლიენტს მოვძებნი და გავყიდი. ვფიქრობ დიდ მაყუთს გავჭრით - თვალები მოჭუტა - მანქანებსაც ვიყიდით, სახლებსაც და ოხრადაც დაგვრჩება!
- რეებს ბოდავ, რა მანქანები, რა სახლები, უბანი ლამის შიმშილით დაიბრიდოს - შუბლზე მიირტყა ხელი გიომ - იმიტომ გითხარი  შენზე ამბობენ მოზგიაო, ყველაფერს ტვინავს, ყველაფერს ხარშავსო, სულ გარეკე ტო, გამაყიდინე და ხალხს  საჭმელი ვუყიდოთ ეეეე....არჩვაძეების ლიკამ კანფეტის ქაღალდი იპოვა და ყოველ საღამოს ჩუმ–ჩუმად ლოკავდა... რა მანქანა, რა სახლები ტო... იცი რატომ მეზიზღება რუბენა და საერთოდ ეგენი დავითაშვილებიანა?
  ვაჩემ მხრები აიჩეჩა და მიაშტერდა.
- გახსოვს, შარშან, ლეკვი რომ მოვიყვანე, გზაში რომ ვიპოვე. ხოდა, რუბენამ და ვალიდამ შეჭამა დავითაშვილებთან ერთად. ასპროცენტიანია, თინა ბაბომ მითხრა, დავინახე სამსახურიდან რომ მოვიდნენ ლეკვი მაგათ შეყვა სადარბაზოშიო. იმის მერე ლეკვი არავის გვინახავს. შენ რა რუბენასავით გინდა ვირთხებად ვიქცეთ?
  ვაჩემ თვალი აარიდა. უკანა ჯიბიდან გაზეთში გახვეული ამოიღო და გიოს მიაწოდა.
- აჰა, და რაც გინდა ის ქენი. შენ ხომ კაცი ვერ გაგიგებს. რა გინდა, მთელ უბანს უნდა აჭამო?
- ხო, უნდა ვაჭამო!
- წადი შენი! - ხელი ჩაიქნია ვაჩემ და კიბეზე ჩაირბინა.
- ვირთხა... - წაიბუტბუტა გიომ და გახვეული ქურთუკის ჯიბეში ჩაიჩურთა.

@ @ @


  მოსახვევში ვადიმა და ანიჩკა გამოჩნდნენ. გაუკვირდა გიოს, არ დაუნახავს რუბენა და ვალიდა როდის დაბრუნდნენ. იკითხა, და არც შაბათი იყო. გიო ქუდმოგლეჯილი გავარდა და ერთი ფეხით შეასწრო დავითაშვილებს სადარბაზოში. რუბენა აღელვებული ჩანდა, ჩუმად ლაპარაკობდა, მაგრამ ეტყობოდა მნიშვნელოვანს ყვებოდა. გიომ ნახვრეტს ყური დაადი იქნებ გავიგონო რას ლაპარაკობს რუბენაო, მაგრამ ვერაფერი გაარკვია და ისევ თვალი მიადევნა. მერე, ვალიდამ ფანჯრები დახურა და ფარდებიც გააფარა. რუბენამ ვალიდას რაღაც უთხრა, ვალიდა საძინებელში გავიდა და რაღაც ქსოვილში გახვეული გამოიტანა. მაგიდაზე დადო და გახსნა. ვადიმმა ხელში აიღო და გიო მიმიკით მიხვდა, რომ მძიმეაო, გამოხატა. ვადიმა და რუბენა წამოდგნენ და სადარბაზოში გავიდნენ. რამდენიმე წუთში გიომ ხმაური გაიგო, ვიღაც სხვენში ამოდიოდა..გიო გაირინდა, ხმებზე იცნო, რუბენა და ვადიმა იყო.
- ვადიმ, მხარით მიაწექი მაგ კუთხეს და მე კრამიტს ავწევ!
- ხო, ხო, აჰა, ავწიე...შორს შეაცურე რუბენ, მეორე კრამიტამდე!

@ @ @

  გიომ უბანში ვერავინ იპოვა. თინა ბაბომ დააკვალიანა, ყველანი ფანტანზე გაიკრიფენო. ზაზა, გარიკა, თორნიკე და ლადო დახვდენ. დანარჩენები რომ მოიკითხა ეგე, მოდიანო.
- ბიჭებო, ნახეთ რა მაქვს... - გიომ გაზეთი გაშალა და ყველამ თვალები დააჭყიტა.
- ეხლა, არა თქვა პლატინააო...
- ეგ არის...
- ვაა... - ერთად აღმოხდათ უბნელებს.
- გავყიდოთ, რაც შეიძლება სწრაფად და უბანს ფქვილი, შაქარი, მაკარონი და რავი კიდე რა ვუყიდოთ...
- ჯიგარი ხარ გიო, ჯიგარი... - დაეხვიენ ბიჭები და კინაღამ დააღრჩვეს.

@ @ @


  2001 წლის გაზაფხულია. უბანი ჩაწყნარებულია. ფქვილიც აქვთ და პურიც. მაკარონსაც ხარშავენ "გალინა ბლანკაში" და ბრინჯის ფაფასაც მიირთმევენ ათასში ერთხელ. გაზეთები გვამშვიდებენ კიდევ ცოტაც და ავშენდებითო. უბანიც იმედიანად არის.
  აღდგომის კვირაძალზე ხმა გავარდა, რუბენა და ვადიმა სახლის სხვენში იპოვეს დაბრედილებიო. ორივეს გულები ქონდათ გახეთქილებიო. უბანმა მოიკლო ფქვილი, შაქარი, ბრინჯი. აბა, ვალიდას და ანიჩკას რა ებადათ. ურიები კიდეც გააპატიოსნეს, აღაპ-ქელეხიც გადაუხადეს და ქალაქ-ქვეყანაზე თავი არ შეირცხვინეს.
  გიომ თავი მოიქაჩლა და ქელეხში სადღეგრძელო ითხოვა. რუბენასა და ვადიმას უბნის გადამრჩენელები უწოდა და მოითხოვა ეს სადღეგრძელო ყველას ბოლომდე შეესავათ. შესმით კი ყველამ ბოლომდე შესვა, მაგრამ, რატომ და რისთვის ვერავინ ახსნა. ისე, რომ ვთქვათ არც გიოს ჩასძიებიან, რატომ გვასმევ ბოლომდე ამ სადღეგრძელოსო, გვითხარიო და არც გიოს გაუგიჟებია თავი ახსნა- განმარტებებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები