ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩემისტი
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2014


სახლი ვერ-ნაშენი (სხვა)

სახლს მიტომ აშენებდი , გინდოდა  დაეფარე.
ქარი არ შემოეშვა .
თოვლი არ შემოეშვა.
ყინვა არ შემოეშვა.
იფიქრე, ავაშენე!... და გაჩნდა ღრიჭოები.
იფიქრე, ავაშენე!... და კედლებში ბზარებია.
იფიქრე ,ავაშენე!... და მინები იმსხვრევიან.
კრამიტი დაცურდა და შიგ წვიმა ჩამოვიდა.დადექი საწვეთურში.
დადექი საწვეთურში და ცრემლად დაიღვარე. წვიმას გაატანე მთელი
სიმლაშე და გახდი მარტოსული_ქალი უმარილო.
ვაი, რომ წვიმამ ახლა  ბევრგან გაატარა.მიდი! შემოუდგი შენს თავზე გამარჯვებით ნაყიდი თასები და ...  ყველა გაივსება.
დახიე  შენი ქებით ნაწერი სიგელები  .დაგმანე ღრიჭოები.
კედლებსაც შეუდექი. ბზარებში თითებია. 
კარში ჩადგები და ისევ მას  ელოდები. კარი ჩარჩოვდება და შენ ნახატდები.
ვიღაც ჩამოივლის , რა ლამაზიაო, რა კრეატიული, კარის ნაცვლად  სევდიანი პორტრეტის დაკიდება.
უმინო ფანჯრებში კი ქარები თარეშობენ.  იმდენი კაბა არ გაქვს, რომ ყველას ააფარო.
ამდენ მოლოდინში , ვენაში სისხლი შრება.
წითელქვიშა დაძრწის შენში  და თან მიგყვება, ოაზისდაკარგული უდაბნოს  მდუმარება.
ოთახის შუაგულში, ქვიშის საათივით,დგახარ და  შენი დრო შენშივე ჩაიცლება.
უკვე გვიანია?!
გატეხილ სარკიდან ჩუმად შემოგყურებს ქალი ნაზამთრალი.
უკვე გვიანია?!
ბზარიდან ამოღებულ, სისხლიანი თითებით  თმასაც შეიღებავ.
უკვე გვიანია?!
უმინო ფანჯრიდან კაბა ჩამოხსენი!
დროზე გაასწარი სანამ დაინგრევა სახლი ვერნაშენი..
დროზე გაიქეცი! სანამ ჩაიქცევა ფეხქვეშ იატაკი , დაჭმული  ჭიებისგან.
გარეთ ჰაერია.
გარეთ სიცოცხლეა.
გარეთ სიბნელეა.
გახსოვდეს, სიკვდილით სიცოცხლეს ვერ ერევი.
დაინგრეს დასანგრევი!

ხავსმოჭიდებულ კედლებს მალე ხავსი მოეკიდება. ხავსსაც  ხომ უნდა მოჭიდება გადასარჩენად...
მერე კი... მერე აიღე მთვარე,  ღრუბელივით ჩაალბე ზღვაში  და გადაწმინდე ეს ბნელი ღამე.

დროზე! სანამ დროა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები