ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2014


და მე ასეთი ყოფაც ვატირე...

სიონის სკვერში
ხალხმრავლობა არის ნამდვილად,
ვზივარ და კაშნეს
მიფრიალებს ქარი, თავხედობს...
რა თბილისური
იერი აქვს, ალბათ, ამ დილას.
მობილურზე კი „მესიჯია“, -
ახლა დავხედე...

ნოსტალგიური სიტყვებია... ცოტა შემაკრთო.
მე, ვფიქრობ შენზე,
მათხოვარი - მხოლოდ ხურდაზე.
„ჩამასუნთქაო ეგ
ჰაერი“, - ახლა შენ ამბობ
და შენი ნატვრა
თითქოს უკვე თავსაც მაბეზრებს,

როცა არ ვიცი სად
გავექცე უმწეოს მზერას,
თან უიმედოდ ვაფათურებ
ჯიბეში ხელებს
და უშედეგო ძებნის
მერე ვპოულობ ერთ ლარს...
ვუყურებ მოხუცს
(ის, რატომღაც, ჩუმად ახველებს.)

ხო, ალბათ ასე დასრულდება
ჩვენი ცხოვრებაც:
მრავალწერტილი... შიმშილი
და საფლავზე - ტირე...
"არ გამოადგა აქეთ
ფეხი, არ მეცოდები!"
და მე ასეთი "მხოლოდსუნთქვის"
ყოფაც ვატირე!....

ლელა ლაჩაშვლი.2014.04.03.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები