 | ავტორი: ტენდი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 27 იანვარი, 2014 |
ლიტერატურულმა პალიტრამ დაამთავრა ჰარუკი მურაკამის რომანის „სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით“, გამოქვეყნება, რომლის ქართული თარგმანიც ჟანრი და ლუიზა ლოდეშვილებს ეკუთვნით. შესანიშნავი თარგმანია (ჩემის აზრით), შევადარე რუსულ ნათარგმნსაც და წუნს ვერაფერში დასდებთ. ჰარუკი მურაკამი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია მსოფლიოში. მისთვის დამახასიათებელია ირეალური პიროვნებებისა და ირეალური სამყაროს რეალურად შეგრძნება(როგორც ამას მთარგმნელები აღნიშნავენ წინასიტყვაობაში). რომანი „სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით“ თანამედროვე მსოფლიო პროზის საუკეთესო ნაწილს მიეკუთვნება. აქ პირველ პირშია აღწერილი, მთავარი გმირის, ჰაჯიმეს ცხოვრება. ამ აღწერას ვერ დაარქმევთ სულიერი მდგომარეობის შეცნობას, გმირი უფრო სოციალურ მდგომარეობას ეხება თავის გარშემო და რელიეფურ დამოკიდებულებებს ადამიანებთან. აგვიღწერს, როგორ ცხოვრობს, საზოგადოების რა ფენას მიეკუთვნება, როგორი გოგოები აღაგზნებს, ან როგორ აღაგზნებს და ეს ყველაფერი უფრო ფიზიკურ პლანშია გადმოცემული, ვიდრე სულიერში. არ აინტერესებს იმ გოგოების სულიერი მდგომარეობა, რომელთანაც ფიზიკური ურთიერთობები აქვს, არ ჰყავს გულითადი მეგობრები და მარტოსულია. ერთადერთი, ვინც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის 12 წლისა იყო, მეზობლად მცხოვრები, თანაკლასელი გოგონა შიმამოტოა. ისინი ერთად მოდიოდნენ სკოლიდან, ერთად უსმენდნენ მუსიკას, ლაპარაკობდნენ ათას რამეზე და უსიტყვოდაც მშვენივრად უგებდნენ ერთიმეორეს, როგორც ამას ჰაჯიმე აღნიშნავს, მაგრამ ჰაჯიმეს ოჯახი სხვა რაიონში გადადის საცხოვრებლად და შიმამოტოს სცილდება, თუმცა არასდროს დავიწყებია და ის შთაბეჭდილება, სულიერი მთლიანობისა, მთელი ცხოვრება მიჰყვება. ახალ სკოლაში, ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში ჰაჯიმე დაუახლოვდება თავისივე თანაკლასელ გოგონას, იძუმის, რომელთანაც, მართალია, არ იყო ის სულიერი ერთიანობა და ერთიმეორის უსიტყვო გაგება, რაც შიმამოტოსთან ჰქონდა (ეს უფრო ფიზიკური ლტოლვაა ერთიმეორესთან), მაგრამ თავს მაინც კარგად გრძნობს, თუმცა ესეც არ გაგრძელებულა დიდხანს. ჰაჯიმე იძუმის ღალატობს ბიძაშვილთან და გოგო ღალატს არ პატიობს. ამის შემდეგ ჰაჯიმეს ცხოვრება თავისი წესითა და რიგით მიდის, ამთავრებს უნივერსიტეტს, მუშაობს სახელმძღვანელოების გამომცემ კომპანიაში, ღამღამობით სვამს და მარტოობა აწუხებს. გადის წლები და უკვე 30 წლის ასაკში შვებულების დროს გაიცნობს მომავალ მეუღლეს. სამ თვეში ქორწინდებიან, მდიდარი სიმამრის დახმარებით ხსნის ორ ჯაზ–ბარს, ჰყავს ორი შვილი, ცხოვრებას თანდათან იწყობს და უკმაყოფილო არაფრით არის მანამდე... მანამდე, ვიდრე მისი ფოტოსურათი არ დაიბეჭდება ყველაზე პოპულარულ ჟურნალის გარეკანზე. აი, მაშინ კი მთელი მისი აწყობილი და მშვიდი ცხოვრება თავდაყირა დგება. და აქ, მე 14–ე თავიდან, როცა შიმამოტო გამოჩნდება ბარში, იწყება უკვე ნამდვილი რომანი, თავისი ქვეტექსტებით, თავისი ირეალური პიროვნენებით, თავისი გაუგებრობებით. ჰაჯიმე ხვდება, რომ მთელი სიცოცხლე შიმამოტო აკლდა და ისევ ისე უყვარდა, როგორც ბავშვობაში, ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად მზად არის მიატოვოს ყველაფერი, რაც აქვს, ბიზნესი, ოჯახი, შვილები... მაგრამ ვინ არის შიმამოტო ამ შემთხვევაში? არის ის ნამდვილად შიმამოტო? რა დაემართა იძუმის? რამდენად კარგად იცნობს საკუთარ ცოლს, იუკიკოს და რა იცის საკუთარი პიროვნების შესახებ? ხვდება, რა ხდება მის გარშემო? – და ამ კითხვებზე მურაკამი პასუხს სცემს ქვეტექსტებით, მინიშნებებით და სიმბოლოებით, რაც თავისთავდ დიდ ინტერესს იწვევს, ვინაიდან რომანის ერთხელ წაკითხვით ყველაფერი მისახვედრი არ არის. ვინც პირადად მიცნობს, ყველამ იცის ჩემი შეხედულება ეროტიკულ ლიტერატურაზე–არ ვკითხულობ(სიამოვნებით მივიღებ თქვენს შენიშვნას ჩემს ძველმოდურობაზე), მაგრამ ამ რომანში, თუკი აღწერილია ინტიმური სცენები (და ეს დეტალურად არის აღწერილი), მხოლოდ იმიტომ, რომ ჩაგვეხედა მთავარი გმირის, ჰაჯიმეს სულში.– რას განიცდიდა ის ამ ფიზიკური ურთიერთობების დროს და ადგილი ჰქონდათ ამ ქალებს მის ცხოვრებაში. სიმართლე გითხრათ, ძალიან გაკვირვებული დავრჩი იმ ქვეტექსტებით, რაც ნაწარმოებშია. დამაინტერესა, ვინმეს თუ დარჩა იგივე ასოციაცია ამ რომანის შესახებ და გადავიკითხე მსჯელობები რუსულ საიტებზე. სამწუხაროდ ყველგან ან, წერენ იმაზე, რომ ჰაჯიმე შეზოფრენიკი იყო და ყველაფერი ელანდებოდა, დაწყებული თავისი ბავშვობისდროინდელი გატაცებებიდან, დამთავრებული ფულით და კოულის დისკით, რომელიც გაქრა შიმამოტოსთან ბოლო შეხვედრის შემდეგ, ან ყურადღებას მხოლოდდამხოლოდ ინტიმურ ტექსტებზე ამახვილებენ და აღატაცებულები არიან ასე დეტალური აღწერით, ან წერენ – „კარგია, მაგრამ ვერაფერი გავიგე“. როგორც მთარგმნელები აღნიშნავენ (და არა მარტო), რომანი ბევრ კითხვას ბადებს. ძირითადი კითხვა კი არის, რატომ უნდა ვიგულისხმოთ რომანის ბოლოს ჰაჯიმეს სიკვდილი. ამის მისახვედრად, პირველ რიგში, საჭიროა იმის ცოდნა, რატომ გახდა ირეალური სამყარო მურაკამისთვის ასე საინტერესო. ავტორი ბუდისტი მღვდლის შვილიშვილია. ბუდისტებს კი განსაკუთრებული სწავლება აქვთ სულების დამოუკიდებლად არსებობის შესახებ. შეიძლება ზუსტად ამან გამოიწვია ჰარუკი მურაკამის რომანებში ირეალური გმირების მთავარ გმირებად წარმოჩენა. ბუდიზმი აღიარებს სულების დროებით გადასახლებას ირეალურ სამყაროში და რეინკარნაციას. ბუდისტების შეხედულებით სული სხეულის დატოვების შემდეგ შვიდ შრეს გაივლის, ვიდრე მიაღწევს (თუ მიაღწევს) სრულყოფილ მდგომარეობას – საუფლოს. ამ მდგომარეობას კი მხოლოდ ძალიან სუფთა სულები აღწევენ. ასევე საჭიროა იმის ცოდნა, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ფერებს იაპონელებისთვის. რომანში ყურადღება გამახვილებულია იმ ტანსაცმლის ფერებზე, რომლებიც ეცვათ შიმამოტოსა და იძუმის, ანუ, რა ფერებიც უყვარდათ ამ გოგონებს. ლურჯი ფერი, რომელი ფერის ტანსაცმელსაც შიმამოტო იცვამდა, იაპონელებისთვის მიჩნეულია, როგორც ცისა და ზღვის, სიმაღლისა და სიღრმის, მუდმივობის, ერთგულების, მართლმსაჯულების, სრულყოფილების და სიმშვიდის სიმბოლო – ეს ფერი აბსოლუტურად გამოხატავს შიმამოტოს ხასიათს, მშვიდს და სამართლიანს. წითელი ფერი, რომელი ფერის ტანსაცმელსაც ატარებდა იძუმი სიმბოლოა სისხლის, ცეცხლის, განრისხების, ომის, რევოლუციის, ძალის, სიმამაცის და შურისძიების. და მართლაც, იძუმი რომანში გველინება როგორც შურისმაძიებელი, რომელიც იარაღად იყენებს შიმამოტოს, ჰაჯიმეს ერთადერთ სიყვარულს, ბავშვობისდროინდელს. თუმცა, ჰაჯიმე ვერაფრს ხვდება. ყველგან, სადც კი შიმამოტო წითელი ტანსაცმლით გვხვდება, მისახვედრია, რომ ეს იძუმია – შურისმაძიებელი და საშიში. დავამატოთ ისიც, რომ იძუმის გვარი – ოჰარა – იაპონურად ითარგმნება, როგორც მამაცი, უბრალო, შესაძლებლობების მქონე (აქ ნაგულისხმებია, როგორც ყოვლისშემძლე, ზებუნებრივი), საშინელი, დიდი. იაპონური გვარები ორი, ან სამი სიტყვისაგან შედგება, მხოლოდ, არ აღნიშნავს ვინმეს შვილს ან შთამომავალს, როგორც ეს ქართულ გვარებშია, აქ გვარები აღნიშნავენ რაღაც ნივთს, ადგილს, პლიუს ასევე რაღაც ნივთი, ადგილი, ან მოვლენა. მაგალითად, რომანის ავტორის გვარი – მურაკამი – ნიშნავს „სოფელი+სიმაღლე“, გვარი იამადა ნიშნავს – მთა+ბრინჯის ყანას, სუძუკი–ზარი (ზარის ხმა)+ხე... და ასე შემდეგ. აქ უკვე გასაგებია, რატომ აურჩია ავტორმა იძუმის გვარად–ოჰარა–რომ გამოეხატა ამ ქალის ხასიათი, ბუნება, თუმცა რომანში ეს გვარი ჩინური იეროგლიფებით წერია. ორივე ქალი რომ უკვე გარდაცვლილია და ირეალური სამყაროდან ეცხადება რომანის მთავარ გმირს, ადვილი მისახვედია. იძუმის არაამქვეყნიურობა ჩანს, როდესაც ჰაჯიმეს თანაკლასელი უყვება იძუმიზე და ამბობს, რომ მისი ბავშვებს ეშინიათ. ასევე ჩანს, როცა თვითონ ჰაჯიმე დაინახავს იძუმის ტაქსში:
„მისი ბავშვებს ეშინიათ, გამახსენდა თანაკლასელის ნათქვამი. მაშინ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა მისი სიტყვები, რა იმალებოდა ამ სიტყვებს უკან. ახლა კი, როცა იძუმის წინ პირდაპირ ვიდექი, ყველაფერი გასაგები გახდა. მისი სახე არაფერს გამოხატავდა, სრულიად არაფერს. არა, ეს მთლად სწორედ ვერ გადმოსცემს საკითხის არსს. მე ასე ვიტყოდი: როგორც ოთახს, რომელიც დააცარიელეს და ბოლო ნივთიც კი გაიტანეს, ასევე მის სახესაც, ყოველივე, რასაც კი სახის გამომეტყველება შეიძლება ერქვას, გამოცლილი ჰქონდა და მათ არაფერი ცვლიდა.“. „ მის სახეს არცერთი გრძნობის, არანაირი კვალი არ აჩნდა. ის ოკეანის ფსკერს ჰგავდა, მკვდარსა და უხმოსაი, ეს უემოციო სახე, პირდაპირ მიყურებდა. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, მე მიყურებდა, რადგან მისი თვალების მიმართულება ჩემსკენ იყო მომართული და მაინც, მისი სახე არაფერს გამოხატავდა, ან უფრო ზუსტ გამოთქმას თუ ვიხმართ, ის უსასრულობაში მყოფ სიშავეს მიუთითებდა..“. შეგვეძლო გვეფიქრა, იძუმიმ შურისძიების გამო ეშმაკს მიჰყიდა სული და გახდა მაგი, მაგრამ მაგებსაც არქვთ სახეზე ემოციის რაღაც ნიშან–წყალი, იძუმის სახე კი არაფერს გამოხატავდა. „იძუმის არც ნაკვთი შერხევია და არც მზერა შეუცვლია. იქბებ მკვდარი იყო? არა, მკვდარი არ უნდა ყოფილიყო. ის კვლავ ცოცხალი იყო. ოღონდ მდუმარების მხარეში ცხოვრობდა. მისი უმოძრაო ტუჩები მხოლოდ უსასრულო არარაზე მეტყველებდა“.
შიმამოტოს რომ გარდაცვლილია, ეს ჩანს იმაში, რომ ყოველთვის წვიმაში მოდიოდა და წვიმაშივე უჩინარდებოდა. წვიმას რომ გარდაცვლილის განსხეულებული ფერფლი მოაქვს, ამაზე შიმამოტო თვითონ ამბობს, როცა ბავშვის ფერფლს მოაბნევს მდინარეზე: „როგორ ფიქრობ, ზღვას ნამდვილად მიაღწევს? როორ ფიქრობ, წვიმას მოყვება? დამარხვა არ მინდოდა. აუტანელი იყო იმაზე ფიქრი, სადმე ბნელში ყოფილიყო. მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო ერთხანს და მერე მისი ფერფლი გამეფანტა წყალში, წვიმად რომ წამოვიდეს“. ამას დავუმატოთ ისიც, რომ შიმამოტოს „ყოველთვის არ უშვებდნენ“ და იქ, საიდანაც მოდიოდა „საშუალო არ არსებობდა“, თან, მხოლოდ მცირე დროით მოდიოდა ბარში, ერთი საათით, ან საათნახევრით, მერე კი სტოვებდა ბარს, გარდა ბოლო შეხვედრებისა, როცა არც წვიმაში მოდიოდა და არც მცირე დროით. აქ უკვე მისახვედრია, რომ ამ დროს შიმამოტოს სახით იძუმის ხვდებოდა, რომელსაც შეეძლო იმდენ ხანს დარჩენილიყო ჰაჯიმესთან, რამდენ ხანსაც მოესურვებოდა. საინტერესოა ძალიან, როდესაც შიმამოტო ჰაჯიმეს ლისტის კონცერტზე დაპატიჟებს და ჰაჯიმესთვის გარემო უცხოა: „სოლისტი განთქმული არგენტინელი პიანისტი გახლდათ. ჩემი სამუშაო განრიგი გადავსინჯე და მასთან ერთად წავედი უენო პარკის საკონცერტო დარბაზში. ბრწყინვალე წარმოდგენა იყო. სოლისტის საშემსრულებო ტექნიკა განსაცვიფრებელი, მუსიკაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ღრმაც და იმავდროულად ფაქიზიც. პაინისტის არაჩვეულებრივმა ემოციურმა შესრულებამ დარბაზი საოცარი სითბოთი განმსჭვალა. ამის მიუხედავად და ჩემი დიდი მცდელობისა, მუსიკამ ვერ გამიტაცა, თვალდახუჭულიც კი. თითქოს, თხელი ფარდა გვყოფდა მე და პიანისტს და რაც არ უნდა მეცადა, მეორე მხარეს ვერ მოვხდებოდი“. ჰაჯიმემ კი ყველლაფერი კი იმითი ახსნა, რომ როცა ბავშვობაში ამ მუსიკას უსმენდნენ, გრამფირფიტაზე პატარა განაკაწრი თავისებურ ხმას გამოსცემდა და იმ ხმის გარეშე ამ მუსიკას სრულყოფილად ვერ აღიქვავდა. არც უფიქრია, რა იყო ის „ფარდა“ რომელიც პიანისტისაგან ჰყოფდა. აქ სავარაუდოა, რომ ეს კონცერტი ირეალურ სამყაროში მიმდინარეობდა და რეალურ სამყაროში მყოფი ადამიანისთვის, თავისთავად ცხადია, მიუღებელი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ (მე ვიტყოდი), ჰაჯიმე, საკმაოდ პრიმიტიული აზროვნების ადამიანია, ვერაფერს ხვდება, რაც მის გარშემო ხდება, საკუთარ ცოლსაც კი არ იცნობს ბოლომდე და რაც მისთვის საინტერესოა, ეს არის მხოლოდ– უზრუნველი ცხოვრება, სექსი და უპირატესობის გრძნობა სხვების მიმართ,– მაინც ბუნდოვნად გრძნობს შიმამოტოს არამიწიერებას: „სადმე შორს იყავ წასული?'' ''რატომ ამბობ ამას?'' მკითხა მან. ''შენშია რაღაც ისეთი,'' ვუპასუხე მაშინვე, ''თითქოს იქაური ჰაერი შემოგეტანოს. თითქოს, ერთხანს შორეულ ქვეყანაში ყოფილიყავი.'' მან შემომხედა და თავი დამიქნია“. ''შენ აქ ხარ,'' გავაგრძელე, ''ყოველშემთხვევაში ისე გამოიყურები, თითქოს მართლაც აქ იყო. არადა, იქნებ, არც კი ხარ აქ? იქნებ რასაც ვხედავ მხოლოდ შენი ანარეკლია? ხოლო შენი ნამდვილი მე, ეგებ სულ სხვაგანაა? ან იქნებ უკვე გაუჩინარდი, დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ? შენს არსებობაში დასარწმუნებლად ვცდილობ ხელით შეგეხო, შენ კი იმალები ვარაუდთა ბუნდოვნებაში. როგორ გგონია, განა ასე მთელი ცხოვრება შეიძლება გაგრძელდეს?'' ახლა ვნახოთ რა ხდება ჰაჯიმესა და შიმამოტოს ბოლო შეხვედრის დროს, როცა აგარაკზე ერთად გაატარებენ ღამეს. გზაში, აგარაკამდე მისვლისას, შიმამოტო ფიქრობს თვითმკვლელობაზეც და ჰაჯიმეს დაღუპვაზეც, რაც ნამდვილი შიმამოტოს ბუნებისათვის აბსოლუტურად მიუღებელია. აქ სავარაუდოა, შიმამოტოს სახით იძუმია. პირველ რიგში, გავიხსენოთ რა აცვია შიმამოტოს, იგივე იძუმის, ამ ბოლო შეხვედრისას. აცვია თეთრი კაბა, ლურჯი ჟაკეტი და ჰაჯიმეს ჩუქნის წითელი ფერის ბანტით შეკრულ ყუთს, რომელშიც გრამფირფიტა დევს, ნათან კოულის სიმღერას, რომელსაც ბავშვობაში უსმენდნენ. რომანში ფერებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ფაქტიურად ფერები გვაძლევენ სიუჟეტის ახსნას,– ამ ბოლო შეხვედრისას, იგულისხმება, რომ იყო სიკვდილი (თეთრი ფერი), იყო ლურჯი (შიმამოტო) და იყო წითელი (იძუმი) და გრამფირფიტა, რომელიც მხოლოდ ამ ორისთვის, ჰაჯიმესა და შიმამოტოსთვის არსებობდა ანუ, ის, – რაც შეიძლება არსებობდეს ორისთვის და შეიძლება, საერთოდ არ არსებობდეს სამყაროში (ნათან კოულს არასდროს უმღერია ეს სიმღერა, რაც ამ გრამფირფიტაზე იყო ჩაწერილი). აგარაკზე შიმამოტო უკვე, ასე ვთქვათ, გარიგებაზე მიდის, და ჰაჯიმეს „სიკვდილთან ხელშეკრულებაზე“ ითანხმებს: „თუ აღარ გსურს მიგატოვო, მაშინ მთლიანად უნდა მიმიღო, ყველაფრით, რაც კი მაბადია, რაც ჩემშია და მეც შენ მთლიანად უნდა მიგიღო. ხვდები ამას? გესმის კი, რას ნიშნავს ეს?'' ჰაჯიმეც თანხმდება: „ძველ ცხოვრებასთან დაბრუნებას მაინც აღარ ვაპირებ“ ამის შემდეგ, როგორც რიტუალს (თან აფრთხილებს, ეს აუცილებელი პირობააო), ისე იწყებს შიმამოტო ფიზიკურ ურთიერთობას ჰაჯიმესთან – ზუსტად ისე, როგორი ფიზიკური ურთიერთობაც ჰაჯიმეს იძუმისთან ჰქონდა. დილით გაღვიძებული ჰაჯიმე ხედავს, რომ შიუმამოტო უკვე გამქრალია, ყველაფერი თითქოს შეცვლილია და რაც მთავარია, თითქოს ყველგან სილაა, უდაბნო, ანუ ის, რაც „ჩვენს შემდეგ რჩება“–როგორც ამას ჰაჯიმეს თავისი თანაკლასელი ეუბნება, როცა კაფეში ხვდება. გამქრალია გრამფირფიტაც, ნათან კოულის სიმღერა– ანუ, ის ილუზია, რაც ჰაჯიმეს და შიმამოტოს ჰქონდათ რეალურ ცხოვრებაში. ასევე, დაკარგულია ფული, რომელიც ირეალური სამყაროდან ილუზიის სახით ჰქონდა და ამ ირეალურ სამყაროში უკვე აღარ სჭირდებოდა ეს ილუზია– ყველაფერი გაცილებით რეალური იყო. გაკვირვებული და შიმამოტოს გაქრობით შეწუხებული ჰაჯიმე იხსენებს შიმამოტოს სიტყვებს: „რა შესანიშნავი იქნებოდა, შენი თქმის არ იყოს, მართლაც შეგვძლებოდა, სადმე ერთად წავსულიყავით, ჩვენ ორნი და ცხოვრება ხელახლა დაგვეწყო. სამწუხაროდ, არ შემიძლია იმ ადგილიდან გამოვაღწიო, სადაც ახლა ვარ. ეს ფიზიკურადაა შეუძლებელი“. „ საშუალო და შუა ჩემთვის არ არსებობს. იქ,სადაც არაა შუალედური ობიექტები, არც საშუალო იქნება“. ''მე კი მთლიანად მინდიხარ. გესმის ეს? გესმის კი რას ნიშნავს ეს?''. რომანში შეკითხვა: „გესმის კი რას ნიშნავს ეს?“ დახრილი შრიფტით არის დაწერილი ( საერთოდ, ყველა ყურადღებამისაქცევი ფრაზა, ასევე წერია). მარტოდ დარჩენილი ჰაჯიმე ხვდება, რომ სიკვდილთან „ხელშეკრულება“ უკვე დადებულია: „როცა ამას მეუბნებოდა, შიმამოტოს ჩემი სიცოცხლე სურდა. ეს მხოლოდ ახლა გავაცნობიერე. მე ხომ მაშინ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე, ეტყობა შიმამოტომაც. ასე რამ დამაბრმავა?“
ამის სემდეგ ჰაჯიმე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უკვე გარდაცვლილია. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ჰაჯიმემ უკვე მისცა თავისი სული იძუმის, შიმამოტოს სახით მოსულს, იგივე, სიკვდილს და ირეალურ სამყაროში გადავიდა, სადაც ყველაფერი უფრო რეალური და სრულყოფილი იყო ( გავიხსენოთ აქ ლისტის კონცერტი), ვიდრე იმ რეალურ სამყაროში, რომელშიც მანამდე ცხოვრობდა. რომანში ასევე ნათქვამია, რომ ამ ბოლო შეხვედრის შემდეგ უკვე აღარ მოსწონს ის ყველაფერი, რაც მანამდე მოსწონდა–სიმღერები, რომელსაც ბარში ასრულებდნენ, სამსახური, გარემო:
„თითქოს გამომშრალ და უსიცოცხლო ქვეყანაში აღმოვჩნდი. ჩემს ხედვებს, ამა სოფლის ფერები მთლიანად შეეწოვად. ყველაფერი, რაც კი ჩემს თვალწინ იყო, გამოიყურებოდა, როგორც დროებითი და ბრყელი. თითოეული საგანი თითქოს ქვიშით ყოფილიყოს სავსე და სილისფერი დაჰკრავდა. ჩემი თანაკლასელის დამოძღვრა ყველგან წინ მხვდებოდა: „ბევრნაირი სიცოცხლეა ამ ქვეყნად და სიკვდილიც უამრავნაირი არესებობს, მაგრამ ყველაფერს ერთი ბოლო აქვს. ჩვენს მერე მხოლოდ უდაბნო დარჩება“. „და რა არის სინამდვილე? „ალტერნატიული სინამდვილე დავუძახოთ, რომელსაც ვეყრდნობით, რათა მოვლენათა სინამდვილე დავამტკიცოდ. რამდენად არიან ის ფაქტები მართლა ნამდვილი, რომელთაც ჩვენ ნამდვილ ფაქტებად მივიჩნევთ? და რამდენად არიან ისენი ფაქტები, მხოლოდ იმის გამო რომ მათ ჩვენ ასე მოვიხსენიებთ? შეიძლება კი ისინი ერთმანეთისგან განვასხვავოთ? ამის გამოა, სინამდვილე რომ აღვიქვათ როგორც სინამდვილე, გვჭირდება სხვა სინამდვილე, რომელიც ერგვარად ფარდობითია, პირველის მიმართ. ეს ნათქვამი კი შეგვიძლია გავიმეოროთ, ამ ახალი სინამდვილის მიმართაც და ამის გამო მისთვისაც გვჭირდება ახალი, დამხმარე, მესამე სინამდვილე. როგორც ხედავთ ამ გზით უსასრულო ჯაჭვი აიგება ჩვენს ცნობიერებაში, რომლის მთავარი დანიშნულებაა, გვაგრძნობინოს რომ ჩვენ ნამდვილად აქ ვართ და მართლა ვარსებობთ. არადა, ხომ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ჭაჯვი გაწყდეს? მაშინ ვკარგავთ უნარს, დავრწმუნდეთ არის თუ არა ეს სინამდვილე. ეს, ისაა რაც გაწყვეტილი ჯაჭვის ერთ მხარესაა? თუ ის, რაც ჯაჭვის მეორე მხარესაა? ანდა იქნებ სინამდვილე ორივეზე მაღლაა?“
მანამდე კი ხვდება, რომ იძუმი ყველაგან ელოდებოდა:
„მანქანა აოიამას სასაფლაოსთან გავაჩერე. მანქანის სარკმლიდან, დიდხანს და უნიათოდ გავცქეროდი ცას. იქ იძუმი მელოდებოდა. ის ყოველთვის სადღაც იყო და მელოდებოდა, რომელიმე ქუჩის კუთხეში, ანდა რომელიმე მინის მიღმა. ელოდება ჩემს გამოჩენას. მარტო მე მელოდება. ამას მხოლოდ ახლა მივხვდი.“
რომანში კი მთავარი ციმბირელი გლეხის ისტერიაა, რომელზედაც შიმამოტო უამბობს:
„წარმოიდგინო, თითქოს ციმბირელი გლეხი ხარ და მარტო ცხოვრობ ციმბირის ტუნდრაში. ყოველდღე მიწას ამუშავებ. საითაც არ უნდა გაიხედო, არაფერია ჰორიზონტის გარდა, არც ჩრდილოეთით, არც აღმოსავლეთითაა რაიმე ჰორიზონტის გარდა, არც სამხრეთით და არც დასავლეთით. ყოველ დილით, როცა კი აღმოსავლეთით მზე ამოვა, მიდიხარ მინდორში სამუშაოდ. ხოლო, როცა მზე ზენიტს მიაღწევს, შეისვენებ და ისადილებ. მერე, როცა მზე ჩავა დასავლეთით, სახლში მიდიხარ დასაძინებლად.'', „მოკლედ ასეთი ცხოვრების ციკლი გრძელდება წლების და ათწლეულების მანძილზე“ ''და ერთ დღეს შენში რაღაც მოკვდება.'' ''რას გულისხმობ?'' ''არ ვიცი, სახელდობრ რა,'' თავი გაიქნია შიმამოტომ, ''რაღაც. ყოველდღე უცქერ აღმოსავლეთიდან მზის ამოსვლას, მის მოძრაობას ცის თაღზე, მერე კი დასავლეთით მზის ჩაშვებას და შენში რაღაც ირღვევა, კვდება. ყველაფერს იქვე ყრი, ფიქრებისგან დაცლილი თავი გაქვს და შეშლილივით მიიწევ დასავლეთისკენ, იმ მიმართულებით, რაც მზის დასავლეთითაა, თითქოს რამე დაგპატრონებოდეს, მიეშურები ერთი დღე, მეორე, არც არაფერს ჭამ, არც სვამ, სანამ მიწას არ დაენარცხები და არ მოკვდები. აი, ეს არის ციმბირული ისტერია.'' რომანის ფინალში კი მთავარი გმირების, უკვე ციმბირელი გლეხივით მიწაზე დამარცხებაა: „ვერაფრით ვდგები სამზარეულოს მაგიდიდან. ყველა ძალამ დასტოვა ჩემი სხეული, თითქოს ზურგსუკან ვიღაც მომეპარა და ძაბვიდან ჩუმად გამომრთო. ორივე იდაყვი მაგიდაზე მეწყო, სახე ხელისგულებით დავიფარე. ჩამოწოლილ სიბნელეში ვხედავდი როგორ აწვიმდა ზღვას. წვიმა ნელა ეშვებოდა უკიდეგანო ზღვაზე და ირგვლივ არავინ იყო ეს რომ შეემჩნია. ზღვის ზედაპირი ისე ეგებებოდა წვიმას, თევზებიც კი ვერ გრძნობდნენ რომ აწვიმდათ“. სანამ ვიღაცა არ მოვიდა და მხრებზე მსუბუქად არ შემახო ხელი ჩემი ფიქრები ზღვასთან იყვნენ.“ ანუ, სიკვდილთან ხელშეკრულება ძალაში შევიდა და თუ აქამდე მხოლოდ სული იყო გაცემული, უკვე სხეულიც „იმ ქვეყნისა“ გახდა. როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, მთელი რომანი დაწერილია ირეალური სამყაროდან მოსული ქალის შურისძიებაზე, და თუკი მიწაზე დადიოდა, მხოლოდდამხოლოდ, შურისსაძიებლად, ამ შურისძიების იარაღად კი გამოიყენა შიმამოტო, რომელიც, არავინ იცის, რატომ დათანხმდა.– შეიძლება იმისათვის, რომ შვილის ფერფლი ჯერ კიდევ მდინარისთვის ჰქონდა გასატანებელი, ან უბრალოდ, ჰაჯიმე უყვარდა და ეს ერთადერთი შანსი იყო, მისი ნახვისა,– ან ორივე ერთად. არ ვიცი, რამდენად მისაღებია მკითხველისთვის ჩემი მოსაზრებები, მაგრამ, ვფიქრობ, აზრს მოკლებული არ არის. კიდევ ბევრი რამის დაწერაშეიძლება ამ რომანზე, მაგრამ ეს უკვე ძალიან შორს წაგვიყვანდა. მთავარი კი ისაა, რომ ჰაჯიმე საბოლოოდ ხვდება, რა ტკივილი მიაყენა ქალს, რომელსაც უყვარდა და ნანობს იმ ყველაფერს, რამაც იძუმი აიძულა შურისმაძიებელი ყოფილიყო. აქ ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სიმღერებს უსმენენ ჰაჯიმე და შიმამოტო, რა სიმღერები მოსწონს ჰაჯიმეს (სიმღერის ტექსტები მაქვს მხედველობაში) და მიხვდებით, რატომ აღარ მოსწონდა ბოლოს. რომანის ფინალამდე კი ავტორიდა ფიქრობს: ''ჩვეულებრივ უდაბნოზე. ქვიშიან დიუნებზე და აქა იქ კაკტუსებზე. სინამდვილეში იქ საკმაოდ ბევრი ცოცხალი არსებაა“
და აქ აკეთებს ყველაზე საინტერესო დასკვნას, კოსმიურს, სამყაროსეულს რომ ირეალური და რეალური, ერთი მთლიანობაა, ერთი ჯაჭვი, და სიკვდილი და სიცოცხლე ამ ჯაჭვის ორი ბოლო, ყველაზე რეალური კი თვითონ უდაბნოა – სამყარო და ეს უდაბნო არის ყველაზე ნამდვილი, სადაც არ არის საშუალო..
„ჩვენ ყველა იქ ვცხოვრობთ. სინამდვილეში კი ერთადერთი რამ, რაც ნამდვილად ცხოვრობს, ეს თვით უდაბნოა“
ამ ნაწარმოების სახით, ვფიქრობ, ჩვენმა მკითხველმა ერთობ საინტერესო და დასაფიქრებელი საკითხავი შეიძინა.
ციცინო გრატიაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. დღეს კიდევ ერთხელ გამახსენეს ეს წერილი და ძალიან გამიხარდა. :) დღეს კიდევ ერთხელ გამახსენეს ეს წერილი და ძალიან გამიხარდა. :)
12. შემეკითხე, მუხა. :)
მადლობა, რომ წაიკითხე. ეს ჩემი ვერსიაა და გაზეთში შესწორებულია :) ციტატებიც ცოტა შემოკლებული. შემეკითხე, მუხა. :)
მადლობა, რომ წაიკითხე. ეს ჩემი ვერსიაა და გაზეთში შესწორებულია :) ციტატებიც ცოტა შემოკლებული.
11. მართლაც საინტერესო პუბლიცისტიკა დაგიწერია , ძალიან ყურადღებით წავიკითხე, კითხვები მაქვს მაგრამ პრობლემა ჩემში ის არის, რომ არ ვიცნობ ამ ნაწარმოებს და კომენტარის -კომენტარზე აზრის გამოთქმა გამიძნელდა, ამავე დროს ძალია სადაო და რთული თემაა, საკითხავი ნაწარმოების სახით ნამდვილად საინტერესო იქნება. მართლაც საინტერესო პუბლიცისტიკა დაგიწერია , ძალიან ყურადღებით წავიკითხე, კითხვები მაქვს მაგრამ პრობლემა ჩემში ის არის, რომ არ ვიცნობ ამ ნაწარმოებს და კომენტარის -კომენტარზე აზრის გამოთქმა გამიძნელდა, ამავე დროს ძალია სადაო და რთული თემაა, საკითხავი ნაწარმოების სახით ნამდვილად საინტერესო იქნება.
10. რა ძველმოდური ხარ, ტენდი :) ა, ბატონო , შენ - შენიშვნა ძველმოდურობაზე :)
კარგად მოგიტანია მკითხველამდე მურაკამის ფილოსოფია.
რა ძველმოდური ხარ, ტენდი :) ა, ბატონო , შენ - შენიშვნა ძველმოდურობაზე :)
კარგად მოგიტანია მკითხველამდე მურაკამის ფილოსოფია.
9. 6. ძალიან ლაღი, თავისუფალი ტექსტია. რომანის წაკითხვის სურვილი გამიჩინა. მეუდაბნოვე. 2014-01-27 19:15:37
ფბ-ზეც მომწერეს, ძალიან დაგვაინტერესა რომანმაო. 6. ძალიან ლაღი, თავისუფალი ტექსტია. რომანის წაკითხვის სურვილი გამიჩინა. მეუდაბნოვე. 2014-01-27 19:15:37
ფბ-ზეც მომწერეს, ძალიან დაგვაინტერესა რომანმაო.
8. მეუდაბნოეს ვეთანხმები...მეც გამიჩნდა სურვილი წაკითხვის... მეუდაბნოეს ვეთანხმები...მეც გამიჩნდა სურვილი წაკითხვის...
7. წითელი ფერი ასევე არის სილამაზის და სიყვარულის ფერი. ხოლო ლურჯი (ცისფერი) არის მისტიკურიც. ღვთაებასთან, კერპთან, ღმერთთან მაკავშირებელი და იმედის ფერი. არ იფიქროთ, რომ გაკრიტიკებთ (ღმერთმა დამიფაროს), მინდა თქვენთან აზრების გაცვლა, რითაც მეც შევიძენ გარკვეულ ცოდნას. თემური57. 2014-01-27 19:00:33
თემური57 ყველა ერს თავისებური დამოკიდებულება აქვს ფერებთან. მე ამ წერილში ვლაპარაკობ იაპონელების დამოკიდებულებაზე. თეთრი ყველა ერში (თითქმის) სიწმინდისა და სისუფთავის ფერია, იაპონელებისთვის გლოვის და არაფრით შეიძლება თეთრი ყვავილების ჩუქება ცოცხალი ადამიანისთვის.
წითელი ფერი იაპონელებთან სიყვარულის გამომხატველი არ გახლავთ.
პატივისცემით წითელი ფერი ასევე არის სილამაზის და სიყვარულის ფერი. ხოლო ლურჯი (ცისფერი) არის მისტიკურიც. ღვთაებასთან, კერპთან, ღმერთთან მაკავშირებელი და იმედის ფერი. არ იფიქროთ, რომ გაკრიტიკებთ (ღმერთმა დამიფაროს), მინდა თქვენთან აზრების გაცვლა, რითაც მეც შევიძენ გარკვეულ ცოდნას. თემური57. 2014-01-27 19:00:33
თემური57 ყველა ერს თავისებური დამოკიდებულება აქვს ფერებთან. მე ამ წერილში ვლაპარაკობ იაპონელების დამოკიდებულებაზე. თეთრი ყველა ერში (თითქმის) სიწმინდისა და სისუფთავის ფერია, იაპონელებისთვის გლოვის და არაფრით შეიძლება თეთრი ყვავილების ჩუქება ცოცხალი ადამიანისთვის.
წითელი ფერი იაპონელებთან სიყვარულის გამომხატველი არ გახლავთ.
პატივისცემით
6. ძალიან ლაღი, თავისუფალი ტექსტია. რომანის წაკითხვის სურვილი გამიჩინა. ძალიან ლაღი, თავისუფალი ტექსტია. რომანის წაკითხვის სურვილი გამიჩინა.
5. ყურადღებით წავიკითხე, მომეწონა თქვენეული შეფასებები. თხრობა სასიამოვნოა და მიუხედავად მოცულობისა, საინ- ტერესოდ იკითხება. თუმცა ვიმედოვნებდი, რომ მეტ ინდივიდუალიზმს აღმოვაჩენდი ნაწარმოების შეფასების კუთხით. წითელი ფერი ასევე არის სილამაზის და სიყვარულის ფერი. ხოლო ლურჯი (ცისფერი) არის მისტიკურიც. ღვთაებასთან, კერპთან, ღმერთთან მაკავშირებელი და იმედის ფერი. არ იფიქროთ, რომ გაკრიტიკებთ (ღმერთმა დამიფაროს), მინდა თქვენთან აზრების გაცვლა, რითაც მეც შევიძენ გარკვეულ ცოდნას. ყურადღებით წავიკითხე, მომეწონა თქვენეული შეფასებები. თხრობა სასიამოვნოა და მიუხედავად მოცულობისა, საინ- ტერესოდ იკითხება. თუმცა ვიმედოვნებდი, რომ მეტ ინდივიდუალიზმს აღმოვაჩენდი ნაწარმოების შეფასების კუთხით. წითელი ფერი ასევე არის სილამაზის და სიყვარულის ფერი. ხოლო ლურჯი (ცისფერი) არის მისტიკურიც. ღვთაებასთან, კერპთან, ღმერთთან მაკავშირებელი და იმედის ფერი. არ იფიქროთ, რომ გაკრიტიკებთ (ღმერთმა დამიფაროს), მინდა თქვენთან აზრების გაცვლა, რითაც მეც შევიძენ გარკვეულ ცოდნას.
4. მადლობა, ნეფერტარო! :) ძნელია ამხელა ტექსტის წაკითხვა და მითუმეტეს, ამისთვის მადლობა! :) მადლობა, ნეფერტარო! :) ძნელია ამხელა ტექსტის წაკითხვა და მითუმეტეს, ამისთვის მადლობა! :)
3. ქალბატონო ციცო, მე ჯერ კიდევ ლიტერატურულ საქართველოში გამოქვეყნებული თქვენი სტატია მქონდა წაკითხული, ვიდრე აქ ვნახავდი ამ წერილს. იქ გამოქვეყნებული ძალიან მომეწონა.
ლაღი, თავისუფალი, ადვილად გასააზრებელი ტექსტი, ინფორმაციულად ტევადი და თანაც ყველა სიტყვა თავის ადგილზე "იჯდა." კარგად არის გახსნილი თქვენს მიერ იაპონელი მწერლის ხედვა და მისეული ფსიქოლოგიური მომენტების ახსნა. ასეთი "წინასიტყვის" გარეშე, მე გამიჭირდებოდა გამეგო ამ რომანში ქვედინებები, რას ნიშნავს გვარები, ფერები.. იაპონური პროზა, ეს ხომ ძალიან უცხოა ჩემთვის.
ბოლო აბზაცმა ზრიალით გამიარა თავიდან ფეხამდე. ციტატით ვდებ აქ:
"რომანის ფინალამდე კი ავტორი ფიქრობს ჩვეულებრივ უდაბნოზე. ქვიშიან დიუნებზე და აქა იქ კაკტუსებზე. სინამდვილეში იქ საკმაოდ ბევრი ცოცხალი არსებაა.
და აქ აკეთებს ყველაზე საინტერესო დასკვნას, კოსმიურს, სამყაროსეულს, რომ ირეალური და რეალური, ერთი მთლიანობაა, ერთი ჯაჭვი და სიკვდილი და სიცოცხლე ამ ჯაჭვის ორი ბოლო, ყველაზე რეალური კი თვითონ უდაბნოა – სამყარო და ეს უდაბნო არის ყველაზე ნამდვილი, სადაც არ არის საშუალო..
„ჩვენ ყველა იქ ვცხოვრობთ. სინამდვილეში კი ერთადერთი რამ, რაც ნამდვილად ცხოვრობს, ეს თვით უდაბნოა“. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი რომანი დედანში წავიკითხე. უდავოდ ნიჭიერი ნაწერია.
5 ქულა, რაც ძალიან ცოტაა.
ახლა ვფიქრობ, უფრო ადრე რომ დაგეწყოთ წერა, რამდენი კარგი რამ დაგროვდებოდა... ქალბატონო ციცო, მე ჯერ კიდევ ლიტერატურულ საქართველოში გამოქვეყნებული თქვენი სტატია მქონდა წაკითხული, ვიდრე აქ ვნახავდი ამ წერილს. იქ გამოქვეყნებული ძალიან მომეწონა.
ლაღი, თავისუფალი, ადვილად გასააზრებელი ტექსტი, ინფორმაციულად ტევადი და თანაც ყველა სიტყვა თავის ადგილზე "იჯდა." კარგად არის გახსნილი თქვენს მიერ იაპონელი მწერლის ხედვა და მისეული ფსიქოლოგიური მომენტების ახსნა. ასეთი "წინასიტყვის" გარეშე, მე გამიჭირდებოდა გამეგო ამ რომანში ქვედინებები, რას ნიშნავს გვარები, ფერები.. იაპონური პროზა, ეს ხომ ძალიან უცხოა ჩემთვის.
ბოლო აბზაცმა ზრიალით გამიარა თავიდან ფეხამდე. ციტატით ვდებ აქ:
"რომანის ფინალამდე კი ავტორი ფიქრობს ჩვეულებრივ უდაბნოზე. ქვიშიან დიუნებზე და აქა იქ კაკტუსებზე. სინამდვილეში იქ საკმაოდ ბევრი ცოცხალი არსებაა.
და აქ აკეთებს ყველაზე საინტერესო დასკვნას, კოსმიურს, სამყაროსეულს, რომ ირეალური და რეალური, ერთი მთლიანობაა, ერთი ჯაჭვი და სიკვდილი და სიცოცხლე ამ ჯაჭვის ორი ბოლო, ყველაზე რეალური კი თვითონ უდაბნოა – სამყარო და ეს უდაბნო არის ყველაზე ნამდვილი, სადაც არ არის საშუალო..
„ჩვენ ყველა იქ ვცხოვრობთ. სინამდვილეში კი ერთადერთი რამ, რაც ნამდვილად ცხოვრობს, ეს თვით უდაბნოა“. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მთელი რომანი დედანში წავიკითხე. უდავოდ ნიჭიერი ნაწერია.
5 ქულა, რაც ძალიან ცოტაა.
ახლა ვფიქრობ, უფრო ადრე რომ დაგეწყოთ წერა, რამდენი კარგი რამ დაგროვდებოდა...
2. "ლიტერატურულ საქართველოში" ეს წერილი ცოტა შესწორებულია, შემოკლებულია ციტატები რომანიდან. აქ სრულ ვერსიას ვანთავსებ, ჩემეულს. "ლიტერატურულ საქართველოში" ეს წერილი ცოტა შესწორებულია, შემოკლებულია ციტატები რომანიდან. აქ სრულ ვერსიას ვანთავსებ, ჩემეულს.
1. ალბათ ადმინი შეასწორებს და პოეზიის ნაცვლად კრიტიკა-პუბლიცისტიკას.
ალბათ ადმინი შეასწორებს და პოეზიის ნაცვლად კრიტიკა-პუბლიცისტიკას.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|