ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღაპრადმოსული
ჟანრი: პროზა
12 მაისი, 2014


ხე-ქალი( მესამე ნაწილი)

    ინათა თუ არა, წამოვხტი. ნაჩქარევად დავლიე ყავა. მერე შაქრის ფხვნილი, ჩაის კოლოფი, რამდენიმე ნაჭერი ნამცხვარი სახელდახელოდ გადავახვიე ქაღალდში და ქუჩის ბოლოსკენ ავუყევი აღმართს. კარი ღია დამხვდა და კაციც ამდგარი ლოგინიდან, წვიმის წყლით სავსე თასიც დაეცალა და ისე დაედგა. მაგიდასთან იჯდა და  პატარა, ლამაზ ყუთში რაღაცას ეძებდა.
-აა, უკვე მოხვედი?- მითხრა და მეგობრულად გამიღიმა.
-დიახ, მეჩქარებოდა თქვენი ნახვა.-ღიმილითვე ვუპასუხე მეც.
-ჩემი ნახვა თუ ამბის მოსმენა? ყველას აინტერესებს, ზოგი ჩაგაცივდება და ითხოვს მოყოლას, მაგრამ ყველა როდი იგებს. მერე უამრავ სისულელეს იგონებენ, თვითონაც იჯერებენ და სხვასაც აჯერებენ.
-ჩაი მოვიტანე, ერთად დავლიოთ თუ სურვილი გაქვთ.
-ჩაი კარგია, მაგრამ ღუმელი არ მინთია.
-მაგას ახლავე მივხედავ- ვთქვი მე და ხელები დავიკაპიწე. დავტრიალდი, ეზოდან შეშა შემოვზიდე და ჩაიდანიც წლით ავავსე. მალე ოთახშიც სითბო დატრიალდა და წყალმაც ორთქლი ამოუშვა. ჩაის ფინჯნები თვითონ დაალაგა მაგიდაზე, ჩემი მიტანილი ხვეულაც გახსნა და ჩაის მომზადებაში მომეხმარა. წლების სიმრავლის მიუხედვად, იმ დღეს ყოჩაღად გამოიყურებოდა. არ ვიცი ჩვენი გუშინდელი საუბრის გამო იყო თუ იმ ემოციის, რაც ჩემთვის მონაყოლმა გააღვიძა მასში, მაგრამ მხნედ კი მეჩვენებოდა და მიხაროდა.
    ორივე ხელი შემოეხვია ფინჯნისთვის და ხარბად ისუნთქავდა ჩაის არომატს.
-წყალი კარგია, ცივიც და ცხელიც, ჩაის გემოიანიც. სიტკბოს დამატება არ უნდა, ისეთი უნდა შეიგრძნო, როგორიც არის. ქალიც ასევეა, ის უნდა დაინახო, რაც მასშია, მხოლოდ მორთული გარეგნობით არ უნდა მოიხიბლო, თორემ ლამაზი ფიტული შეგრჩება ხელში. საუკეთესო შემთხვევაში ორივე უნდა ჰქონდეს, ლამაზი სხეული და სული. ასეთი ქალის პოვნა კი იშვიათების ხვედრია და მე ერთ-ერთი ამ იშვიათთაგანი ვიყავი. -დაიწყო მოხუცმა თხრობა და სმენად ვიქეცი. ჩაის დალევაც დამავიწყდა და სკამზე დაჯდომაც. ჩემი მოლოდინით სავსე თვალების შემხედვარეს გაეღიმა და მითხრა:
-ჩაი მიირთვი. მასეც შეძლებ მოსმენას. რაკი გაგანდე, ბოლომდე გეტყვი. მას ჰგავხარ რაღაცით, არც მან იცოდა შეპასუხება და თვალების ზურმუხტიც შენსავით უბრწყინავდა. საოცარი ადამიანი იყო. ყველაფრით შემკობილი. ჩვენი პირველი შეხვედრის მერე ყოველდღე ვნახულობდი. მაოცებდა მისი კეთილი გული და მშვიდი ბუნება. ყველა სულიერი ეცოდებოდა, უსულოც. ვაჟკაცივით ედგა მამას მხარში და ჯაფას უმსუბუქებდა. უდედოდ გაზრდილს მასზე ახლობელი არავინ გააჩნდა. მისთვის ადვილი არ იყო, მშობლისთვის დაემალა ჩვენი სიყვარულის ამბავი. ხშირად მოიწყენდა ხოლმე ამაზე ფიქრით, მაგრამ სხვა გზას ვერ ხედავდა და არც მე მინდოდა ჯერ ამის გამხელა. ვიცოდი მედუქნეს არ მოვწონდი და ქალიშვილის ხელიც სხვას ჰქონდა ნათხოვი. ჩემს მეტოქეს, რომელთანაც ორჯერ მომივიდა შეტაკება, რაღაც დიდი ვალიდან დაუხსნია გოგოს მამა და კაცსაც უარი ვეღარ უთქვამს ქალიშვილის მითხოვებაზე. გოგოს არ უნდოდა და ნიშნობაც ამიტომ ჭიანურდებოდა, მამას პირდაპირ ვერ ეუბნებოდა, რადგან მისი გასაჭირი იცოდა და იდგა ორ ცეცხლს შუა. ამ დროს გამოვჩნდი მეც. თითქოს მფარველად მოვევლინე და სათუთმა გულმა უმალ ჩემსკენ გამოსწია. მეც ბევრს ვფიქრობდი, მინდოდა გამოსავალი მომეძებნა. მედუქნე იმ კაცს არ ჰგავდა, პირობა დაერღვია და არც ჩემი მოწინააღმდეგე იყო ის ჩიტი, უარი ეთქვა ასეთ გოგოზე. გაქცევა გვრჩებოდა ერთადერთ გზად. ვცდილობდი დამეყოლიებინა ჩემი სატრფო ამ ნაბიჯის გადადგმაზე. თუმცაღა მეც ვშიშობდი, სახლი მე არ გამაჩნდა და კარი. ჩემი მშობლიური ადგილი აქედან ძალიან შორს იყო და არც არაფერი მეგულებოდა იქ. გემი იყო ჩემი სახლი. მეზღვაურობის მეტი არა ვიცოდი რა. გემზე ქალს არავინ გამაჩერებინებდა და ჩვენს გამგზავრებასაც არ ადგებოდა საშველი. ფული მე არ მქონდა, გარდა მცირეოდენი ჯამაგირისა და გულშემატკივარიც არავინ მეგულებოდა. გოგო გაქცევას ვერ ბედავდა. მამის მიტოვება ეძნელებოდა, არადა ის ყმაწვილიც გასაქანს აღარ აძლევდა. ყოველდღე ახსენებდა მედუქნეს მიცემულ პირობას. უკვე მერვე კვირა იწურებოდა ჩვენი იმ ქალაქში გაჩერებიდან. გემის კაპიტანმა როგორც იქნა, ბრძანა ღუზის აშვება. სასწრაფოდ უნდა მომეფიქრებინა რაღაც ან უნდა გავმგზავრებულიყავი და ძველ ცხოვრებას დავბრუნებოდი ჩემი შეყვარებულის გარეშე ან დავრჩენილიყავი და რამენაირად მოვრიგებულიყავი მედუქნესთან. გაქცევა გადავწყვიტეთ. დათქმულ ადგილას  მოვიდა ჩემი საოცნებო გოგო. ეტყობოდა ძალიან ღელავდა. მთელი ჩემი დანაზოგი გადავეცი მამისთვის დასატოვებლად და შეხვედრა დავგეგმეთ ნავსადგურში. იმ ღამით გადიოდა ჩვენი გემი და გადაწყვეტილი მქონდა უახლოეს ქალაქამდე მას გავყოლოდით. სატრფო დავარიგე, როგორ უნდა მოქცეულიყო. ვეცადე ზედმეტად თავდაჯერებულს მესაუბრა. მინდოდა უშიშრად გამომყოლოდა და დარდი არ ჰქონოდა. ნაზად ვაკოცე და შინ გავუშვი. მე კიდევ ცოტა ხანს  დავრჩი ჩვენი სიყვარულის მესაიდუმლე ხეებთან და მომავალზე ფიქრით მჭმუნვარე გავყურებდი ზღვას. ისევ შეუფერებელ დროს გამოჩნდა ჩემი მეტოქე. არ ვიცი, სწორედ მაშინ რატომ გამომეცხადებოდა ხოლმე, როცა ყველაზე ნაკლებად მსურდა მისი ნახვა. ალბათ ბედისწერა იყო, ჩემიც და მისიც ან სულაც იმ გოგოსი, ორივეს რომ ჩაგვვარდნოდა გულში. იდგა და ისეთივე გამოწვევით მიყურებდა, როგორც პირველად.
-სალაპარაკო გვაქვს. ოღონდ სადმე სხვაგან, ხალხისგან შორს.-ეს თქვა და გატრიალდა. უსიტყვოდ გავყევი უკან.

      (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები