ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ ელიავა
ჟანრი: პროზა
3 აპრილი, 2014


ტიციანის დუმილი (1. 2)

“წინაშე თითეული წყალსატუმბი მოწყობილობისა, რომელსაც ერთხელ მაინც, მოუწია თავისი მოვალეობის შესრულება, მსურს საგანგებოდ განვაცხადო, რომ ერთი ბოთლი კარგი ღვინო ინახავს იმ გასაოცარ წუთს, რომლის შენარჩუნების შემთხვევაში, იგი სამუდამოდ შესძენდა მსმელს გონებამახვილობას, სიბრძნეს, სიმამაცეს, დიდსულოვნებას, მჭერმეტყველებასა და ბედნიერებას, მაგრამ წუთი იგი იკარგება სამარადჟამოდ და ყოველი მომდევნო ბოკალი ძირფესვიანად ანადგურებს განცხრომაში ყოფნის მდგომარეობას.” 
                                                                                                                                                    (William Thackeray)
                       
                                      მოქმედი პირები ან როგორც გენებოთ
                                           
1
      ამჯერად, ანონიმურ ალკოჰოლიკთა რეაბილიტაციის ცენტრში სეანსი დაგვიანებით იმის გამო დაიწყო, რომ ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი აბრაამი, ძლიერ ნაბახუსევი გახლდათ. დაჰკარგვოდა ჩვეული მოთმინების უნარი და კრულვას არ აკლებდა ავად მოსაგონარ დეკოლტეს, პრემიის მეოთხედი ბარის დახლთან რომ დაატოვებინა ექიმს. ერთი სიტყვით, სხვა არაფრის თავი არ ჰქონდა, უფრო სწორად, მხოლოდ თავიღა შერჩენოდა საწყალს. უზარმაზარი, დაოფლილი, მელოტი თავი წუთი წუთზე უნდა გასკდომოდა და ადგილობრივი უნივერსიტეტისთვის ნაანდერძევი ტვინით მოერწყა იქაურობა. მიუხედავად ამისა, ეს „პაჟებშემორტყმული“, გლობუსებრი ბატონი, მთელი არსებით ცდილობდა ყურადღებით გაძღოლოდა თერაპიის სეანსს.
    ქალაქში, რომლის ბარები ყველა ასაკის ლოთებით იყო სავსე და ყოველკვირეული ალიაქოთის შემდეგ, რესტორნებში  ჭურჭლის განახლება და მაგიდების შეკეთება ტრადიციად იყო ქცეული, რამდენიმე ადამიანი თუ მოიძებნებოდა ამ, არც თუ ისე მავნე ჩვევისგან, თავის დაღწევის სურვილი რომ გააჩნდათ. ამგვარად, შვიდი გამოუსწორებელი ოპტიმისტი, ყოველ ორშაბათს, დილის 12 საათზე პროფესორ აბრაამის კაბინეტში იყრიდა თავს.
შვიდეული დამსახურებული ლოთებისგან შედგებოდა და ყველა მათგანს შეეძლო  დაეკვეხნა პირადი  მიღწევებით, თუმცა ამ დარგში უდავო ფავორიტი გახლდათ ქალბატონი ნორა. ნორა  გამოირჩეოდა ფიზიოლოგიური „ესთეტიზმით“, რომელიც ჭარბ წონასა და სხეულის გაუგებარ აღნაგობაში გამოიხატებოდა. მეტიც, ნორას ბორბლები რომ ჰქონოდა, უდავოდ დაემსგავსებოდა სამოციან წლებში, "პავლოვის" ავტოქარხნის მიერ წარმოებულ ავტობუსს. ალკოჰოლზე დამოკიდებილებისა და ვენების მწვავე გაგანიერების გარდა, ნორა გამოირჩეოდა იშვიათი ვოკალური მონაცემებით, რომელთა დემონსტრირებას არასდროს ერიდებოდა. მისივე მტკიცებით, მან წლების წინ თქვა უარი საოპერო კარიერაზე, ავადმყოფი მეუღლის, უწყინარი ბუდისტის, ბატონი გასპარის გამო, რომელიც მუდმივ ზედამხედველობას საჭიროებდა.  გასპარის გარდაცვალების შემდეგ, (მას გაურკვეველ ვითარებაში ამოხდა სული, რაშიც ზოგიერთი მემატიანის მტკიცებით  ნორას ლომის წილი მიუძღვის) ჩვენი შეუდარებელი სოპრანო სასმელს მიეძალა და ყოველ ორშაბათს, დილის 12 საათზე, ან ოდნავ დაგვიანებით,  ბატონი აბრაამის თერაპიის სეანს სტუმრობდა, რომლის მსვლელობისას, როგორც წესი, ღრმად იძინებდა მისთვის განკუთვნილ სავარძელში.
    მიუხედავად გაუთავებელი მცდელობებისა, შეუდარებელი ნორას ბოჰემური შარმი  აბრაამისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა, ვინაიდან საპირისპირო სქესზე პროფესორის ზოგადი წარმოდგენა ორი უმარტივესი მიზეზით იყო დასახიჩრებული. პირველი და უმთავრესი მიზეზი გახლდათ შედარებით ახალი პაციენტი, ქალთა მოძრაობის აქტივისტი, ქალბატონი დელა, რომელიც  ძვლებზე გადაჭიმული კანისა და ოცამდე კბილისგან შედგებოდა. მეორე მიზეზად  პროფესორი აბრაამი დელას ტყუპისცალს მიიჩნევდა - ბელა, თავისი წუთნახევრით უფროსი დისგან მხოლოდ კბილების რაოდენობით  განსხვავდებოდა.
    ორივე მათგანი დაუქორწინებელი გახლდათ, რამაც, ჩემი ვარაუდით, გამოიწვია გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის სურვილი, რომელიც ათასგვარი პლაკატის აფიშირებაში  გამოიხატებოდა და უფრო დახვეწილ ლანძღვა-გინებას ჰგავდა, ვიდრე ვისიმე უფლებათა დაცვას. ამგვარად, სექსუალურად დაუკმაყოფილებელმა დებმა ბოთლში უსაშველოდ ჩაყვინთეს და ამას მხოლოდ კარგი, ჯანსაღი მამრის ოფლის ღვრა თუ მოუღებდა ბოლოს. რომ არ გადავუხვიოთ მამრების თემას, წინათქმის გარეშე, შევუდგეთ უშიშროების ყოფილი მუშაკის, პოლკოვნიკ გრეღორ გრეღორიჩის  ზედაპირულ აღწერას და მისი უდავოდ „შესაშური თვისებით“, პარანოიით შემოვიფარგლოთ, რომელშიც საბჭოთა ოფიცერს ყველა დროის უდიდესი პარანოიკი, ლამანჩელი რაინდი - დონ კიხოტი თუ შეედრებოდა. შეთქმულების თეორიით შეპყრობილი პოლკოვნიკისთვის, სხვა პაციენტებისგან განსხვავებით, "სტალიჩნოესადმი" უზომო სიყვარული არ იყო რაიმე მოვლენით განპირობებული ჩვევა. მეტიც, ის ერთგვარ საგვარეულო ტრადიციას წარმოადგენდა, რასაც მოწმობს გრეღორიჩის აკვიატებული გამონათქვამი: „”бухать, курить и разговаривать учился я одновременно”.“ ასეა თუ ისე,  საბჭოთა უშიშარ ოფიცერს, რიგით მეოთხე, (წარმოშობით ავსტრიელი) ცოლის მოკრძალებული თხოვნით, პროფესორ აბრაამის დახმარებით და თავის მხრივ, არც თუ ისე დიდი ენთუზიაზმით, უწევდა უარის თქმა საგვარეულო პრინციპებზე, რასაც გრეღორი უფროსი, (აცხონოს პარტიამ), არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა.
შემდეგი ორი პაციენტის, რბილად რომ ვთქვათ, გაუთავებელი ლოთობის მიზეზი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდა და ამავდროულად შეიცავდა იდენტურ თვისებებს.  ქიმიკოსის შემთხვევაში, ტრაგიკული გარემოების საგანი იყო, ცოლის მიერ, განქორწინებაზე შეტანილი განცხადება და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის უცნობია, ამის შემდეგ მიეძალა სასმელს მიტოვებული ქმარი, თუ ქალბატონი "მენდელეევნას"“ გადაწყვეტლება ქმრის სასმელზე მიძალების გამო იქნა მიღებული. ფიზიკოსის შემთხვევაში კი, სწორედ წლების წინ მენდელსონის მარშის ფონზე, მმაჩის ბიუროს საბუთზე დასმული ავტოგრაფით დაშვებული საბედისწერო შეცდომა  წარმოადგენდა რეაბილიტაციის აუცილებლობის  მიზეზს. ბუნებრივია, მეოჯახე ფიზიკოსი შურით იყო განმსჭვალული ცოლისგან მიტოვებული ქიმიკოსისადმი, რომელიც, თავის მხრივ, ამ ყველაზე გავრცელებულ გრძნობაში არავის ჩამოუვარდებოდა. ერთმანეთის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება თავს იჩენდა აკადემიურ დისკუსიებში, რაც განუმეორებელ აზარტს სძენდა ამ ორი  მეცნიერის  გაცხარებულ პოლემიკას.
და ბოლოს, მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა, პერსპექტიული ლოთი, ბატონი ტიციანი. ვინაიდან ტიციანისთვის ეს კონკრეტული სეანსი გახლავთ სასტარტო, მას, ჩვეულებისამებრ, მოუწევს სიტყვით გამოსვლა ამ დიდად საპატისცემლო პუბლიკის წინაშე, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თავი შევიკავოთ მისი დახასიათებისგან.
თუმცა სანამ ამ, საკმაოდ დელიკატურ საქმეს მასვე მივანდობდეთ, მინდა ორიოდე სიტყვით საერთო პროცედურის სხვა ჩვეულებებზე მოგახსენოთ. როგორც წესი, სეანსის მიწურულს, ჯგუფი აპლოდისმენტებით აჯილდოვებდა იმას, ვინც, თქვენ წარმოიდგინეთ და, მესამე დღეა არ მიჰკარებოდა სასმელს. ამ დროს ნორასაც ეღვიძებოდა და, პროცესში ჩართულობის ნიშნად, „ბრავოს“ წამოიძახებდა-ხოლმე.  გარდა სიტყვით გამოსვლისა, რომელიც,  ძირითადად,  წარდგენის ხასიათს ატარებდა, ახალბედები თავისთვის, სამომავლოდ, მუდმივ ადგილს ირჩევდნენ, ეს, რა თქმა უნდა, არ იყო დადგენილი წესი, ან აუცილებლობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქალბატონი ნორა ფლობდა უზარმაზარ სავარძელს, რომლის მდგომარეობა იმდენად სავალალო იყო, რომ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ,  პირადად მე, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, შორეულ მომავალში, ვაპირებ დავაარსო ორგანიზაცია, რომელიც ძალების დაუზოგავად იმუშავებს ავეჯის შეურაცხმყოფელთა გამოსავლენად და დასასჯელად! დები, თავიანთი პატარა, გასაშლელი სკამებით მოდიოდნენ. ჭადრაკის მაგიდასთან ადგილობრივი მაშსტაბით წარმატებული მეცნიერები ისხდნენ. რაც შეეხება უშიშარ პოლკოვნიკს, მას ადგილი მტრის ნაღმმა აურჩია, საკმაოდ კომფორტული ეტლის სახით. ტიციანს ფანჯრის მოუხერხებელი რაფა დაებედა, რომელსაც ტრიბუნის ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ახლა კი, რამე რომ არ გამოგვრჩეს, უშუალოდ პროცესსა და მის მონაწილეებს დავუბრუნდეთ. ყველა მათგანი, ნორას გამოკლებით, რომელიც ჩვეულებისამებრ აგვიანებდა,თავის ადგილზე იჯდა.  ახალბედა საქმეს შეუდგა.
    — გამარჯობა, მე ტიციანი ვარ! არასდროს ვიფიქრებდი, რომ მსგავს ვითარებაში მომიწევდა ყოფნა. დავიწყებ  უმთავრესით, მე, მარტივად რომ ვთქვათ, ვარ ლოთი და აქამდე არც ვუჩიოდი ჩემს სოციალურ სტატუსს. ყოველმხრივ კმაყოფილი ვიყავი, სანამ ერთი უცნაური რამ შემემთხვეოდა. თქვენ, ყველამ იცით, რომ ჩვენს ქალაქში, ამ ორიოდე წლის წინ, დაიხურა სპირტის  მწარმოებელი ქარხანა და ათეულობით ადამიანი უმუშევარი დარჩა.
    — რთული დრო იყო! — დაეთანხმა ფიზიკოსი. — ჩემი სიძეც ემსხვერპლა ამ ამბავს, დღემდე უსაქმურად დაეხეტება.
    — ამას ყველანი ვემსხვერპლეთ. — შეუსწორა ქიმიკოსმა. — როგორი ამბავია, ქალაქში ერთადერთი სპირტის მწარმოებელი ქარხნის ლიკვიდაცია?!
    — რა დღეში ჩაგვაგდეს ამ ნაძირლებმა?! — ჩაერთო საუბარში გრეღორიჩი და მოკლე დახასიათებით დახურა  თემა: — бляди!
    — განაგრძეთ ტიციან, განაგრძეთ! — ბრძანა პროფესორმა, რომელიც სხვებზე მეტად განიცდიდა ქალაქის ტრაგედიას.
    — ამ უსამოვნო მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე, უმცროსი დეგუსტატორის თანამდებობაზე დამაწინაურეს და ყველაფერი იდეალურად მიდიოდა.ყველა სახის მარაგზე მიმიწვდებოდა ხელი. ქარხნის გმირულად დაცემის შემდეგ, ბიბლიოთეკაში დამასაქმეს ღამის დარაჯად, სადაც ჩემთვის აქამდე უცნობი სამყარო აღმოვაჩინე და მოკლე ხანში გადავიკითხე წიგნების კოლოსალური რაოდენობა. დღეს კი, თევზის გადამამუშავებელ ქარხანაში მიწევს ოფლის ღვრა, რითაც ძლივსძლივობით ვახერხებ წყურვილის დაკმაყოფილებას. ამ რამდენიმე დღის წინ კეფალის დიდი პარტია მოგვივიდა. უმძიმესი სამუშაოს შემდეგ, სრულიად გამოფიტული, ჩვენი დარაჯის, ბატონი შანსონის „კუშეტკაზე“ გავიშხლართე. არ ვიცი ჩამეძინა თუ არა, მაგრამ როცა გონს მოვეგე, ანგელოზი გამქრალიყო.
—  ვინ,  უკაცრავად? — იკითხა ექიმმა
— ანგელოზი.
ნათქვამია: -„“ძაღლი ახსენე და ხელში ჯოხი მოიმარჯვეო“, - კარებში გამოჩნდა შეუდარებელი ნორა. ამჯერად, მას ვერ დავადანაშაულებდით არაპუნქტუალობაში, ვინაიდან დაგვიანებით დაწყებულ სეანსზე დაგვიანება სხვა არაფერია, თუ არა კანონზომიერება. როგორც ჩანს, პროფესორი აბრაამი სხვა აზრზე იყო და პაციენტს უსამართლოდ უსაყვედურა.
— მაპატიეთ ექიმო! — მოიბოდიშა ნორამ, — საუზმის შემდეგ ჩამძინებია, შემოდგომაზე მჩვევია ხოლმე.                                                                                              — როგორ?! — გაიკვირვა ექიმმა, — თქვენ სახლშიც გძინავთ? რას არ გაიგებს კაცი?!                       
ნორა ღრმად მოკალათდა თავის სავარძელში და ჩვეულებრისამებრ იკითხა:
— რამე ხომ არ გამომრჩა?
ცნობისთვის, (შემდგომში თავადაც დარწმუნდებით), ამ კითხვას ქალბატონი ნორა ორჯერ სვამდა. მაშინ, როცა ჯდებოდა ჩემ მიერ გულისტკივილით ნახსენებ სავარძელში და მეორედ, როცა სავარძლიდან თვალების მოფშვნეტით აიზლაზნებოდა-ხოლმე. 
— არაფერი გამოგრჩენიათ, თუ არ ჩავთვლით ახალგაზრდა ტიციანის ისტორიის პროლოგს! — აცნობა ექიმმა და ტიციანს მიუბრუნდა, — როგორც ვხვდები, თქვენ ამბობთ, რომ ვინმე შანსონის „კუშეტკაზე“ წამოწოლილს  ანგელოზი გამოგეცხადათ.
— დიახ, მე  ხილვა მქონდა.ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ თავიდან ვერ გავიაზრე ამ უჩვეულო ვითარების სრული მისტიციზმი. ახლა კი ვცდილობ გონებაში აღვიდგინო ყველა ის დეტალი, რაც ამ საოცარ მოვლენას თან სდევდა. ერთადერთი რამ მყარად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში, ეს ანგელოზისთვის უჩვეულო, ასე ვთქვათ, არასტერეოტიპური იერი იყო, მას ისეთივე სახე ჰქონდა, როგორიც კარაქის სარეკლამო რგოლში აქვთ იქაურ ქერუბიმებს, ცალ ხელში ანკესი ეპყრო, მეორეთი კი  ბოთლიდან კონიაკს წრუპავდა.                                                                                                                     
— მე ანგელოზი სხვანაირი წარმომედგინა. — თქვა ბელამ.
— ნამდვილად! — დაეთანხმა ტყუპისცალი.
— რა იცით, რომ ანგელოზი იყო? — იკითხა ფიზიკოსმა. — ის დარაჯი იქნებოდა - შანსონი...
— ფრთები ჰქონდა ალბათ, — ივარაუდა ქიმიკოსმა, — შანსონას ვინ მისცა ფრთები?! ვიცნობ მაგ გარეწარს.
— ფრთებზე ვერას მოგახსენებთ, თუმცა ის, რომ ჩემი არაამქვეყნიური სტუმარი ანგელოზი იყო, მისი გამოცხადებისთანავე გახდა ნათელი, — განმარტა ტიციანმა, — გაუგებარია ისიც, ამაში რამ დამარწმუნა, მაგრამ იმ მომენტში სუფევდა აუხსნელი აურა, რომელმაც, ასე ვთქვათ, მტკიცედ შთამაგონა ურყევი აზრი, გნებავთ შინაგანი შეგრძნება. გარდა ამისა, ჩემ შემთხვევაში, ზეციური გამოცხადების უმთავრესი მტკიცებულება პარადოქსულია და მდგომარეობს შემდეგში: მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი მსგავსი ფსევდოსაოცრებებისადმი და, რბილად რომ ვთქვათ, არ ვატარებ ღრმად მორწმუნე ადამიანის სახელს, წამითაც არ შემპარვია ეჭვი ამ მოვლენის ზეციურობაში. ამდენად, ჩემ მიერ ხილული არსების ვინაობა არ უნდა იყოს სავარაუდო, მე ანგელოზი გამომეცხადა.
— კეთილი. რა მიზეზით მოევლინა ანგელოზი თევზის გადასამუშავებელი ქარხნის რიგით მუშას? — იკითხა პროფესორმა.
— ცვლის უფროსთან რომ გამოცხადებულიყო, არ გაგიკვირდებოდა თუ რაშია საქმე? — აღშფოთდა ქიმიკოსი.
— В яблочко! – აუბა მხარი პოლკოვნიკმა.
— მიზეზი საპასუხისმგებლო მისიის დაკისრება გახლდათ. — ტიციანი წამით შეყოვნდა, მოწევის ნებართვა ითხოვა, რაზეც მიიღო ტყუპების კატეგორიული უარი და საუბარი განაგრძო,
    — ბიბლიოთეკაში მუშაობის დროს, მე წავაწყდი ერთი სასულიერო პირის ლიტერატურულ ნაშრომს, სადაც დეტალურად იყო განმარტებული წიგნთა წიგნის, „დაბადების“ რამდენიმე  წმინდა წერილი, ჩემი ინტერესი, რა თქმა უნდა, უპირველესყოვლისა სუფთა აკადემიური გახლდათ და დაუყოვნებლივ შევუდექი  ამ უნიკალური ტრაქტატის დეტალურ შესწავლას. ჩემს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ ადამიანთა წარწყმენდის ნამდვილი მიზეზი იყო არა კაცთა გარყვნილება და სხვა ათასი უბედურება, არამედ ანგელოზთა მიჯნურობა დედამიწაზე. „დაბადების“ მეექვსე თავის ოთხი მუხლი გვამცნებს: "და იყო, რა ჟამს იწყეს კაცთა განმრავლებად ქვეყანასა ზედა, და ასულნი იშვნეს მათდა. ხოლო იხილნეს რა ძეთა ღვთისათა ასულნი, კაცთანი, რამეთუ შვენიერ იყვნენ, მიიყვანეს თავთა თვისთა ცოლებად ყოველთაგან რომელნი გამოირჩინნეს. და თქვა უფალმა ღმერთმან: არა დაადგეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე რამეთუ არიან იგინი ხორცთ: იყვნეს უკვე დღენი მათნი ას ოც წელ. და იყვნეს გმირნი ქვეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომათ ამისა, ვითარცა შევიდოდეს ძენი ღვთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს მათგან. იგინი იყვნენ გმირნი, საუკუნითაგან კაცნი სახელოვანნი...““
— Я нехера не понял!
— მოითმინეთ, ბატონო! — ტიციანმა განაგრძო, — რატომღაც ეს ოთხი მუხლი ამოღებულია წმინდა წერილის მოკლე სახელმძღვანელოებიდან და ზოგიერთი სასულიერო პირი ცდილობს, შეძლებისდაგვარად, გვერდი აუაროს ამ მეტად სათაკილო ამბავს და ნოეს ხსენებისას, პირდაპირ წარღვნის ამბავზე გადადის , თუმცა ბიბლიამ შეინარჩუნა  ეს ოთხივე მუხლი. გარდა ამისა, არსებობს ენუქის წიგნი, რომელიც მეთვრამეტე საუკუნემდე დაკარგულად ითვლებოდა, სანამ იაკობ ბრიუსმა, საკმაოდ ცნობილმა შოტლანდიელმა მოგზაურმა, ნაპოვნი წიგნი ოქსფორდის უნივერსიტეტში არ ჩაიტანა. მალევე, 1838 წელს გამოქვეყნდა ირლანდიის ეპისკოპოსის, რიჩარდ ლოურენსის ინგლისური თარგმანი, რომელშიც აღწერილია, როგორ შეიყვარეს ციურმა ქმნილებებმა ადამიანთა მოდგმის ასულები. ამ განზრახვის უმთავრესი შემოქმედი გახლდათ უბრწყინვალეს ანგელოზთა მთავარი სემიაზიმი. ენუქი წერს: "ანგელოზებმა მრავალთა ადამიანთა ასულები მოიყვანეს, ცოლებად შეიქმნეს 1170 წელს ქვეყნიერების შექმნიდან. ამ ქორწინებიდან ბუმბერაზთა მოდგმა იშვა..."“როგორც შემდეგ „დაბადება“-ში აღმოვაჩინე, სწორედ ამ მოდგმის წარწყმენდის მიზანი იყო ნოესდროინდელი წარღვნა!
— ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ თქვენთან რა კავშირშია? — შეაწყვეტინა ექიმმა, — აგვიხსენით გეთაყვა!
— მართლაც, — აუბა მხარი ფიზიკოსმა, — სად შენ და სად ნოე?!
— კეთილი ბატონებო, — ტიციანი წელში გაიმართა, შეისწორა საყელო და საგანგებოდ გამოაცხადა, — მე, ჩემს მიერ ხილული ანგელოზისგან, მაქვს დავალებული, რადაც არ უნდა  დამიჯდეს, მოვძებნო და გამოვაშკარავო სემიაზიმის შთამომავალი დედამიწაზე, ერთადერთი ნახევარანგელოზი. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენაც არ მაქვს როგორ მოვახერხებ ამას,  და სანამ ამ საპასუხისმგებლო საქმეს შევუდგებოდე, სათანადოდ მომზადება მმართებს. ამიტომ  გადავწყვიტე, ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებით დამეწყო, რაშიც ექიმი აბრაამის დიდ იმედი მაქვს. 
— რა თქმა უნდა,  ერთობლივი ძალებით! — დაუდასტურა პროფესორმა, — მნიშვნელობა არა აქვს, რა მიზეზით მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, მთავარია, გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს არის თქვენი რეაბილიტაციის უმთავრესი გარანტი, თუმცა მე მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, რატომ მაიცდამაინც თქვენ დაგევალათ ამგვარი, უდავოდ განსაკუთრებული მისია?
— ვფიქრობ ამაში გზადაგზა გავერკვევი! — ივარაუდა ახალგაზრდა შიზოფრენიკმა.
— ასე თუ ისე, თქვენ აქ ხართ, ჩვენთან, მთავარი ეს არის! დაასკვნა პროფესორმა — ახლა კი, სიამოვნებით მოვისმენ ჯგუფის მოსაზრებას ამ იშვიათ შემთხვევასთან დაკავშირებით. დავიწყოთ თქვენით, პოლკოვნიკო!                            — шо туть думкать, белая горячка.
— ვეთანხმები გრეღორიჩს — თქვა ქიმიკოსმა, — ყველაფერი ნათელია! ბიჭი ჯერ სპირტთან მუშაობდა, ამას მოკლე დროში მიღებული ცოდნა დაემატა, ბიბლიოთეკის შემდეგ კი, ყველაფერი ტონობით თევზის ავსურნელებამ დააგვირგვინა. ხომ წარმოგიდენიათ რა დღეშია ახლა ამის ტვინი?!
— ქალბატონი ბელა რას გვეტყვის?
— მე დელა ვარ.                                                                                                                        — რას გვეტყვის ქალბატონი დელა?
— ჩემს წარმოდგენაში, ზეციური არსება ნაკლებად მორგებულია ლოთი მეთევზის ტიპაჟს, თუმცა მე არაფერს გამოვრიცხავ. იცით, ჩვენს ქალაქს აქვს უნიკალური თვისება, თავიდან, ვინც ჩვენთან ჩამოდის სამუშაოდ, სტუმრად, ან რომელიმე სხვა განზრახვით, ანგელოზივით სუფთა და უმანკოა, მაგრამ მერე რა დღეშიც ვარდებიან, ყველამ კარგად ვიცით!                                                                                         
        — თქვენი აზრი ქალბატონო ნორა? ვინმემ გააღვიძეთ!
        — ეძინოს! — თქვა ქიმიკოსმა, — წინა შეკრებაზე ვცადე, გავწვალდი, ნორას სჯერა ასეთების.
          — კეთილი, ახლა კი ამ ყველაფერს სხვა კუთხით შევხედოთ...
        სეანსი კიდევ საათს გაგრძელდა, ტიციანი ბოლომდე ჩართული იყო პროცესში, რაც ახლო მომავალში, სასურველი შედეგის მიღწევის იმედის საფუძველს ჰქმნიდა. რა თქმა უნდა, პროფესორი აბრაამი შორს იყო იმ აზრისგან, რომ არაამქვეყნიური არსების გამოცხადება შეიძლებოდა რეალური ყოფილიყო და დიაგნოზში უმრავლესობას ეთანხმებოდა, თუმცა, რა საკვირველია, ტიციანისთვის ამის გამხელა უგუნური ნაბიჯი იქნებოდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში გზას აცდენილი ახალგაზრდა თავისი ცხოვრების ჩვეულ რითმს დაუბრუნდებოდა. სეანსის ბოლოს აპლოდისმენტებით ქიმიკოსი დააჯილდოვეს, სრულიად სამართლიანად, ოთხი დღე სასმელის გარეშე ხუმრობა საქმე არ არის.
— ბრავო! — გაეღვიძა ნორას — რამე ხომ არ გამომრჩა?

2

    თქვენი არ ვიცი და, ტიციანის ნამბობი ანგელოზთა მიჯნურობის შესახებ, რომელიც მან, ღმერთმა უწყის რა მდგომარეობაში ამოიკითხა, პირადად მე, ცოტა არ იყოს, დაუჯერებელი მეჩვენა, რის შემდეგაც გადავწყვიტე დაუყოვნებლივ გადამემოწმებინა მის მიერ ციტირებული აპოფთეგმის არსებობა, ციურ ლოველასთა შესახებ და, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, აღმოვაჩინე, რომ ახალგაზრდა შიზოფრენიკის მიერ ნახსენები, მსოფლიო წარღვნის განზრახვის სისრულეში მოყვანის  მიზეზთა რიგი, არამარტო შეესაბამება სიმართლეს, არამედ ეხება იმ საჭირბოროტო საკითხთა ნუსხას, რომლის გამოაშკარავებას, როგორ ჩანს, ერიდებიან ჩვენი დროის უდიდესი კორპორაციის მამები. რომ არ გავხდეთ მრავალმხრივ მადლგამსჭვალულ კრიტიკოსთა კორექტული რისხვის უსუსური მსხვერპლნი, მოწიწებით გთხოვთ, ტიციანის მიერ ნახსენები წყაროთა მეშვეობით, დარწმუნდეთ ამ უძველესი საპნის ოპერის ჭეშმარიტებაში. ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება ძველი აღთქმის პირველი წიგნი, თუ თქვენს პირად ბიბლიოთეკაში არ მოიძებნება ღვთის კარნახით შედგენილი წმინდა წერილი, შეიარეთ უახლოეს საეკლესიო მაღაზიაში, სადაც თავისუფლად შეძლებთ ამ, არც თუ ისე ძვირად ღირებული წიგნის შეძენას. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ხელფასი არ აღემატება მინიმალურ ზღვარს და დილაობით, კბილების გახეხვის პროცესშივე, ჯაგრისზე დატანილი პასტით საუზმობთ, ან ბრძანდებით უაღრესად ძუნწი, უბრალოდ მოიპარეთ იგი. ერთი სიტყვით, არსებობს უამრავი ხერხი, ჩაიხედოთ „დაბადება“-ში.  ყველაფერთან ერთად, თუ თქვენი პიროვნული თვისებები აღიწერება ისეთ უიშვიათეს სიტყვათა წყობაში, როგორიც არის  "ზარმაცი, მაგრამ ნიჭიერი" და უმარტივესი გზით შეძენილი წიგნის სრულ გაცნობას პრომეთეს ტანჯვასთან აიგივებთ, აგერ, ბატონო, უხილავი სანიშნი — დაბადება. თავი მეექვსე. პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე მუხლი. შეისწორეთ სათვალე და რიტორიკულად წარმოთქვით — ხედავ შენ?!
    მეორე ლიტერატურული წყარო, როგორც უკვე იცით, გახლდათ ენუქის, ანუ ენოქის წიგნი, რომელიც მან თავის შვილს მათუსალას უანდერძა. ამ წიგნის მეორე მუხლში თქვენ ამოიკითხავთ იმ ანგელოზთა სახელებს, ჰერმონის მთაზე კოლეგიალობის ფიცი რომ დადეს. შემდეგ ჩვენი ქალები შეაცდინეს და დედამიწაზე ნახევრად ანგელოზების გამრავლებას შეუდგნენ, რის შედეგადაც განრისხდა მამა-ღმერთი და აი, მსოფლიო წარღვნაც. აქ ერთი გასროლით ორი კურდღლის მოკვლასთან გვაქვს საქმე, ნახევრად ანგელოზები, ბუმბერაზნი, (როგორც ენოქი უწოდებს), რომ დახოცა - ჯანდაბას, ჩვენც რომ მიგვაყოლა ზედ ბონუსივით, ამაზე მწყდება გული.

    სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ტიციანს ანგელოზი მოევლინა, თუ როგორც ფიზიკოსმა ივარაუდა, განრისხებული შანსონი დაადგა თავზე, მაგრამ ის, რომ მის მიერ მოყოლილი ამბავი, მსოფლიო წარღვნასა და მის ჭეშმარიტ მიზეზებზე, სიმართლეს შეესაბამება, ამაში ჩვენ ერთობლივად დავრწმუნდით.
      ჩვენგან განსხვავებით, პროფესორ აბრაამის პაციენტთაგან არავინ შეწუხებულა ამ  ფაქტების გადამოწმებით, რაც გასაგებიცაა, მსგავს სეანსებზე იმდენი სისულელე გაჟღერებულა,- იცოცხლე! მით უმეტეს, რომ ყველა თავისი გასაჭირით ჭიპზე სკდებოდა და თავზე საყრელი პრობლემებით ხვდებოდა ქალაქის უმთავრეს დღესასწაულს, რომლის დასაბამი კაცისშვილმა არ იცოდა. ასევე გაუგებარია რას აღნიშნავდნენ ამ დღეს ქალაქის ბინადრები, მაგრამ აღნიშნავდნენ ისე პომპეზურად, რომ ამათთან შედარებით აძურას ტიფოზები საბავშო ბაღში გამართული ზეიმის მონაწილეებად მოგეჩვენებოდათ.  სიმართლე გითხრათ, ეს იყო გაუმაძღრად დროის ტარების კიდევ ერთი მიზეზი. ამ დღეს ვლინდებოდა ისეთ ტურნირთა გამარჯვებულები, როგორიც არის ლუდის დიდი რაოდენობით მირთმევა შეზღუდულ დროში, იმავე წესებით ათასგვარი ნამცხვრის არანორმალურად ათვისება, იმართებოდა სპარინგები კრივში (ადგილობრივი წესებითა და რეფერის მოსულიერებით), თეატრალური წარმოდგენები, ვისკის დალევის 101 ხერხის დემონსტრირება და სხვა ამგვარ წეს-ჩვეულებათა რიგი, თუმცა ყველაზე ბრწყინვალე ტრადიცია ძალაუნებური მსხვერპლშეწირვა გახლდათ, რომელიც ყოველწლიურად თან სდევდა უხარისხო ფოიერვერკის ამოქმედებას. ყოველი ოჯახი, დაწესებულებათა კოლექტივი, თუ სამეგობრო წრე, ინდივიდუალურად ემზადებოდა ამ დღესასწაულისთვის. რა თქმა უნდა, არც რეაბილიტაციის ცენტრი პასიურობდა, სადაც რიგგარეშე ალკოჰოლიკთა სხდომაზე, პროფესორ აბრაამის ხელმძღვანელობით იმართებოდა მსჯელობა, თუ რა თეატრალური ნომრით გამოსულიყო ეს, დიდად საპატივცემლო ხალხით დაკომპლექტებული ჯგუფი.                                                               
— არ შევრცხვეთ, ბატონო, არ შევრცხვეთ! — გაიძახოდა ქიმიკოსი და მოუსვენრად ბოლთას სცემდა კაბინეტში.                                                                      — თავი ამატკივე უკვე! — შესძახა შეწუხებულმა ფიზიკოსმა, — რა უნდა შერცხვე, შენც არ გქონდეს ახლა მენდელეევის რეპუტაცია.                                                            — მოგვეჭრა თავი! — არ ჩერდებოდა ქიმიკოსი.
— მოჭრასთან გამახსენდა, — ჩაერთო საუბარში ბელა, — "ვენეციელი ვაჭარი" ხომ არ დაგვედგა?
— შექსპირი თუ გინდა, "ოტელოს" არაფერი სჯობია — თქვა ქიმიკოსმა — განსაკუთრებით ის სცენა მომწონს:  „დეზდემონა, შე კახპა ,სად ხარ? უნდა მოგახრჩო!“
— ოჯახური პრობლემები ყველამ დავივიწყოთ თუ შეიძლება! — გამოაცხადა პროფესორმა, — ნორა რას შემოგვთავაზებს?                                                                      — ნორა რას შემოგთავაზებს არ იცი? — დაასწრო ნორას ქიმიკოსმა, — ”მძინარე მზეთუნახავს”.
— არა, ბატონო! — იუკადრისა ნორამ, — მე უფრო დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებს ვამჯობინებდი,  კერძოდ აგათა კრისტის რომელიმე რომანის მიხედვით...
— ”შავი ქვრივი”, მაგალითად! — ჩაიჩურჩულა ფიზიკოსმა.                                        — პოლკოვნიკო, თქვენ რას გვირჩევდით?
— шо-небудь, родимое, ”Иван Сусанин” к примеру. Я репетировал.
— ნაწყვეტი შემოგვთავაზოს, იქნებ ღირებულია რამე!
— С превиликим удовольствием! — დათანხმდა გრეღორიჩი და მხატვრული კითხვის მისაბაძი მაგალითი წარადგინა:
                            -Куда ты завел нас, старик бородатый?
                              Куда ты завел нас? не видно не зги.
                            -Идите вы на хуй, я сам заблудился,
                              Шагайте вперед не Ирбите мозги...“
— როგორია?                                                                                                                          — ზედმეტად  დახვეწილია! — შეაფასა ფიზიკოსმა.
— მე მაქვს ერთი ჩანაფიქრი! — ჩაერთო საუბარში ტიციანი.                                        — არ გვინდა, შენი ჭირიმე, — აღუდგა წინ ქიმიკოსი, — ახლა კიდევ რა უნდა შემოგვთავაზო? ლოცვა აღვავლინოთ სცენაზე,  თუ ფეხებს დაგვბან აქ მაცხოვარივით. დაბანილი ვართ ჩვენ. სხვათა შორის, არ მჯერა მე მაგ შენი ანგელოზების, ქიმიკოსი ვარ მე.  წყალი ღვინოდ რომ იქცეოდეს, დამასწრებდა ამას ვიღაც ებრაელი?
—მშრალი კანონის წლებში გაამართლებდა მაგი!- აღნიშნა ფიზიკოსმა.
—გრცხვენოდეთ, ბატონებო! — შეწუხდა ბელა, — ნუ გააფრინეთ მთლად!
—მართლაც, — აუბა მხარი ტყუპისცალმა, — ეტყობა, იმ თქვენს ლაბორატორიებში, თუ რა ჯარხანაა, ცდებში გადააჭარბეს და მოგვევლინა აგერ ორი ჭკუის კოლოფი. ღვთის მოშიშები რომ უნდა ვიყოთ, ამის შესახებ თუ გსმენიათ რამე, თქვე ღლაპებო?               
— შენ თუ გსმენია, ჩემო დელა, ემპირიოკრიტიციზმის შესახებ? — შემოუბრუნა ფიზიკოსმა — და საერთოდ, დღემდე ზოგიერთის შუბლივით ბრტყელი რომ გგონია დედამიწა, ნუ შემოხვალ ჩემთან პოლემიკაში! მე, თავის დროზე, ნობელის პრემიაზე ვთქვი უარი და ერთი-ორჯერ აინშტაინიც მყავს ნანახი.                              — ეტყობა, მაგის მერე გადმოიგდო ენა მაგ საცოდავმა! — შეეპასუხა დელა, — ცოლი როგორ გიძლებს სახლში?!
    აშკარაა, რომ ეს მეტად კორექტული დისკუსია აუცილებლად გადაიზრდებოდა უდრეკი არგუმენტაციის ფაზაში, სადაც სექსოლოგიის უზადო ცოდნა და ანატომიურ საკითხებში ღრმა ჩახედულება მალევე გამოვლინდებოდა მხატვრული ლექსიკის შეუდარებელ ნიმუშებში, რომ არა რაფაზე ამძვრალი ტიციანის ომახიანი შეძახილი:
— ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ!!!                                                                                      — ბრავო! — წამოხტა სავარძლიდან ნორა, — რამე ხომ არ გამომრჩა?                          — დაიძინე! — უყვირა ნორას ფიზიკოსმა და ტიციანს მიუბრუნდა. — რომ დამდგარხარ აქ მუსოლინივით, ყური მიგდე მეგობარო, ბერკლისა და ლაიბნიცის ერთურთ გამომრიცხავი თეორიის გთვალისწინებით, მომენტალური ანალიზის თანახმად და, რაც მთავარია, მასათა მიზიდულობის კანონზე დაყრდნობით, შემიძლია ვივარაუდო გარდაუვალი შედეგი, რომელიც ბიოქიმიური თვალსაზრისით, არანაკლებ მტკივნეული იქნება, როგორც თქვენთვის, ძვირფასო ტიციან, ასევე იმ კოხტად გაპრიალებულ პარკეტზე  მობინადრე მიკრობებისთვის. ერთი სიტყვით მესია, ჩამოდი ძირს, თორემ ისე ჩამოეპერტყები, ფრთების გაშლასაც ვერ მოასწრებ!
როგორც ჩანს, ამგვარი მეცნიერული დასკვნა არ აღმოჩნდა საკმარისად დამაჯერებელი და ტიციანმა ბღავილს უმატა. სამაგიეროდ, იგივე დასკვნა საკმარისი აღმოჩნდა ქიმიკოსისთვის, რათა გადაჭარბებული სარკაზმით გაეღვივებინა ვითარება:
— აი, როგორ ეტყობა კაცს ნობელი რომ იუკადრისა, — მიუთითა მან ფიზიკოსზე, — ასეთი მეცნიერული პროგნოზი იმსახურებს საყოველთაო ყურადღებას, მარტო ეს სიტყვები რად ღირს:  -„"შემიძლია ვივარაუდო გარდაუვალი შედეგი",“გარდაუვალის ვარაუდს ნამდვილად დიდი ჭკუა სჭირდება.
    აქ კი, იძულებული ვარ ტამ-აუტი გამოვაცხადო და ამ პაუზის მიზეზს აქვე განგიმარტავთ. მოვლენების განვითარებასთან ერთად, ჩვენ ვაწყდებით რამდენიმე პრობლემას და უმთავრესი დაბრკოლება გახლავთ ბეჭდვითი ცენზურა. ამდენად, მე არ მაქვს უფლება ჩვენი ძვირფასი ფიზიკოსის პასუხი კლავიატურაზე ავკრიფო და როგორც ჩვენი დროის უმუშევარ ჯენტლმენს შეეფერება, ვალდებული ვარ, დავიცვა ეთიკისა და სხვა უსარგებლო ცნებათა ნორმები. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა გახლავთ ჩემი, პირადი გამოცდილება, რომელიც, ერთი მხრივ, მკარნახობს, რომ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება, მეორე მხრივ, უბრალოდ, არასაკმარისია იმისთვის, რათა სათანადოდ აღგიწეროთ მოახლოებული არეულობა. ამიტომ დაველოდოთ ამ, ექსტრავაგანტული პუბლიკის დაშოშმინებას და უადგილო გადახვევა დროის ფლანგვაში რომ არ ჩაგვეთვალოს, გთხოვთ, გაიზიაროთ ჩემი დაკვირვება, ფიზიკოსის მიერ ზემოთ ნახსენები, მიზიდულობის კანონთან დაკავშირებით.

    "წავედი ფორუმზე", -  იბარებდა რიგითი რომაელი საპირფარეშოში შესვლის დროს. მსგავსი გამონათქვამები არსებობდა ყოველთვის და ყველა კულტურაში. მაგალითისთვის, ვოლტერი ტუალეტში წასვლამდე ამბობდა, რომ სამყაროს გონთან სასაუბროდ ემზადებოდა. რა კავშირშია ფრანგი ფილოსოფოსის ფაღარათი საყოველთაო მიზიდულობის კანონთან?- იკითხავთ თქვენ, და მართლაც, თუმცა არსებობს ერთი საინტერესო გარემოება. ყველა მოაზროვნე და ფართო თვალსაწიერის მქონე ადამიანმა იცის, რომ საპირფარეშო არის იდეალური ადგილი ფიქრისთვის. აქ კი, დგება ჩვენი მოკძალებული კვლევის საკვანძო მომენტი. გაიხსენეთ, რა ვითარებაში მოახდინა კლასიკური მექანიკის ფუძემდებელმა,  სერ ისააკ ნიუტონმა, საყოველთაო მიზიდულობის კანონის ფორმურილება. შეგახსენებთ, ვაშლის ხის ძირში! აქედან გამომდინარე, და ყველა ასპექტის გათვალისწინებით, ჩვენ არა თუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, არამედ გვაქვს სრული საფუძველი, დანადვილებით ვთქვათ, თუ რითი იყო დაკავებული, დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში, მე-17 საუკუნის გამოჩენილი მეცნიერი და არაფერ შუაშია ის გაპიარებული ვაშლი. გოგრაც რომ დასცემოდა თავზე, ”ფორუმის”“გარეშე არ გამოვიდოდა ეს ამბავი: - მოისაქმაც ამას ჰქვია!
მათთვის, ვინც არ არის დაინტერესებული მსგავსი ლაკონური კვლევებით და გუგულის ბუდისთვის ერთხელაც არ გადაუფრენია, უმჯობესი იქნება,  სხვა, გაცილებით აპოლოგიური ლიტერატურის მეშვეობით განიღრმავოს ბრჭე სულისა და გონებისა, ჩვენ კი, უბრალო მოკვდავნო, ვისთვისაც წყალი უპირველეს ყოვლისა სველია, დავუბრუნდეთ გამოჩენილი ლოთების რიგგარეშე სესიას, სადაც პროფესორმა აბრაამმა ეს ესაა განმუხტა ვითარება. ტიციანმა კიდევ ერთხელ ითხოვა სიტყვა და შიზოფრენიკისთვის შეუფერებელი სიმშვიდით განაგრძო:
— მეგობებო, თანამოზიარენო! ჩემი შემოთვაზება არანაირად არ ეხება დრამატურგიას.  პირიქით, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ავანტურული ჩანაფიქრი სწორედ მოახლოებული დღესასწაულის იგნორირებას გულისხმობს. როგორც იცით, დღევანდელი სეანსი რიგით მეორეა ჩემთვის და მე უზომოდ ბედნიერი ვარ თქვენთან ურთიერთობით, მაგრამ რეაბილიტაციის თვალსაზრისით, ჩვენი ყოველკვირეული ასამბლეა, ვფიქრობ, არაფრის მომცემი და უპერსპექტივოა. პირადად მე, ყველა იმედი იმის შემდეგ გადამეწურა, რაც შევიტყვე, რომ ჩვენი მშობლიური კლინიკა, დაარსებიდან, ანონიმურ ალკოჰოლიკთა რეაბილიტაციის ცენტრში აღრიცხულ პაციენტთა უცვლელი შვიდეულის მიერ გაღებული ფულადი შენატანის მეშვეობითღა ახერხებს კომუნალური ხარჯების დაფარვას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი დაწესებულების პიონერები ამავდროულად ყველაზე სტაჟიანი პაციენტები არიან და გრეღორიჩზე რომ არაფერი  ვთქვათ, ქალბატონი ნორა უდავოდ იმსახურებს შენობის ფასადზე მემორიალური დაფის განთავსებას, რომელზეც ოქროს ასოებით დაეწერება: "აქ, მრავალი წლის მანძილზე, მოღვაწეობდა მსოფლიო ოპერის აუნაზღაურებელი დანაკარგი ...”       
— მოთმინება გმართებთ ტიციან! — შეაწყვეტინა პროფესორმა, — ეს ხანგრძლივი პროცესია, ცვლილებებს მხოლოდ დროთა განმავლობაში იგრძნობთ,
— გეთანხმებით ექიმო და პრობლემა სწორედ ამაშია! ჩვენ, ჯერ კიდევ წინა შეკრებაზე, აპლოდისმენტებით დავაჯილოვეთ პატივცემული ქიმიკოსი და ლამის დაფნის გვირგვინი შევუკოწიწეთ ჩვენი დროის საამაყო ჰერაკლეს, წუხელ კი, ქალაქის ყველაზე აქტუალურ ბარში, მან სკოჩის ისეთი რაოდენობა მიიღო, მიკვირს სიზმარს რომ არ გადაჰყვა. ბარის მეპატრონე კი, თბილი ქვეყნებისკენ მოლივლივე ბოინგის, ბიზნეს კლასის ილუმინატორიდან ენას გვიყოფს და გვეჯღანება. - აბა დამეწიეთო!.. 
—ცამდე მართალი ხარ, ტიციან! — თავში ხელები შემოირტყა ქიმიკოსმა, — თბილ ქვეყნებზე რა გითხრა, მაგრამ ბოლო შარვალი ღილებიანად რომ მექნება გასაყიდი, ამაში ეჭვი არ შეგეპაროს!
— ასეთი რა დალიე, შე უკუჩვენებავ! — გაუბრაზდა ფიზიკოსი კოლეგას. 
— თავად ნახე! —შუაზე გაკეცილი ანგარიში ხელის ცახცახით მიაწოდა ქიმიკოსმა. — მთელი დღე თან დამაქვს მომაკვდავის ანდერძივით.
ფიზიკოსს თვალები შუბლზე აუვიდა: — მერე რას დამჯდარხარ აქ მაო ძედუნივით?! ითხოვე სადმე პოლიტიკური თავშესაფარი, ან ჩალპი უკაცრიელ კუნძულზე!
— Малчать, мать вашу через ё! — ხმა აიმაღლა გრეღორიჩმა, —  ბოლომდე ათქმევინეთ  კაცს!
ტიციანმა განაგრძო: — გულწრფელად გეტყვით მეგობრებო, ასე საქმე არ გამოვა! ამიტომ, მე გთავაზობთ კოლექტიურ ლაშქრობას ქალაქგარეთ. დღესასწაულამდე ერთი კვირაა დარჩენილი და ჩემი გათვლებით ათ დღიანი გაუჩინარება ან გადაგვატანინებს ამ საშინელ დამოკიდებულებას, ან საბოლოოდ დაგვღუპავს!
— დაგვღუპავს რა თქმა უნდა! — აიტაცა ფიზიკოსმა, — ასეთი სისულელე რამ მოგაფიქრებინა, თუ კაცი ხარ?!
— სიმართლე გითხრათ, მიფიქრია ამაზე! — გაამხილა პროფესორმა, — მაგრამ მე მხოლოდ უწყინარ ექსკურსიას ვგეგმავდი, ადგილობრივ პარკებში ულამაზესი ადგილებია...
— ულამაზეს ადგილებში კი გადარეული გიდი ნაჯახით დარბის და ჯერონიმოს გაჰყვირის! — შეახსენა პროფერსორს ბელამ, — მე წინააღმდეგი ვარ!
— ასევე წინააღმდეგი ვარ! — აუბა მხარი ტყუპისცალმა, — ტიციანის შემოთავაზება სულაც არ არის აზრს მოკლებული, მაგრამ ახლა, ჩვენი ქალაქის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, ამაზე საუბარი, ვფიქრობ, უბრალოდ არასერიოზულია!
— ჩანაფიქრი უდავოდ საინტერესოა და ნამდვილად იმსახურებს სათანადო ყურადღებას, მაგრამ ამ შემთხვევაში, მეც დელას დავეთანხმები! — დათმო პოზიციები პოფესორმა — თუმცა, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი, გპირდებით, რომ ახლო მომავალში, ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს!
    ამგვარად, ჯგუფმა უკუაგდო ტიციანის შემოთავაზება, რომელიც ერთი შეხედვით, წინასწარვე ფიასკოსთვის იყო განწირული, თუმცა ენთუზიაზმით აღსავსე შიზოფრენიკებს, როგორც წესი, არ სჩვევიათ უკან დახევა. ამდენად, ტიციანი, როგორც ზემოთ აღწერილი კონტიგენტის თვალსაჩინო წამომადგენელი, დანებებას არც აპირებდა, მაგრამ მოცემულ ვითარებაში ინიციატივის სათავისოთ შემობრუნებისთვის აუცილებელი იყო ერთგვარი მოულოდნელობის ეფექტი, არაორდინალური მოქმედება, როგორც იტყვიან მხედრით სვლა. დასაწყისისთვის, მას ჯგუფის სრული ყურადღება უნდა მიეპყრო. ტიციანმა ელვის სისწფით დატოვა ფანჯის რაფა და პროფესორის მაგიდასთან მოახლოებისთანავე, ბანქოს თამაშისას სახელოში შემონახული  მაღალი თულფის მსგავსად, ექიმს თეთრი დალუქული კონვერტი ცხვირწინ დაუგდო. 
ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ამ ქმედებაში განსაკუთრებული არაფერია და სათანადოდ ვერ შეაფასოს ჩვენი კრეატიული ინიციატორის გონებრივი სისხარტე. ამიტომ, ნება მიბოძეთ, დაწვრილებით აგიხსნათ ამ მანევრის სრული მზაკვრულობა, მიგასწავლოთ, სად მარხია ძაღლის თავი!
როგორც იცით, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი ინსტინქტი თვითგადაჩენასა და თვითგანადგურებასთან ერთად, არის თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა, რომელიც ყოველდღიურად გვევლინება ათასგვარ ფორმაში და სხვადასხვა სახით. ჩემ მიერ შემუშავებული, ათ ბალიან შკალის მიხედვით, საშუალო შეფასებას სჯერდება მოაზროვნეთა ისეთი პასუხგაუცემელი კითხვები, როგორის არის ბერტრან რასელის მიერ კაცობრიობისთვის ნაანდერძევი  - „არსებობს თუ არა მატერია?“.“თუმცა უმაღლესი ორდენის კავალერები უდავოდ არიან ისინი, ვისთვისაც ცნობისმოყვარეობა რეფლექსამდეა დაყვანილი,  ვგულისხმობ იმ ხალხის კატეგორიას, რომლებსაც სხვების თანდასწრებით შეუძლიათ ურცხვად მოიხოცონ ცხვირი და ამის შემდეგ, წამის მეასედით, გნებავთ უნებლიედ, ჩაიხედონ ცხვრსახოცში, რათა დაიკმაყოფილონ ამგვარი ბიოლოგიური ინტერესი. ერთი სიტყვით, ცნობისმოყვარეობა არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების საკვანძო მექანიზმი, მამუშავებელი ძრავა, რისი მეშვეობითაც, ტიციანმა წარმატებით განვლო საწყისი ეტაპი და სრული ყურადღება დაიმსახურა. შემდეგი ამოცანა, რომლის წინაშე აღმოჩნდა ტიციანი, სადავეების შენარჩუნება გახლდათ, ვინაიდან იმ იდუმალ კონვერტში სხვა არაფერი იყო, გარდა კომუნალური ხარჯების აღმრიცხველი ქვითრისა და ამგვარი მაკულატურისა, რომელიც არანაირად არ უკავშირდებოდა კონკრეტულ საქმეს.                                                                                                                                           
— რა დევს კონვერტში? — დაინტერესდა პროფესორი.
— ბილეთები! — უპასუხა ტიციანმა, — რვა ბილეთი ხვალინდელ ღამის მატარებელზე.
გაგიკვირდებათ და ამ ცნობამ რადიკალურად შეცვალა ვითარება. თავი რომ არ მოგაწყინოთ, მორიგი ფსევდოფილოსოფიური დაკვირვებებით ადამიანის ამორალურ ბუნებაზე,  რომლის ძირითადი თვისება არის უსაზღვრო ამპარტავნება და ეგოიზმი, შემოვიფარგლოთ შემდეგი აპოფთეგმით:„"და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თვისად და ხატად ღრმთისა".  მართალია, თავდაპირველ ცოდვამდე, იმ სუბტროპიკულ ადგილებში ჩასახლებულ წყვილს ეს თვისებები არ გააჩნდა, მაგრამ რაიმე ცნობები არც დადებით თვისებებზე შემოგვრჩენია. მითუმეტეს, რომ  ეგოიზმსა და ამპარტავნებას მაინც და მაინც უარყოფითთა სფეროს ვერ მივაკუთნებთ, ვინაიდან ეგოიზმი არის სიყვარულის ის ერთადერთი ფორმა, რომლის ჭეშმარიტებაში ვერც ერთი გონიერი არსება ეჭვს ვერ შეიტანს. შეიძლება ეჭვი შეგეპაროს კეთილშობილი მეუღლის და ოცი წლის სტაჟის მქონე საიდუმლო საყვარლის სიყვარულში, ან ყველაზე ერთგული ძაღლის ერთგულებაში, მაგრამ ეგოიზმი უეჭველია, თქვენ ან გიყვართ საკუთარი თავი ან არა. რაც შეეხება ამპარტავნებას, პირადად მე, მას ამოვიღებდი სასიკვდილო ცოდვების ნუსხიდან, ან საერთოდ, თავდაბლობით ჩავანაცვლები. წმინდა წერილის ხელშეუხებლობაზე კი, მის უწმინდესობას, რომის პაპს, გრეგოლ პირველს გაესაუბრეთ, რომელმაც ერთ მშვენიერ დილას, ანგელოზების ათსაფეხურებიანი იერარქია გაანახევრა და თავისი ჭია რომ გაეხარებინა, ერთი ხელის მოსმით მოახდინა ციური რანგების გადახალისება.მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთია ადამიანის ბუნება და სადაც გადახდილია, დანაყრებაც ღირს.
ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არარსებულ ბილეთებს. პირველი, ვინც წამოეგო სიხარბის ტბაში შეგდებულ  ანკესზე, ვალებით განებივრებული ქიმიკოსი აღმოჩნდა.                                   
— ის მაინც გვითხარი, სად მიგყავართ?                                                                                           
— რაში გაინტერესებს? — შეწუხდა ფიზიკოსი, — ამ სულელულ ავანტურაში ნუ ჩაებმები!
— ავანტურა უძახე შენ და ჩემს შემთხვევაში ეს შესაძლოა გადარჩენის ერთადერთი გზა იყოს. კრედიტორებს ცოტახნით მაინც დავემალები! 
— უკუნეთში რომ გაგიწევია ბატონო, ქალაქის წინაშე ჩვენს ვალდებულებას რას უშვრები?  — შეახსენა ქიმიკოსს დელამ.                                                                                                 
— მართლაც, — ტრადიციულად აუბა მხარი ტყუპისცალმა, — მოგვეჭრა თავიო რომ  იძახდი, უკვე აღარ გაღელვებს ხომ ჩვენი დაწესებულების რეპუტაცია?!                                                   
— თავის მოჭრას ვინ ჩივის, ჩემო ბელა, კასტრაციის საშიშროების წინაშე ვდგავარ კაცი და ამ ჩვენს დაწესებულებას, როგორც შენ უწოდე,  ანონიმურ ალკოჰოლიკთა რეაბილიტაციის ცენტრი ჰქვია. ჩვენში ყველაზე თავზეხელაღებული ლოთი კი ჩვენი მკურნალი ექიმია, რომელ რეპუტაციაზე მელაპარაკები, ან ეს ანონიმური რა ჭირია? რომელი ინკოგნიტო გრეღორიჩი გვყავს,- მთელმა ტუნდრამ იცის მაგის ამბავი.                                                         
— Красиво сказал ботаник, красиво — ესიამოვნა ღრეღორიჩს.                                                 
— ვაი შე საცოდავო, химик он а не ботаник — შეუსწორა დელამ.
— Один хуй!
— გადაწყვეტილება მიღებულია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება! — ხმა იმაღლა ქიმიკოსმა, — მე ტიციანს მივყვები.
—  ის მაინც თუ იცი სად მიყვები? — შეეკითხა ფიზიკოსი კოლეგას.
— სად მივემგზავრებით ტიციან? — დროულად დაინტერესდა ქიმიკოსი.
ტიციანმა კონვერტი ჯიბეში ჩაიჩურთა და საგანგებოდ გამოაცხადა: — სამხრეთისკენ, ასობით კილომეტრში  მდებარე ტყე-პარკში!                         
— აგაშენა ღმერთმა! — გაექილიკა ფიზიკოსი, — მაგ შენი პარკი იუნესკოს მიერ თუა დაცული?                                                                                                                                                 
— ამ უადგილო სარკაზმის ფრქვევას გიჯობთ, კოლეგას მიბაძოთ! — ურჩია ტიციანმა, — ათ დღიანი ვოიაჟი  თქვენც არ გაწყენდათ.                                                                                   
— მივბაძავ, სხვა რა გზა მაქვს?! მაგის მარტო გაშვება არ შეიძლება.
— ეს რა სიგიჟის მომსწრენი გავხდით,—  აღშფოთდა დელა, — იღონეთ რამე ექიმო!
— რა ვქნა?— მხრები აიჩეჩა პროფესორმა, — როგორც გადაწყვეტთ, ისე იქნება. 
  დავა საკითხზე დიდ ხანს არ გაგრძელებულა. დომინოს პრინციპით ტიციანის შემოთავაზებას გრეღორიჩიც დაეთანხმა. მათ გაღვიძებისთანავე ნორა შეუერთდა, რის შემდეგაც, პროფესორი აბრაამი იძულებული გახდა უმრავლესობის მხარეს დამდგარიყო. ტყუპებმა კი თავიანთი სკამები აიტაცეს და პროტესტის ნიშნად დატოვეს კაბინეტი. დასკვნითი სიტყვა ტიციანმა წარმოთქვა:
— ბატონებო, ქალბატონო ნორა, მე, ტიციან ლუციუს ილიადისი, ვდებ ფიცს, რომ ჩვენი ერთობლივი ეპოპეა თითეული ჩვენგანისთვის წარმატების საწინდარი გახდება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შემდეგი დღეები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ჩვენს ცხოვრებაზე. ხვალ, საღამოს ათი საათისთვის ვიკრიბებით ცენტრალურ სადგურზე. ჩაიცვით თბილად! კარვებსა და სხვა ატრიბუტიკას თავად უზრუნველვყოფ. ბატონებო, ქალბატონო ნორა, ნება მიბოძეთ მოგილოცოთ მიღებული გადაწყვეტილება!



                                                                   
                                                  გაგრძელება იქნება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები