ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავთანდილ-ჯენტლმენი//
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2014


შეჩერდი წამო!

შავბნელ თავსაფრად შემოუკრავს ზეცას ღრუბელი,
მქუხარ მორევში რომ მიათრევს წვიმის კაცუნებს.
მხოლოდ სიკვდილი დაგვიგეგმავს თურმე წუხელის,
მხოლოდ ჩვენია ეს ტკივილი,სხვას არ აწუხებს...

-შეჩერდი წამო!რად გვიქადი კვლავაც სისხლისღვრას?
მხოლოდ სიცოცხლე,ნეტავ მეტი რა დაგვრჩენია?!
შენც კარგად იცი,ჩვენმა მტრებმაც კარგად იციან,
რომ რწმენა არის საფუძველი გადარჩენისა.

და,ნუთუ მაინც დააპირებ სისხლი დაღვარო,
როცა შენც იცი რა ტკბილია თავისუფლება,
ოღონდ შენს რწმენას ნუ მომიშლი ღმერთო მაღალო
და თუ მეკუთვნის-მომისაჯე უბედურება.

აპრილის ღამეს ქაშუეთის წინ ჩამოვიარე,
მუხლზე დაჩოქილ ქართველ დედას მოვკარი თვალი.
მისი ტკივილი სიყვარულით გავიზიარე,
როგორც ეს რწმენა უფლისადმი და კაეშანი.

მერე ჩემს თვალწინ ჩემმა ერმა ხმა აიმაღლა,
მე არ ვარჩიე გავყოლოდი იმათ ნაკვალევს.
არ მეშინოდა,ნუ დამწამებთ,მხდალი კი არა
რწმენით ვიდექი,ეკლესიის ვაღებდი კარებს.

შეჩერდი წამო!მე არ ძალმიძს მათი დამოძღვრა,
ველზე სისხლისფრად იღებება ქრიზანთემები.
შეჩერდი წამო!არ დაუშვა მთვარის ამოსვლა,
თორემ შავ მანდილს შეკერავენ დედაჩვენები.

მხოლოდ ამას გთხოვ,არ გასწირო ჩემი და-ძმანი,
ქართველი დედა შვილის გვამზე არ დაატირო,
არ დააჭირვო ქართველ მამას გათხრა სამარის,
და "შვილნი შენნი" ბოროტისგან გადაარჩინო.

ეს ცხრა აპრილიც გათავდება,წამებსღა ითვლის,
აპრილის ათი დაგვავიწყებს გუშინდელ გლოვას.
შეჩერდი წამო!დაგვიტოვე და-ძმებზე ფიქრი,
რადგან ერისთვის ეხლა ზუსტად ამისი დროა.
…………………………………………………
ვდგევარ,გავყურებ ამ მოედანს,შეღებილს სისხლით,
თავისუფლება თურმე ედემს,სამოთხეს ჰგავსო...
ზეცაში რომ ხართ თავისუფლად,ეგ უკვე ვიცი,
დამაგვიანდა,რომ მეთხოვა-შეჩერდი წამო!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები