ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პროზა
3 აპრილი, 2014


დათვის თვალები ნაწილი 1

                        დათვის თვალები

სოფელს დათვი შემოეჩვია და ააწიოკა. გუშინ ღამით ემზარის ძროხა დაუგლეჯია და ეს უკვე მეოთხე შემთხვევა იყო ამ თვეში.

გამწარებულმა ემზარმა მამისეული თოფი გადაიკიდა და სოფლის განაპირად მცხოვრებ გივის მიაშურა, რომელიც წარსულში დათვზე ნადირობის დიდოსტატად იყო მიჩნეული.

-გივი ბიძია!  გივი ბიძია! შესძახა ჭიშკრიდან და თან დაინახა რომ ეზოში ჩრდილში იყო ჩამომჯდარი, ჭიშკარი შეაღო, -ისე რომ პასუხს არც დალოდებია და უფროს მეზობელს მიაშურა.
-გივი ბიძია, აგვიკლო ამ დათვმა. წუხელ ჩემი ძროხაც დაგლიჯა და მშიერი დამიტოვა ბავშვები, სანამ ხალხზეც გადასულა რამე უნდა ვიღონოთ. ეს საქმე კი შენზე უკეთ არავის გამოსვლია ამ სოფელში და უნდა დამეხმარო. წამო ჩავუსაფრდეთ, არ მოვისვენებ სანამ მაგის ტყავს არ დავკიდებ მისაღებ ოთახში კედელზე.

გივი სამოციოდე წლის, ჭაღარა, მაღალი, დაკუნთული, ბრგე კაცი იყო. იჯდა ლეღვის ჩრდილში და საკუთარი ხელით მოწეულ თუთუნს ახვევდა ქაღალდში. შეჭაღარავებულ წარბებში ამოჰხედა ემზარს და აუჩქარებლად, დინჯად უპასუხა:

-ემზარ ბიძიკო, არაა ეგ ადვილი საქმე, თან მე დავიფიცე, რომ დათვს თოფს აღარ ვესვრი, მაგრამ რომ გიყურებ შენ უკანდამხევი არ ხარ. გამოუცდელი ხარ და დაგამარცხებს დათვი, ამიტომ წამოვალ, მაგრამ იცოდე რომ სროლით შენ უნდა ესროლო. ჩემი იმედი არ გქონდეს მაგ ამბავში.

-გეიხარე გივი ბიძია, შენ მასწავლე რა რაფერ და დამიზნებით ახლა კი იცი, ასიანი ვარ.

-ვიცი ბიძიკო, ვიცი, იმხელა დათვზე დამიზნება არაა პრობლემა, მთავარია სად მოარტყამ. კაი მოვემზადები უცებ და გავიდეთ, აწი კაი დროცაა, ახლა იცის გამოსვლა...

ცოტა ხანში ორი თოფიანი მონადირე გაეშურა ტყის იმ ნაწილისკენ, სადაც დათვი თავს ესხმოდა ხოლმე პირუტყვს.

ტყის იმ ნაწილში პატარა მდინარე ჩამოდიოდა, დაახლოებით ერთი მეტრო სიგანის კალაპოტით, ეს წყალი გადმოდიოდა კლდეზე, რომელიც ასე ორმოცდაათი სამოცი მეტრი სიმაღლისა იქნებოდა, და რომელიც ტყეს თითქოს ორ იარუსად ყოფდა.

სწორედ იმ კლდის ძირში, წყლის ნაპირებთან იპოვა გივიმ დათვის ხშირი ნაკვალევი, რომელიც ერთი ზომისა იყო და წყლიდან კლდის ძირისკენ და პირიქით იყო მიმართული. გივი დაიხარა, ნაკვალევს დააკვირდა სილა-მიწაზე, მერე მიწას დააწვა მუჭით, მერე ამოთხარა ხელით, მერე კლდის ძირისაკენ მიაპყრო დაკვირვებული მზერა, სადაც კლდიდან ჩამოშლილ ქვა-ღორღს მაღალი ჩირგვნარი მოსდებოდა . რომელიც ადგილ ადგილ გალეწილივით იყო.

-დიდი დათვი არაა, -თქვა ხმადაბლა გივიმ. ახალბედაა და შეიძლება ჯერ მარტო, საბუნაგე ადგილს ირჩევდეს. გამორიცხული არაა ამ ქურცხშიც იყოს სადმე მიმალული.

მერე ქარის მიმართულებას დააკვირდა, რაღაც კუთხე შეურჩია და სახელდახელოდ, თითქოს წინასწარ მომზადებულ სამალავებში განაწილდნენ, ათიოდე მეტრის მოშორებით ერთმანეთისგან. არავითარი ჭამა, ან სიგარეტი, მხოლოდ შეწკეპილი იარაღი და ლოდინი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს