ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღაპრადმოსული
ჟანრი: პროზა
16 ივნისი, 2014


როიალი

  -სრულ სიბნელეში, როცა არსაიდანაა სინათლის სხივი. უიმედობაში, როცა ფიქრობ, რომ ვერ გიშველის ვერა ნუგეში, მე მოვალ შენთან. პაწაწინა მანათობელ წერტილად ვიქცევი, ღილისხელა ნათებად და გაგიყვან წყვდიადიდან. -ვერ გაიგო საიდან ჩაესმა ეს სიტყვები და შეცბუნებული წამოხტა კონსერვატორიის შენობის კიბიდან. მიიხედ-მოიხედა, მიხვდა, რომ მის მეტი იქ არავინ იყო და თავჩაქინდრული გაუყვა გზას.
- მგონი ვგიჟდები უკვე. ჰალუცინაციები დამეწყო. საიდან მომესმა მისი ხმა?- უშნოდ ჩამოზრდილი წვერი მოიქექა და შიშნეულად მიიხედა უკან. არავინ იყო. მხოლოდ უცხო ქალი და ბავშვი მოჰყვებობდნენ და რომ მოუახლოვდნენ, ისინიც გზის მეორე მხარეს გადავიდნენ.
-არაა ნორმალური მგონი, გამოდი აქეთ.-ჩასჩურჩულა ქალმა ბავშვს და სწრაფი ნაბიჯით გაეცალნენ.
  კი გავდა გიჟს. დაჭმუჭნული შარვალ-ხალათითა და მოუწესრიგებელი პირისახით, ქუჩაში საკუთარ თავთან მოლაპარაკე. ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ხმა აღარ ამოუღია, ისე მივიდა სახლამდე.
 
      ფეხზეც არ გაუხდია, ისე მიეგდო ლოგინზე და გაყუჩდა. თითქოს სუნთქვაც შეწყვიტა წამიერად. იწვა ფართოდ გახელილი თვალებით და წვიმისგან ლაქაგაჩენილ ჭერს შეჰყურებდა. ამ ლაქასავით იზრდებოდა მისი სასოწარკვეთაც. ყოველწლიურად თითო კლაკნილი ზოლი ემატებოდა წრეზე. ახალგაჩენილი უფრო მუქი იყო, ვიდრე ძველი. დარდს ჰგავდა. დარდიც ასევეა. ახალი, ახალი ძალით გიტევს და თითქოს აფერმკრთალებს ყოფილს. ეს ყოფილი კი ღიავდება და უფრო და უფრო ღრმად მიდის შენში. არ ქრება, მხოლოდ ნელდება. დავიწყების ბურუსს იფარებს და როცა გგონია- მორჩა, აღარ არის, სწორედ მაშინ გახსენებს თავს.
-მაინც საიდან ჩამესმა მისი ხმა? რამდენი წელი გავიდა მას მერე? არ ახსოვს. თავიდან ითვლიდა, წუთებს, საათებს, დღეებს...მერე წლებზე რომ გადავიდა, თვლაც აერია და შეწყვიტა. რომ არ არეოდა, მაინც შეწყვეტდა. ის აღარ იყო, ვის წასვლასაც ასე ითვლიდა. მისი დაბრუნების იმედი, ასე სათუთად რომ ინახავდა გულში, იმ ცნობასთან ერთად მოკვდა. ჰო, მოკვდა. მოკვდა ისე, როგორც სხვა უამრავი ადამიანი იღუპება ყოველდღიურად.
   
-გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი , რომელსაც ახალგაზრდა ქალი მართავდა, განათების ბოძს შეეჯახა და ... შეჩერდა. ათვლის სისტემაც სამუდამოდ შეჩერდა. ეგონა საკუთარი გულისცემაც შეწყდა იმ დღეს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებულს დაემსგავსა. მიაწოდეთ საკვები! მიეცით ჟანგბადი! აცოცხლეთ!. ასე მართავდა მის ორგანიზმს რაღაც უხილავი. ისიც  ემორჩილებოდა ამ ბრძანებებს უემოციოდ და ცოცხლობდა. თავიდან ყველაფერს უჯერებდა. სუფთად იცვამდა, წვერს პირწმინდად იპარსავდა, სამსახურში არ აგვიანებდა, ზევითა სართულის მეზობლის, ფეხის ბაკუნსაც უდრტვინველად იტანდა. მაგრამ თანდათან ამ აპარატსაც გაუჭირდა მუშაობა. ყველა ძალა დაეშრიტა და გამოირთო. გამორთულ-გამოცლილი აღარც საკუთარ გარეგნობას  აქცევდა ყურადღებას და მუშაობასაც თავი ანება.
-ბაკ, ბუკ, ბაკ, ბუკ...შენი დედაც ბაკ-ბუკ! გაჩუმდით ცოტა ხააანს!-წამოიყვირა უეცრად და მთელი ძალით ესროლა ფეხსაცმელი ჭერს.
  წვერგაქუცული საწყალობლად დავარდა ოთახის შუაში მდგარ მტვრიან როიალზე. მის ვარდნასთან ერთად ბაკ-ბუკის ხმაც შეწყდა და ახლა ჩურჩულად გადაიქცა.
-იჩურჩულეთ, იჩურჩულეთ... თქვენ ჩემზე უკეთესები ხართ ვითომ!-თქვა და ბალიში დაიმხო თავზე. არ ახსოვს რამდენ ხანს იწვა ასე. რომ გამოეღვიძა, უკვე ბნელოდა. ფანჯრიდან შემოსულმა ღამის განათებამ და მანქანების ხმაურმა გამოაფხიზლა.

-ჩამძინებია. რა დროა ნეტავ?-რისთვის უნდა ავდგეო გაიფიქრა და თვალების დახუჭვას აპირებდა ისევ, რომ რაღაც ნათებას მოჰკრა თვალი ტანსაცმლის კარადიდან.
-ეს რაღაა? გარედან შემოდის და ირეკლავს?
სინათლე არ გავდა ზედაპრიზე არეკლილ შუქს. კარადის შიგნიდან მოდიოდა. გასაღების ჭუჭრუტანაში გამოდიოდა და მისი საწოლისკენ იყო მომართული. რაღაც შეუცნობელი შიში დაეუფლა, სახე ოფლის მსხვილი წვეთებით დაეფარა. ლოგინიდან წამოდგა და კარადას მიუახლოვდა. იდგა და კარის გახსნას ვერ ბედავდა. -მგონი მართლა ცუდადაა ჩემი საქმე, ექიმს  უნდა ვეჩვენო.-თქვა და გულმოცემულმა გააღო. არ ეჩვენებოდა, მართლა ანათებდა რაღაც. ფრთხილად გადასწია ტანსაცმლის საკიდები და სინათლის წყაროს დააკვირდა. საოცრება თუ გინდა! მისი პიჯაკის ღილი ანათებდა ასე. მისი ერთი ჩვეულებრივი პიჯაკის ღილი. თუმცა რატომ ჩვეულებრივი? ამ პიჯაკით გამოვიდა თავის პირველ კონცერტზე. კონკურსში რომ გაიმარჯვა, დაჯილდოებაზეც ეს პიჯაკი ეცვა და ის რომ გაიცნო, მაშინაც...
-მოხიბლული ვარ თქვენით! საოცრად უკრავთ, არაჩვეულებრივი კომპოზიციაა. -უთხრა და ნაზად ჩამოართვა ხელი. არაჩვეულებრივიც თვითონ იყო და მოხიბლულიც აქეთ დატოვა. იმდენად მოხიბლული, რომ სიკვდილის შემდეგაც ვერ მოახერხა მისი დავიწყება. სულ მასზე ფიქრობდა თუ არ ფიქრობდა ესიზმრებოდა. ახლა ცხადშიც ელანდება უკვე.
 
-რატომ აქვს ამ ღილს ასეთი ნათება? -თავს ჩაეკითხა და ხელი წაატანა. ახლოს მოსწია პიჯაკი რომ დაკვირვებოდა. შავი, მრგავლი ღილიდან ქალის სახე უმზერდა, ძალიან ლამაზი და ძალიან ნაცნობი.
-ვაი, რა მჭირს? არ დამილევია. სიცხე მაქვს? -ხელი დაიდო შუბლზე. ოფლის წვეთებს გაეგრილებინა მისი შუბლი. ახლა ისე სჭირდებოდა საყრდენი, რომ არ წაქცეულიყო , ძალაგამოცლილვით მიეყრდნო კარადას და მოწყვეტილივით დაეშვა მის წინ. იჯდა ასე და გაოგნებული შეჰყურებდა ღილს.
-ეს რას ნიშნავს? ეს? ...ნუთუ ეს შესაძლებელია? დაბრუნდი? ჩემთან დაბრუნდი და ღილად გამომეცხადე?- არეულად საუბრობდა კაცი. გულში იხუტებდა პიჯაკს და ღილს.
      იმ ღამეს იქ ეძინა. იწვა კარადის წინ ოთხადმოკეცილი, პიჯაკი ჩაებღუჯა ორივე ხელში და ისე მაგრად მიეკრო ტანზე, თითქოს წართმევას უპირებდა ვინმე.ბორგავდა, ტრიალებდა ძილში, ეღვიძებოდა და ძილბურანში აგრძელებდა ბუტბუტს:- აქ ხარ, ჩემთან ხარ, დაბრუნდი...
   
      როგორც იქნა ინათა. მზის სხივი მოადგა ფანჯრებს და სადღაც გადამალა ღამე. მის ოთახშიც შეიხედა და სახეზე აუთამაშდა. ზლაზვნით წამოჯდა, თვალები მოიფშვნიტა და თავის საგანძურს-პიჯაკს დახედა. ჩვეულებრივი, შავი ძაფით მიკერებული, შავი ღილი. არც მეტი, არც ნაკლები. უბრალო, მრგვალი ღილი.
-ეს ყველაფერი მომეჩვენა? მესიზმრა? არა, არა, არ შეიძლება ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვა ყოფილიყო, არ შეიძლება.- თქვა და სახე ჩამალა პიჯაკში. არც უცდია ცრემლების შეჩერება, მის თვალებს რომ მოაწყდნენ ახლა. ტიროდა, ხმამაღლა, ზლუქუნით. რამდენი წელია არ უტირია და რამდენი დაჰგროვებია თურმე. ცოტა გულს მოეშვა. პიჯაკი თავის ადგილას დააბრუნა, ფეხზე ჩაიცვა და გარეთ გავიდა. ახლა გავლა ისე სჭირდებოდა, როგორც არასდროს. უნდოდა ხალხს შერეოდა, ცოცხალ, მოფუსფუსე, პრობლემებითა და საზრუნავით დატვირთულ ადამიანებს. უნდოდა თვითონაც მათ წევრად ეგრძნო თავი, რეალობა ეგრძნო. ფეხით გაჰყვა ნაცნობ ტროტუარს. გამვლელებს არ ერიდებოდა, რაღაცნაირად სიამოვნებდა კიდეც რომ ეჯახებოდნენ, ეხებოდნენ. ლანძღვას აყოლებდნენ ალბათ გულში ანდა ხმამაღლა.  მიდიოდა, ხარბად ისუნთქავდა ჰაერს და ცდილობდა ხალხის მასაში არეულიყო. ახლოს მისულიყო ადამიანებთან, ეგრძნო მათი სუნი, მათი გულისცემა.
ასე უფრო ახლოს იყო  საკუთარ თავთანაც და სიცოცხლესთანაც. ეჩვენებოდა რომ ახლა თუ მარტო დარჩებოდა, სამუდამოდ დაკარგავდა სიმყარეს, საყრდენს და სადღაც უფსკრულში ჩაინთქმებოდა, საკუთარი გონების უფსკრულში.

      დაღლილი დაბრუნდა სახლში. გამოფხიზლებული და დაღლილი. აღარ ფიქრობდა წუხანდელზე. დარწმუნებული იყო საკუთარი ტვინი ეხუმრა ასე. ძილის წინ მაინც შეათვალიერა პიჯაკი, კარადის კარიც საგულდაგულოდ მიხურა და აღარ უფიქრია ბევრი, ისე დაიძინა.
 
      სასიამოვნო ხმა გამოსცეს როიალის კლავიშებმა. ჯერ თითქოს ჩუმად, მერე უფრო ხმამაღლა და რიხიანად. დაფეთებული წამოჯდა ლოგინზე. თვალებს აქეთ-იქით  აცეცებდა. ვერ გაეგო რა ხდებოდა. როიალის ახდილ თავს, კარადის ჭუჭრუტანიდან გამოსული სინათლე მისდგომოდა. ისმოდა მელოდია და სინათლეც ამ მელოდიას აჰყოლოდა . თავში წაივლო ორივე ხელი. რაღაც დიდი გაეჩხირა ყელში და ძლივს გადაყლაპა ნერწყვი.
-რა ხდება ღმერთო? საბოლოოდ გავგიჟდი?
    კლავიშები კი რაღაც ძალით კვლავ აგრძელებდნენ დაკვრას. კანკალმა აიტანა, ორივე ხელი ყურებზე აიფარა და თვალებდახუჭულმა საწოლზე რიტმული რწევით სცადა თავის დამშვიდება. მელოდია შეწყდა. ნათებაც გაქრა. თვალი გაახილა, მაგრამ ადგილიდან განძრევა ვერ შეძლო. თითქოს არაფერი მომხდარა, ჩვეულებრივად გამოიყურებიდა მისი ოთახის ნადგამობა. მხოლოდ როიალი, თავახდილი როიალი ახსენებდა ორი წუთის წინ მომხდარს. ინსტრუმენტთან მივიდა და მორიდებით შეახო თითები. რამდენი ხანია არ დაუკრავს, რამდენი ხანია ახლოსაც არ მისულა. ჯერ ფეხზე მდგომმა აიღო რამდენიმე აკორდი, მერე სკამი მიიდგა და დიდხანს, დიდხანს უკრავდა. ყველა მელოდია რაც კი უყვარდა ან რაც კი სულ ცოტათი მაინც აღელვებდა მის გულს, შეუსვენებლად დაუკრა. დაიცალა, მონატრებია, როგორც სჩანს. დამშვიდებულმა დააფარა თავი. ხვალ აუცილებლად დაურეკავს ნაცნობ ფსიქოლოგს და მიღებაზე ჩაეწერება, დაკვრასაც გააგრძელებს ალბათ. გადაწყვეტილებამიღებულმა მიაშურა საწოლს.
   
      ძალიან დამღლელი იქნება დღეში რამდენიმე პაციენტს მოუსმინო. ჰო, თითქოს არაფერი? ზიხარ შენთვის მაგიდასთან ან სავარძელში და უსმენ, მაგრამ დამღლელი იქნება. უსმენ , უკანტურებ თავს, ხან გაიოცებ და მრავლისმთქმელ ღიმილს გადაიკრავ სახეზე, ხან ბერძნულ-ლათინურ ფრაზებს ჩაურთავ და მიეშველები ბოლომდე ამოთქვას სათქმელი. ის კი ამოთქვამს და დაიცლება, მაგრამ შენ დარჩები მერე ჩაფიქრებული, განსჯა-ანალიზ შეპყრობილი. მითუმეტეს თუ ახალი დამთავრებული გაქვს და პირველი კლიენტია ხილად. ცოტა ხანში თავად დაგჭირდება ფსიქოლოგი. რათქმაუნდა ფსიქოლოგი ყველას სჭირდება. ყველა ადამიანი ხომ სამყაროს ცენტრია და მთელმა სამყარომ  თუ არა, ერთმა ფსიქოლოგმა მაინც უნდა იცოდეს ამის შესახებ. თავისი მეს გამოტანა სჭირდება ყველას. იტევ, იტევ რაღაცას, ვიღაცას და თუ არ თქვი, გასკდები ერთ მშვენიერ დღეს. შენ თუ არა, გული მაინც გაგისკდება. ამას სჯობს სადმე მინდორი მოძებნო და იყვირო ყველაზე მაღალ ხმაზე, რაც კი შენი ხმის იოგებს შეუძლია გამოსცეს. მაგრამ ამჟამად ხარ ერთი დამწყები ექიმი და იმდენიც ვერ მოგიხერხებია პაციენტი მოიზიდო, სულ ერთი მაინც. რას იზამ ბატონო! სახელი და დიდება დროს მოაქვს, ყველა ახალბედა სანდო კი არ არის? დაგინიშნავს რამე ძვირადღირებულ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს და იჯექი მერე წამლებზე.
    კიდევ კარგი ეს კომპიუტერი მოიგონეს, რა დაწერდა ამას ფურცლებზე? არა, მართლაც რა საინტერესო იქნებოდა ერთი ასეთი პაციენტი სინამდვილეში მყოლოდა?  პიანისტი, კარადიდან გამომავალი სინათლე რომ ეჩვენება? კარგი იქნებოდა. კი არ მოვიგონებდი , რეალურად მოხდებოდა ეს ამბავი. მოეჩვენებიდა რაღაც ნათება, როიალი, რომელიც თავისით უკრავს და მექნებოდა არაჩვეულებრივად კარგი საკვლევი მასალა. მშვენიერი იქნებოდა.- ეს ბოლო სიტყვები ხმამაღლა თქვა სათვალიანმა, გამხდარმა ახალგაზრდამ და ბოლთის ცემას მოჰყვა ოთახში. რამდენიმე წრე ცერემონიულად დაარტყა შავი როიალის წინ, მერე შეჩერდა, საკრავს დაეყრდნო და არასასიამოვნოდ გააჟღერა კლავიშები დაკვრის უცოდინარმა. 

      როიალთან მეგობრობის წამოწყება, კარზე კაკუნმა გადაადებინა. სადარბაზოში უცნობი ქალი იდგა. 
-თქვენ ბრძანდებით ბატონი ფსიქოლოგი?-უინტერესოდ იკითხა მოსულმა.
-ჰმ, მე გახლავართ.- სიამაყით მხრებში გაიშალა ახალგაზრდა. გამომცდელი თვალით შეათვალიერა სტუმარი და გონებაში უმალ დასკვნები გააკეთა. -ეჭვიც არ მეპარება ოჯახში აქვს პრობლემები, ალბათ ქმართან ვერ რიგდება. ხელებზეც ეტყობა, მძიფე ჯაფა უწევს.
-ეს თქვენთან გამომატანეს. ჩვენი ქიმწმენდა სახლში მიტანით ემსახურება კლიენტებსო.-უთხრა ქალმა და მოურიდებლად შეაწყვეტინა ესოდენ მჭვრეტელური აზრები. ჩანთაში ჩადებული პიჯაკი გაუწოდა და გაბრუნდა. ფართოდ გაშლილმა მხრებმა ჩვეული, საწყისი პოზიცია დაიკავეს, წინამხრებს ბიძგი მისცეს და ჩანთა ჩამოართვეს ქიმწმენდის მუშაკს. უხალისოდ შებრუნდა შიგნით და ასეთივე განწყობით დაკიდა შავღილიანი პიჯაკი კარადაში.
   
    - ივარგებს ახლა ეს? არა, არ მომწონს. რა სცენარია ეს? ფსიქოლოგი, რიმელიც თავად იგონებს პაციენტს. სადაა სიტყვები? სცენები? სპეცეფექტები? სიყვარულის გულისამაჩუყებელი ისტორია? ასე განვითარდება კინო? მეტი არაა ჩემი მტერი. ან ფსიქოლოგის რა ვიცი მე და ან იმათი პაციენტების? ფსიქოლოგსა და ფსიქიატრს შორის განსხვავებაც არ მესმოდა კარგა ხანს. არა, გენაცვალე კარგ კინოს კარგი ფული უნდა. ადგილი, მსახიობები, რეკლამა. მერე დაჯდები და კარგ სცენარსაც დაწერ, საუკეთესოს. აქ თუ არ დაგაფასეს საზღვარგარეთ გაიტან, რომელიმე ფესტივალზე, გაიმარჯვებ ან მინიმუმ მონაწილე იქნები და შენი თანამოძმენიც შეიტყობენ შენს წარმატებას საინფორმაციოს მეშვეობით. აბა რა, ხანდახან პოზიტივიც საჭიროა ეკრანიდან!

-ვახ, ეს როიალი მაინც რა უბედურებაა შუა ოთახში. ვერ გასცდა ჩემი ფიქრი. ყველგან ჩავატიე. ისე კი რას ვერჩი ამ როიალს? დგას თავისთვის. გადასარევად ითავსებს ჩემი შარფებისა და პიჯაკის საკიდის ფუნქციას. არც ჩემი ჩაის ფინჯანი დგას ურიგოდ. კარგი ქალია ამ ბინის პატრონი, გვერდითა ოთახში კი არ შეარიხინა და გამოკეტა ასეთი ძვირფასი ნივთი? მე დამიტოვა:- რა იცით , იქნებ სცენარის წერის დროს დაკვრის მუზაც გეწვიოთო. მართალია ჩემს მუზას ეს სულაც არ ანაღვლებს. არხეინად სძინავს სადღაც, მდიდარი სპონსორის საფულესთან, მაგრამ მაინც. ეძინოს. ამ თვის ქირა კი გადავიხადე და ხვალემ იკითხოს ხვალისა. აი, მომივა პასუხი და მერე ყველაფერი სხვანაირად იქნება, ყველაფერი. დასასვენებლადაც წავალ, აქ არა, სადმე სხვაგან, ზღვაზე მაგალითად. შარფებს და პიჯაკს აუცილებლად წავიღებ. მერე რა რომ ზაფხულია? სოლიდურ კაცს ზაფხულშიც სოლიდური იერი უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს პატივსაცემ სცენარისტს!-სწორედ ამ დროს გაისმა სანატრელი ტელეფონის ზარი და საკუთარ თავთან დისკუსია საქმიან ხველად დასრულდა. 
-გისმენთ! დიახ ბატონო.
-როგორ? არ მოგეწონათ? არცერთი ნაწილი?
-აჰ, დიალოგები არ არის?! რას ბრძანებთ, თქვენი ხათრით, თორემ სხვა კინოსტუდიამ მთხოვა რამდენი ხანია. -ტყულად აგრძელებდა ახსნას. სატელეფონო ხაზიდან საუბრის დასრულების ზუმერი ისმოდა უკვე. ზუმერს გულიანი გინება შეაგება შუა ხანს მიტანებულმა კაცმა, დაუდევრად მოიგდო შარფი და ქუჩის მხარეს გამავალ ფანჯარას მიაშურა. შარფი კი არ იყო საჭირო, მაგრამ მაინც.
   
      - არა, რა არის მაინც ეს მუზა რა. დანახვა მაინც შეიძლებოდეს. ჩამოართმევ ხელს, გაესაუბრები. შენ შენსას ეტყვი, ის თავისას.  არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ხარ, ექიმი თუ ჩემსავით ჟურნალისტი. დაგიკრავს თავს და წავიდა მეგობრობა. აბაა, მეგობრებს კიდე არ ტოვებენ. მითუმეტეს მარტოსულებსა და უძილობით შეწუხებულებს. რამ ამაყენა ამ შუაღამისას ახლა და ვაკაკუნებ კლავიატურაზე? ვწერდე მაინც რამეს. მწერალი მგონია ახლა თავი მე? ვის უნდა ბატონო შენი ნაჯღაბნი, ვიღაც ფსიქოლოგის ნატვრებზე და სცენარისტის იმედებზე? არავის. ნამდვილად არავის. რას დაწერ ახალს? არც არაფერს. ნაფიქრ-ნათქვამ-ნაწერია უკვე ყველაფერი. ყველა წერს, ვისაც არ ეზარება, ჩემი ჩათვლით რათქმაუნდა. ფურცელი გამოგელევა თუ მელანი? შენ მარტო მოიფიქრე რა დაწერო. გულისამაჩუყებელ-სენტიმენტალური თუ დაბნეულ-ორიენტაციული. არც პოლიტიკაა ურიგო თემა. აბსურდული და ქაოსური მთლად მისაღებია. აუცილებელი კი არ არის აზრის გამოტანა შეიძლებოდეს? რაც მეტად გაუგებარია, მით უკეთესი.

- ვახ, მართლადა რა უნდა ამ როიალს აქ? ჩემს მშობლებს რა ვუთხარი, რომ მზითვი აღარ მისცეს ჩემს დას. ხომ მომაშორებდა ამ ხის კონსტრუქციას აქედან?
    -არა, სულ ჩემი გაევროპელებული დედმამისშვილის ბრალია, რომ არ მოინდომა ამ საგვარეულო ნივთის წაღება. მიდგას ახლა აქ , ოთახის ცენტრში. გაუბოტია ფეხები და გატოკებაც არ უნდა. მიყურებს და მიბნევს აზრებს. მერე რა აზრებს? გავავსე ფაილები. ეს შუქიც რა უშნოდ შემოდის ფანჯრიდან. ჯერ კარადაზე, კარადიდან როიალზე, როიალიდან ჩემზე და ვართ მოქცეული ამ ჯადოსნურ წრეში. მძიმე ხვედრია მწერლობა, მძიმე. გინდა არ გინდა გაწვალებს რაღაც. მუზა დაარქვი შენ და რადგან ლაპარაკი და წერა ისწავლე, უნდა წეროო. იმაზეც მადლობა თქვი ფურცლებზე რომ არ წერო. დაწერ, არ მოგეწონება წაშლი. დაწერ, წაშლი. იტანს კლავიატურის ღილაკები. დაკვრა მაინც მესწავლა,ხომ გავყვებოდი დედის კვალს? თვითონ თუ არ გაუმართლა და ვერ ააწყო კარიერა ოჯახის გადამკიდემ, მე მაინც გავუმართლებდი იმედებს. კომპოზიტორი გამოვიდოდი ან სულაც ისეთივე პიანისტი, ღილისხელა ნათება რომ ელანდება? ჩავიცვამდი მოხდენილ,შავ პიჯაკს და ვივლიდი გასტროლებზე. პარიზი, ვენა, ლონდონი!

    რთულია ბატონო ცხოვრება, რთული. რა პიანისტი, რა სცენარისტი და რა ფსიქოლოგი, მწერალი მითუმეტეს. დავიძინო ახლა, ხვალ ადრე ვარ ასადგომი და უამრავი საქმე დამხვდება სამსახურში. რეპორტაჟი მაქვს მოსამზადებელი.- დაასრულა ფიქრი ინტერვიუებით ტვინგამოტენილმა და მასში ფანტაზიისთვის ადგილშემონახულმა ჟურნალისტმა. გემრიელად დაამთქნარა  და ლოგინს მიაშურა.

    მშვიდად გრძელდებოდა ღამე. იდგა როიალი უძრავად, მორჩილად, თავდახურული და უტყვი. ერთ მხარეს კომპიუტერი და მისი მაგიდა უმშვენებდა, მეორეს ვიღაც უცნობი მხატვრის, უცნობი შავპიჯაკიანი კაცის პორტრეტი.
    დილით, როგორც ყველგან, ამ სახლშიც ხმაურით იწყება დღე. ერთი ჩვეულებრივი ქალაქის, ჩვეულებრივი მრავალსართულიანი სახლის, ჩვეულებრივი მობინადრის ჩვეულებრივი ცხოვრება. ქუჩებში მანქანები დარბიან. აქაიქა შემორჩენილ მწვანე ნარგაობაზე ასევე შემორჩენილი ჩიტები. ფეხით მოსიარულე ხალხიც ხმაურობს უკვე და მათი საქმიანი ფუსფუსი დილის მზესთან ერთად შემოდის ფანჯარაში. ჩვეულებრივზე მეტხანს კოპწიაობს სარკესთან. ხან გაიხსნის პიჯაკის ღილს, ხან შეიკრავს. ყველ მხრიდან ათვალიერებს საკუთარ ანარეკლს. ხუმრობა ხომ არ არის? დღეს მისი პირველი სოლო-კონცერტია. ცნობილი კომპოზიტორების ცნობილი ეტიუდები უნდა შეასრულოს. მალე თვითონაც ასეთივე ცნობილი გახდება და მსოფლიო გაიცნობს! მრავლისმთქმელ ღიმილს ჩუქნის საკუთარ თავს, მერე ასეთივე ღიმილით აჯილდოებს ოთახის შუაში მდგარ როიალსაც და ოცნებით უღიმის ცარიელ კედელს, რომელსაც უასათუოდ დაამშვენებს მისი პორტრეტი.
    ფანჯარას მრგვალნასვრეტებიანი ფარდა ამშვენებს. ამ ნასვრეტებშიც აღწევს მზის სხივი და მრავალ ღილისხელა ნათებად იშლება ოთახში...
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები